საქმე #ბს-216(2კ-22) 24 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ. პ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 17 აპრილს თ. პ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილებით იგი დაჯარიმებულ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #7-ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე რეკონსტრუქციის განხორციელებისათვის. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულ დადგენილებაში დაშვებულია შეცდომა, კერძოდ, კონკრეტულად არ არის განსაზღვრული სამართალდარღვევის სახეობა შესაბამის ჩამონათვალში. ამასთან, სამართალდარღვევის სახით განსაზღვრული დარღვევა ექვემდებარება ლეგალიზებას, რაზედაც მას წარდგენილი ჰქონდა განცხადება მისი დაკანონების შესახებ, რაც, ასევე, არის სადავო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მას პირველ რიგში უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მოახდინოს სამართალდარღვევის გამოსწორება მისი დაკანონების გზით.
ამდენად, მოსარჩელემ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მარტის #195 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. პ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის 2017 წლის 16 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #7-ში, #... საკადასტრო კოდის მქონე 36 კვ.მ უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს თ. პ-ა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა #4-6/ო-679-16 დათვალიერების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ მოქალაქე მ. ნ-ის 2016 წლის 14 აპრილის #176418/12 განცხადების საფუძველზე, დათვალიერებულ იქნა თ. პ-ას საკუთრებაში არსებულ ფართზე განხორციელებული უნებართვო სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოები. ამავე დათვალიერების ოქმში თ. პ-ას მერ მითითებულ იქნა, რომ ...ის ქ. #7-ში, მის საკუთრებაში მქონე ფართზე, მან დაახლოებით 2004 წელს აწარმოა სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოები.
სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 28 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თ. პ-ას მიმართ შედგა #001617 მითითება, რომლითაც დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #7-ში განხორციელებული იყო ლიტერ „გ“ შენობის უნებართვო რეკონსტრუქცია, რამაც გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. ასევე, მონაცვლებული იყო კიბე, ბაქანი, დამატებული იყო კარ-ფანჯრები გისოსებით, კონდიციონერი, გამწოვი მილი, სატელიტური ანტენა, ფანჯრებზე დამატებული იყო გისოსები. დარღვევის გამოსწორების მიზნით, თ. პ-ას დაევალა სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მოსარჩელეს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...ის რაიონული განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა 2016 წლის 1 აგვისტოს #442 მოხსენებითი ბარათით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #7-ში არსებულ შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ განხორციელებულ სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოებთან დაკავშირებით 2016 წლის 28 ივნისის #001617 მითითებით განსაზღვრული ვადის შეჩერება, ვინაიდან 2016 წლის 29 ივლისს თ. პ-ამ განცხადებით (#AR1427754) მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მის მიერ უნებართვოდ აშენებული ობიექტის ნაწილების ლეგალიზება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 4 აგვისტოს #2757879 ბრძანებით თ. პ-ას 2016 წლის 29 ივლისის #AR1427754 განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 1 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა #001617 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ თ. პ-ას მიერ არ იქნა შესრულებული #001617 მითითების პირობები.
სასამართლომ, ასევე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „კ...ის“ 2017 წლის 25 ივნისის #85 კრების ოქმის თანახმად, თ. პ-ას ნება დაერთო, მოეხდინა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ...ის #7-ში ნაწარმოები მე-2 სართულის დაშენების ლეგალიზება, 33.1 კვ.მ ფართის ოდენობით, რომელიც მის მიერ 2007 წლამდე იქნა ნაწარმოები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის #4-3/98გ-117 ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 ივნისის #001617 მითითების საფუძველზე (შემოწმების აქტი #001617 შედგენილი 2017 წლის 1 მაისს), თ. პ-ას მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 (ორი) თვით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 30 აგვისტოს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...ის რაიონული განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა #433 მოხსენებითი ბარათით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და განმარტა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #7-ში არსებულ შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ განხორციელებულ სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოებთან დაკავშირებით, მესაკუთრის - თ. პ-ას მიმართ შედგა 2016 წლის 28 ივნისის #001617 მითითება და მას დაევალა 30 კალენდარული დღის ვადაში წარედგინა ხსენებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან ობიექტი მოეყვანა საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში. 2017 წლის 1 მაისს შედგა #001617 შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა რომ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ შესრულდა.
სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილებით თ. პ-ა დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #7-ში (ს.კ. #...) უნებართვოდ სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების განხორციელებისათვის, კერძოდ, განხორციელდა ლიტერ „გ“ შენობის (შენობა #3/2) რეკონსტრუქცია, რამაც გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება, ასევე, მონაცვლებული იყო კიბე, ბაქანი, დამატებული იყო კარ-ფანჯრები გისოსებით, კონდიციონერი, გამწოვი მილი და სატელიტური ანტენა, ფანჯრებზე დამატებული იყო გისოსები. ამავე დადგენილებით თ. პ-ას დაევალა, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #7-ში (ს.კ. #...) მდებარე ლიტერ „გ“ შენობის (შენობა #3/2) საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების დემონტაჟი.
2017 წლის 18 სექტემბერს თ. პ-ას წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 6 მარტის #195 ბრძანებით თ. პ-ას წარმომადგენლის 2017 წლის 19 სექტემბრის #19/01172622862-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 29 ოქტომბერს (23.08.2017წ.) #AR1532687 თ. პ-ამ განმეორებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #7-ში, ნომენკლატურის მიხედვით, მიშენება/დაშენების, ხოლო მოთხოვნის ტექსტის მიხედვით, #3/2 შენობის ლეგალიზება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 3 ნოემბრის #3657064 ბრძანებით თ. პ-ას #1532687 განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას, კერძოდ, I კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განზრახული მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე გაცემულ დასტურს/თანხმობას, სხვა კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში კი - შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვას. ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ პირი, რომელიც გეგმავს მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები წარმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებართვო მშენებლობის სახით ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა, თავის მხრივ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად განისაზღვრება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ თ. პ-ას მიერ ნაწარმოებ სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების ნაწილს ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული წერილობითი ნებართვა, ნაწილს კი ამავე ორგანოს დასტური/თანხმობა - ნებართვას საჭიროებდა სადავო დადგენილებით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაო, კერძოდ, ლიტერ „გ“ შენობის (შენობა #3/2) რეკონსტრუქცია, რამაც გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება (დაშენებულია მეორე სართული), ხოლო მონაცვლებული კიბის, ბაქანის, კარ-ფანჯრების (გისოსებით), კონდიციონერის, გამწოვი მილის, სატელიტური ანტენისა და ფანჯრებზე დამატებული გისოსების განთავსებას ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ორგანოს დასტური/თანხმობა, თუმცა ყოველივე ზემოაღნიშნული თ. პ-ას მიერ განხორციელებულ იქნა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვისა და თანხმობის/დადასტურების გარეშე. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მითითებით გათვალისწინებული ვადის შეჩერებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადის გაგრძელების მიუხედავად, რამაც მითითების შედგენიდან დადგენილების გამოტანამდე ადმინისტრაციული წარმოების პროცესი ერთი წლისა და ორი თვის ვადით გაახანგრძლივა, მოსარჩელის მიერ არც მშენებლობის ლეგალიზების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების წარდგენა განხორციელდა. აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, ცალსახად და ნათლად მიუთითებდა სამშენებლო სამუშაოების უნებართვო ხასიათზე, რაც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოადგენდა სამართალდამრღვევ პირზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც სახდელის გამომტანმა, ისე საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. პ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. პ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. პ-ასათვის ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #7-ში (ს.კ. #...) მდებარე ლიტერ „გ“ შენობის (შენობა #3/2) საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის, კერძოდ, უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების დემონტაჟის ნაწილში (მე-2 პუნქტი), ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილება; თ. პ-ასთვის უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების დემონტაჟის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი თ. პ-ას წარმომადგენლის 2017 წლის 19 სექტემბრის #19/01172622862-01 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მარტის #195 ბრძანება; თ. პ-ა, „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის თანახმად, გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისაგან (შესაბამისი საურავისგან); დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მართალია, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რამაც საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა სასამართლო.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) მე-15 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა განმარტებულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. მითითებული მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
სააპელაციო პალატამ, ასევე, მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 8000 ლარით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ იყო დადგენილი, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილებით, თ. პ-ა დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #7-ში (ს.კ. #...) უნებართვოდ სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების განხორციელებისათვის, კერძოდ, განხორციელდა ლიტერ „გ“ შენობის (შენობა #3/2) რეკონსტრუქცია, რამაც გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება; ასევე, მონაცვლებული იყო კიბე, ბაქანი, დამატებული იყო კარ-ფანჯრები გისოსებით, კონდიციონერი, გამწოვი მილი და სატელიტური ანტენა; ფანჯრებზე დამატებული იყო გისოსები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ იყო თ. პ-ას მიერ უნებართვო სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების განხორციელების ფაქტი. სადავო არ იყო, რომ თ. პ-ამ იმპერატიულად დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო განხორციელებული უნებართვო სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების აღმოფხვრა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონშესაბამისი იყო და სახეზე არ იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობები.
თუმცა, მიუხედავად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელებულიყო „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი; კერძოდ, „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელებულიყო აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. პალატის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილი იყო 2019 წლის 15 იანვრამდე, ხოლო თ. პ-ას ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილება გასაჩივრებული იყო და ჯერ არ იყო აღსრულებული. საქმის მასალებით, აგრეთვე, დადგენილი იყო, რომ თ. პ-ა წარმოადგენდა შშმპ - მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსის მქონე პირს და იმყოფებოდა შესაბამის აღრიცხვაზე (დოკუმენტი წარდგენილი იყო სააპელაციო სასამართლოში და ამ ფაქტს არც ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ხდიდა სადავოდ).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი ეხებოდა მხოლოდ ჯარიმისაგან და საურავისაგან გათავისუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ თ. პ-ა წარმოადგენდა შშმ პირს, იგი წარმოადგენდა ზემოაღნიშნული კანონის სუბიექტს, შესაბამისად, არსებობდა მისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების საჭიროება, მასზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების დემონტაჟის საკითხს, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა (იხ. სუსგ #ბს-204-202(3კ-12), 14.06.2012წ.) და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დემონტაჟს დაქვემდებარებული უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო აპელანტის სახელზე და სადავო არ იყო აპელანტის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებდა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით თუ ვიმსჯელებთ, სასამართლოში საჩივრის (სარჩელის) შეტანა გამორიცხავს ამ ნორმით გათვალისწინებული ვარაუდის მოქმედებას, რაც არასწორია, ვინაიდან მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (შდრ HTTP://www.gccc.ge/, სსკ-ის 312-ე მუხლის კომენტარი) (იხ. სუსგ. საქმე #ას-1719-2019 , 22.01.2020წ).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ სადავო არ გამხდარა აპელანტის საკუთრების უფლება ან ამ უფლების რეგისტრაციის საფუძველი სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, საფუძველს აცლიდა განხორციელებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების დემონტაჟის თ. პ-ასათვის დავალებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება თ. პ-ასათვის უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების დემონტაჟის დავალების თაობაზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები) საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრი მხოლოდ ადასტურებს რეგისტრირებული მონაცემების არსებობას, შესაბამისად, იგი არ არის შენობა-ნაგებობის კანონიერების განსაზღვრაზე უფლებამოსილი ორგანო. აღნიშნული მოქმედება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის ან ლეგალიზების აქტის გარეშე აზრს უკარგავს საქართველოში მოქმედ სამშენებლო კანონმდებლობას. შედეგად, მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედებით სამართლებრივად შეუძლებელი ხდება ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულზე დაკისრებული ერთიანი საჯარო პოლიტიკის განხორციელება, რამდენადაც კონკრეტული სამშენებლო სამუშაოს სამართლებრივ რეჟიმში მოქცევისა და სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად ქცევისათვის საჭირო დოკუმენტის - მშენებლობის ნებართვის ან ლეგალიზების აქტის გვერდის ავლით უძრავი ქონების რეგისტრაცია ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და ფუნქციის გარეშე ტოვებს მშენებლობის ნებართვის გამცემ და სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებს.
კასატორი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი უძრავი ნივთების კანონიერების დასადგენად საკმარისად იქნება მიჩნეული მხოლოდ შენობა-ნაგებობების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და არა სათანადო წესით გაცემული ნებართვა ან ლეგალიზების აქტი, მაშინ აზრს დაკარგავს სამშენებლო საქმიანობის სფეროში მოქმედი არაერთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ზემოაღნიშნული სამართლებრივი შეფასებები ცხადყოფს, რომ სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გააკეთა არასწორი სამართლებრივი შეფასებები. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება გამოცემულია 2019 წლის 15 იანვრის შემდგომ, ხოლო მუნიციპალური ინსპექციის მოსაზრებით, დადგენილებით, თავის მხრივ, საბოლოოდ დგინდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, სასამართლოს მითითება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით, არასწორია.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მუნიციპალური ინსპექციის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის ნაწილში დაუსაბუთებელია, რამდენადაც სადავო საკითხის ამგვარი გადაწყვეტით სამართალდამრღვევი პირი ინარჩუნებს შენობა-ნაგებობას სამართალდარღვევის შედეგად წარმოშობილი მდგომარეობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თ. პ-ასათვის უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების დემონტაჟის დავალების თაობაზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მარტის #195 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, თ. პ-ას მიერ წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც თ. პ-ა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ წარმოებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოებისათვის ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, რის გამოც მას დაეკისრა სახდელი - ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით და დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი. ამავე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მარტის #195 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შეფასებისას, სასამართლო იდგა თ. პ-ას სამართალდამრღვევად ცნობის, ასევე, მისთვის ჯარიმის დაკისრებისა და უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების დემონტაჟის დავალების მართლზომიერების შემოწმების საჭიროების წინაშე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. პ-ა მართებულად იქნა ცნობილი სამართალდამრღვევად, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ უნებართვო სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნაგებობა რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში თ. პ-ას საკუთრებად, არსებობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილებისა და თ. პ-ას წარმომადგენლის 2017 წლის 19 სექტემბრის #19/01172622862-01 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მარტის #195 ბრძანების თ. პ-ასათვის უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების დემონტაჟის დავალების ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველი. ამავე გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ თ. პ-ა გაათავისუფლა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისაგან (შესაბამისი საურავისგან), რამდენადაც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. საქართველოს კანონის სუბიექტს, კერძოდ, ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, მხოლოდ თ. პ-ასათვის უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების დემონტაჟის დავალების თაობაზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები), ხოლო ადმინისტრაციული სახდელისაგან - 8000 ლარის ოდენობით ჯარიმისაგან თ. პ-ას გათავისუფლების ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გაუსაჩივრებიათ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია თ. პ-ას. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება თ. პ-ას სამართალდამრღვევად ცნობისა და მისი დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელისაგან - 8000 ლარის ოდენობით ჯარიმისაგან გათავისუფლების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დგას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების მხოლოდ თ. პ-ასათვის უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების დემონტაჟის დავალების თაობაზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები) შემოწმების საჭიროების წინაშე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) მე-15 მუხლის „რ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 8 000 ლარით.
საკასაციო სასამართლო განმეორებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება თ. პ-ას სამართალდამრღვევად ცნობის, მის მიმართ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებისა და 8 000 ლარის ოდენობით დაკისრებული ჯარიმისაგან მისი გათავისუფლების ნაწილში, შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მითითებულ ნაწილში გაუსაჩივრებლობამ შედეგობრივად გამოიწვია იმ გარემოების დადასტურება, რომ თ. პ-ას მიერ ჩადენილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა. ამასთან, მის მიმართ გავრცელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ამნისტია და იგი გათავისუფლებულ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული სახდელისაგან - ჯარიმისაგან. რაც შეეხება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მოსარჩელისათვის დემონტაჟის დავალებას, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების შედეგად აშენებულ ნაგებობაზე საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა საკუთრების უფლება, ხოლო რამდენადაც სადავო არ გამხდარა არც თავად აღნიშნული უფლება და არც უფლების რეგისტრაციის საფუძველი, გამოირიცხებოდა მოსარჩელე თ. პ-ასათვის უკვე საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების დემონტაჟის დავალების საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უკანონოდ განხორციელებულ მშენებლობაზე თ. პ-ას საკუთრების უფლების წარმოშობას/არსებობას. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის 07.07.2015წ. და 16.08.2017წ. ამონაწერებით დგინდება, რომ თ. პ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაშია ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #7-ში მდებარე ს.კ. ... უძრავი ქონება (საკუთრების ტიპი: საკუთრება; ფართი: 36.00 კვ.მ). ხსენებულ ამონაწერებში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: 1. ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 2005 წლის 23 მაისს, დამოწმებული ნოტარიუსის - ლ. გ-ის მიერ რეესტრით #...; 2. პრივატიზაციის ხელშეკრულება, გაფორმებული 1993 წლის 6 იანვარს, დამოწმებული ნოტარიუსის - თ. ვ-ის მიერ რეესტრით #..., რეგისტრირებული ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში 1993 წლის 6 იანვარს; 3. უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 19.10.2009წ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილებით თ. პ-ა დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #7-ში (ს.კ. #...) უნებართვოდ სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების განხორციელებისათვის, კერძოდ, განხორციელდა ლიტერ „გ“ შენობის (შენობა #3/2) რეკონსტრუქცია, რამაც გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება, ასევე, მონაცვლებული იყო კიბე, ბაქანი, დამატებული იყო კარ-ფანჯრები გისოსებით, კონდიციონერი, გამწოვი მილი და სატელიტური ანტენა, ფანჯრებზე დამატებული იყო გისოსები. ამავე დადგენილებით თ. პ-ას დაევალა, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #7-ში (ს.კ. #...) მდებარე ლიტერ „გ“ შენობის (შენობა #3/2) საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების დემონტაჟი.
2017 წლის 18 სექტემბერს თ. პ-ას წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 6 მარტის #195 ბრძანებით თ. პ-ას წარმომადგენლის 2017 წლის 19 სექტემბრის #19/01172622862-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილება.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2017 წლის 29 ოქტომბერს (23.08.2017წ.) #AR1532687 თ. პ-ამ განმეორებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #7-ში, ნომენკლატურის მიხედვით, მიშენება/დაშენების, ხოლო მოთხოვნის ტექსტის მიხედვით, #3/2 შენობის ლეგალიზება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 3 ნოემბრის #3657064 ბრძანებით თ. პ-ას #1532687 განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლეგალიზების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით დგინდება, რომ #3/2 შენობის განაშენიანების ფართობი შეადგენს 38.7 კვ.მ-ს. ამასთან, შენობა-ნაგებობის საერთო ფართია 69.1 კვ.მ, მათ შორის: I სართული - 36 კვ.მ, ხოლო II სართული - 33.1 კვ.მ. საგულისხმოა, რომ I სართულზე არსებული 36 კვ.მ სწორედ საჯარო რეესტრის ამონაწერებში მითითებულ თ. პ-ას საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო რაც შეეხება II სართულის 33.1 კვ.მ ფართს, ხაზგასასმელია, რომ მოსარჩელე მოითხოვდა სწორედ დასახელებული ფართის ლეგალიზებას, რომლის უნებართვო მშენებლობისათვისაც იგი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და განესაზღვრა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ გარემოების დადგენილად მიჩნევას, რომ უნებართვოდ აშენებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია თ. პ-ას საკუთრების უფლება, რამდენადაც საქმის მასალებში არ მოიპოვება სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #7-ში #3/2 შენობის მეორე სართულზე (ფართი: 33.1 კვ.მ) რეგისტრირებულია თ. პ-ას საკუთრების უფლება. თავის მხრივ, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე უფლებადამდგენი დოკუმენტი, რომელიც ცხადყოფდა ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე თ. პ-ას საკუთრების უფლების არსებობას და შექმნიდა საჯარო რეესტრში ამ უფლების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის დავალების თაობაზე სადავო აქტების ბათილად ცნობის ნაწილში დაეფუძნა გარემოებას, რომელიც სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს არ ყოფილა სათანადო წესით გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული. უფრო კონკრეტულად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში სათანადო მტკიცებულებების არსებობის გარეშე დაასკვნა, რომ უნებართვოდ წარმოებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ნაგებობა თ. პ-ას საკუთრებაში იყო აღრიცხული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სათანადო მტკიცებულების არსებობის გარეშე დაადგინა საქმის მართებული გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, რაც, შედეგობრივად, წარმოადგენს იმგვარ საპროცესო დარღვევას, რომელსაც შეეძლო არსებითი ზეგავლენა მოეხდინა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #7-ში მდებარე უძრავი ქონება (ფართით 36 კვ.მ) საკუთრების უფლებით, შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, აღრიცხულია თ. პ-ას სახელზე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოარკვიოს, რეგისტრირებულია თუ არა თ. პ-ას საკუთრების უფლება 36 კვ.მ ფართის ნაგებობაზე უნებართვოდ დაშენებულ 33.1 კვ.მ ფართზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უნებართვოდ აშენებულ შენობა-ნაგებობაზე თ. პ-ას საკუთრების უფლების არსებობა-არარსებობის დადგენის პროცესში, სააპელაციო სასამართლოს, როგორც ფაქტების დამდგენ სასამართლოს, საჭიროების შემთხვევაში გააჩნია პროცესუალური უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საჭირო მტკიცებულებები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2016 წლის 29 ივლისს თ. პ-ამ განცხადებით (#AR1427754) მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მის მიერ უნებართვოდ აშენებული ობიექტის ნაწილების ლეგალიზება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 4 აგვისტოს #2757879 ბრძანებით თ. პ-ას 2016 წლის 29 ივლისის #AR1427754 განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.
ასევე, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „კ...ის“ 2017 წლის 25 ივნისის #85 კრების ოქმით ირკვევა, რომ თ. პ-ას ნება დაერთო, მოეხდინა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ...ის #7-ში ნაწარმოები მე-2 სართულის დაშენების ლეგალიზება, 33.1 კვ.მ ფართის ოდენობით, რომელიც მის მიერ 2007 წლამდე იქნა ნაწარმოები.
ამასთან, დადგენილია, რომ 2017 წლის 29 ოქტომბერს (23.08.2017წ.) #AR1532687 თ. პ-ამ განმეორებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #7-ში, ნომენკლატურის მიხედვით, მიშენება/დაშენების, ხოლო მოთხოვნის ტექსტის მიხედვით, #3/2 შენობის ლეგალიზება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 3 ნოემბრის #3657064 ბრძანებით თ. პ-ას #1532687 განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეზე დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელე თ. პ-ას ჰქონდა უნებართვოდ წარმოებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების ლეგალიზების მცდელობები. შესაბამისად, სადავო ნაწილში საქმის ხელახალი შესწავლა-განხილვის დროს, სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა გამოარკვიოს, ხომ არ განხორციელებულა დემონტაჟს დაქვემდებარებული უნებართვოდ აშენებული უძრავი ქონების ლეგალიზება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლითაც განისაზღვრა, რომ უნებართვო მშენებლობის კანონიერ ფარგლებში მოქცევა - ლეგალიზება ზემოქმედებას ახდენს სამართალდამრღვევი პირისათვის დემონტაჟის დავალების საკითხზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თ. პ-ასათვის უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების დემონტაჟის დავალების თაობაზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მარტის #195 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თ. პ-ასათვის უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების დემონტაჟის დავალების თაობაზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს #001617 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მარტის #195 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ბ. სტურუა
გ. გოგიაშვილი