Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1036(კ-22) 28 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. გ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 13 აგვისტოს ე. გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, ე. გ-მა მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მატერიალური ზიანის სახით 1916,20 ლარის ანაზღაურების დაკისრება, საიდანაც 1610 ლარი არის მიუღებელი შემწეობა, 84,35 ლარი - ელექტროენერგიის საფასური, 37,50 ლარი - დასუფთავების მოსაკრებელი, 58,35 ლარი - წყლის გადასახადი, ხოლო 126 ლარი - „ს...ის“ მომსახურებისათვის გადახდილი თანხა. ე. გ-მა ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრება, 2017 წლის 18 ნოემბრიდან, 2020 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით - 525,97 ლარის ოდენობით, ხოლო 2020 წლის 18 ნოემბრიდან, ყოველთვიურად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 2442,16 ლარის 1%, რაც შეადგენს 24,42 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე. გ-ის სარჩელი; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ე. გ-ის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის სახით დაეკისრა მიუღებელი საარსებო შემწეობის - 690 ლარის და კომუნალური გადასახადის სახით გადახდილი თანხის - 114,92 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. გ-მა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ე. გ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. გ-ისა და ე. გ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური აგენტის მიერ შედგენილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 15 მარტის ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დიდუბე-ჩუღურეთის 2018 წლის 21 მარტის N04-00-დ/11960 გადაწყვეტილება ე. გ-ის მიმართ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დიდუბე-ჩუღურეთის 2018 წლის 28 მარტის N04-00- დ/12912 გადაწყვეტილება ნ. გ-ის მიმართ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის N04/28715 გადაწყვეტილება ე. და ნ. გ-ების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა ე. გ-ის და ნ. გ-ის ცალ-ცალკე ოჯახებად შემოწმება, დეკლარაციის შედგენა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 9 იანვრის N04-7/ო ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის N04/28715 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 მარტის შევსებული „ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“; ბათილად იქნა ცნობილი სერვისცენტრის 2018 წლის 21 მარტის N04-00-დ/11960 და 2018 წლის 28 მარტის N04-00-დ/12912 გადაწყვეტილებები; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სერვისცენტრს დაევალა ე. გ-ისა და ნ. გ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შეფასება/შესწავლა, ცალ-ცალკე ოჯახებად.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, მოპასუხისათვის მიუღებელი საარსებო შემწეობის ზიანის სახით დაკისრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააგენტოს გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა დაადგინა სასამართლომ. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რაც უფლებას აძლევს ე. გ-ს, მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციული აქტების გამოცემით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, ამავე კანონის მე-6, მე-7 მუხლებზე და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცემული აქტების უკანონობა, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ე. გ-ის და ნ. გ-ის ცალ-ცალკე ოჯახებად შემოწმება, დეკლარაციის შედგენა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭება, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებამ გამოიწვია მოსარჩელის კუთვნილი საარსებო შემწეობის მიუღებლობა. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა მიუღებელი საარსებო შემწეობის ოდენობა. 2020 წლის 14 იანვარს წარდგენილ იქნა დეკლარაცია, ხოლო ქულა მინიჭებულ იქნა 2020 წლის 13 თებერვალს. იმ დროს მინიჭებული ქულების ოდენობა იყო 62 460. აპელანტს მოგვიანებით, 2020 წლის 31 ივლისს მიენიჭა 43 960 ქულა. მოპასუხის მხრიდან ე. გ-თან მიმართებაში 43 960 ქულაზე მითითება დაუსაბუთებელია. 2018 წლის მარტში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი რომ არ ეთქვა მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იგი მიიღებდა საარსებო შემწეობას, 2018 წელს - 270 ლარს, 2019 წელს- 360 ლარს, 2020 წელს - 60 ლარს. ჯამში იგი მიიღებდა 690 ლარს.

კომუნალური გადასახადის სახით გადახდილი ელექტროენერგიის, დასუფთავების, წყლის მოსაკრებლის თანხის, ასევე სს „ს...ის“ მომსახურების საფასურის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა 2018, 2019, 2020 წლების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სუბსიდირების ქვეპროგრამებზე, საქმეზე წარმოდგენილ, შპს „თ...ის“, შპს „ჯ...ის“, სს „...ის“ მიერ გაცემულ აბონენტის ბრუნვის ისტორიებზე და ჩათვალა, რომ ე. გ-ის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დასაკისრებელი ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს 2018 წლის მარტის თვიდან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზიანის სახით უნდა დაეკისროს ე. გ-ის მიერ გაღებული დასუფთავების (22,5 ლარი), ელექტროენერგიისა (59,63 ლარი) და წყლის საფასურის (32,79 ლარი) ანაზღაურება, ჯამში -114,92 ლარის ოდენობით. რომ არა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო გადაწყვეტილებები, ე. გ-ს აღნიშნული თანხის გაღება არ მოუწევდა.

სს „ს...ის“ მომსახურების საფასურთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე სარგებლობდა სუბსიდირებით და ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების გამო, მას მოუხდა მომსახურების საფასურის გადახდა. შესაბამისად, ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი არ არსებობს. ამ ნაწილში სახეზე არ არის მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ე. გ-ის მოთხოვნა, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ამდენად, მისი საბანკო ანგარიშზე განთავსების შესაძლებლობა და აღნიშნულით სარგებლის მიღება ვერ ჩაითვლება დადასტურებულ მიუღებელ შემოსავლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 14 ივნისის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც დაკმაყოფილდება სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და ე. გ-ის სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდება.

კასატორი თვლის, რომ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, სათანადოდ არ არის შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო პალატამ ყურადღება არ გაამახვილა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის N3/3460-18 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსზე. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდა სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 9 იანვრის N04-7/ო ბრძანებით, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 2016 წლის 9 დეკემბრის ოქმი და სააგენტოს დაევალა, სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში.

კასატორის განმარტებით, თბილისის საქალაქო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის N3/5560-18 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით არ იყო განსაზღვრული რაიმე სახის ზიანი და მისი ოდენობა. სააგენტოს დაევალა მხოლოდ ე. გ-ისა და ნ. გ-ის ცალ-ცალკე ოჯახებად შემოწმება და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების შედგენა, ასევე, სარეიტინგო ქულის განსაზღვრა. პირისათვის ზიანის ანაზღაურების დავალების სამართლებრივ საფუძველს, კუმულატიურად რამდენიმე სამართლებრივი პირობის არსებობა წარმოადგენს: პირის მოქმედება, რამაც ზიანი გამოიწვია, უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო (კანონშეუსაბამო); სახეზე უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება; ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ამდენად, ზიანი უნდა განაპირობოს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა აღნიშნული გარემოებების არსებობის საკითხი, საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლებიდან გამომდინარე, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ განაცდური მოგება. აღნიშნული კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა, მოვალეს ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ ნორმებით. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველია ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა (რომელიც ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულაზე) და ოჯახის წერილობითი განცხადება, საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ. ამავე „წესის“ მე-4 მუხლის, მე-11 მუხლის პირველი, მეორე და მე-3 პუნქტების, მე-12 მუხლის პირველი, მეორე და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ). საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, რასაც წინ უსწრებს ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადება საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ. საარსებო შემწეობის გაცემა ჩერდება ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში. გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულაზე, მაშინ ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან. დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან (სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს), დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. სააგენტოს დირექტორმა გამოსცა შესაბამისი აქტი, რომლითაც სერვის-ცენტრს დაევალა ე. გ-ისა და ნ. გ-ის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შეფასება/შესწავლა, ცალ-ცალკე ოჯახებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ ე. გ-ის სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით მისი უცვლელად დატოვების პირობებში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლები მოიცავს ე. გ-ის სასარგებლოდ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მატერიალური ზიანის სახით, მიუღებელი საარსებო შემწეობის - 690 ლარისა და კომუნალური გადასახადის სახით გადახდილი თანხის -114,92 ლარის ანაზღაურების დაკისრების კანონიერების შეფასებას.

განსახილველი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს საქმესთან დაკავშირებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

თბილისში, ...ის ქ. N... ...ის ქ. N...-ში მდებარე უძრავი ქონებიდან, ბინა N3 (საერთო ფართით - 82,33 კვ.მ) საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ. გ-ის სახელზე, ხოლო ბინა N1 (საერთო ფართით - 22,24 კვ.მ) - ე. გ-ის სახელზე.

სს „...ის“ აბონენტად ნ. გ-ი ფიქსირდება 1999 წლიდან, მისამართზე: თბილისი, ...ის ქუჩა N... . 1992 წლის პირველი იანვრიდან, სატელეფონო ნომერი ... აღრიცხულია ნ. გ-ის სახელზე, მისამართზე: თბილისი, ...ის (ყოფილი ...ის) ქუჩა N... .

სს „...ის“ აბონენტად ე. გ-ი ფიქსირდება 2005 წლის 11 იანვრიდან, მისამართზე: თბილისი, ...ის ქუჩა N..., ბინა N1. 2007 წლის 8 იანვრიდან, სატელეფონო ნომერი ... აღრიცხულია ე. გ-ის სახელზე, მისამართზე: თბილისი, ...ის (ყოფილი ...ის) ქუჩა N... .

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის N04/9387 გადაწყვეტილებით ე. გ-ს უარი ეთქვა „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (დიდუბე-ჩუღურეთი) უფლებამოსილი პირის 2017 წლის 28 დეკემბრის ოქმისა და 2018 წლის 4 იანვრის N04-00-დ/335 წერილის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამავე გადაწყვეტილებით ე. გ-ის ოჯახს მოეხსნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვა. ე. გ-ს განემარტა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისათვის საჭირო იყო სააგენტოს ტერიტორიული ერთეულისათვის შესაბამისი განაცხადით მიმართვა, რის შემდეგაც, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ ოჯახის დეკლარაციის შევსებისას მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე, მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება, სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) დანიშვნის თაობაზე. ამასთანავე, სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა, ე. გ-ის მხრიდან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების უზრუნველყოფა.

2018 წლის 21 თებერვალს ე. გ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. განმცხადებელმა მოითხოვა მისი და მისი დის - ნ. გ-ის (რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და არ შეუძლია გადაადგილება) ოჯახების გადამოწმება, ცალ-ცალკე ოჯახებად რეგისტრაციის მიზნით. ოჯახის საკითხის სადავოობის გამო, მისამართზე ვიზიტი განახორციელა უფროსმა სოციალურმა აგენტმა, დიდუბის რაიონის მუნიციპალიტეტის საუბნო განყოფილების უფროსთან ერთად. სოციალურმა აგენტმა მიიჩნია, რომ ნ. გ-ი და ე. გ-ი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დასარეგისტრირებლად წარმოადგენენ ერთ ოჯახს, ვინაიდან ნ. გ-ი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და საჭიროებს მომვლელს, ხოლო მისი და - ე. გ-ი უვლის მას. მართალია, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნ. გ-ს და ე. გ-ებს საკუთრებაში აქვთ ცალ-ცალკე ფართები, შესაბამისად, სააბონენტო ნომრებიც, მაგრამ ვიზუალური დათვალიერებისას იკვეთება შინასამეურნეო საქმიანობის ერთობლივი წარმოება, კერძოდ, საცხოვრებელი ადგილის ერთობლივი გამოყენება, მისი მოვლა-პატრონობა, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვება და ამ საშუალებების განკარგვა-განაწილება.

ე. გ-ის საცხოვრებელი ადგილის მისამართზე (თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში) სოციალური აგენტის მეორე ვიზიტი განხორციელდა 2018 წლის 15 მარტს, თუმცა ე. გ-ის მოთხოვნა ცალკე ოჯახად რეგისტრაციის შესახებ არ შეცვლილა. ე. და ნ. გ-ების ოჯახის შემოწმების შედეგად, უფლებამოსილმა პირმა შეადგინა ოქმი, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, იმ მიზეზით, რომ ოჯახი ხელოვნურად იყო დაყოფილი. ამასთანავე, ოჯახის მიმართ გამოყენებულ იქნა ღონისძიება - „ერთწლიანი შეზღუდვა“.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დიდუბე-ჩუღურეთის 2018 წლის 28 მარტის N04-00-დ/12912 გადაწყვეტილებით ე. გ-ს უარი ეთქვა ნ. გ-ის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, ოჯახის ხელოვნურად დაყოფის მიზეზით.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დიდუბე-ჩუღურეთის 2018 წლის 21 მარტის N04-00-დ/11960 გადაწყვეტილებით ე. გ-ს ეცნობა, რომ სოციალურმა აგენტმა მისამართზე ვიზიტის დროს შეავსო ოქმი, ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, იმ მიზეზით, რომ ოჯახი ხელოვნურად იყო დაყოფილი. შესაბამისად, ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამავე გადაწყვეტილებით, ე. გ-ს მომდევნო 1 წლის განმავლობაში აეკრძალა ბაზაში რეგისტრაციის უფლება.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის N04/28715 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე. გ-ის და ნ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დიდუბე-ჩუღურეთის 2018 წლის 21 მარტის N04-00-დ/11960 და 2018 წლის 28 მარტის N04-00-დ/11960 გადაწყვეტილებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო ნ. გ-ის და ე. გ-ის სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (დიდუბე-ჩუღურეთის) მიმართ. სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 15 მარტის ოქმის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დიდუბე-ჩუღურეთის 2018 წლის 21 მარტის N04-00-დ/11960 გადაწყვეტილების, 2018 წლის 28 მარტის N04-00-დ/12912 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის N04/28715 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისათვის (დიდუბე-ჩუღურეთი) ე. გ-ის და ნ. გ-ის ცალ-ცალკე ოჯახებად შემოწმების, დეკლარაციის შედგენისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. გ-ისა და ე. გ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (დიდუბე-ჩუღურეთს) დაევალა ე. გ-ისა და ნ. გ-ის ცალ-ცალკე ოჯახებად შემოწმება, დეკლარაციის შედგენა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭება. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის Nბს-959(კ-19) განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინებაზე.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2020 წლის 9 იანვარს გამოსცა N04-7/ო ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის N04/28715 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 მარტის შევსებული ოქმი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“; ბათილად იქნა ცნობილი სერვის-ცენტრის 2018 წლის 21 მარტის N04-00-დ/11960 და 2018 წლის 28 მარტის N04-00-დ/12912 გადაწყვეტილებები; სერვის ცენტრს დაევალა, ე. გ-ისა და ნ. გ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შეფასება/შესწავლა, ცალ-ცალკე ოჯახებად.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, ე. გ-ის ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულაა 43 960. დეკლარაცია შევსებულია 2020 წლის პირველ ივლისს. ქულა მინიჭებულია 2020 წლის 31 ივლისს. გასული პერიოდის სარეიტინგო ქულად დაფიქსირებულია 62460. დეკლარაცია შევსებულია 2020 წლის 14 იანვარს, ხოლო ქულა მინიჭებულია 2020 წლის 13 თებერვალს.

შპს „თ...ის“ მიერ გაცემული დასუფთავების სამსახურის აბონენტთა ბრუნვის ისტორიის მიხედვით, აბონენტ ე. გ-ს, 2018 წლის მარტში დასუფთავების მოსაკრებლის სახით გადასახდელად დაერიცხა 2,50 ლარი, ნოემბერში - 2,50 ლარი, დეკემბერში - 2,50 ლარი. 2019 წლის იანვარში -2,50 ლარი, თებერვალში- 2,50 ლარი, მარტში - 2,50 ლარი, ნოემბერში -2,50 ლარი, დეკემბერში -2,50 ლარი, 2020 წლის იანვარში -2,50 ლარი. ამავე ბრუნვის ისტორიის მიხედვით, თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით.

შპს ,,ჯ...ის’’ მიერ გაცემული აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, აბონენტ ე. გ-ს 2018 წლის მარტში გადასახდელად დაერიცხა მოხმარებული წყლის საფასური - 3,89 ლარი, ნოემბერში - 3,89 ლარი, დეკემბერში - 3,89 ლარი. 2019 წლის იანვარში - 3,89 ლარი, თებერვალში - 3,89 ლარი, მარტში - 3,89 ლარი, ნოემბერში - 3,89 ლარი, დეკემბერში - 3,89 ლარი. 2020 წლის იანვარში - 3,89 ლარი. ამავე ბრუნვის ისტორიის მიხედვით, თანხა გადახდილია.

სს ,,...ის’’ მიერ გაცემული ბრუნვის ისტორიის მიხედვით, აბონენტ ე. გ-ს 2018 წლის მარტში გადასახდელად დაერიცხა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური - 6,25 ლარი, ნოემბერში - 7,85 ლარი, დეკემბერში - 7,42 ლარი; 2019 წლის იანვარში დაერიცხა - 7,42 ლარი, თებერვალში - 5,67 ლარი, მარტში -5,82 ლარი, ნოემბერში - 6,11 ლარი, დეკემბერში - 6,40 ლარი, 2020 წლის იანვარში დაერიცხა 6,69 ლარი. ამავე ბრუნვის ისტორიის მიხედვით, თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს კონსტიტუციური რანგის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამასთან, კონსტიტუციის მითითებული მუხლის დანაწესის დეტალური საკანონმდებლო მოწესრიგება მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის). 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა, ხოლო მე-7 მუხლის შესაბამისად, ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცებულია „სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, წესი“. მითითებული „წესის“ მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი, რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია. ამავე „წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე.

ზემოაღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე - საარსებო შემწეობის ოდენობა განესაზღვრება 50 ლარით, ოჯახის ყველა წევრზე, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განესაზღვრება 30 ლარით, ოჯახის ყველა წევრზე.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ე. გ-ის სასარგებლოდ, მიუღებელი საარსებო შემწეობისა და კომუნალური გადასახადის სახით გადახდილი თანხის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრების წინაპირობები სახეზეა. ამასთანავე, სწორად არის განსაზღვრული დაკისრებული თანხების ოდენობა, შესაბამისი პერიოდის გათვალისწინებით. საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ე. გ-ის მოთხოვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, მიუღებელი საარსებო შემწეობის - 690 ლარისა და კომუნალური გადასახადის სახით გადახდილი თანხის -114,92 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, წარმოადგენს საჯარო ხელისუფლების ორგანოების მიერ მიყენებული მატერიალური ზიანიდან გამომდინარე მოთხოვნას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის კანონიერ ძალაში სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ უკანონოდ არის ცნობილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება ოჯახის ხელოვნურად დაყოფის გამო, ე. გ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტას. მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოსცა 2020 წლის 9 იანვრის N04-7/ო ბრძანება, რომლითაც სერვისცენტრს დაევალა ე. გ-ისა და ნ. გ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შეფასება/შესწავლა, ცალ-ცალკე ოჯახებად. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა და მისი აღსრულების მიზნით გამოცემული მოპასუხე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებობა, უფლებას აძლევს ე. გ-ს, მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით. ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებამ გამოიწვია მოსარჩელის კუთვნილი საარსებო შემწეობის მიუღებლობა. ამდენად, ე. გ-ს უნდა აუნაზღაურდეს მიუღებელი საარსებო შემწეობა, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული პერიოდის გათვალისწინებით. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ მოსარჩელემ დეკლარაცია წარადგინა 2020 წლის 14 იანვარს, ხოლო ქულა მინიჭებული აქვს 2020 წლის 13 თებერვალს. იმ დროისათვის მინიჭებული ქულების ოდენობა იყო 62 460, ხოლო 43 960 ქულა ე. გ-ს მიენიჭა 2020 წლის 31 ივლისიდან. ამდენად, 2018 წლის მარტის თვეში, ოჯახის ხელოვნურად დაყოფის მიზეზით რომ არ შეწყვეტილიყო ე. გ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, დადგენილიყო ე. გ-ისა და ნ. გ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შეფასება/შესწავლა, ცალ-ცალკე ოჯახებად, ე. გ-ი მიიღებდა საარსებო შემწეობას, შემდეგი პერიოდის დაცვით და ოდენობით: 2018 წელს - 270 ლარს (30 ლარი, 9 თვის განმარვლობაში); 2019 წელს- 360 ლარს (30 ლარი, 12 თვის განმავლობაში), 2020 წელს - 60 ლარს (30 ლარი, 2 თვის განმავლობაში). ჯამში ე. გ-ი მიიღებდა 690 ლარს.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნებს, ე. გ-ის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის შესაბამისი ოდენობის ელექტროენერგიისა, დასუფთავებისა და წყლის მოსაკრებლის თანხის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://tbilisi.gov.ge/) არსებული ინფორმაციით, 2018 წლის კომუნალური სუბსიდირების ქვეპროგრამით გათვალისწინებული იყო ქ. თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადზე სუბსიდიის დარიცხვა, იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდა 70 000-ს სუბსიდიის ჯამური ოდენობა განისაზღვრებოდა თვეში არაუმეტეს 106 ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტი იყო 70 000-ზე და არ აღემატებოდა 200 000-ს, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განისაზღვრებოდა თვეში არაუმეტეს 20 ლარით, სუბსიდიის გაცემის თვის წინა თვეში დარიცხული გადასახადების მიხედვით, შემდეგი გამოთვლის მეთოდითა და პრიორიტეტებით: ა) დასუფთავების მოსაკრებელზე: ა.ა) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ერთი პირი 2,5 ლარის ოდენობით; ა.ბ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ორი პირი 5 ლარის ოდენობით; ა.გ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია სამი პირი 7,5 ლარის ოდენობით; ა.დ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ოთხი და მეტი პირი 10 ლარის ოდენობით; ბ) წყლის გადასახადზე 3,15 ლარის ოდენობით; გ) ელექტროენერგიაზე, აბონენტის მიერ ფაქტობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით, ხარჯის შესაბამისად. 2019-2020 წლების კომუნალური სუბსიდირების ქვეპროგრამით გათვალისწინებული მონაცემები, 2018 წლის მონაცემებისაგან განსხვავდება მხოლოდ წყლის გადასახადის ნაწილში (ქვეპროგრამა ამ ნაწილში სუბსიდიას ადგენს 3,89 ლარის ოდენობით).

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი, შპს „თ...ის“, შპს ,,ჯ...ის’’ და სს ,,...ის’’ მიერ გაცემული ბრუნვის ისტორიების შინაარსიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელისათვის ზიანის გამომწვევი ქმედების დასაწყისი მომენტის (2018 წლის 15 მარტის ოქმის გამოცემა) გათვალისწინებით, მოპასუხისათვის ე. გ-ის სასარგებლოდ ზიანის თანხის დაკისრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2018 წლის მარტის თვიდან. ამასთანავე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ ე. გ-მა, 2018 წელი მარტში, ნოემბერში და დეკემბერში, 2019 წლის იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერში და დეკემბერში, 2020 წლის იანვარში ისარგებლა კომუნალური გადასახადის სუბსიდირების პროგრამით. ამდენად, სააპელაციო პალატამ სწორად დაასკვნა, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ე. გ-ის სასარგებლოდ, ზიანის სახით უნდა დაეკისროს მის მიერ გაღებული დასუფთავების (22,5 ლარი), ელექტროენერგიისა (59,63 ლარი) და წყლის საფასურის ( 32,79 ლარი) ანაზღაურება, ჯამში -114,92 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე