ბს-1416(კ-22) 07 თებერვალი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ნ-ამ 22.11.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ კომისიის 22.10.2021წ. N1268 განკარგულების ბათილად ცნობის და ქ. თბილისში, ...ში, ... მ/რ-ში, N30 კორპუსის მიმდებარედ არსებულ 701 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ლ. ნ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.02.2022წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 22.10.2021წ. N1268 განკარგულება და კომისიას დაევალა ქ. თბილისში, ...ში, ... მ/რ-ში, N30 კორპუსის მიმდებარედ არსებულ 701 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ლ. ნ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა კანონის ამოქმედებამდე სადავო მიწის ნაკვეთის ლ. ნ-ას ოჯახის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი, ასევე მიწის ნაკვეთზე ნაგებობის არსებობა, რომელიც მოგვიანებით დაინგრა. პალატამ მიუთითა, რომ ნაკვეთი შემოღობილია, მასზე ამჟამად განთავსებულია ახალი შენობა-ნაგებობა და ამავე დროს ფიქსირდება ძველი შენობა-ნაგებობის საძირკვლის ფრაგმენტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს და არ გაითვალისწინა ორთოფოტოზე ასახული მონაცემები. საქმის მასალებით არ დასტურდება კანონის ამოქმედებამდე ლ. ნ-ას ოჯახის მიერ მიწის ნაკვეთის დაუფლების ფაქტი. არ არის დასაბუთებული მოსაზრება, რომ ნაკვეთზე არსებული სამშენებლო მასალა წარმოადგენს ძველი საცხოვრებელი დანიშნულების შენობის ნანგრევს. მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია, ამასთან მათი სუბიექტური ხასიათის გამო, დაუშვებელია კომისიის აქტის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ბათილად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. სადავო აქტის თანახმად, ლ. ნ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, თუმცა საქმეში დაცული მასალებისა და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და მტკიცებულებების სრულყოფილად შეფასების გარეშე. საქმის მასალებით, მათ შორის, კომისიის ადგილზე დათვარიელების ოქმით დასტურდება, რომ ნაკვეთი შემოღობილია მავთულბადით და თუნუქის ფურცლებით, მიწის ნაკვეთზე დგას ერთი ახალი კაპიტალური შენობა და ნაკვეთზე ფიქსირდება აგრეთვე ბეტონის ბლოკები, რაც ლ. ნ-ას მითითებით ნაკვეთზე არსებული ძველი დანგრეული შენობის საძირკვლის ფრაგმენტს შეადგენს. გასათვალისწინებელია, რომ მოწმეები ადასტურებენ ნაკვეთზე წარსულში ნაგებობის არსებობას, რომელიც მოგვიანებით დაინგრა, ამასთანავე საქმეში დაცული ფოტოსურათებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სარწმუნოდ მიიჩნევს ლ. ნ-ას განმარტებას ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ძველი დანგრეული ნაგებობის საძირკვლის ფრაგმენტის არსებობის შესახებ. რაც შეეხება ორთოფოტოებზე მითითებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ორთოფოტოები დათარიღებულია 2005 და შემდგომი წლებით, ხოლო როგორც მოწმეები აღნიშნავენ, ლ. ნ-ას ოჯახი ასაღიარებელ მიწის ნაკვეთს დაეუფლა 90-იანი წლებიდან, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის დანგრევა მომხდარიყო 2005 წლამდე, ამასთანავე, 2005 წლის ორთოფოტოზე ღობესთან ჩანს გარკვეული ფრაგმენტები, რომელიც შეიძლება ნაგებობის ნანგრევს წარმოადგენდეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალებიდან არ იკვეთება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ლ. ნ-ას საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოებები, ასეთ გარემოებებზე მითითებას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს. ამასთანავე, კასატორის მხოლოდ ის მოსაზრება, რომ მოწმეთა ჩვენებები ზოგადად სუბიექტურ ხასიათს ატარებს, არ გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის განსაზღვრისას მოწმეთა განმარტებების გაზიარების შესაძლებლობას. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დაკითხულ მოწმეთა განმარტებების არასარწმუნოდ მიჩნევის საფუძვლები არ იკვეთება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ.ცინცაძე
გ. გოგიაშვილი