საქმე #ბს-1063(კ-22) 12 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 30 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ტ. მ-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ტ. მ-ი თავდაცვის ძალების მეთაურის 03.10.2019წ. #MOD 0 19 00004750 ბრძანებით სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით - კონტრაქტის პირობების დარღვევით, დათხოვნილ იქნა საკონტრაქტო პროფესიული სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა ფინანსური პასუხისმგებლობა, კერძოდ, ზემოხსენებული დადგენილების შესაბამისად და იმის გათვალისწინებით, რომ ტ. მ-ი კონტრაქტის პირობების დარღვევის პერიოდისათვის იმყოფებოდა ზემოხსენებული ბრძანების „დ“ ქვეპუნქტის მოქმედების პერიოდში (მეოთხე კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში), იგი ვალდებულია სამინისტროს აუნაზღაუროს ჯარიმის სახით 5000 ლარი.
ამდენად, მოსარჩელემ ტ. მ-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება მოითხოვა. ამავე სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ იშუამდგომლა ყადაღა დასდებოდა ტ. მ-ის (პ/ნ ...) კუთვნილ შემდეგ უძრავ-მოძრავ ქონებას: 1. სატრანსპორტო საშუალება, მარკა/მოდელი - „ფორდ ტრანზიტი“ 100 LTD, სახ. ნომერი ..., რეგ. მოწმობა - ..., ..., ვინ.კოდი ..., ფერი - თეთრი; 2. უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება ...ი VI, სახლი 11, ბინა #2, ლიტ. „გ“, საკადასტრო კოდი ..., მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის - 5000 ლარის ფარგლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ტ. მ-ის (პ/ნ ...) კუთვნილ შემდეგ უძრავ-მოძრავ ქონებას: 1. სატრანსპორტო საშუალებას, მარკა/მოდელი - „ფორდ ტრანზიტი 100 LTD“, სახ. ნომერი ..., რეგ. მოწმობა - ..., ..., ვინ.კოდი ..., ფერი - თეთრი; 2. უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება ...ი VI, სახლი 11, ბინა #2, ლიტ. „გ“, საკადასტრო კოდი ..., ფართი: 15.00 კვ.მ, საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება (სასარჩელო მოთხოვნის - 5000 ლარის ფარგლებში).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება: ყადაღა მოეხსნა ტ. მ-ის (პ/ნ ...) კუთვნილ შემდეგ უძრავ-მოძრავ ქონებას: 1. სატრანსპორტო საშუალებას, მარკა/მოდელი - „ფორდ ტრანზიტი 100 LTD“, სახ. ნომერი ..., რეგ. მოწმობა - ..., ..., ვინ.კოდი ..., ფერი - თეთრი, 2. უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება ...ი VI, სახლი 11, ბინა #2, ლიტ. „გ“, საკადასტრო კოდი ..., ფართი: 15.00 კვ.მ, საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩირებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, ტ. მ-მა პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა. თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 3 ოქტომბრის #MOD 0 19 00004750 ბრძანებით ტ. მ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 15 სექტემბრის #511 ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმების ოქმით შევიდა ცვლილება. ცვლილების შედეგად, კონტრაქტის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით დადგინდა ჯარიმის შემცირებული ოდენობები. ამავე ნაწილში მიეთითა, რომ თუ მოსამსახურე ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით, მას დაეკისრებოდა ჯარიმა. ამავდროულად, ცვლილებით გამონაკლის შემთხვევად დადგინდა ხელშეკრულების შეწყვეტა დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული მიზეზის არსებობის საფუძვლით (მათ შორის, მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა). ცვლილება, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ, ძალაში შევიდა 2019 წლის 10 ივნისიდან. ტ. მ-მა პირადი პატაკით სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა მოითხოვა იმავე წლის სექტემბერში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე, მიუთითა, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდებოდა, 2019 წლის 10 სექტემბერს მოპასუხე ტ. მ-მა პატაკით მიმართა შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს და საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნა მოითხოვა. პატაკში ტ. მ-მა მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ მისი მეუღლე იყო საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე და იგი ოჯახით მუდმივად საცხოვრებლად გადადიოდა საფრანგეთის რესპუბლიკაში. აღნიშნულ პატაკს თანდართული ჰქონდა მტკიცებულებები, კერძოდ, ტ. მ-ისა და საფრანგეთის მოქალაქე ს. ა. მ. დ. ა-ს ქორწინების მოწმობა, ტ. მ-ისა და მისი მეუღლის პასპორტის ასლები, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული დოკუმენტები, ტ. მ-ზე გაცემული #... ვიზა. საქმის მასალებით, ასევე, დადგენილი იყო, რომ 2019 წლის 10 სექტემბრის პატაკის საფუძველზე, არ დაწყებულა ადმინისტრაციული წარმოება. ტ. მ-მა 2019 წლის 27 სექტემბერს კვლავ დაწერა ახალი პატაკი გათავისუფლების მიზეზის მითითების გარეშე, რაც საფუძვლად დაედო თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 3 ოქტომბრის #MOD 0 19 00004750 ბრძანებას ტ. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ტ. მ-ის 10.09.2019წ. და 27.09.2019წ. პატაკები ერთობლიობაში უნდა ყოფილიყო განხილული და შეფასებული.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ ტ. მ-ის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა უკავშირდებოდა სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლას. 2019 წლის 10 სექტემბრის განცხადებაში ტ. მ-ი მიუთითებდა, რომ მისი მეუღლე არის საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე და იგი მუდმივსაცხოვრებლად გადადიოდა საფრანგეთის რესპუბლიკაში. თუმცა აპელანტი მიიჩნევდა, რომ ხსენებული გარემოება ვერ იქნა უტყუარად დადასტურებული.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე სამინისტროს მიერ ვერ იქნა მითითებული იმგვარ გარემოებაზე ან/და ვერ იქნა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულება, რომელიც ტ. მ-ის 10.09.2019წ. განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას გააქარწყლებდა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი იყო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 09.08.2021წ. #1000757109 გადაწყვეტილება ტ. მ-ისათვის საქართველოდან ემიგრაციის ნებართვის გაცემის თაობაზე, რომლის პირველი პუნქტითაც დაკმაყოფილდა 2021 წლის 21 ივლისის შუამდგომლობა და ტ. მ-ს მიეცა საქართველოდან ემიგრაციის ნებართვა საფრანგეთის რესპუბლიკაში მუდმივსაცხოვრებლად გამგზავრებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ ტ. მ-ისათვის სადავო ჯარიმის დაკისრების საფუძველს არ ქმნიდა შეტყობინება, რომლითაც სამხედრო მოსამსახურე გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი ფინანსური პასუხისმგებლობის, კერძოდ, 5000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრების საფუძველი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, თუმცა ასეთი საფუძვლის არსებობა ვერ იქნა დადასტურებული, რადგან კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა გამოწვეული იყო პირის უცხო სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლით, რაც, მხარეთა შეთანხმების მიხედვით, წარმოადგენდა პასუხისმგებლობის დაკისრების გამომრიცხავ გარემოებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ტ. მ-ის მიერ წარმოდგენილი საფრანგეთის ვიზა, კერძოდ, სასამართლომ იგი არასწორად მიიჩნია სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რამდენადაც წარმოდგენილ ვიზაში მითითებულია, რომ გაცემულია გრძელვადიანი ვიზა, რაც არ გულისხმობს მუდმივად სხვა სახელმწიფოში საცხოვრებლად გადასვლას. რაც შეეხება წარმოდგენილ ბინადრობის ნებართვას, კასატორის შეფასებით, იგი გაცემულია 2 წლის ვადით, რაც ასევე, არ ნიშნავს მუდმივად საცხოვრებლად გადასვლას.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი არ ითვალისწინებდა კონტრაქტის შეწყვეტას სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლის გამო, თუმცა რომც ყოფილიყო გათვალისწინებული აღნიშნული საფუძვლით კონტრაქტის შეწყვეტის შესაძლებლობა, ამ შემთხვევაშიც, აღნიშნული გარემოება უნდა ყოფილიყო უტყუარად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც სამინისტროში არ ყოფილა წარდგენილი. ტ. მ-ის მიერ წარდგენილ იქნა პატაკი (რაც საფუძვლად დაედო დათხოვნის ბრძანებას), რომელშიც დათხოვნის საფუძვლად მითითებული არ არის მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა.
კასატორის მითითებით, ტ. მ-ის დათხოვნის ბრძანებას (რომელიც დღემდე არ გასაჩივრებულა) საფუძვლად დაედო 27.09.2019წ. #992760 პირადი პატაკი, რომელშიც არ არის მითითებული წასვლის მიზეზი, ხოლო იმ პატაკს, რომელზეც გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო მსჯელობს, კასატორის შეფასებით, არ გააჩნია სამართლებრივი მნიშვნელობა, რადგანაც იგი არ დასდებია საფუძვლად დათხოვნის ბრძანებას, მას არ მოჰყოლია რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი, რაც არც ერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რადგანაც სახეზეა მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის დარღვევის (ვადაზე ადრე შეწყვეტის) ფაქტი. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე ვადაზე ადრე იქნება დათხოვნილი შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ანდა კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომლებიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის გადახდა. კასატორის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ტ. მ-ი კონტრაქტის პირობების დარღვევის პერიოდისათვის იმყოფებოდა IV კურსზე, იგი ვალდებულია სამინისტროს ჯარიმის სახით აუნაზღაუროს 5000 ლარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ტ. მ-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას; ბ) ავადმყოფობის გამო; გ) რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის; ე) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; ვ) ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ზ) პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი; თ) კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე; ი) პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ტ. მ-ს შორის, 2013 წლის 15 სექტემბერს, გაფორმდა #511 ხელშეკრულება (კონტრაქტი) სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის #729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი). ამასთან, იმავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 6 კალენდარულ წელს და მსმენელად ყოფნის ვადის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება იწყებოდა მსმენელად ჩარიცხვის დღიდან. აღნიშნული ვადის დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნებოდა მხოლოდ ნამსახურების კალენდარული წლები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტ. მ-მა პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა. თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 3 ოქტომბრის #MOD 0 19 00004750 ბრძანებით ტ. მ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. აღსანიშნავია, რომ კასატორი ითხოვს კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის გამო მოსარჩელისათვის 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრებას, ხოლო მითითებულ მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანო მხარეთა შორის გაფორმებული #511 ხელშეკრულების მე-6 მუხლზე აფუძნებს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 15 სექტემბრის #511 ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმების ოქმით შევიდა ცვლილება. ცვლილების შედეგად, კონტრაქტის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით დადგინდა ჯარიმის შემცირებული ოდენობები. ამავე ნაწილში მიეთითა, რომ თუ მოსამსახურე ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით, მას დაეკისრებოდა ჯარიმა. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ცვლილებით გამონაკლის შემთხვევად დადგინდა ხელშეკრულების შეწყვეტა დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული მიზეზის არსებობის საფუძვლით (მათ შორის, მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა). ცვლილება, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ, ძალაში შევიდა 2019 წლის 10 ივნისიდან. ტ. მ-მა პირადი პატაკით სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა მოითხოვა იმავე წლის სექტემბერში.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, 2019 წლის 10 სექტემბერს მოპასუხე ტ. მ-მა პატაკით მიმართა შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს და საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნა მოითხოვა. პატაკში ტ. მ-მა მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ მისი მეუღლე იყო საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე და იგი ოჯახით მუდმივად საცხოვრებლად გადადიოდა საფრანგეთის რესპუბლიკაში. აღნიშნულ პატაკს თანდართული ჰქონდა მტკიცებულებები, კერძოდ, ტ. მ-ისა და საფრანგეთის მოქალაქე ს. ა. მ. დ. ა-ს ქორწინების მოწმობა, ტ. მ-ისა და მისი მეუღლის პასპორტის ასლები, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული დოკუმენტები, ტ. მ-ზე გაცემული #... ვიზა. საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2019 წლის 10 სექტემბრის პატაკის საფუძველზე, არ დაწყებულა ადმინისტრაციული წარმოება. ტ. მ-მა 2019 წლის 27 სექტემბერს კვლავ დაწერა ახალი პატაკი გათავისუფლების მიზეზის მითითების გარეშე, რაც საფუძვლად დაედო თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 3 ოქტომბრის #MOD 0 19 00004750 ბრძანებას ტ. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ტ. მ-ის 10.09.2019წ. და 27.09.2019წ. პატაკები ერთობლიობაში უნდა ყოფილიყო განხილული და შეფასებული.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ტ. მ-ის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა უკავშირდება სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლას. 2019 წლის 10 სექტემბრის განცხადებაში ტ. მ-ი მიუთითებდა, რომ მისი მეუღლე არის საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე და იგი მუდმივსაცხოვრებლად გადადიოდა საფრანგეთის რესპუბლიკაში. კასატორი მიიჩნევს, რომ ხსენებული გარემოება ვერ იქნა უტყუარად დადასტურებული. კასატორის შეფასებით, წარმოდგენილ ვიზაში მითითებულია, რომ გაცემულია გრძელვადიანი ვიზა, რაც, სამინისტროს შეფასებით, არ გულისხმობს მუდმივად სხვა სახელმწიფოში საცხოვრებლად გადასვლას. რაც შეეხება წარმოდგენილ ბინადრობის ნებართვას, კასატორი თვლის, რომ იგი გაცემულია 2 წლის ვადით, რაც ასევე, არ ნიშნავს მუდმივად საცხოვრებლად გადასვლას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე სამინისტროს მიერ ვერ იქნა მითითებული იმგვარ გარემოებაზე ან/და ვერ იქნა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულება, რომელიც ტ. მ-ის 10.09.2019წ. განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას გააქარწყლებდა. თავის მხრივ, საკასაციო საჩივრიდან გაურკვეველია, დამატებით რა მტკიცებულება უნდა მოეპოვებინა და წარედგინა ტ. მ-ს მისი მუდმივსაცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლის ფაქტის დასადასტურებლად. ამასთან, მართალია, კასატორი მითითებული გარემოებისათვის არასაკმარისად მიიჩნევს ტ. მ-ის მიერ წარმოდგენილ გრძელვადიან ვიზას და მის სახელზე მხოლოდ 2 წლის ვადით გაცემულ ბინადრობის ნებართვას, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ უცხო სახელმწიფოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვება გარკვეულ დროსთან და ეტაპებთან არის დაკავშირებული.
საკასაციო სასამართლო, ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 09.08.2021წ. #1000757109 გადაწყვეტილება ტ. მ-ისათვის საქართველოდან ემიგრაციის ნებართვის გაცემის თაობაზე, რომლის პირველი პუნქტითაც დაკმაყოფილდა 2021 წლის 21 ივლისის შუამდგომლობა და ტ. მ-ს მიეცა საქართველოდან ემიგრაციის ნებართვა საფრანგეთის რესპუბლიკაში მუდმივსაცხოვრებლად გამგზავრებასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ტ. მ-ისათვის სადავო ჯარიმის დაკისრების საფუძველს არ ქმნის შეტყობინება, რომლითაც სამხედრო მოსამსახურე გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი ფინანსური პასუხისმგებლობის, კერძოდ, 5000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების თაობაზე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრების საფუძველს უნდა ქმნიდეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, თუმცა ასეთი საფუძვლის არსებობა ვერ იქნა დადასტურებული, რადგან კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა გამოწვეული იყო პირის უცხო სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლით, რაც, მხარეთა შეთანხმების მიხედვით, წარმოადგენდა პასუხისმგებლობის დაკისრების გამომრიცხავ გარემოებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2023 წლის 11 იანვარს მოპასუხე ტ. მ-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ #ბ-32-23 განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების (ყადაღის) სხვა სახის ღონისძიებით ნაწილობრივ შეცვლა. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, თანდართული საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ ტ. მ-ს საქართველოს ბანკის ანგარიშზე განთავსებული აქვს დავის საგნის ტოლფასი თანხა - 5000 ლარი. მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი ნაწილობრივ შეცვლის თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ტ. მ-ი აპირებს ყადაღადადებული მოძრავი ქონების - ავტომობილის რეალიზაციას და უკვე ჰყავს მყიდველი. ავტომობილის ფასი კი გაცილებით აღემატება დავის საგნის ღირებულებას.
ამდენად, განცხადების ავტორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეცვლილიყო ნაწილობრივ, კერძოდ, ავტომობილზე დადებული ყადაღის ნაცვლად, ყადაღა დასდებოდა ტ. მ-ის საბანკო ანგარიშზე არსებულ 5000 ლარის ოდენობით თანხას.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა ზემოხსენებული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, ყადაღა დაედო მოსარჩელის კუთვნილ მოძრავ და უძრავ ქონებას. თავის მხრივ, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა განაპირობებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას, მათ შორის, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილშიც. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით მოპასუხე ტ. მ-ის მოძრავ ქონებაზე - ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ყადაღის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის სხვა სახის ღონისძიებით შეცვლის მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებაზე განცალკევებით მსჯელობის საჭიროება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა