საქმე №ბს-409(კ-22) 13 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - თ. ფ-ა, ს. გ-ა, ა. გ-ა
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს მთავრობა
მესამე პირი - თ. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ფ-ამ წარმომადგენელის მეშვეობით 2015 წლის 24 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შედეგად მოსარჩელეებად მითითებულ იქნენ - თ. ფ-ა, ს. გ-ა და ა. გ-ა, ხოლო მოპასუხეებად - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და თვითმმართველი ქ. ...ის საკრებულო. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის №147 ბრძანების თ. ფ-ასა და მისი არასრულწლოვანი შვილების ნაწილში ბათილად ცნობა, თ. ფ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1018 განკარგულებისა და თ. გ-ას მიერ ხელმოწერილი 2011 წლის 14 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის თ. ფ-ასა და მისი შვილების - ს. და ა. გ-ების ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც თ. ფ-ასა და მის შვილებს აღუდგებათ პირვანდელი სახით რეგისტრაცია 2011 წლის 13 ოქტომბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. გ-ა.
მოსარჩელის წარმომადგენელმა 2017 წლის 06 აპრილს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოების შეჩერება იმ მოტივით, რომ პარალელურად მიმდინარეობდა სასარჩელო წარმოება თ. გ-ას სარჩელზე, რომელზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეეძლო გავლენა მოეხდინა თ. ფ-ას საქმეზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა №3/4900-15 ადმინისტრაციული საქმის წარმოება №3-466-16 ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თ. ფ-ას წარმომადგენელმა 2020 წლის 29 ივნისს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას თ. ფ-ას ადმინისტრაციული საქმის განახლების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 02 ივლისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება №3/4900-15 ადმინისტრაციულ საქმეზე.
2020 წლის 01 დეკემბერს თ. ფ-ას წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის №147 ბრძანების თ. ფ-ას ...ში დამისამართების ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხე სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც თ. ფ-ასა და მის შვილებს - ს. და ა. გ-ებს აღუდგებოდათ თბილისში არსებული დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, 2011 წლის 16 სექტემბრიდან, აგრეთვე - თ. ფ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1018 განკარგულებისა და თ. გ-ას მიერ 2011 წლის 14 აგვისტოს ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის თ. ფ-ასა და მისი არასრულწლოვანი შვილების - ს. და ა. გ-ების ნაწილში ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 02 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2021 წლის 02 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა კვლავ დააზუსტა ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომელითაც მონაცემთა ბაზაში თ. ფ-ასა და მის არასრულწლოვან შვილებს - ს. და ა. გ-ებს აღუდგებოდათ ...ში დამისამართებამდე თბილისში არსებული დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, 2011 წლის 16 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით თ. გ-ას მიერ 2011 წლის 14 აგვისტოს ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტის თ. ფ-ასა და მისი არასრულწლოვანი შვილების - ს. და ა. გ-ების ნაწილში დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ფ-ას, ს. გ-ასა და ა. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის №147 ბრძანება თ. ფ-ას ...ში დამისამართების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი თ. ფ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1018 განკარგულება და მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ. ფ-ასა და მის არასრულწლოვან შვილებს - ს. და ა. გ-ებს აღუდგებათ ...ში დამისამართებამდე არსებული დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, 2011 წლის 16 სექტემბრიდან.
სასარჩელო მოთხოვნაზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კერძო საჩივარი, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, დარჩა განუხილველი.
2021 წლის 07 ივლისს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მიმართა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება თ. გ-ას მიერ 2011 წლის 14 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადება, საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებისა და საქართველოს მთავრობს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის №147 ბრძანების პირველი პუნქტით დასტურდება, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში, ...ში „...ში“ განსახლებული იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების დამისამართება განხორციელდა კერძო სექტორში. ამავე ბრძანების საფუძველზე მოხდა თ. გ-ას ოჯახის დამისამართება ქ. ...ში. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 13 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, ქალაქ ...ში განსახლებულ იქნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ კომპაქტურად განსახლებისა და კერძო სექტორში დროებით მაცხოვრებელი დევნილი ოჯახები. აღნიშნულ მოხსენებით ბარათს თან ერთვოდა იმ დევნილი პირების სია, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ქ. ...ში განსახლებაზე. შესაბამისად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მათი დამისამართება განსახლების ადგილზე, კერძო სექტორში მისამართზე - ქ. ...ი, „...ი“. აღნიშნულ სიაში შეყვანილია თ. ფ-ა და ს. და ა. გ-ები, როგორც თ. გ-ას ოჯახის წევრები.
კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან თ. გ-ას (მოსარჩელის მეუღლეს) გადაეცა საცხოვრებელი ფართი ქ. ...ში, სამინისტრომ განახორციელა მისთვის კანონმდებლობით პირდაპირ დაკისრებული ვალდებულება და უკვე ახალი ფაქტობრივი საცხოვრებლის მიხედვით მოახდინა განსახლებული დევნილებისა და მათ შორის რ. ფ-ას დამისამართება მათი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით ქ. ...ში. ის გარემოება, რომ სამინისტრომ მოსარჩელის განსახლება მოახდინა ქ. ...ში, დასტურდება მის მეუღლის - თ. გ-ასა და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმებული 2011 წლის 14 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განკარგულების (2009 წლის 28 მაისის №304 განკარგულება) ფარგლებში, თ. ფ-ას ოჯახს გადაეცა რა საცხოვრებელი ფართი ქ. ...ში, სამინისტრომ განახორციელა მისთვის კანონმდებლობით პირდაპირ დაკისრებული ვალდებულება და უკვე ახალი ფაქტობრივი საცხოვრებლის მიხედვით მოახდინა განსახლებული დევნილებისა და მათ შორის მოსარჩელის მამის რ. ფ-ას დამისამართება მათი ახალი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით ქ. ...ში, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის №147 ბრძანებით თ. ფ-ასა და მის არასრულწლოვან შვილებს - ს. და ა. გ-ებს შეეცვალათ ფაქტობრივი მისამართი და მოხდა მათი დამისამართება ქ. ...ში. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გამოკვლეულ უნდა იქნეს აღნიშნული ბრძანების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ფ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მისი მეუღლე თ. გ-ა ასევე წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, ხოლო ს. და ა. გ-ები არიან მათი არასრულწლოვანი შვილები. ამასთან, 2008 წლის 20 თებერვალს გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის თანახმად, თ. ფ-ას დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა - გლდანი, ..., ... .
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის №147 ბრძანებით, „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული“ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში, ქ. ...ში, დევნილების დამისამართება განხორციელდა „კერძო სექტორში“. ამავე ბრძანების დანართის ამონაწერით დასტურდება, რომ თ. ფ-ასა და თ. გ-ას დამისამართება განხორციელდა ქ. ...ში. ამასთან, მშობლების ...ში დამისამართებიდან გამომდინარე, ...ში დამისამართდნენ მათი არასრულწლოვანი შვილებიც - ს. და ა. გ-ებიც.
კასატორის მტკიცებით, თ. ფ-ასა და მისი არასრულწლოვანი შვილების ...ში დამისამართებით სამინისტრომ შეასრულა მისთვის კანონმდებლობით პირდაპირ დაკისრებული ვალდებულება, რასაც ადასტურებდა მოსარჩელის მეუღლის - თ. გ-ასა და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის 2011 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი. საკასაციო პალატა არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნულ მოსაზრებას მიღება-ჩაბარების აქტთან დაკავშირებით და მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბ/1514-18), რომლითაც ბათილადაა ცნობილი 2011 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს დაევალა ახალი აქტის გამოცემა მონაცემტა ბაზაში თ. გ-ას დროებითი მისამართის შეცვლის შესახებ. აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად კი მითითებულია, რომ იგი არ არის შედგენილი შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ კანონით დადგენილი წესით, რაც გამორიცხავს მითითებული დოკუმენტის თ. გ-ას ქ. ...ში განსახლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნევის შესაძლებლობას. ვინაიდან სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება 2011 წლის 14 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტს და თ. გ-ას რეგისტრაციას, რომელზედაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2019 წლის 13 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იმსჯელა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მიმდინარე საქმის განხილვის ფარგლებში საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი მოახდინოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების რევიზია, შეამოწმოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში მყოფ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თუ დამდგარი შედეგის მართებულობა, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების სისწორე. სსკ-ის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სუსგ 29.12.2022წ. №ბს-862(კ-20)). კანონის მოხმობილი დანაწესი ემსახურება სასამართლოს აქტის მუდმივ ხასიათს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სტაბილური მართლმსაჯულების განხორციელებას (სუსგ №ას-504-481-2016, 30.09.2016წ.). ამდენად, კასატორის მითითება, რომ მოსარჩელისა და მისი შვილების დამისამართების მართებულობა გამომდინარეობდა მისი მეუღლის მიერ 2011 წლის 14 აგვისტოს ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს გაზიარებული.
გარდა ზემოხსენებულისა, საქმეში დაცული სხვა მტკიცებულებების, კერძოდ, შპს „...”-ის სამეგრელო-გურიის რეგიონალური ოფისის დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის წერილის (ტ. 3, ს.ფ 80-87) თანახმად დგინდება, რომ დამისამართების ადგილზე (ქ. ...ი, ...ი, ...ის ქ. N...), დამისამართების დღიდან-ცნობის გაცემამდე, აბონენტ თ. გ-ას დარიცხვა არ უფიქსირდება. ამასთან დადგენილია, რომ მისამართზე - ქ. ...ი, ...ი, ...ის ქუჩის №...-ში თ. გ-ას აბონენტად რეგისტრაცია განხორციელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე (შპს „...”-ის სამეგრელო-გურიის რეგიონალური ოფისის დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის წერილი), ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად (ტ.2 ს.ფ.162), თ. ფ-ას საცხოვრებელ მისამართად მითითებულია - ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ი ...ის, კორპუსი №2, ბინა №11.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა
გ. მაკარიძე