საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-804(კ-21) 13 დეკემბერი, 2022 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - გ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 2 დეკემბერს გ. დ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოში განსახორციელებელ საშტატო-საორგანიზაციო ცვლილებებთან დაკავშირებით დროებითი კომისიის შექმნისა და ცალკეული ღონისძიებების განხორცილების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №1/557 ბრძანების მოსარჩელის ნაწილში ბათილად ცნობა, გ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 დეკემბრის №MIA 0 19 03373874 ბრძანების, გ. დ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 17 აპრილის №MIA 0 20 00899719 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გ. დ-ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე გ. დ-ისათვის იძულებითი განაცდურის შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 აპრილის განჩინებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. ამასთან, კასატორი დაუსაბუთებლად და მიკერძოებულად მიიჩნევს უშუალოდ კონკურსის მიმდინარეობის, კომისიის შექმნისა და შინაგან საქმეთა ორგანოდან კასატორის დათხოვნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების კანონიერების შეფასების თაობაზე სასამართლოს მსჯელობას.
კასატორის მითითებით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოში განსახორციელებელ საშტატო-საორგანიზაციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი კომისიის 2019 წლის 9 დეკემბრის სხდომა იყო უკანონო, იგი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ხოლო კომისიის სხდომის ოქმი წარმოადგენს გაყალბებულ სამართლებრივ დოკუმენტს.
კასატორის განმარტებით, ... სამმართველოში განსახორციელებელ საშტატო-საორგანიზაციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი კომისიის 2019 წლის 9 დეკემბრის სხდომის მდივნის ფუნქცია უნდა შეესრულებინა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს ...ის განყოფილების მთავარ სპეციალისტს - გ. გ-ეს. მას, როგორც სხდომის მდივანს, ხელი უნდა მოეწერა სხდომის ოქმზე მისი მიმდინარეობის, ჩანაწერის სისწორისა და ნამდვილობის დადასტურების მიზნით. თუმცა, კასატორის აღნიშვნით, აღნიშნული პიროვნება სხდომას არ ესწრებოდა, ხოლო კომისიას სარეზერვო წევრით იგი არ ჩაუნაცვლებია. კასატორი მიიჩნევს, რომ კომისიის ზემოხსენებული ოქმი გამოცემულია კანონის უხეში დარღვევით და არსებობს მისი ბათილობის საფუძველი.
გ. დ-ის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არსებითად მცდარად დაადგინა, რომ მან გასაუბრების ეტაპზე არ დააყენა კომისიის შემადგენლობის აცილების საკითხი. კასატორისთვის გაუგებარია, იმ შემთხვევაში, როცა პირი კოლეგიურ ორგანოს უცხადებს უნდობლობას, რატომ არ შეფასდა ეს ფაქტი აცილების გამოყენების უფლებად. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, სხვა კონკურსანტებთან შედარებით გ. დ-ისათვის რამდენად იყო კონკურენტული და თანაბარი გარემო გასაუბრებისას და გააჩნდა თუ არა გ. დ-ს ობიექტური საფუძველი, უნდობლობა გამოეცხადებინა კომისიის შემადგენლობისათვის. კომისიის შემადგენლობაში გაურკვეველი კვალიფიკაციისა და გ. დ-ის, როგორც კონკურსანტის მიმართ უარყოფითი დასკვნის გაცემით პირდაპირ დაინტერესებული წევრების ყოფნის ფაქტი კასატორს აძლევდა ლეგიტიმურ საფუძველს ჰქონოდა უნდობლობის განცდა კომისიის სრული შემადგენლობის მიმართ. ამასთან, კონკურსის სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით, საკონკურსო გარემო მისთვის არ იყო ჩვეულებრივი სამუშაო ფორმატის სახის, არამედ იგი იყო მტრული და დამაშინებელი.
კასატორის - გ. დ-ის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემუშავდა საშტატო-სარეორგანიზაციო გასაუბრების ფორმა კონკურსის სახით ისე, რომ დადგენილი არ იყო კონკურსანტების შეფასების სტანდარტი, ასევე დადგენილი არ იყო კომისიის გადაწყვეტილების შეფასების წესი და პასუხების დაფიქსირებისა და მის სისწორე-უზუსტობასთან შედარება-შეფასების შესაძლებლობა.
რაც შეეხება კასატორის კვალიფიკაციას, გ. დ-ი მიუთითებს, რომ მას წარმატებით აქვს გავლილი პატრულ-ინსპექტორთა გადამზადებისა და დაწინაურების კურსები. კასატორი მიიჩნევს, რომ, თუკი მას არ გააჩნდა კვალიფიკაცია, მას არც შესაბამის თანამდებობაზე დანიშნავდნენ. კასატორის მოსაზრებით, სამინისტრო წინასწარ განზრახულად ქმნიდა უკანონო ქმედების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევის საფუძვლებს და კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვისთანავე გეგმავდა თანამშრომლის დათხოვნას.
კასატორის განმარტებით, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: დაინტერესებული მხარის მიერ კოლეგიალური ორგანოს მთელი შემადგენლობისათვის უნდობლობის ზეპირსიტყვიერად გამოცხადება მიიჩნევა თუ არა აცილების უფლების გამოყენებად; ლეგიტიმური იყო თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოში განსახორციელებელ საშტატო-საორგანიზაციო ცვლილებებთან დაკავშირებით შსს მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №... ბრძანებით შექმნილ დროებით კომისიას, გ. დ-ის მიერ ამავე კომისიის შემადგენლობის მიმართ გაცხადებული აცილების შემდეგ, ემსჯელა და მიეღო გადაწყვეტილება გ. დ-ის მიერ კონკურსის გაგრძელების უფლებამოსილების თაობაზე; ზემოაღნიშნული კომისია უფლებამოსილი იყო თუ არა კომისიის მდივნის მონაწილეობის გარეშე გაემართა კოლეგიალური ორგანოს სხდომა, ხოლო კომისიის 2019 წლის 9 დეკემბრის დასკვნა იყო თუ არა იურიდიული ძალის მქონე კომისიის მდივნის ხელმოწერის გარეშე; ვალდებული იყო თუ არა კომისია, გამოეკვლია და შეესწავლა გ. დ-ის მიერ 2019 წლის 9 დეკემბრის განცხადებაში დაფიქსირებული მისი ავადმყოფობის ფაქტი და მისთვის განემარტა ავადმყოფობის გამო, ჰქონდა თუ არა მას საკმარისი დრო გასაუბრებისათვის მოსამზადებლად; უფლებამოსილი იყო თუ არა კომისია კონკურსში მონაწილეობაზე გ. დ-ის მიერ უარის თქმა შეეფასებინა კონკურსანტის მიერ კონკურსის ვერგავლად; გაფრთხილების ფურცელი ნათლად განმარტავდა თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარის თქმას; სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეჩნია თუ არა გ. დ-ი მამხილებელ პირად, ასევე, კომისიის შემადგენლობის მიმართ მისი უნდობლობა ემყარებოდა თუ არა ლეგიტიმურ საფუძვლებს და მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო თუ არა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვაკანტური თანამდებობის არარსებობის პირობებში, მოქმედებდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონიერად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოში განსახორციელებელ საშტატო-საორგანიზაციო ცვლილებებთან დაკავშირებით დროებითი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და რამდენად სწორი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევას გეგმავდა ადმინისტრაციული ორგანო საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებით მაშინ, როცა იგივე სახის ღონისძიება განახორციელა 2018 წელსაც; დროებითი კომისიის შექმნისას, რამდენად ჰქონდა შსს მინისტრს უფლებამოსილება, კონკურსანტთა კვალიფიკაციის შემფასებლად და პროფესიული ცოდნის დონის შემმოწმებლად განესაზღვრა სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატების არმქონე საჯარო მოხელეები და არა პოლიციის აკადემიის შესაბამისი პროფესორ-მასწავლებლები; ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება, გასაუბრების გარეშე შეეფასებინა გ. დ-ის კვალიფიკაცია მის მიერ პოლიციის აკადემიაში მიღებული ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატების, განვლილი სამუშაო პერიოდის შეფასებისა და უშუალო ხელმძღვანელის დახასიათების გზით.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შეიცავს არაერთ სამართლებრივ უსწორობას, ამასთან, მასში არ არის მითითებული თუ რომელ სამართლებრივ აქტებზე დაყრდნობით იქნა მიღებული ხსენებული გადაწყვეტილება, რის გამოც კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. დ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონსტიტუციით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლი) იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. ამდენად, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხსენებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.
დადგენილია, რომ გ. დ-ს თანამდებობიდან გათავისუფლებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს უფროსი ინსპექტორის (მორიგე) თანამდებობა. ამდენად, მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. მოსარჩელე, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს, მის სამართლებრივ მდგომარეობას ასევე განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი. ხსენებული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
საქმის მასალებით, კერძოდ, საქართველოს პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 24 ოქტომბრის პატაკით დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განახლების ფარგლებში, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ იქნა ერთიანი მართვის სისტემის (ePolice) გადამუშავებული კონცეფცია, რომლის მიზანი იყო ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განხორციელება (ILP), პრევენციული საქმიანობის ეფექტიანობის მატება, ინციდენტებზე რეაგირების ოპერატიულობის მონიტორინგი, დანაყოფების პირადი შემადგენლობის მუშაობის შეფასებისა და მოტივირების ინდიკატორების ფიქსაცია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთიანი მართვის სისტემის (ePolice) დისპეჩერიზაციის განვითარება, რაც მოიცავდა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამორიგეო/დისპეჩერიზაციის სამსახურების გარკვეული საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციას. იმ ეტაპისთვის, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ შემუშავებული იყო ინციდენტებზე პირველადი რეაგირების მოდულის თეორიული მოდელი. პროექტის განხილვის მიზნით, საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ინიცირებით, 2019 წლის 23 ოქტომბერს შედგა სამუშაო შეხვედრა. საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზმა აჩვენა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს სტრუქტურა ვერ პასუხობდა იმ დროინდელ გამოწვევებს და საჭიროებდა ოპტიმიზაციას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს პოლიციის გენერალ-ლეიტენანტს ეთხოვა განკარგულებაში ცვლილებების შეტანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგში, დებულებასა და მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობების განმსაზღვრელ სამსახურებრივ ინსტრუქციაში დანართების შესაბამისად.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 19 ნოემბრის №MIA 9 19 03120314 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 დეკემბრის №1549 ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველო დაიყო პირველ (ქ. თბილისის) და მეორე (რეგიონული) სამორიგეო განყოფილებებად. ამასთან, ცვლილებამდე არსებული უფროსი ინსპექტორის (მორიგე) 10 საშტატო ერთეულიდან, დარჩა 8 საშტატო ერთეული, მათ შორის, პირველ სამორიგეო განყოფილებაში - 6 საშტატო ერთეული, ხოლო, მეორე სამორიგეო განყოფილებაში - 2 საშტატო ერთეული. მითითებული ბრძანება ამოქმედდა 2019 წლის 16 დეკემბრიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საორგანიზაციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №1/557 სადავო ბრძანებით, შეიქმნა დროებითი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) უ. ლ-ე (კომისიის თავმჯდომარე); ბ) კ. ყ-ი (კომისიის წევრი); გ) ლ. ტ-ი (კომისიის წევრი); დ) ზ. ჭ-ა (კომისიის წევრი); ე) გ. კ-ე (კომისიის წევრი); ვ) თ. შ-ი; ზ) გ. გ-ე (კომისიის მდივანი). აღნიშნული ბრძანებით, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოში, საშტატო ცვლილებებიდან გამომდინარე, სამსახურის გაგრძელების მიზნით, მოსამსახურეების კვალიფიკაციის იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განისაზღვრა დასაკავებელ საშტატო თანამდებობასთან მათი უფლებამოსილების შესაბამისობის შემოწმების საკითხები.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ გ. დ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოში მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა შესაძლო შემცირების თაობაზე გაფრთხილებულ იქნა 2019 წლის 26 ნოემბერს. ამავე გაფრთხილებით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ აღნიშნული სამმართველოს მოსამსახურეების სამსახურის გაგრძელების მიზნით, 2019 წლის 9 დეკემბერს ჩატარდებოდა გასაუბრება, ხოლო რეორგანიზაციის დასრულების შემდგომ, ახალ საშტატო ერთეულზე დაინიშნებოდნენ ის მოსამსახურეები, რომლებიც შეირჩეოდნენ კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, მათი კვალიფიკაციისა და საქმიანი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. აღნიშნული, ასევე განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესზე“, რომლის 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 დეკემბრის №MIA 0 19 03373874 ბრძანებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს უფროსი ინსპექტორი (მორიგე), პოლიციის მაიორი გ. დ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში. ხოლო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, შესაბამისი საშტატო ერთეული შემცირების საფუძვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 17 აპრილის №MIA 0 20 00899719 ბრძანებით, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს ყოფილი უფროსი ინსპექტორი (მორიგე), პოლიციის მაიორი გ. დ-ი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმებაა (შემცირება), ხოლო საშტატო ერთეულის გაუქმება გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის, საშტატო ნუსხიდან ამოღებას.
საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვით, „საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.“ (სუსგ №ბს-449-442(კ-15), 08.07.2015წ.).
ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირება, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 19 ნოემბრის №MIA 9 19 03120314 ბრძანებით გათვალისწინებულ ცვლილებამდე არსებული უფროსი ინსპექტორის (მორიგე) 10 საშტატო ერთეულიდან დარჩა 8 საშტატო ერთეული, მათ შორის, პირველ სამორიგეო განყოფილებაში - 6 საშტატო ერთეული, ხოლო, მეორე სამორიგეო განყოფილებაში - 2 საშტატო ერთეული. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოში ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას, რომელსაც მოჰყვა შტატების შემცირება, კერძოდ, უფროსი ინსპექტორის (მორიგე) საშტატო ერთეული, რომელსაც მოსარჩელე იკავებდა შემცირდა და ნაცვლად 10 საშტატო ერთეულისა, რეორგანიზაციის შემდეგ დარჩა 8 საშტატო ერთეული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოდგენდა დარჩენილ საშტატო ერთეულებზე პოლიციელთა დანიშვნა, ხოლო შემცირებული საშტატო ერთეულების შესაბამისად, ცალკეულ პოლიციელთა სამსახურიდან დათხოვნა. ამასთან, აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერ საშუალებას არსებითად თანაბარ პირობებში მყოფი პოლიციელების უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის შემოწმება, მათი შედარება და მიღებული შედეგების შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მოხელის სამსახურში მიღების შესახებ გადაწყვეტილება და მის კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილება მიუკერძოებლად უნდა იქნეს მიღებული და უნდა ეფუძნებოდეს მოხელის კომპეტენციისა და სამუშაოს შესრულების უნარის სამართლიან და გამჭვირვალე შეფასებას, რომლის მიზანია საუკეთესო კანდიდატის შერჩევა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საორგანიზაციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №1/557 სადავო ბრძანებით, შეიქმნა დროებითი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) უ. ლ-ე (კომისიის თავმჯდომარე); ბ) კ. ყ-ი (კომისიის წევრი); გ) ლ. ტ-ი (კომისიის წევრი); დ) ზ. ჭ-ა (კომისიის წევრი); ე) გ. კ-ე (კომისიის წევრი); ვ) თ. შ-ი; ზ) გ. გ-ე (კომისიის მდივანი). აღნიშნული ბრძანებით, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოში, საშტატო ცვლილებებიდან გამომდინარე, სამსახურის გაგრძელების მიზნით, მოსამსახურეების კვალიფიკაციის იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განისაზღვრა დასაკავებელ საშტატო თანამდებობასთან მათი უფლებამოსილების შესაბამისობის შემოწმების საკითხები.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, ზემოაღნიშნული კომისიის შექმნის სამართლებრივ საფუძველს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი წარმოადგენს, ხოლო მისი შექმნის მიზანს - კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების - შტატების შემცირების გამო პოლიციელთა სამსახურიდან დათხოვნის ჯეროვნად განხორციელება, რის გამოც სადავოდ გამხდარი აქტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოში განსახორციელებელ საშტატო-საორგანიზაციო ცვლილებებთან დაკავშირებით დროებითი კომისიის შექმნისა და ცალკეული ღონისძიებების განხორცილების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №1/557 ბრძანება კანონიერად უნდა იქნეს მიჩნეული.
რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას კომისიის მდივნის - გ. გ-ეს მიერ სხდომის ოქმის ხელმოწერისა და მის წარმოებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მხარის საყურადღებოდ მიუთითებს, რომ ზემოხსენებული სადავო ბრძანება მოიცავს კომისიის შექმნის მიზანს, განსაზღვრავს მის შემადგენლობას, კვალიფიკაციის იდენტიფიცირების კრიტერიუმებად დასაკავებელ საშტატო თანამდებობასთან მოსამსახურეების უფლებამოსილების შესაბამისობის შემოწმების საკითხებს, გასაუბრების ჩატარების დროს. ბრძანებაში ასევე განმარტებულია კომისიის სხდომების გაძღოლის უფლებამოსილი პირის - კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი უფლებამოსილების კომისიის ერთ-ერთი წევრის მიერ შესრულების თაობაზე. ბრძანება არ განმარტავს სხდომის მდივნის მოვალეობებსა და უფლებამოსილებებს, მათ შორის, სხდომის ოქმის პირადად სხდომის მდივნის მიერ წარმოებასთან დაკავშირებით.
საქმის მასალებით, კერძოდ, დროებითი კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ საშტატო-საორგანიზაციო ცვლილებებიდან გამომდინარე სამსახურის გაგრძელების მიზნით მოსამსახურეების კვალიფიკაციის იდენტიფიცირებისთვის კომისიაზე გამოცხადდა მოსარჩელე, თუმცა მან უნდობლობა გამოუცხადა კომისიის ყველა წევრს. ამასთან, მან უარი განაცხადა კომისიის წევრების აცილებაზე, რადგან, მისი თქმით, კომისიის არცერთი წევრის მიმართ, პირადი პრეტენზია არ გააჩნდა. მან ასევე არ მიიღო მონაწილეობა კონკურსში, რადგან უნდობლობა გამოხატა კომისიის წინაშე მასზე მიმდინარე ზეწოლების გამო, თუმცა არა კომისიის რომელიმე წევრის მხრიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 17 აპრილის №MIA 0 20 00899719 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს ყოფილი უფროსი ინსპექტორი (მორიგე), პოლიციის მაიორი გ. დ-ი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
ამრიგად, გ. დ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა მაშინ, როდესაც შესაბამისი საშტატო ერთეულები შემცირდა, ხოლო დარჩენილ საშტატო ერთეულებზე დანიშვნის მიზნით, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ შერჩევის პროცედურებში მან მონაწილეობა არ მიიღო, რის გამოც, ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიეცა შესაძლებლობა შეეფასებინა მისი თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი. ამასთან, მოსარჩელე მხარემ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ გამოიყენა კომისიის წევრების აცილების უფლებამოსილება, მან თავადვე, თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე, განაცხადა უარი კადრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს და შეაფასოს მოსარჩელის კვალიფიკაციის საშტატო ერთეულთან შესაბამისობის საკითხის კანონიერება, რადგან, მოსარჩელეს კონკურსის გავლაზე უარი ეთქვა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მან უარი განაცხადა მისი კვალიფიკაციის იდენტიფიცირებისა და თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმებაზე. ადმინისტრაციული ორგანო ასევე მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხილა მოსარჩელის კანდიდატურა სხვა კანდიდატებთან მიმართებით, რადგან მის მიმართ კვალიფიკაციის განმსაზღვრელი, კანონით დადგენილი წესით შექმნილი კომისიის დასკვნა არ არსებობდა. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ კომისიის წევრებმა კონკურსანტ გ. დ-ს შესთავაზეს კომისიის წევრების აცილება და სხვა წევრით ჩანაცვლება, რაზედაც მან განაცხადა, რომ კონკრეტულად კომისიის არცერთი წევრის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა და არც უარს აცხადებდა კომისიის რომელიმე წევრის აცილებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ოქმი, რაც დადასტურდა კომისიის წევრებისა და თავად გ. დ-ის ხელმოწერით.
რაც შეეხება გაფრთხილების ფურცელს, საყურადღებოა, რომ აღნიშნული დოკუმენტი შეიცავდა სამსახურის გაგრძელების მიზნით მოსამსახურეების კვალიფიკაციის იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განსაზღვრულ დასაკავებელ საშტატო თანამდებობასთან უფლებამოსილების შესაბამისობის მიზნით მოთხოვნილ საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალს. აღნიშნული გაფრთხილების ფურცლით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სამმართველოს მოსამსახურეების სამსახურის გაგრძელების მიზნით, 2019 წლის 9 დეკემბერს ჩატარდებოდა გასაუბრება, ხოლო რეორგანიზაციის დასრულების შემდგომ, ახალ საშტატო ერთეულზე დაინიშნებოდნენ ის მოსამსახურეები, რომლებიც შეირჩეოდნენ კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, მათი კვალიფიკაციისა და საქმიანი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. მოსარჩელეს ასევე ეცნობა, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილმდებარეობა, რაც დასტურდება გაფრთხილების ფურცელზე მისი ხელმოწერით. საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ზემოხსენებული გაფრთხილების ფურცელი ზოგადი ხასიათისაა, მასში ნათლად არის განმარტებული კონკურსანტისათვის გათვალისწინებული ყველა სავალდებულო მოთხოვნა.
საკასაციო პალატა კასატორის ავადმყოფობის თაობაზე საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ გ. დ-ს 2019 წლის 9 დეკემბერს დანიშნული გასაუბრების თაობაზე ეცნობა 2019 წლის 26 ნოემბერს. ამდენად, მოსარჩელეს გასაუბრებაზე გასვლის მიზნით მოსამზადებლად ჰქონდა 12 კალენდარული დღე. აღსანიშნავია, რომ კონკურსანტს არც გაფრთხილების ფურცლის ჩაბარებისას და არც გასაუბრების დღეს კომისიის წინაშე შუამდგომლობა ან პრეტენზია არ განუცხადებია გასაუბრებაზე გასვლის მიზნით მომზადებისათვის საჭირო ვადასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა მოსარჩელის მიერ გასაუბრებისათვის მომზადების ვადაზე.
საკასაციო პალატა კასატორის სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ დასკვნები, რომლებსაც ისინი მათ საქმესთან მიმართებით რელევანტურად მიიჩნევენ. აღნიშნული უფლება ეფექტურად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ დასკვნებს რეალურად „განიხილავენ“, რაც სასამართლოს მიერ მის სათანადო შესწავლას გულისხმობს (დონაძე საქართველოს წინააღმდეგ, §35). სასამართლოს ეკისრება ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, აგრუმენტებსა და მტკიცებულებებზე (Kraska v. Switzerland, §30;619. Van de Hurk v. the Netherlands, §59;620. Perez v France, §80;621). მხარეთა არგუმენტებისა და მტკიცებულებების სათანადოდ შესწავლა ეროვნული სასამართლოების ვალდებულებას წარმოადგენს (Van de Hurk v. the Netherlands, §59).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. ამავდროულად, საკასაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე (Hirvisaari v. Finland, §32; Van de Hurk v. Netherlands, §61, Garcia Ruiz v. Spain [GC] §26; Perez v. France [GC], §81) დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ფარგლები დამოკიდებულია საქმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, დასაბუთების საკმარისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, საქმის განმხილველ სასამართლოს არ აქვს იმის ვალდებულება, რომ ყველა არგუმენტის საპასუხოდ დეტალური მსჯელობა წარადგინოს, გადაწყვეტილებიდან უნდა იკვეთებოდეს, რომ მთავარი საკითხები არის პასუხგაცემული და მხედველობაში მიღებული (Tatishvili v. Russia, §58; Hiro balani v. Spain, §27; Ruiz Torija v. Spain, §29; Kuznetsov v. Russia, §83, Boldea v. Romania, §30; Jgarkava v. Georgia, §71).
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნებს სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტების უკანონობა არ დასტურდება, შესაბამისად, არ არსებობს გ. დ-ის სამსახურში აღდგენისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე