№761-13 22 თებერვალი, 2013 წელი
მ-ე ვ, 761-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - გ. ყ-ს
მსჯავრდებულ - ვ. მ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 მარტის განაჩენით ვ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 1 წლის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წელი და 6 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობითად და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელიდან - 1 წლის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით, როგორც დამატებითი სასჯელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 7 თებერვლიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ვ. მ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან (მოუხდელი 1 წელი და 6 თვე ჩათვლილია პირობითად).
ვ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, პირობითი მსჯავრი 1 წელი, 10 თვე და 15 დღე, იმავე გამოსაცდელი ვადით - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 7 თებერვლიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. მ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ მას უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლით; შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან სრულად გათავისუფლება კანონიერია.
საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმადაც, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ვ. მ-ს მიმართ გამოყენებულ იქნა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლი, ამდენად, მასზე ვერ გავრცელდება იმავე კანონის მე-19 მუხლის მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. მ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი