Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1074(კ-22) 1 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორი (მოსარჩელე) - პ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) - სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე), ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 20 სექტემბერს პ. ი-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (გამყიდველი) და ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტს შორის დადებული 2012 წლის 5 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები, პ. ი-ის საცხოვრებელი სახლის 71,30 კვ.მ. (55,10) საცხოვრებელი (სახლის) ფართის და 16,20 დამხმარე ფართის და მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის, როგორც ერთიანი ნივთის ნაწილში), და ამ ნაწილში პირვანდელი მდგომარეობის - სახელმწიფოს საკუთრების აღდგენა.

2018 წლის 17 დეკემბერს სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ასევე სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 19 ნოემბრის №212 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული №4 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განჩინებით ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმეები: საქმე №2649761-3/153-18წ.(მოსარჩელე - პ. ი-ი, მოპასუხეები - სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, დავის საგანი - ადმინისტრაციულ აქტში ცვლილებების შეტანა და საკუთრების უფლების აღიარება და ქმედების განხორციელების დავალება) და საქმე №2767726-3/206-18წ. (მოსარჩელე - სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოპასუხე - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, დავის საგანი -ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის №212 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული №4 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა) გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით პ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 19 ნოემბრის №212 ბრძანება და მის საფუძველზე გამოცემული საკუთრების უფლების მოწმობა №4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ი-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით პ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ი-მა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ. ი-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით პ. ი-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე. გზავნილი 2022 წლის 16 დეკემბერს ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს (თ. წ-ა). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2022 წლის 17 დეკემბერიდან დაიწყო და 2021 წლის 26 დეკემბერს (ორშაბათი) ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა და მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რაც პ. ი-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. პ. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე