საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1133(კ-21) 13 დეკემბერი, 2022 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „მ...ა“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩიენების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „მ...ამ“ 2020 წლის 6 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბ. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის N04/13/9322 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 4 ივნისის N04/11838 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ბ. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების შპს ,,მ...ასთვის“ ანაზღაურების შესახებ მოპასუხთათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ივლისის განჩინებით, შპს „მ...ას“ სარჩელი მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და იმავე სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,მ...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბ. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის N04/13/9322 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 4 ივნისის N04/11838 გადაწყვეტილება; სსიპ ,,ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს“ დაევალა ბ. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების შპს „მ...ასთვის“ ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელებას უზრუნველყოფს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ამავე დადგენილების დადგენილების მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად განმარტებულია, რომ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად ამ სახელმწიფო პროგრამაში განხილული უნდა იქნეს მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსებას (გარდა თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესების დროს გასაწევი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა). შესაბამისად, სტაციონარში მკურნალობის 24 სთ-ზე ნაკლები დროით დაყოვნება (გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის, ლეტალური გამოსავლის შემთხვევების და თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესებისა), პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, არ განიხილება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შემთხვევად. სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის N01-9/ნ ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის მე-3 და მე-4 მუხლების თანახმად, ამბულატორიული სერვისის მიწოდებისას პაციენტის დაყოვნების ხანგრძლივობა არ აღემატება 24 საათს, და პირიქით - სტაციონარული მომსახურებისას - პაციენტის დაყოვნება აღემატება 24 საათს. ამდენად, ერთდროულად ვერ იარსებებს გარემოებები, როდესაც პაციენტს ესაჭიროება სტაციონარში როგორც 24 საათზე მეტი, ასევე ნაკლები დროით დაყოვნება. მოქალაქე ბ. მ-ის (პ/ნ ...) შემთხვევაში კი, რომელმაც კლინიკას მიმართა 28.04.2019 წელს, მიმწოდებლის მიერ შემთხვევა დროის ერთი და იგივე მონაკვეთში წარდგენილია გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტებით, პროგრამული კოდები: 1000000008/- IV დონის ქირურგიული დახმარება, დიაგნოზი: S01.1- თვალის და პერიოკულარული არის ჭრილობა, ჩარევა : QASB00 - თავზე და კისერზე კანის გაკერვა; SUR326502,S02.2 - S02.2 - ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ჩარევა:DHS D10 - ცხვირის მოტეხილობის დახურული წესით ჩასწორება. ინსპექტირების ეტაპზე არ ანაზღაურდა გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი.
კასატორი აღნიშნავს, რომ გადაცემული შეტყობინებების მიხედვით ყველანაირ სამართლებრივ და ლოგიკურ არგუმენტს არის მოკლებული პაციენტის ერთდროულად გადაუდებელი ამბულატორიის და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მოწოდება (მითუმეტეს ადგილი აქვს ტრავმულ დაზიანებებს). შეტყობინებების გადმოცემა რამდენიმე პროგრამული კოდით და მითუმეტეს ერთდროულად რამდენიმე კომპონენტით ეწინააღმდეგება N36 დადგენილების პირობებს და მიზნად ისახავს პროგრამულად ასანაზღაურებელი თანხების გაზრდას, შესაბამისად, გაუგებარია საკითხისადმი სასამართლოს მიდგომა და მისი არგუმენტაცია კლინიკის სასარგებლოდ ხსენებული საკითხის გადაწყვეტაში.
კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული საკითხის არსებითად განხილვა მნიშვნელოვანია რათა კლინიკის მიერ ხელოვნურად არ მოხდეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის მოცულობის გაზრდა, შესაბამისად, ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დასაშვებად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, და გასაჩივრებული განჩინების შეცვლით საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და მოწინააღმდეგე მხარის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფარგლებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების კანონიერება, პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“. აღნიშნული პროგრამის მე-10 მუხლის 21 პუნქტი ითვალისწინებს პროგრამით მოსარგებლეთა დიაგნოზის ფორმირების წესს, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა NIV-100/ა), მოქმედი კანონმდებლობის (,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს N338/ნ ბრძანება) მოთხოვნათა გათვალისწინებით, დიაგნოზი ფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის (ICD-10) შესაბამისად. ასევე, სავალდებულოა პროცედურების (ჩარევების) კოდების მითითება „სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის N92/ნ ბრძანების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე, პროგრამის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა ნაბეჭდი და ელექტრონული სახით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: ა) შემთხვევათა რეესტრი (დადგენილი ფორმის შესაბამისად, ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს: ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს; ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; ა.გ) თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის ხარჯის ჯამურ ოდენობას; ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად, ნაბეჭდი სახით); გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს დეტალურად, თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის მიხედვით, ნაბეჭდი სახით.
ამავე პროგრამის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი მოიცავს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, მათ შორის, „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემთხვევა არ ანაზღაურდება თუ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
ამრიგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მომსახურების ანაზღაურების პროცედურა ხორციელდება იმპერატიულად დადგენილი და როგორც მომსახურების გამწევი სამედიცინო დაწესებულების ასევე, ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი ორგანოსათვის შესასრულებლად სავალდებულო პროცედურის მკაცრი დაცვით, რაც ერთი მხრივ, გულისხმობს სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოებისა და გაწეული მომსახურების შესახებ სააგენტოსთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას, მეორე მხრივ, ასეთი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას. ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენა კი, თავის მხრივ შეიძლება გახდეს კლინიკისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ან უკვე ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების დავალების წინაპირობა.
რაც შეეხება უშუალოდ მომსახურების სახეებს, ზემოაღნიშნული დადგენილების დანართი 1.2-ით განსაზღვრულია გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები და ანაზღაურდება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტი ბ. მ-ი წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის №1.3 დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირს. საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ სტაციონარში მოთავსებისას პაციენტს აღენიშნებოდა სახის ღია ჭრილობა, ჩაუტარდა როგორც ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, გაკერვა (რაც სტაციონარული მკურნალობისგან დამოუკიდებელი გადაუდებელი ამბულატორიულ მომსახურებას ითვალისწინებს), აგრეთვე ოპერაციული მკურნალობა - ცხვირის მოტეხილობის დახურული წესით ჩასწორება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბ. მ-ს არსებული დაზიანების გათვალისწინებით, სჭირდებოდა და გაეწია როგორც სტაციონარული, ასევე გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება მითითებული მომსახურების სახეების ერთდროულად არსებობის შეუძლებლობის თაობაზე.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ორგანოს - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შემთხვევის რევიზიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაადასტურებდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობას შეტყობინების სისტემაში გადაცემულ დიაგნოზსა და ჩარევასთან. ამგვარი შეუსაბამობის გამოვლენა კი, სწორედ რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენს, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილება შემოიფარგლება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-14 მუხლის შესაბამისად საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებით. ამდენად, ეს უკანასკნელი არ იყო უფლებამოსილი, უარი ეთქვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზისა და ჩარევის პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებთან შეუსაბამობის გამო, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ ამბულატორიულ მკურნალობა განაპირობა მარცხენა თვალბუდის ჭრილობის არსებობამ, შესაბამისად, პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული დამუშავება, ხოლო სტაციონარული მკურნალობა - ცხვირის მოტეხილობის ჩახურული წესით ჩასწორება ჩატარდა მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ ზოგადი ანესთეზიით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სადავო აქტების კანონიერების თაობაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სარწმუნო მტკიცებულება შეუსაბამობასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებითა და სათანადო არგუმენტაცია უნდა აისახოს ანაზღაურებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. მ-ის შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და სათანადოდ არ დაასაბუთა ის გარემოება, არსებობდა თუ არა 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობა, რაც ქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოცემულ საქმეზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევა, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 31.12.2021წ. №12016 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ200294519) დაუბრუნდეს 31.12.2021 წლის №12016 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა
გ. მაკარიძე