საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-387(კ-22) 1 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - თ. ძ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2020 წლის 11 ნოემბერს თ. ძ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს თ. ძ-ის სასარგებლოდ, 2016 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 1 აპრილამდე, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით თ. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე თ. ძ-ის სასარგებლოდ, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამო მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება, 2016 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაციის ყოველთვიური ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208–ე მუხლი ადგენს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ასეთი საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე მუხლი აწესრიგებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებლობას კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოწვეული ზიანისათვის, თუ საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, არსებითი ზიანი ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიყენებული ზიანი, ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე.
კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, ხოლო ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა სააგენტოს მხრიდან განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირების ქმედებებში ბრალის არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 4 იანვრის N04- 00-ვ/285 და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 თებერვლის N04/6323 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით (რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით უკანონოთ იქნა ცნობილი) მიყენებული ზიანის -მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის (2016 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 1 აპრილამდე) ანაზღაურების დაკისრების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის: ა) 46-ე-49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე; ბ) აღნიშნული კანონის საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში; გ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი; დ) 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო; გ) მიეკუთვნება „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლში მითითებულ მოსამართლეებს. 2010 წლამდე მოქმედი „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-20 მუხლებიდან გამომდინარე კი, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებოდა მოსამართლეს სასამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, ასევე იმ მოსამართლეს, რომელსაც 1999 წლის 15 მაისიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ო“ ქვეპუნქტების და 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და ამ კანონის ამოქმედებამდე ან მისი ამოქმედების შემდეგ მიაღწია საპენსიო ასაკს და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 21 მარტის №512/2901-03-ო წერილით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ... სოციალური მომსახურების ცენტრს გაეგზავნა თ. ძ-ის განცხადება, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტები და მიმართვით მოთხოვნილ იქნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე ემსჯელათ თ. ძ-ისათვის კომპენსაციის დანიშვნის საკითხის თაობაზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 4 იანვრის N04-00-ვ/285 წერილით, თ. ძ-ეს განემარტა, რომ მას 2016 წლის 20 ივნისის №04-00-ვ/25770 წერილით ეცნობა, რომ იგი ვერ მოიპოვებდა უფლებას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, რადგან სამუშაო სტაჟმა შეადგინა 9 წელი 10 თვე და 28 დღე, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 10 წლისა.
2018 წლის 8 იანვარს თ. ძ-ემ განცხადებით სააგენტოსგან მოითხოვა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ... სერვის ცენტრის 2018 წლის 4 იანვრის N04-00-ვ/285 გადაწყვეტილების გაუქმება და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 თებერვლის №04/6323 წერილით თ. ძ-ეს განემარტა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა საერთო სასამართლოების ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს, რის გამოც, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (...) მიერ 2018 წლის 4 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა.
მოსარჩელე თ. ძ-ის სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 4 იანვრის N04-00-ვ/285 და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 თებერვლის №04/6323 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე თ. ძ-ისთვის საერთო სასამართლოს მოსამართლეებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 1 თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მის საფუძველზე, მოსარჩელე თ. ძ-ეს 2020 წლის 1 აპრილიდან დაენიშნა მოსამართლეებისათვის კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაცია ყოველთვიურად 560 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ გარემოებათა გათვალისწინებით, მოსარჩელე - თ. ძ-ე უდავოდ წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების სუბიექტს, თუმცა 2016 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 1 აპრილამდე მან ვერ შეძლო სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სათანადო წესით არ უზრუნველყო მისი წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, რაც მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურების უპირობო საფუძველს წარმოადგენს.
ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკონკრეტებულია, რომ თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობით ცალსახად არის დადგენილი სახელმწიფოს ვალდებულება, სრულად აანაზღაუროს მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი, თუკი კუმულატიურად არსებობს ზიანის ანაზღაურების შემდეგი წინაპირობები: 1. საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ქმედება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. უმოქმედობა ატარებს უკანონო ხასიათს, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს, არ ახორციელებს სავალდებულო მოქმედებას; 2. დამდგარია შედეგი პირისთვის ზიანის მიყენების სახით; 3. არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის; 4. სახეზეა სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა.
განსახილველ შემთხვევაში კი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე თ. ძ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სასამართლოს მიერ უკანონოდ და, შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მას დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2020 წლის 1 აპრილიდან, შესაბამისად, უდავოა, რომ მოსარჩელეს 2016 წლის 1 აპრილიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით არ დაენიშნა სახელმწიფო პენსია, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული უმოქმედობა, რამაც მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია. მოცემული გარემოებები კი მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს ქმნის. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი არის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ მოსარჩელე - თ. ძ-ეს უნდა აუნაზღაურდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამო მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაცია, 2016 წლის 1 აპრილიდან, 2020 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაციის ყოველთვიური ოდენობით.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე