Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-277(კ-21) 18 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ... რაიონის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. ხ-ემ 2015 წლის 16 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №6 სხდომის ოქმისა და ... გამგეობის აპარატის თანაშემწის - მ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... რაიონის გამგებლის 2014 წლის 12 დეკემბრის №423 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, ... რაიონის გამგეობისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... რაიონის გამგეობაში მ. ხ-ის იმავე თანამდებობაზე და იმავე პირობებით აღდგენისა და თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ემ.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ნების გამოვლენის ნამდვილობის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც კასატორმა აღნიშნა, რომ იგი, საავადმყოფო ფურცელზე მყოფი, საკუთარი ნებით არ გასულა ატესტაციაზე. სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა, რომ მ. ხ-ესა და მის დამსაქმებელს შორის, 2014 წლის 27 ოქტომბრიდან 2014 წლის 8 ნოემბრის პერიოდში, შრომითი ურთიერთობა შეჩერებული არ ყოფილა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონსტიტუციით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლი) იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. ამდენად, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ხ-ეს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ... რაიონის გამგეობიდან გათავისუფლებამდე ეკავა ... რაიონის გამგეობის აპარატის თანაშემწის თანამდებობა. ამდენად, მ. ხ-ე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 17 ოქტომბრის №1182 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას მიეცა თანხმობა: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელი ორგანოების სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ატესტაციის პირველი ეტაპის - ტესტირებისათვის მინიმალური გამსვლელი ზღვარის დადგენის თაობაზე, რომელიც შეადგენდა მოხელის მიერ გაცემული სწორი პასუხების 75%-ს, კერძოდ, 60 კითხვიდან არანაკლებ 45 სწორ პასუხს; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ატესტაციის ჩატარების ფორმებისა და პირობების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმის განსაზღვრაზე დანართი №1-ს შესაბამისად.

დადგენილია, რომ ატესტაციას ექვემდებარებოდა სულ 562 მოხელე, მათ შორის, მოსარჩელე მ. ხ-ე. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა ჩასატარებელი ატესტაციის შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 81-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიხედვით მოხელის ატესტაცია არის მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ამავე კანონის 83-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. ამავე კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო ატესტაციის შედეგების საფუძველზე.

დადგენილია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციის ფარგლებში, 2014 წლის 1 ნოემბერს, ტესტირებაში მონაწილე მ. ხ-ემ მიიღო 36 ქულა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის“ (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ატესტაციას ატარებს შესაბამისი დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისია. „წესის“ მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ატესტაციის ჩატარების ფორმებს, შესაბამისი შეფასების ფორმულარებს, საატესტატო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია, დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ხსენებული „წესის“ მე-9 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების მიხედვით, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას; გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას. ხოლო მე-10 მუხლის შესაბამისად, კომისია ვალდებულია თითოეული ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში. კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის შედეგებს, ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში. დაწესებულების ხელმძღვანელი, კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას, მოხელის პირად საქმეში ასახვით, მოხელისათვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების, მოხელის დაწინაურების, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის მიმართ ატესტაციის შედეგის პირად საქმეში ასახვის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას).

განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №... სხდომის ოქმის თანახმად, მითითებულ სხდომაზე კომისიამ კენჭისყრის შედეგად დამტკიცებული დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ატესტაციის შემაჯამებელ შედეგებზე დასკვნა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისთვის რეკომენდაციის მიწოდების საკითხი. სხდომაზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოხელეებს, რომლებმაც ატესტაციის პირველ ეტაპზე, ტესტირებისას მიიღეს არადამაკმაყოფილებელი შედეგები, მათ შორის, მ. ხ-ეს, მიცემოდათ რეკომენდაცია - „არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას“ (დანართი №5).

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... რაიონის გამგებლის 2014 წლის 12 დეკემბრის №423 ბრძანების თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №... სხდომის ოქმის საფუძველზე, ... რაიონის გამგეობის აპარატის თანაშემწე მ. ხ-ე, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2014 წლის 15 დეკემბრიდან.

სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 88-ე მუხლი არეგულირებდა მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პირობებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მოხელის დროებით განთავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და შესაბამისი დაწესებულების განთავისუფლებას მოხელის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან. ამავე კანონის 89-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, დროებით შრომისუუნარობა წარმოადგენდა სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველს. ამავე კანონის 92-ე მუხლი კი იმპერატიულად ადგენდა, რომ სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება უნდა გაფორმებულიყო ბრძანებით ან განკარგულებით.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში არაა წარმოდგენილი მტკიცებულება (ბრძანება ან განკარგულება), რომელიც საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 92-ე მუხლის შესაბამისად, მ. ხ-ესა და მის დამსაქმებელს შორის 2014 წლის 27 ოქტომბრიდან 2014 წლის 8 ნოემბრის პერიოდში შრომითი ურთიერთობის შეჩერებას დაადასტურებდა. უფრო მეტიც, საქმის მასალებში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის 2014 წლის 30 ოქტომბერს წარდგენილი შესაგებელი, რომელსაც ხელს აწერს მ. ხ-ე და მას თან ერთვის ... რაიონის გამგებლის მიერ გაცემული მინდობილობა მ. ხ-ისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში გამგეობის ინტერესების დაცვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. ამასთან, დადგენილია, რომ მ. ხ-ეს ტესტირებამდე ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის, მისი უშუალო უფროსისთვის არ უცნობებია საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ფაქტი. აღნიშნულთან მიმართებაში, პალატა მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ... რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... რაიონის გამგებლის 2014 წლის 6 ოქტომბრის №123 ბრძანებაზე, რომლის მე-11 მუხლი განსაზღვრავდა სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესს, კერძოდ, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის 3.1 ქვეპუნქტი ადგენდა, რომ დასაქმებული, რომელიც ავადმყოფობის გამო ვერ ცხადდება სამსახურში, ვალდებული იყო თავის უშუალო ხელმძღვანელს შეძლებისდაგვარად სწრაფად შეატყობინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ავადმყოფობა; ბ) სამუშაოზე არყოფნის მოსალოდნელი ხანგრძლივობა; გ) გადაუდებელი სამუშაო, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულებულიყო მისი არყოფნის პერიოდში.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ატესტირებას ექვემდებარებოდა მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი). ამავე კანონის 1344 მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც ატესტაცია არ გაუვლია, ატესტირებას ექვემდებარებოდა 2015 წლის 1 ივლისამდე, თუ მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან გასული იყო 6 თვე. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვეზე ნაკლებია გასული, მოხელე, გარდა თანამდებობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით დანიშნული მოხელისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით ატესტირებას ექვემდებარება თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივლისისა. მოხელეს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა. მოცემულ სადავო შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2020 წლის 24 მარტის წერილი ადასტურებს, რომ 2013 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაცია არ ჩატარებულა. ამდენად, მ. ხ-ე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 1344 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაექვემდებარა ატესტაციას, რამდენადაც მიუხედავად მისი ავადმყოფობისა, არ დასტურდება მასთან შრომითი ურთიერთობა შეჩერების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ტესტირებისათვის მინიმალურ გამსვლელ ზღვარს შეადგენდა მოხელის მიერ გაცემული სწორი პასუხების 75%, კერძოდ, 60 კითხვიდან არანაკლებ 45 სწორი პასუხი. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე მ. ხ-ემ ვერ დააგროვა მინიმალური ზღვრული - 45 ქულაც, არამედ მიიღო 36 ქულა, რაც სადავო არ გამხდარა. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზისა და საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას, მ. ხ-ის მიმართ მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საბოლოო შეფასებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კომისიის სადავო ბრძანება, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... რაიონის გამგებლის 2014 წლის 12 დეკემბრის №423 ბრძანება, კანონიერია, რამდენადაც იგი სრულ შესაბამისობაშია როგორც ფაქტობრივ მოცემულობასთან, აგრეთვე, იმ სამართლებრივ დანაწესებთან, რომელიც ატესტაციის პროცესის პროცედურულ თუ შინაარსობრივ ასპექტებს განსაზღვრავს. განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნებს სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტების უკანონობა არ დასტურდება, შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის სამსახურში აღდგენისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის მ. ხ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე