Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-306(კ-21) 15 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ნ. ქ-ი

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 1 ოქტომბერს ნ. ქ-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 20 სექტემბრის N257 განკარგულების - ნ. ქ-ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ნ. ქ-ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 20 სექტემბრის N257 განკარგულება; მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ნ. ქ-ის 2019 წლის 24 ივლისის N7814/02 განცხადების განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს მითითება - ადგილის დათვალიერებისას მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების მეზობლების გამოკითხვის შემდგომ კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, წარმოადგენს საქმის განხილვის გაჭიანურებას, ვინაიდან იმ შემთხვევაში, როცა საქმეში წარმოდგენილია ტექბიუროს ინფორმაცია, მოწმეთა გამოკითხვით ვერ დადგინდება სალეგალიზაციო ობიექტის საკუთრებაში გადაცემის სავალდებულოობა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექბიუროდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ ...ის ქუჩა ...-ში მითითებულია საბინაო სამმართველო, ე.წ. „უჟკ". ანალოგიური დადასტურდა სასამართლოს მიერ გამოთხოვილი 2020 წლის 29 იანვრის N... წერილითაც, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მტკიცებულებები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების, სათანადო გამოკვლევის პირობებში, სასამართლოს სრული შესაძლებლობა ჰქონდა არსებითად გადაეწყვიტა დავა და მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისად, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 20 სექტემბრის N257 განკარგულების კანონიერების შემოწმება. მითითებული განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. რუსთავში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 1268.36 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ 2017 წლის 30 მარტის N53 განკარგულებით დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. განმეორებით წარდგენილ განცხადებაში კი არ იყო წარმოდგენილი რაიმე ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, შესაბამისად, მასზე ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით (მარტივი ადმინისტრაციული წარმოება) დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლიც, რომლის შესაბამისად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას; კერძოდ, თუკი შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 30 მარტის N53 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ნ. ქ-ის მოთხოვნა რუსთავში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 1268.36 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელზეც განთავსებულია 139 კვ.მ ფართის მქონე ერთი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა და 25.2 კვ.მ ფართის მქონე ერთი არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი აღრიცხული იყო ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში და საკითხის განხილვა არ შედიოდა აღიარების კომისიის კომპეტენციაში. ასევე დადგენილია, რომ ნ. ქ-მა 2019 წლის 24 ივლისს კვლავ მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა რუსთავში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 1268.36 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებას თან დაერთო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის №TT... გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში უძრავ ქონებაზე ინფორმაცია არ ინახება. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 20 სექტემბრის N257 განკარგულებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, ნ. ქ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის 2017 წლის 30 მარტს მიიღო N53 განკარგულების მიღებას, ასევე არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ საკითხის გამორკვევა, რუსთავში, ...ის ქ. ...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1268.36 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღრიცხული იყო თუ არა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში და სად მდებარეობდა სადავო მიწის ნაკვეთი ყოფილი ...ის ქუჩაზე, რომელსაც დღეის მდგომარეობით ეწოდება ...ის ქუჩა თუ - ...ის ქუჩაზე.

საქმეზე დადგენილია, რომ განცხადებით მოთხოვნილია ქალაქ რუსთავში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 1268.36 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ერთი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა, 139 კვ.მ ფართის და ერთი არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა 25.2 კვ.მ ფართის. განცხადებასთან ერთად ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა აზომვითი ნახაზი და ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც ნ. კ-ემ და ა. ჭ-მა დაადასტურეს, რომ ნ. ქ-ი 1992 წლიდან ნამდვილად ფლობს 1268.36 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. რუსთავი, ...ის ქუჩა .... განცხადებით განმარტებულია, რომ მიწის ნაკვეთი შემოღობილია ლითონის ბადით, მასზე გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები და აგებულია საცხოვრებელი სახლი, სადაც 1992 წლიდან მუდმივად ცხოვრობს ნ. ქ-ი.

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 5 დეკემბრის N15/137877 წერილით ასევე დგინდება, რომ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ ქალაქ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 9 აგვისტოს (ოქმი N13) N1278 გადაწყვეტილებით ...ის ქუჩას ეწოდა ...ის ქუჩა. ამასთანავე, დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავში დღეის მდგომარეობით ასევე არსებობს ...ის ქუჩა, რომელზეც განლაგებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის №TT ... გადაწყვეტილებაში, რომელიც მოპასუხე მხარეს წარედგინა განცხადების განმეორებით შეტანისას, მითითებულია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს უარი ეთქვა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებაზე, ქალაქ რუსთავში ...ის ქუჩა ...-ში მდებარე ქონებაზე, ვინაიდან ტექნიკური აღრიცხვის არქივში სააღრიცხვო მასალა არ არის წარდგენილი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 სექტემბრის N... წერილიდან ირკვევა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა, მისამართით: ქ. რუსთავი, ...ის ქუჩა ... (ყოფილი ...ის დასახელება), - არ იძებნება. ტექნიკური აღრიცხვის არქივში სააღრიცხვო მასალა, მისამართით: ...ი, ...ი, ...ის ... (დღევანდელი ქალაქი რუსთავი, ...ის ...) - ასევე არ იძებნება (სააგენტოს 2019 წლის 19 სექტემბრის N... წერილი).

საქმეში ასევე მოიპოვება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 აგვისტოს N... წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი კონკრეტული მისამართით: „ქ. რუსთავი ...ის ...“ - არ იძებნება. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარდგენილი უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მისამართით: „რუსთავი, ...ის ქ ...“, უძრავი ნივთი აღრიცხულია 1955 წელს და ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის მესაკუთრე/მოსარგებლის გრაფაში მითითებულია საბინაო მეურნეობის სამმართველო, ე.წ. УЖХ, კერძო თანამფლობელებთან ერთად (შემდგომში წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე). აღნიშნული მისამართის სააღრიცხვო მასალაში გენ-გეგმა არ ინახება.

საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ საბინაო მეურნეობის სამმართველო და ე.წ. УЖХ - არ გულისხმობს ე.წ. კერძო სახლებს. მითითებული ტერმინი გულისხმობს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს და ე.წ. იტალიურ ეზოებს. საქმეში წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზით კი დგინდება, რომ ნ. ქ-ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის გარშემო განთავსებულია კერძო ტიპის სახლები. პერიმეტრზე არ არის განთავსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა გამოეკვლია და დაედგინა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეეხებოდა დღევანდელ ...ის ქუჩაზე არსებულ უძრავ ქონებას (ყოფილი ...ის ქუჩა), თუ დღეის მდგომარეობით ...ის ქუჩად წოდებულ ქუჩაზე მდებარე შენობა - ნაგებობებს. ვინაიდან, ქალაქ რუსთავში დღეის მდგომარეობით არსებულ ...ის ქუჩაზე განლაგებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, განთავსებულია მხოლოდ კერძო სახლები. ასევე, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 11 დეკემბრის N01/226750 წერილით დგინდება, რომ ქ. რუსთავში, ...ის ...-ში 13.02.2009 წლიდან რეგისტრირებულია ... წელს დაბადებული გ. ჯ-ა და 06.04.2009 წლიდან რეგისტრირებულია ... წელს დაბადებული ზ. ჯ-ა. დამატებით, სასამართლოს ეცნობა, რომ სსრკ სიმბოლოკიანი პასპორტით რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მხრიდან არათუ არ გამოკვლეულა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, არამედ 2019 წლის 24 ივლისის N7814/02 განცხადებაზე, რომლითაც განმეორებით მიმართა მოსარჩელე ნ. ქ-ის წარმომადგენელმა საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2019 წლის 20 სექტემბრის N257 განკარგულებით ნ. ქ-ს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ნ. ქ-ისათვის განცხადების განუხილველად, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს სადავო საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა შემოიფარგლოს ზოგადი განმარტებებით, ყველა მისი დასკვნა უნდა ემყარებოდეს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე შესწავლილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, რაც ქმნის მითითებული აქტის ბათილად ცნობისა და ნ. ქ-ის 2019 წლის 24 ივლისის N7814/02 განცხადების განხილვის დავალების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე