Facebook Twitter

№ბს-96(2კ-22) 28 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე

კასატორები (მესამე პირები) – თ. ქ-ე, მ. ქ-ე, გ. ქ-ე, ლ. ბ-ე, გ. ქ-ე, ა. ქ-ე, დ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – რ. ქ-ე

მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2018 წლის 26 ნოემბერს რ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირების - თ. ქ-ის, გ. ქ-ის, დ. ქ-ის, მ. ქ-ის, გ. ქ-ის, ა. ქ-ისა და ლ. ბ-ის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა - ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის ...ას თემის საკრებულოს ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი გ. ქ-ის კომლის კუთვნილი 0.25 ჰა მიწის ნაკვეთის 950,63 კვ.მ მიწის ფართობით შევსების ნაწილში და სათანადო ცვლილებები იქნეს შეტანილი საჯარო რეესტრში.

სარჩელის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონის, ...ას თემის საკრებულოს სოფელ ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის №15 სხდომის ოქმის საფუძველზე, ...ში, ზ. ქ-ის კუთვნილი 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მცხოვრებ გ. ქ-ის კომლს 0,25 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დამატებით შეევსო 0.25 ჰექტარი მიწით და მიეკუთვნა სულ 0,50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რაც მესამე პირებმა 2015 წლის 12 აგვისტოს დაირეგისტრირეს საჯარო რეესტრში. ზ. ქ-ის კუთვნილი, ზემოაღნიშნული 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2016 წლის 12 აგვისტოს ფაქტობრივი ფლობით, ანდერძისმიერი მემკვიდრეობით მიიღო მისმა შვილიშვილმა, მოსარჩელე რ. ქ-ემ, რომელმაც მიწის ნაკვეთის ნახაზი, შესაბამისი ელექტრონული ვერსიით, სარეგისტრაციოდ წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც დადგინდა მოცემული მიწის ნაკვეთის ზედდება გ. ქ-ისა და მისი ოჯახის წევრების - დ., თ., მ., გ., ა. ქ-ეებისა და ლ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ №...). ზედდების ფართობმა შეადგინა 950,63 კვ.მ, რის გამოც ამ მოტივით მოსარჩელეს ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არსებული ზედდება გამოწვეულია ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის სხდომაზე მიღებული უკანონო გადაწყვეტილებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე-99-ე მუხლებზე მითითებით მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მიწის სარეფორმო კომისიის სხდომა ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, კომისიამ გ. ქ-ის კომლს ისე შეუვსო მიწის ნაკვეთი 0,25 ჰა ფართობით, რომ არ განუსაზღვრავს და არ დაუზუსტებია, თუ სად მდებარეობდა გამოყოფილი ნაკვეთი, არ გაურკვევია მიწის ნაკვეთის შევსება ხომ არ აყენებდა რაიმე ზიანს გ. ქ-ის მომიჯნავედ მცხოვრებ ზ. ქ-ის კანონიერ ინტერესებს. ადმინისტრაციული აქტის მიმღები ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების წინ დაედგინა დაინტერესებულ პირთა წრე, რომელსაც წარმოადგენდა ზ. ქ-ე და სხდომაზე მოეწვია იგი, მიეცა საშუალება წარედგინა მტკიცებულებები, გაცნობოდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით განეცხადებინა შესაძლო შუამდგომლობები, მისი მოსმენით გაერკვია გ. ქ-ეზე მიწის ნაკვეთის შევსება ხომ არ ზღუდავდა ზ. ქ-ის საკუთრების უფლებას, შეეგროვებინა ცნობები, დაეთვალიერებინა ადგილი, გამოეთხოვა დოკუმენტები. კომისიას სრულყოფილად უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მათი ობიექტური შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება. კომისიას არ მიუწვევია სხდომაზე დაინტერესებული მხარეები - გ. ქ-ე და ზ. ქ-ე. მართალია, სხდომის ოქმში მითითებულია, რომ მომხსენებელმა - გ. ნ-ემ სხდომას გააცნო ...ის ტერიტორიაზე მცხოვრები კომლებისათვის მუდმივ სარგებლობაში გადასაცემი მიწის ფართობების სქემატური გეგმები, ადგილმდებარეობის მონაცემების მიხედვით, რაც სხდომამ დაამტკიცა, თუმცა გაურკვეველია, ამ სქემატურ გეგმებში მითითებული იყო თუ არა გ. და ზ. ქ-ეების მიწის ნაკვეთებიც, რამდენადაც ოქმში მოხსენიებული არც სქემატური გეგმები და არც მიწის მიზომვის აქტები რეალურად არ არსებობს. გარდა ამისა, სხდომის ოქმი შედგენილია არასრულყოფილად, მასში მითითებულია, რომ სოფელში ცხოვრობს კომლი, მაგრამ მისი რაოდენობის გრაფა შეუვსებელია, შეუვსებელია ასევე გრაფები - თუ რამდენი კომლი ექვემდებარებოდა მიწის ნაკვეთის გამოყოფას და რამდენი ჰექტარი მიწის ნაკვეთი უნდა გაცემულიყო სარეფორმო ფონდიდან. კანონის მოთხოვნების იგნორირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება გახდა იმის მიზეზი, რომ გ. ქ-ის კომლს განუსაზღვრელ ადგილზე, აბსტრაქტულად გამოეყო (შეევსო) 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც გ. ქ-ე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე 907,63 კვ. მეტრით შეიჭრა მის მომიჯნავედ არსებულ რ. ქ-ის კუთვნილ ნაკვეთში და დაირეგისტრირა იგი. სსიპ საჯარო რეესტრმა კი, თავისი გადაწყვეტილებით უარი უთხრა გ. ქ-ის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს - რ. ქ-ეს კუთვნილი 2600 კვ.მ მიწის ფართობის რეგისტრაციაზე, რამდენადაც 907,63 კვ.მ მიწის ფართობი გადაფარვაში აღმოჩნდა გ. ქ-ის მიერ დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.

სარჩელის თანახმად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ქ-ის კომლზე 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის 950,63 კვ.მ მიწის ნაკვეთით შევსების ნაწილში უშუალო ზიანს აყენებს და უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელე რ. ქ-ის კანონიერ უფლებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ მესამე პირების მიერ 950,63 კვ.მ ფართით უკანონოდ გაზრდილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციით რ. ქ-ეს არ ეძლევა საშუალება, დაირეგისტრიროს კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ფართით 2600 კვ.მ.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა რ. ქ-ის წარმომადგენლის - ლ. ქ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და ყადაღა დაედო გ. ქ-ის, დ. ქ-ის, თ. ქ-ის, მ. ქ-ის, ლ. ბ-ის, გ. ქ-ისა და ა. ქ-ის თანასაკურებაში არსებულ უძრავ ქონებას - „მიწის ნაკვეთს“, მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ...ი (ს/კ №...).

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით რ. ქ-ის სარჩელი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის ...ას თემის საკრებულოს სოფ. ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის №15 ოქმი გ. გ. ქ-ის კომლზე 0,25 ჰა გამოყოფილი ფართობიდან, სადავო 950.63 კვ. მეტრის გამოყოფის ნაწილში და განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრის ჩანაწერში გ. ქ-ის, დ. ქ-ის, თ. ქ-ის, მ. ქ-ის, ლ. ბ-ის, გ. ქ-ის, ა. ქ-ის სახელზე რეგისტრირებულ 3600 კვ. მეტრ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით - №....

3.1. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე რ. ქ-ის ბებიის - ზ. ქ-ის კომლს საკომლო ჩანაწერების მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ერიცხებოდა 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდგომ ფაქტობრივი ფლობითა და ზ. ქ-ის მიერ 16.06.1987წ. დამოწმებული ანდერძის საფუძველზე, მიიღო მოსარჩელე რ. ქ-ემ, რომელის სახელზეც 2016 წლის 12 აგვისტოს გაიცა სამკვიდრო მოწმობა; ბ) რ. ქ-ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, კერძოდ, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა და შენობების აზომვითი ნახაზი. რ. ქ-ემ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში არსებულ, ზ. ქ-ისაგან მემკვიდრეობით მიღებულ 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია და ამონაწერის გაცემა, რაზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 6 ნოემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №..., რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, ფიქსირდებოდა ზედდება №... საკადასტრო კოდთან, თანამესაკუთრეები: გ. ქ-ე, დ. ქ-ე, გ. ქ-ე, ა. ქ-ე, მ. ქ-ე, ლ. ბ-ე, თ. ქ-ე და წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი გეგმა ნახაზი; გ) ...ას თემის საკრებულოს სოფელ ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის №15 საოქმო გადაწყვეტილებით გ. ქ-ის კომლს, რომელსაც ერიცხებოდა 0,25 ჰა, შეევსო 0,25 ჰექტრით, სულ ერიცხება 0,50 ჰა. ამავე ოქმით დადგინდა, რომ მიწის სარეფორმო სხდომამ დაამტკიცოს წარმოდგენილი დათვალიერებები, სქემატური გეგმები, რომლის მიხედვით, მიეზომება კომლებს მიწის ფართობები. ოქმის საფუძველზე, გამოიყო მიწის მიმზომი კომისია ოთხი კაცის შემადგენლობით: გ. ნ-ე - მიწათმომწყობი, თ. ქ-ე - სოფლის გამგებელი, გ. მ-ე - საკრებულოს ახალგაზრდობის ხელმძღვანელი, დ. ქ-ე - სარეფორმო კომისიის წევრი. კომისიას დაევალა 10 დღის ვადაში წარედგინა მიზომვის აქტები დათვალიერების აქტების მიხედვით; დ) 2015 წლის 7 ივლისის №... განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 12 აგვისტოს განხორციელდა უფლების რეგისტრაცია და საარქივო ცნობის საფუძველზე, გ. ქ-ის კომლის წევრებს: ა. ქ-ეს, გ. ქ-ეს, გ. ქ-ეს, დ. ქ-ეს, თ. ქ-ეს, ლ. ბ-ესა და მ. ქ-ეს, საკუთრებაში დაურეგისტრირდათ 3600 კვ.მ მიწის ფართობი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით - 183.59 კვ.მ, საკადასტრო კოდი - №....

3.2. სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის ძირითად სადავო და დასადგენ საკითხს წარმოადგენს 2015 წლის 12 აგვისტოს გ. ქ-ის კომლის წევრებზე სოფ. ...ში მდებარე 3600 კვ.მ მიწის ფართობის რეგისტრირებული ფართობიდან, რ. ქ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრში წარდგენილი ნახაზის მიხედვით ზედდებაში არსებული 950,63 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თუ არა ზ. ქ-ის კომლის სახელზე რიცხული 2600 კვ. მეტრი ფართობის ნაწილს, გასაჩივრებული ოქმით გ. ქ-ის კომლზე 2500 კვ. მეტრი მიწის ფართის შევსება მოხდა ზ. ქ-ის ფართობის ნაწილის გადაცემით, თუ გადაეცა სარეზერვო ფონდში არსებული თავისუფალი ნაკვეთი.

აღნიშნულ სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ მითითებული არგუმენტები არ იყო დასაბუთებული და მის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული, რომ გადაფარვაში არსებული 950 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საარქივო ცნობაში აღნიშნულ 0,50 ჰა ნაკვეთის ნაწილს, რომელიც შეევსო ...ას თემის საკრებულოს სოფელ ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 15.04.2001 წლის №3 სხდომის ოქმის საფუძველზე.

ზემოაღნიშნული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: ა) მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად წარმოადგინა საარქივო ცნობა, სადაც მითითებულია, რომ გ. ქ-ის კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 1996-2001 წლებში 0,25 ჰა-ს, 2005-2006 წლებში 0,50 ჰა-ს. კომლს ერიცხება 160 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლი. ცნობაში აღნიშნულია, რომ მიწის ფართობის შერჩევის, დათვალიერების, მიზომვისა და მიღება-ჩაბარების აქტები ხელვაჩაურის არქივში დაცვაზე შესანახად არ შესულა; ბ) მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხის კომლს გააჩნდა 2500 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელსაც ემიჯნებოდა ზ. ქ-ის 2600 კვ. მეტრი ფართის ნაკვეთი და შეუძლებელია ნაკვეთის ფართის მომატება ზ. ქ-ის ნაკვეთის მითვისების გარეშე. მოსარჩელის ეს პოზიცია დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ. ქ-ემ, რომლემაც აღნიშნა, რომ სამი ძმის ნაკვეთი დანაწილებული იყო 2500 კვ. მეტრის ოდენობით. თავიდან ნაკვეთები გამიჯნული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ღობე მოიშალა, ამჟამად აღარ არის, მაგრამ თავსა და ბოლოში ჩანს ძველი მიჯნა. საზღვრები ყველასათვის ცნობილი იყო, მაგრამ თ. ქ-ემ მიითვისა ზ. ქ-ის მიწის ნაწილი და როდესაც თვითონ შეეკითხა, თუ რატომ ართმევდა ბავშვებს ნაკვეთს, უთხრა, რომ ჰქონდა ზ. ქ-ის ანდერძი, რაც შემდგომში ტყუილი აღმოჩნდა, თ. ქ-ე იყო სოფლის გამგებელი და შეძლო კომისიის მეშვეობით ზ. ქ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილის დარეგისტრირება; გ) მოწმის სახით დაკითხულმა გ. მ-ემ აღნიშნა, რომ ამჟამად მუშაობს ...ას თემის უფროს სპეციალისტად, 2001 წელს მუშაობდა ახალგაზრდულ დეპარტამენტში ...ას ხეობაში. მონაწილეობას ღებულობდა სარეფორმო კომისიის მუშაობაში, რომელიც ახდენდა კომლებზე მიწის შევსებას. თვეში ორჯერ გადიოდნენ სოფლებში გამგებლებთან ერთად, სადაც ხდებოდა მიწის აზომვა. კონკრეტულ შემთხვევაში იგი დათვალიერებას არ ესწრებოდა. თ. ქ-ის კომლს რა ნაწილი გამოეყო და იყო თუ არა წარდგენილი შესაბამისი ნახაზები იმ პერიოდში, მისთვის არ არის ცნობილი. თ. ქ-ე იმ პერიოდში იყო ...ის გამგებელი და მასთან არ ჰქონია საუბარი მიწის გამოყოფაზე, მის საკარმიდამოზე მას არ განუხორციელებია მიზომვითი სამუშაოები. მისთვის უცნობია, სად გამოეყოთ მიწის ნაკვეთი ქ-ეებს. ადრე არ იყო სადავო და რომელ წელს გახდა სადავო არ იცის, მან დაუდასტურა რ. ქ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის იდენტურობა იმასთან, რასაც ითხოვს სსიპ საჯარო რეესტრი. იდენტურობა დაადგინა საარქივო საბუთებით და ნახაზებით. ნახაზის კონფიგურაციასთან დაკავშირებით ეკითხებიან მოსაზღვრე მხარეებს და შესაბამისად, შეეკითხნენ თ. ქ-ესაც; დ) მოწმე რ. ქ-ემ აღნიშნა, რომ 2001 წელს მუშაობდა ხელვაჩაურში, მიწის მართვის სამსახურში, სადაც ძირითადად დაკავებულნი იყვნენ მიწის გაცემით. ახალი შემოსული იყო კანონი, მზადდებოდა საბუთები მათთან სამმართველოში, ადგილზე იმყოფებოდა სარეგისტრაციო სამსახური, აკეთებდნენ ნახაზებს და ახდენდნენ რეგისტრაციას. 2001 წელს, 15 აპრილს ესწრებოდა ...ის მიწის სარეფორმო კომისიის სხდომას. ზუსტად არ ახსოვს თავად ესწრებოდა თუ არა სხდომას გ. ქ-ის მიწის შევსების ნაწილში. ოქმზე არ არის მისი ხელმოწერა, თუმცა აღნიშნულია დამსწრე პირებში. სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა მიწის ნაკვეთების რეზერვის მონახაზი. 4 კაცის შემადგენლობას უნდა წარმოედგინა 10 დღის განმავლობაში მიწის მართვის სამმართველოში ნახაზები რეგისტრაციისათვის და უნდა გაკეთებულიყო მიზომვის აქტი, ნახაზზე უნდა დასმულიყო ბეჭედი და შედგენილყო მიღება-ჩაბარების აქტი. ამის გარეშე მხოლოდ სარეფორმო კომისიის ოქმს რაიმე იურიდიული ძალა არ გააჩნია; ე) მოწმის სახით დაკითხულმა გ. ს-ემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არის მისი მეუღლე, მიწის ნაკვეთისა და მოცემული დავის შესახებ მისთვის ყველა დეტალი არის ცნობილი. თ. ქ-ემ ზუსტად იცის საზღვრებიც და ის ფაქტიც, რომ მას მითვისებული აქვს ზ. ქ-ის ნაკვეთი, პირად შეხვედრებში თავიდან აცხადებდა, რომ ნაკვეთი აჩუქა მისმა ბიცოლამ - ზ. ქ-ემ, შემდგომ შეხვედრისას თვითონ გ. ქ-ე შეუთანხმდა, რომ დაუბრუნებდა ნაკვეთს, თ. ქ-ემ პოლიციაშიც დადო აღნიშნულზე პირობა, თუმცა შემდგომ პირობა აღარ შეასრულა და პირიქით დაუწყო დავა, უჩივლა გენ. ინსპექციაში, რაზეც ჩატარდა მოკვლევა და იქაც დადასტურდა, რომ თ. ქ-ე ყველაფერში ტყუოდა; ვ) მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მტკიცებულების სახით წარმოადგინა აზომვითი ნახაზები და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 17 იანვრის დასკვნა, რომლის თანახმად, „ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, ა., გ., დ., თ., მ. ქ-ეებისა და ლ. ბ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) რეალური ღობისა და საზღვრების მიხედვით სრულად ფართობის განსაზღვრა ვერ განხორციელდა, ვინაიდან, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი (№...) შემოღობილია ნაწილობრივ და არ არის მთლიანად შემოღობილი. ჩემს მიერ აღებული არსებული ღობის მონაცემები შედარებული იქნა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში ფიქსირებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრების მონაცემებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ადგილზე არსებული რეალური ღობის ადგილმდებარეობა არ ემთხვევა რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებს (დეტალურად იხ. დანართი №3)“; ზ) მოსარჩელე მხარის ინიციატივით ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოდან გამოთხოვილი, ლ. ფ-ას განცხადების საფუძველზე წარმოებული მოკვლევის მასალებში არსებული თ. ქ-ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ზ. ქ-ე იყო მისი ბიცოლა, რომელმაც თავის სიცოცხლეში ნებით, სიტყვიერად მისცა მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი არ იცის რა ოდენობისაა. აღნიშნულ ნაკვეთზე განლაგებული აქვს პირუტყვის სადგომი და ფუტკრის ოჯახები. აღნიშნული ფართობი დაირეგისტრირა 2015 წელს. ოქმის მიხედვით, თ. ქ-ე პირობას დებს, რომ მიწის ნაკვეთს, რომელიც მას სიტყვიერად მისცა ზ. ქ-ემ, დაუბრუნებს ზ. ქ-ის გარდაცვლილი შვილის მეუღლეს - ლ. ფ-ას ან გადაუხდის მის საფასურს, რადგან ნაკვეთით სარგებლობს 15 წელია; თ) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „ც...“-ის მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვითაც, სპეციალისტმა ლ. ჭ-ემ შეასრულა ჯეოჯორსის ჯიპიესით დაკვალვა მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ხელვაჩაური, სოფ. ...ი, რ. ქ-ის მიერ წარმოდგენილი სურათისა და პარსელის მიხედვით და ადგილზე პოლიციის თანდასწრებით იქნა აღნიშნული საზღვრები და დასმულ იქნა ხის კოლები, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ რ. ქ-ის მიერ მოწოდებული სურათისა და პარსელის მიხედვით და თ. ქ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, საკ. კოდით №..., არის გადაფარვაში 950 კვ.მ-ით; ი) მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაზე, რითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა 5000 კვ. მეტრის რეგისტრაციაზე, წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ რ. ქ-ის სახელზე დარეგისტრირებულია 1650 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და 48.20 ფართის შენობა-ნაგებობა.

3.3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-4 და მე-11 პუნქტებზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებით დამტკიცებული დებულების „საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ“ პირველ და მე-2 მუხლებზე, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-5 მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლება არ ვრცელდებოდა იმ მიწებზე, რომლებიც მიღებული ჰქონდათ დადგენილი წესის დარღვევით, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ორგანომ მკვეთრი ზღვარი გაავლო დადგენილი წესის (პროცედურის) დარღვევით მიღებულ მიწებთან დაკავშირებით, რითაც გამოირიცხა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პროცედურის დაცვის გარეშე გაცემულ მიწებზე საკუთრების უფლების გადაცემის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანოები შებოჭილნი არიან საკანონმდებლო ორგანოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი პოლიტიკით, რის გამოც ვალდებულნი იყვნენ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეემოწმებინათ მიწის გადაცემის ფორმალური მხარე. ხელვაჩაურის რაიონის ...ას თემის საკრებულოს ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმით გ. ქ-ის მიმართ მიწის გამოყოფა მოხდა ზემოდასახელებულ ნორმათა დარღვევით. დადგენილია, რომ მიწის სარეფორმო კომისიის სხდომა ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევებით, კერძოდ, კომისიამ გ. ქ-ის კომლს ისე შეუვსო მიწის ნაკვეთი 0.25 ჰა ფართობით, რომ არ განუსაზღვრავს და არ დაუზუსტებია, თუ სად მდებარეობდა გამოყოფილი ნაკვეთი, არ გაურკვევია მიწის ნაკვეთის შევსება ხომ არ აყენებდა რაიმე ზიანს გ. ქ-ის მომიჯნავედ მცხოვრები ზ. ქ-ის კანონიერ ინტერესებს. კრებაზე არ იქნა მოწვეული ზ. ქ-ე და არ მიეცა საშუალება გაცნობოდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს და წარედგინა მტკიცებულებები საქმის გარემოებათა გამოკვლევების თხოვნით, განეცხადებინა შესაძლო შუამდგომლობები, მისი მოსმენით გაერკვია, გ. ქ-ეზე მიწის ნაკვეთის შევსება ხომ არ ზღუდავდა მისი საკუთრების უფლებას, რის თაობაზეც შეეგროვებინა ცნობები, დაეთვალიერებინა ადგილი, გამოეთხოვა დოკუმენტები, კომისიას სრულყოფილად უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გარემოებათა ობიექტური შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება, რაც არ შეუსრულებია, მას საერთოდ არ მიუწვევია სხდომაზე დაინტერესებული მხარეები - გ. ქ-ე და ზ. ქ-ე. ოქმში მოხსენიებული სქემატური გეგმები და მიწის მიზომვის აქტები რეალურად არ არსებობს. გარდა ამისა, სხდომის ოქმი შედგენილია არასრულყოფილად, მასში მითითებულია, რომ სოფელში ცხოვრობს კომლი, მაგრამ მისი რაოდენობის გრაფა შეუვსებელია, შეუვსებელია ასევე გრაფები, თუ რამდენი კომლი ექვემდებარებოდა მიწის ნაკვეთის გამოყოფას და რამდენი ჰექტარი მიწის ნაკვეთი უნდა გაცემულიყო სარეფორმო ფონდიდან, არ განხორციელებულა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარება და არ არის შემდგარი შესაბამისი აქტი, გასაჩივრებული კრების ოქმი არ შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ადმინისტრაციული აქტის მიღების წესებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 601 -ე, 95-ე, 96-ე, 107-ე, 108-ე მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17, 22-ე და 32.1 მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღებმა სარეფორმო კომისიამ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად, საკითხის განხილვაზე არ იყო მოწვეული და კრებას არ ესწრებოდა მოსარჩელის მამკვიდრებელი - ზ. ქ-ე, ვის მიმართაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა მხოლოდ ის გარემოება, რომ ოქმი კანონიერია და არ არსებობს ბათილად ცნობის საფუძველი, მესამე პირები მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებენ, რომ სადავო ნაკვეთი არ წარმოადგენდა ზ. ქ-ის კომლის სარგებლობაში არსებულ ნაკვეთს. შესაბამისად, არსებობს რ. ქ-ის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი (ხელვაჩაურის რაიონის ...ას თემის საკრებულოს სოფ. ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის №15 ოქმი გიორგი გ. ქ-ის კომლზე 0,25 ჰა გამოყოფილი ფართობიდან, სადავო, 950.63 კვ. მეტრის გამოყოფის ნაწილში), რამდენადაც იგი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით და სახეზეა ამ აქტის შედეგად მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი.

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ქ-ემ, დ. ქ-ემ, თ. ქ-ემ, მ. ქ-ემ, ლ. ბ-ემ, გ. ქ-ემ, ა. ქ-ემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით რ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. ქ-ის, დ. ქ-ის, თ. ქ-ის, მ. ქ-ის, ლ. ბ-ის, გ. ქ-ისა და ა. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას და რატომ არ გაიზიარა მოპასუხეთა შესაგებელი.

სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოები და დამატებით მიუთითა საქმის მასალით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) მოსარჩელე რ. ქ-ის ბებიის - ზ. ქ-ის კომლს საკომლო ჩანაწერების მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ერიცხებოდა 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდგომ, ფაქტობრივი ფლობითა და ზ. ქ-ის მიერ 16.06.1987წ. დამოწმებული ანდერძის საფუძველზე, მიიღო რ. ქ-ემ, რომლის სახელზეც 2016 წლის 12 აგვისტოს გაიცა სამკვიდრო მოწმობა; ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.11.2018 წლის №... გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ 31.10.2018 წელს რ. ქ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია. განცხადებას დაურთო: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა და საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.11.2018 წლის №... გადაწყვეტილებით რ. ქ-ეს განემარტა, რომ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, ფიქსირდებოდა ზედდება №... საკადასტრო კოდთან, რომლის თანამესაკუთრეები არიან - გ. ქ-ე, დ. ქ-ე, გ. ქ-ე, ა. ქ-ე, მ. ქ-ე, ლ. ბ-ე, თ. ქ-ე. ამავე გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს დაევალა კორექტირებული აზომვითი გეგმა-ნახაზის წარდგენა; დ) 29.10.2018 წელს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 3600 კვ.მ (დაზუსტებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ს/კ-ია №... (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №01/2, საერთო ფართით 183.59 კვ.მ), თანასაკუთრების უფლებით ირიცხება ა. ქ-ის, გ. ქ-ის, გ. ქ-ის, დ. ქ-ის, თ. ქ-ის, მ. ქ-ის და ლ. ბ-ის სახელზე; უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია - 07.10.2014 წლის №AA2015055855-03 საარქივო ცნობა; უფლების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 12.08.2015 წელი; ე) 31.10.2018 წლის №AA2018027960-03 საარქივო ცნობის თანახმად: 1. ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ას თემის საკრებულოს დოკუმენტებით სოფელ ...ის 1996-2000 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ქ-ე გ. არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ქ-ე გ. - ოჯახის უფროსი; ქ-ე ა. - ცოლი; ქ-ე თ. - შვილი; ბ-ე ლ. - რძალი; ქ-ე გ. - შვილიშვილი; ქ-ე მ. - შვილშვილი; 2. სოფლების: ...ის, ...ის და ...ის 2001-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ქ-ე გ. არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ქ-ე გ. - ოჯახის უფროსი; ქ-ე ა. - ცოლი; ქ-ე თ. - შვილი; ბ-ე ლ. - რძალი; ქ-ე გ. - შვილიშვილი; ქ-ე მ. - შვილიშვილი; ქ-ე დ. - შვილიშვილი; 3. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 1996-2001 წლებში 0.25 ჰა-ს, 2005-2006 წლებში 0.50 ჰა-ს. კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი 2002 წლის გრაფაში 160 კვ.მ ფართის ოდენობით; 4. ცნობას დაერთო გ. ქ-ის შესახებ ...ას თემის საკრებულოს სოფელ ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 15.04.2001 წლის №15 ოქმი. ამავე ცნობით ირკვევა, რომ მიწის ფართობის შერჩევის, დათვალიერების, მიზომვისა და მიღება-ჩაბარების აქტები ხელვაჩაურის არქივში სახელმწიფო დაცვაზე შესანახად არ შესულა; ვ) ...ას თემის საკრებულოს სოფელ ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 15.04.2001 წლის №15 საოქმო გადაწყვეტილებით, გ. ქ-ის კომლს, რომელსაც ერიცხებოდა 0.25 ჰა, მიწა შეევსო 0.25 ჰექტრით და სულ ერიცხება 0.50 ჰა. ამავე ოქმით დადგინდა, რომ მიწის სარეფორმო სხდომამ დაამტკიცოს წარმოდგენილი დათვალიერებები, სქემატური გეგმები, რომლის მიხედვით მიეზომება კომლებს მიწის ფართობები. ოქმის საფუძველზე გამოიყო მიწის მიმზომი კომისია ოთხი კაცის შემადგენლობით: გ. ნ-ე - მიწათმომწყობი, თ. ქ-ე - სოფლის გამგებელი, გ. მ-ე-საკრებულოს ახალგაზრდობის ხელმძღვანელი, დ. ქ-ე სარეფორმო კომისიის წევრი. კომისიას დაევალა 10 დღის ვადაში წარმოადგინონ მიზომვის აქტები დათვალიერების აქტების მიხედვით; ზ) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.01.2017 წლის №000280417 დასკვნის პირველი პუნქტით ირკვევა, რომ „ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, ასიე, გ., დ., თ., მ. ქ-ეებისა და ლ. ბ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) რეალური ღობისა და საზღვრების მიხედვით სრულად ფართობის განსაზღვრა ვერ განხორციელდა, ვინაიდან, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი (№...) შემოღობილია ნაწილობრივ და არ არის მთლიანად შემოღობილი. არსებული ღობის მონაცემები შედარებული იქნა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში ფიქსირებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრების მონაცემებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ადგილზე არსებული რეალური ღობის ადგილმდებარეობა არ ემთხვევა რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებს“; თ) თ. ქ-ის 30.10.2015 წლის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მის მეზობლად ცხოვრობდა ზ. ქ-ე, რომელიც მარტოხელა იყო და მისი გათხოვილი შვილის - ე. ქ-ის სახლში მისვლამდე ღამეს რამდენიმე წელიწადია მასთან, თ. ქ-ის ოჯახში ათევდა, ხოლო გარდაცვალებამდე დაახლოებით ექვსი თვე უვლიდა მას. ზ. ქ-ე გარდაიცვალა 2010 წელს. თ. ქ-ის განმარტებით, ზ. ქ-ე იყო მისი ბიცოლა, რომელმაც თავისივე სიცოცხლეში თავისი ნებით სიტყვიერად მისცა მას (თ. ქ-ეს) მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი თუ რა რაოდენობისაა ზუსტად არ იცის. ამ მიწის ნაკვეთზე განლაგებული აქვს პირუტყვის სადგომი და ფუტკრის ოჯახები. აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო ზ. ქ-ის საკუთრება, რომელიც მას იმ დროისთვის არ ჰქონდა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული და ასევე არც მას, თ. ქ-ეს ჰქონდა მისი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული 2015 წლის აგვისტოს თვემდე, რის გამოც მან (თ. ქ-ემ) დაიწყო მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის გაფორმება იმ მიწის ფართობთან ერთად, რომელიც სიტყვიერად მისცა ზ. ქ-ემ. აქვე აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთი გაიფორმა კანონის დაცვით. თ. ქ-ის განმარტებით, ლ. ფ-ა არის ზ. ქ-ის აწ.გარდაცვლილი შვილის მეუღლე, რომელიც ითხოვს მიწის ნაკვეთის დაბრუნებას და მის (თ. ქ-ის) საკადასტრო ნახაზში კორექტირების შეტანას, რომელიც სიტყვიერად აჩუქა ლ. ფ-ას დედამთილმა - ზ. ქ-ემ. აქვე აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთს ლ. ფ-ას დაუბრუნებს და ამასთან ერთად მოახდენს მორიგებას ან თუ კი ლ. ფ-ა შეაფასებს ამ მიწის ნაკვეთს რეალურ ფასად, მზადაა შეიძინოს, რადგან ის - თ. ქ-ე სადავო მიწას ფლობს და 15 წელია, რაც ამ მიწით სარგებლობს; ი) თ. ქ-ის (პ/ნ ...) 2016 წლის 15 აპრილის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2016 წლის 13 აპრილს მოხდა მისი ბიძაშვილისა და მისი აწ.გარდაცვლილი ბიცოლის - ზ. ქ-ის მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, რომელიც აქვს გაფორმებული მიწის გარკვეული ნაწილი მისი ბიძაშვილის - თ. ქ-ის ოჯახს, ხოლო გამიჯვნის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ის მიწის ნაკვეთი, რომელსაც თავის სიცოცხლეში ამუშავებდა აწ. განსვენებული ზ. ქ-ე და მისი ოჯახის წევრები, ხოლო ამჟამად მიწის ფართობის გარკვეულ ნაწილს ამუშავებს და აქვს გაფორმებული იქვე მცხოვრებ ბიძაშვილის ოჯახს. აქვე განმარტა, რომ მიწის ფართობი, რომელიც იქნა მ/წლის 13 აპრილს გამიჯნული სპეციალისტის მიერ და მოხდა შესაბამისად ბოძების დასმა საზღვრების დადგენისთვის, არის ის მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელსაც განსვებენული ზ. ქ-ე ამუშავებდა თავის სიცოცხელში და ის ვინმესათვის არ მიუცია; კ) 27.05.2016 წელს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ შპს „ც...“-ის სპეციალისტმა, ლ. ჭ-ემ შეასრულა ჯეოჯორსის ჯიპიესით დაკვალვა მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ხელვაჩაური, სოფ. ...ი, რ. ქ-ის მიერ წარმოდგენილი სურათის და პარსელის მიხედვით და ადგილზე პოლიციის თანდასწრებით იქნა აღნიშნული საზღვრები და დასმულ იქნა ხის კოლები, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ რ. ქ-ის მიერ მოწოდებული სურათის და პარსელის მიხედვით და თ. ქ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ-ით №... არის გადაფარვაში 950 კვ.მ-ით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-4, მე-11 პუნქტებზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებით დამტკიცებული დებულების, ,,საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ’’ პირველ, მე-2 მუხლებზე, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის ამოქმედების თაობაზე’’ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-5 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საკუთრების უფლება არ ვრცელდებოდა იმ მიწებზე, რომლებიც მიღებული ჰქონდათ დადგენილი წესის დარღვევით, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ორგანომ მკვეთრი ზღვარი გაავლო დადგენილი წესის (პროცედურის) დარღვევით მიღებულ მიწებთან დაკავშირებით, რითაც გამოირიცხა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პროცედურის დაცვის გარეშე გაცემულ მიწებზე საკუთრების უფლების გადაცემის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანოები შებოჭილნი არიან საკანონმდებლო ორგანოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი პოლიტიკით, რის გამოც ვალდებულნი იყვნენ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეემოწმებინათ მიწის გადაცემის ფორმალური მხარე. შესაბამისად, ყოველი კონკრეტული მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნამდვილობის გარკვევისას, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რამდენად სწორად მოხდა მიწის სარეფორმო კომისიის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება. საქმეში არსებული ხელვაჩაურის რაიონის ...ას თემის საკრებულოს ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის №15 სხდომის ოქმით ირკვევა, რომ მიწის სარეფორმო კომისიამ განიხილა სოფელ ...ის მოსახლეობისთვის კერძო საკუთრებაში გადასაცემი მიწის ფართობების შერჩევა, დათვალიერების აქტები. მომხსენებელმა - გ. ნ-ემ სხდომას გააცნო ...ის ტერიტორიაზე მცხოვრებ კომლებისთვის მუდმივად სარგებლობაში გადაცემული მიწის ფართობების სქემატური გეგმები ადგილმდებარეობის მონაცემების მიხედვით. ამავე ოქმით ირკვევა, რომ სულ სოფელში ცხოვრობს . . . კომლი; ნორმამდე საკარმიდამო მიწის შევსება-გამოყოფას ექვემდებარება . . . კომლი, სულ სარეფორმო ფონდიდან გაიცემა სოფლის მოსახლეობაზე 1 მიწის ფართობი III კატეგორიის კომლებზე (ტექსტში ასეა). სხდომაზე აზრი გამოთქვეს - ნ. მ-ემ, გ. ც-ემ, . . . , სოფლის გამგებელმა თ. ქ-ემ. ამავე ოქმში აღინიშნა, რომ საკრებულოში წარმატებით მიმდინარეობს მიწის რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაოები, სარეფორმო კომისიის მიერ გაწეული მუშაობა უფლებას აძლევდათ საკუთრებაში მიეზომვათ მიწის ფართობები ქვემოთ ჩამოთვლილი კომლებისთვის კატეგორიების მიხედვით. - გ. ქ-ე, რომელსაც ერიცხებოდა 0.25 ჰა, შეევსო 0.25 ჰექტრით, სულ კომლზე ირიცხება 0.50 ჰა. ამავე ოქმით მიწის სარეფორმო კომისიამ დაამტკიცა წარმოდგენილი დათვალიერებები, სქემატური გეგმები, რომლის მიხედვით მიეზომება კომლებს მიწის ფართობები. გამოიყო მიწის მიზომვის კომისია 4 კაცის შემადგენლობით: 1. გ. ნ-ე - მიწათმომწყობი; 2. თ. ქ-ე - სოფლის გამგებელი, სარეფორმო კომისიის წევრი; 3. გ. მ-ე - საკრებულოს ახალგაზრდობის ხელძღვანელი. კომისიის წევრი; 4. დ. ქ-ე - სარეფორმო კომისიის წევრი. ამავე აქტით მიმზომველ კომისიას 10 დღის ვადაში უნდა წარმოედგინა მიზომვის აქტები მიწის სარეფორმო კომისიაში წარმოდგენილი დათვალიერების აქტების მიხედვით.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მიწის სარეფორმო კომისიამ 15.04.2001 წელს №15 ოქმის საფუძლზე, გ. ქ-ის კომლს ისე შეუვსო მიწის ნაკვეთი 0.25 ჰა ფართობით, რომ არ განუსაზღვრავს და არ დაუზუსტებია, თუ სად მდებარეობდა გამოყოფილი ნაკვეთი, არ გაურკვევია მიწის ნაკვეთის შევსება ხომ არ აყენებდა რაიმე ზიანს გ. ქ-ის მომიჯნავედ მცხოვრები ზ. ქ-ის კანონიერ ინტერესებს. ამასთან, კრებაზე არ ყოფილა მოწვეული ზ. ქ-ე და არ მისცემია საშუალება გაცნობოდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს და წარედგინა მტკიცებულებები საქმის გარემოებათა გამოკვლევების თხოვნით, განეცხადებინა შესაძლო შუამდგომლობები, მისი მოსმენით გაერკვია, გ. ქ-ეზე მიწის ნაკვეთის შევსება ხომ არ ზღუდავდა მის საკუთრების უფლებას, რის თაობაზეც შეეგროვებინა ცნობები, დაეთვალიერებინა ადგილი, გამოეთხოვა დოკუმენტები, კომისიას სრულყოფილად უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გარემოებათა ობიექტური შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება, რაც არ შეუსრულებია, მას საერთოდ არ მიუწვევია სხდომაზე დაინტერესებული მხარეები - გ. ქ-ე და ზ. ქ-ე. გარდა ზემოაღნიშნულისა, რეალურად არ არსებობს ოქმში მოხსენიებული, არც სქემატური გეგმები და არც მიწის მიზომვის აქტები. ამასთან, სხდომის ოქმი შედგენილია არასრულყოფილად, მასში მითითებულია, რომ სოფელში ცხოვრობს კომლი, მაგრამ მისი რაოდენობის გრაფა შეუვსებელია, შეუვსებელია ასევე გრაფები, თუ რამდენი კომლი ექვემდებარებოდა მიწის ნაკვეთის გამოყოფას და რამდენი ჰა მიწის ნაკვეთი უნდა გაცემულიყო სარეფორმო ფონდიდან, არ განხორციელებულა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარება და არ არის შემდგარი შესაბამისი აქტი, გასაჩივრებული კრების ოქმი არ შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ადმინისტრაციული აქტის მიღების წესებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, მე-5, 601-ე, 95-ე, 96-ე, 107-ე, 108-ე მუხლებზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასაბუთება, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა სარეფორმო კომისიამ ისე მიიღო გადაწყვეტილება გ. ქ-ისთვის 0.25 ჰა მიწის ნაკვეთის შევსების შესახებ, რომ არ გამოიკვლია და შეაფასა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად. აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკითხთან დაკავშირებით აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მხედველობაში უნდა მიეღო კანონის ზემოთ ხსენებული მოთხოვნები და დაესაბუთებინა დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასაბუთება, რომ ხელვაჩაურის რაიონის ...ას თემის საკრებულოს სოფ. ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის №15 ოქმი - გ. გ. ქ-ის კომლზე 0.25 ჰა გამოყოფილი ფართობიდან, სადავო - 950.63 კვ. მეტრის გამოყოფის ნაწილში, ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით განუხილველი დარჩა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ქ-ემ, მ. ქ-ემ, გ. ქ-ემ, ლ. ბ-ემ, გ. ქ-ემ, ა. ქ-ემ და დ. ქ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეუფასებია საქმეში არსებული მტკიცებულება, კერძოდ, სასამართლოს მიერ ხელვაჩაურის პოლიციიდან გამოთხოვილი, მოსარჩელის დედის - ლ. ფ-ას განცხადების საფუძველზე წარმოებული მოკვლევის მასალები და მე-3 პირის, თ. ქ-ის, განცხადებაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წერილობითი პასუხი. აპელანტის წარმომადგენელი მიუთითებდა ფაქტობრივ უსწორობაზე, რომ მიუხედავად მხარის არაერთი განცხადებისა და შეხსენებისა, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არ გამოიკვლია გარემოება, თუ რატომ არ იყო ზ. ქ-ე მიწვეული სარეფორმო კომისიის სხდომაზე და რატომ არ შეევსო მიწის ნაკვეთი ზღვრულ ნორმამდე - 5000 კვ. მ-მდე მაშინ, როცა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ იყო და არის თავისუფალი მიწის ნაკვეთი. მესამე პირთა წარმომადგენელი სადავოდ ხდიდა ასევე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ მოსარჩელის მტკიცების ტვირთის დაძლეულად მიჩნევას და აპელირებდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე №2/5-561-2018), რომლითაც გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება რ. ქ-ის სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც იდენტურ მტკიცებულებებს ეფუძნებოდა. აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (რომლებიც იდენტურია განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა) ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ზ. ქ-ეს ეკუთვნოდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მოსარჩელე რ. ქ-ის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორების განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, არამართებულად, ნორმათა არასწორი მისადაგებით, ზ. ქ-ე მიიჩნია დაინტერესებულ მხარედ ადმინისტრაციულ წარმოებაში და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ზ. ქ-ის, როგორც დაინტერესებული მხარის მოწვევის გარეშე გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. მოცემულ შემთხვევაში, იმისათვის, რომ ზ. ქ-ე მიჩნეულიყო დაინტერესებულ მხარედ ადმინისტრაციულ წარმოებაში, საჭირო იყო, რომ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პირდაპირი და უშუალო გავლენა მოეხდინა მის კანონიერ ინტერესებზე, რომლისთვისაც, თავის მხრივ, საჭირო იყო, რომ ზ. ქ-ე რაიმე სახის უფლებრივ შემხებლობაში ყოფილიყო მიწის სარეფორმო კომისიის მიერ გასაცემ მიწის ნაკვეთთან, მაგალითად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ყოფილიყო მისი კომლის შემადგენლობაში ან მის პირად საკუთრებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სავალდებულო იყო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილიყო ზ. ქ-ის უფლებრივი კავშირი სადავო მიწის ნაკვეთთან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაითვლებოდა იგი დაინტერესებულ მხარედ. საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო ქონებაზე ზ. ქ-ის რაიმე უფლების არსებობას, სწორედ ამიტომ, აღნიშნული ნაკვეთის სხვა პირთათვის მიკუთვნების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს ზ. ქ-ისა და, შესაბამისად, მისი მემკვიდრის - რ. ქ-ის კანონიერ ინტერესებზე. სწორედ ამიტომ, ზ. ქ-ე არ წარმოადგენდა დაინტერესებულ მხარეს მოცემული ადმინისტრაციული წარმოებისას და, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს, მიწის სარეფორმო კომისიას, მისი მოწვევისა და წარმოებაში ჩართვის არანაირი ვალდებულება არ ეკისრებოდა.

კასატორების განმარტებით, სარჩელით მოთხოვნილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც მათ მიენიჭათ უფლება მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოცემული აქტი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს, რომელიც გამოიცა 2001 წელს და მის მიმართ კასატორებს (მესამე ოურებს) აქვთ კანონიერი ნდობა. შესაბამისად, სადავო აქტის ბათილად ცნობით მათ მიადგებათ ზიანი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტი არღვევდა რ. ქ-ის, როგორც ზ. ქ-ის მემკვიდრის უფლებებსა და ინტერესებს, რადგან სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ზ. ქ-ის კომლის ქონებას, თუმცა საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ზ. ქ-ის კომლის ქონების შემადგენლობაში იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, მიიჩნია რა რ. ქ-ე იმ პირად, რომლის ინტერესები და უფლებები ირღვევა სადავო აქტით. სინამდვილეში, არც ზ. ქ-ეს და არც მის მეკვიდრეს - რ. ქ-ეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ და არც ამჟამად აქვთ სადავო მიწის ნაკვეთთან და აღნიშნული მიწის ნაკვეთის გ. ქ-ის კომლისთვის გადაცემით მათ უფლებებსა და ინტერესებს რაიმე სახის ზიანი არ მიდგომია. ამასთან, სახეზე არ არის ასევე სზაკ-ის მე-60 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა დაუშვებელია, ვინაიდან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს, რომლის მიმართაც კასატორებს გააჩნდათ კანონიერი ნდობა და რომელიც არ არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

კასატორების განმარტებით, წინამდებარე დავაზე მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს კვლევის საგანი იყო ამავე მხარეთა შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე, კერძოდ, რ. ქ-ემ სამოქალაქო სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა კასატორებისათვის (მოპასუხეები) ქმედების დავალდებულება - მოეხდინათ საჯარო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის გზით, რომლის საზღვრები დაემთხვეოდა მოსარჩელის მიერ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით 2017 წლის 4 აპრილის №- განაცხადის წარდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საზღვრებს. რ. ქ-ის აღნიშნული სარჩელიც ემყარებოდა ზუსტად იმავე ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებსაც ემყარება განსახილველი ადმინისტრაციული საქმე. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად და რ. ქ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე (2/3-561-2018) დაადგინა, რომ მოსარჩელეს (რ. ქ-ეს) სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არცერთი მტიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ზ. ქ-ეს ეკუთვნოდა. სასამართლოს განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით იმის დადგენა, რომ ზ. ქ-ის ნაკვეთი სადავო ნაკვეთს მოიცავდა, შეუძლებელია. საყურადღებოა, რომ საქმე მიმდინარეობდა იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე, ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებითა და მტკიცებულებებით. აღნიშნულ საქმეშიც რ. ქ-ე იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ზ. ქ-ეს ეკუთვნოდა, ზუსტად იმავე მტკიცებულებებითა და იმავე მოწმეთა ჩვენებებით ცდილობდა, რომლებითაც წინამდებარე საქმეში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება რ. ქ-ის მიერ გასაჩივრდა საკასაციო წესით, საკასაციო პალატა კი, სრულად დაეთანხმა სააპელაციო პალატის მოსაზრებებს და საკასაციო საჩივარი, მისი დაუშვებლობის გამო, განუხილველად დატოვა. შესაბამისად, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ფაქტი, რომ სადავო 950.63 კვ.მ მიწის ფართობი არ წარმოადგენდა ზ. ქ-ის კომლის ქონებას, მის საკუთრებას, აღნიშნული ფაქტი უნდა შეფასებულიყო როგორც პრეიუდიცია და განსახილველ საქმეზე აღნიშნული ფაქტის მტკიცების საკითხი საერთოდ არ უნდა დამდგარიყო.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელე რ. ქ-ე თავისი სარჩელით ითხოვდა მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობას და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, რაშიც, თავის მხრივ, იგულისხმება კასატორების საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება სადავო 950.63 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები ჩამოთვლილია ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლში, რომელიც აწესებს, რომ რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბათილად, არარად და ა.შ. არის ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტი. სსსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. შესაბამისად, რ. ქ-ეს უნდა მოეთხოვა იმ აქტის გაუქმება, რომელიც წარმოადგენდა სადავო ნაკვეთზე მესამე პირთა საკუთრების უფლების წარმოშობის სარეგისტრაციო დოკუმენტს, სწორედ ამ გზით იქნებოდა შესაძლებელი საჯარო რეესტრის მონაცემების ცვლილებების შედეგზე გასვლა. მოსარჩელე ითხოვს მიწის სარეფორმო კომისიის სხდომის ოქმის ბათილობას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, ამიტომ მისი ბათილობის შემთხვევაშიც კი, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება შეუძლებელია. საყურადღებოა, რომ საკუთრების უფლების სარეგისტრაციო დოკუმენტს მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს არა ხსენებული სხდომის ოქმი, რომელიც დანართად ერთვის სარეგისტრაციო დოკუმენტს, არამედ საარქივო ცნობა - ჩანაწერები საკომლო წიგნიდან გ. ქ-ის კომლის შესახებ. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლოს ჰქონოდა შესაძლებლობა, ემსჯელა საჯარო რეესტრის მონაცემთა ცვლილების მოთხოვნაზე, აუცილებელი იყო, რომ მოსარჩელეს სადავოდ გაეხადა სარეგისტრაციო დოკუმენტიც - საკომლო წიგნის ამონაწერი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმება არ მოუთხოვია, ხოლო სადავო სხდომის ოქმი არ წარმოადგენს კასატორთა კუთვნილ სადავო ქონებაზე სარეგისტრაციო დოკუმენტს ან/და როგორც მინიმუმ ერთადერთ სარეგისტრაციო დოკუმენტს. შესაბამისად, აუცილებელი იყო ხელვაჩაურის არქივში დაცული საკომლო წიგნის, გ. ქ-ის კომლის შესახებ ამონაწერის გაუქმების/ცვლილების შეტანის მოთხოვნის წამოყენებაც, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, სადავო ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის მონაცემების ცვლილების განხორციელების თაობაზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ქ-ის, მ. ქ-ის, გ. ქ-ის, ლ. ბ-ის, გ. ქ-ის, ა. ქ-ისა და დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით თ. ქ-ის, მ. ქ-ის, გ. ქ-ის, ლ. ბ-ის, გ. ქ-ის, ა. ქ-ისა და დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ქ-ის, მ. ქ-ის, გ. ქ-ის, ლ. ბ-ის, გ. ქ-ის, ა. ქ-ისა და დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) მოსარჩელე რ. ქ-ის ბებიის - ზ. ქ-ის კომლს, საკომლო ჩანაწერების მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ერიცხებოდა 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდგომ, ფაქტობრივი ფლობითა და ზ. ქ-ის მიერ 16.06.1987წ. დამოწმებული ანდერძის საფუძველზე, მიიღო მოსარჩელე რ. ქ-ემ, რომლის სახელზეც 2016 წლის 12 აგვისტოს გაიცა სამკვიდრო მოწმობა (ტ.1, ს.ფ. 19-20, 26-28); ბ) 2018 წლის 31 ოქტომბერს რ. ქ-ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში არსებულ, ზ. ქ-ისაგან მემკვიდრეობით მიღებულ 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, რაზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 6 ნოემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №..., რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდებოდა ზედდება №... საკადასტრო კოდთან, თანამესაკუთრეები: გ. ქ-ე, დ. ქ-ე, გ. ქ-ე, ა. ქ-ე, მ. ქ-ე, ლ. ბ-ე, თ. ქ-ე (ტ.1, ს.ფ. 30); გ) 29.10.2018 წელს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ 2015 წლის 7 ივლისის №... განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 12 აგვისტოს განხორციელდა უფლების რეგისტრაცია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 3600 კვ.მ (დაზუსტებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია №... (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №01/2, საერთო ფართით - 183.59 კვ.მ) და რომელიც თანასაკუთრების უფლებით ირიცხება ა. ქ-ის, გ. ქ-ის, გ. ქ-ის, დ. ქ-ის, თ. ქ-ის, მ. ქ-ის და ლ. ბ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია - 07.10.2014 წლის №AA2015055855-03 საარქივო ცნობა; უფლების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 12.08.2015 წელი (ტ.1, ს.ფ. 17-18); დ) 31.10.2018 წლის №AA2018027960-03 საარქივო ცნობით ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ას თემის საკრებულოს დოკუმენტებით სოფელ ...ის 1996-2000 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ქ-ე გ. არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ქ-ე გ. - ოჯახის უფროსი; ქ-ე ა. - ცოლი; ქ-ე თ. - შვილი; ბ-ე ლ. - რძალი; ქ-ე გ. - შვილიშვილი; ქ-ე მ. - შვილიშვილი; სოფელ ...ის, ...ის და ...ის 2001-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ქ-ე გ. არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ქ-ე გ. - ოჯახის უფროსი; ქ-ე ა. - ცოლი; ქ-ე თ. - შვილი; ბ-ე ლ. - რძალი; ქ-ე გ. - შვილიშვილი; ქ-ე მ. - შვილიშვილი; ქ-ე დ. - შვილიშვილი; 1996-2001 წლებში კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა იყო 0.25ჰა, 2005-2006 წლებში - 0.50 ჰა. 2002 წელს კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი 160 კვ.მ ფართის ოდენობით. ცნობას დაერთო გ. ქ-ის შესახებ ...ას თემის საკრებულოს სოფელ ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 15.04.2001 წლის №15 ოქმი. ამავე ცნობით ირკვევა, რომ მიწის ფართობის შერჩევის, დათვალიერების, მიზომვისა და მიღება-ჩაბარების აქტები ხელვაჩაურის არქივში სახელმწიფო დაცვაზე შესანახად არ შესულა (ტ.1, ს.ფ. 25); ე) ...ას თემის საკრებულოს სოფელ ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის №15 საოქმო გადაწყვეტილებით გ. ქ-ის კომლს, რომელსაც ერიცხებოდა 0,25 ჰა, შეევსო 0,25 ჰექტრით, სულ ერიცხება 0,50 ჰა. ამავე ოქმით დადგინდა, რომ მიწის სარეფორმო სხდომამ დაამტკიცოს წარმოდგენილი დათვალიერებები, სქემატური გეგმები, რომლის მიხედვით მიეზომება კომლებს მიწის ფართობები. ოქმის საფუძველზე გამოიყო მიწის მიმზომი კომისია ოთხი კაცის შემადგენლობით: გ. ნ-ე - მიწათმომწყობი, თ. ქ-ე - სოფლის გამგებელი, გ. მ-ე - საკრებულოს ახალგაზრდობის ხელმძღვანელი, დ. ქ-ე - სარეფორმო კომისიის წევრი. კომისიას დაევალა 10 დღის ვადაში წარმოადგინოს მიზომვის აქტები დათვალიერების აქტების მიხედვით (ტ.1, ს.ფ. 16).

მოცემული ადმინისტრაციული დავის ფარგლებში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია (ა) ხელვაჩაურის რაიონის ...ას თემის საკრებულოს ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის №15 სხდომის ოქმი გ. ქ-ის კომლის კუთვნილი 0.25 ჰა მიწის ნაკვეთის 950,63 კვ.მ მიწის ფართობით შევსების ნაწილში, ასევე (ბ) მოთხოვნილია სათანადო ცვლილებები იქნეს შეტანილი საჯარო რეესტრში.

საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პირველ რიგში, დადგინდეს გასაჩივრებული და სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი დოკუმენტის მიმართ, რომელიც მესამე პირებს გარკვეულ უფლებას ანიჭებს, მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და მისი რეალური მიზანი, რისი მიღწევაც სურს მოსარჩელეს მოცემული დავის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული დანაწესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე პრინციპს განამტკიცებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება კონსტიტუციითა გარანტირებული, მხარის მიერ სარჩელის სასამართლოში წარდგენისას სასამართლო ვალდებულია პირველ რიგში დაადგინოს მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის არსებობა. თავის მხრივ, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესი სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა, ამასთანავე, ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს. სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებასა და ინტერესზე ან უკანონოდ უნდა იზღუდებოდეს პირის უფლება (შედ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2022წ. განჩინება საქმეზე №ბს-463(კ-19)). მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის ინტერესს, რომელიც უნდა იყოს კანონიერი და პატივსადები. ინტერესის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება, თუმცა იგი ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საბაბის ფაქტები: უფლების დარღვევა, დარღვევის საშიშროება, ინტერესების შელახვა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის №ბს-764-764(2კს-18) განჩინება)“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც იგი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირებისაკენ არის მიმართული ან შეეხება ცალკეულ, კონკრეტულ შემთხვევებს. ამავდროულად, იგი თავისი ბუნებით არის ,,ერთჯერადი’’ და მასში აისახება კონკრეტული საქმის ვითარება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, როგორც ღონისძიებას, რომელიც მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ ე.ი. ის აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 3600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობა №01/2, საერთო ფართით - 183.59 კვ.მ, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში, საკადასტრო კოდით №..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა. ქ-ის, გ. ქ-ის, გ. ქ-ის, დ. ქ-ის, თ. ქ-ის, მ. ქ-ის და ლ. ბ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 07.10.2014 წლის №AA2015055855-03 საარქივო ცნობა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე, კერძოდ, საკუთრების, იპოთეკის, გირავნობის, ყადაღის და სხვა სამართლებრივ უფლებათა. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის, საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად აღიარებული და ხელშეუვალია.

რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის მას უნდა ჰქონდეს ამ ქონების კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლები. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან სარეგისტრაციო დოკუმენტი უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ის პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ და უზრუნველყოფილ საკუთრების უფლებასთან. ამასთან, სარეგისტრაციო დოკუმენტის მნიშვნელობაზე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე სადავოდ ხდის ხელვაჩაურის რაიონის, ...ას თემის საკრებულოს ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმს, რომლითაც გ. ქ-ის კომლს დამატებით გამოეყო 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი (ოქმი სადავოა 950,63 კვ.მ მიწის ფართობით შევსების ნაწილში). აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობის ინტერესად მოსარჩელეს მითითებული აქვს მესამე პირთა სახელზე №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, რომლის 950,63 კვ.მ-ზე თავად აცხადებს პრეტენზიას, თუმცა საყურადღებოა, რომ საქმის მასალების მიხედვით (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), გასაჩივრებული ოქმი არ არის გამოყენებული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უფლების დამდგენ დოკუმენტად. ამასთან, სასამართლოთა მიერ არც ის ფაქტობრივი გარემოებაა დადგენილი, რამდენად გახდა 07.10.2014 წლის №AA2015055855-03 საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთის შესახებ მონაცემების საფუძველი სადავო ოქმი.

„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებით განისაზღვრა, რომ მიწების ადრინდელ მესაკუთრეებს ან მათ მემკვიდრეებს მიწა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში მიეცემათ საერთო საფუძველზე. ამასთან შესაძლებლობის შემთხვევაში მათ პირველ რიგში გამოეყოფათ ყოფილი მიწებიდან ნაკვეთი ნორმის ფარგლებში. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში. ადგილობრივი ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალა საკარმიდამო ფართობის გადიდება ბარში და ზეგანზე 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთაში - 3 ჰექტარამდე. დადგენილების მე-11 პუნქტის თანახმად, მიწების გაცემას ახდენს სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში.

„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების პირველი პუნქტის მიხედვით, დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით: ა) სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის, სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში - 3 ჰექტარამდე; ბ) სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის, ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,5 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში - 3 ჰექტარამდე; გ) ქალაქად მცხოვრებთათვის, რომელთაც საკუთრების უფლებით მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი, და ქალაქად მცხოვრები იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც სურთ სოფლად მიიღონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0, 15 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში - 1 ჰექტარამდე.

„საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 და 6 თებერვლის №128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილების მე-6 პუნქტით შეიცვალა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების 1-ლი პუნქტი და ჩამოყალიბდა იგი შემდეგი რედაქციით: ,,დაწესდეს საკუთრებაში მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად და მათ მიზნობრივ გამოყენებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით: - სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის და სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში - 1 ჰექტარამდე, ხოლო იმ რაიონებში, სადაც ამის შესაძლებლობაა - 1,25 ჰექტარამდე, მთის რაიონებში - 5 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 1 ჰექტარამდე); - სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში - 5 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 0,75 ჰექტარამდე); - ქალაქად მცხოვრებთათვის, რომელთაც საკუთრების უფლებით მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი, და ქალაქად მცხოვრები იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც სურთ სოფლად მიიღონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები საგარეუბნო ზონებში - 0,15 ჰექტარამდე, ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,25 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში - 1 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 0,25 ჰექტარამდე); - რაიონული დაქვემდებარების ქალაქებისა და დაბების დამტკიცებულ საზღვრებში მუდმივად მცხოვრებ და მომუშავე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მოქალაქეთათვის - 0,75 ჰექტარამდე, ხოლო სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის (რომლებიც ცხოვრობენ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე მიმაგრებულ მიწებზე) - 0,5 ჰექტარამდე’’

საკასაციო სასმართლო განმარტავს, რომ მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემასთან ერთად, ზემოდასახელებული საკანონმდებლო რეგულაციებით ასევე დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები. სწორედ აღნიშნული წესის საფუძველზე მოიპოვა გ. ქ-ის კომლმა საკუთრების უფლება 0,50 ჰა მიწის ნაკვეთზე. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის და არც სასამარლოთა მიერ არ არის დადგენილი, რომ გ. ქ-ის კომლს არ ჰქონდა უფლება მასზედ რიცხული 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი შეევსო 0,25 ჰექტარით და საერთო ჯამში საკუთრების უფლება მოეპოვებინა 0,50 ჰა მიწის ნაკვეთზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის სარეფორმო კომისიამ 15.04.2001 წელს №15 ოქმის საფუძველზე გ. ქ-ის კომლს ისე შეუვსო მიწის ნაკვეთი 0.25 ჰა ფართობით, რომ არ განუსაზღვრავს და არ დაუზუსტებია, თუ სად მდებარეობდა გამოყოფილი ნაკვეთი, ასევე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რეალურად არ არსებობს ოქმში მოხსენიებული, არც სქემატური გეგმები და არც მიწის მიზომვის აქტები. საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიხედვით, იმავე განმარტებას აკეთებს რ. ქ-ე, კერძოდ, განჩინებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე რ. ქ-ის განმარტებით, კომისიამ გ. ქ-ის კომლს ისე შეუვსო მიწის ნაკვეთი 0.25 ჰა ფართობით, რომ არ განუსაზღვრავს და არ დაუზუსტებია, თუ სად მდებარეობდა გამოყოფილი ნაკვეთი, არ გაურკვევია მიწის ნაკვეთის შევსება ხომ არ აყენებდა რაიმე ზიანს გ. ქ-ის მომიჯნავედ მცხოვრები ზ. ქ-ის კანონიერ ინტერესებს. არ მომხდარა ადგილის დათვალიერება, არ არსებობს ოქმში მოხსენიებული სქემატური გეგმები და მიწის მიზომვის აქტები. მიწის ნაკვეთი უნდა გაცემულიყო სარეფორმო ფონდიდან, კომისიამ კი ყოველგვარი შესწავლის გარეშე გ. ქ-ის კომლს განუსაზღვრელ ადგილზე, აბსტრაქტულად გამოუყო 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი. ანუ სააპელაციო პალატამ ბათილად ცნო გასაჩივრებული ოქმი ნაწილობრივ და აღნიშნულით კასატორებს გაუუქმა საკუთრების უფლება 950 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ისე, რომ არ დაუდგენია გასაჩივრებულ აქტში მითითებული მიწის ნაკვეთი ნამდვილად მდებარეობდა თუ არა დღეისათვის კასატორთა სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ადგილზე. შესაბამისად, ასეთ პირობებში დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, რომ 2001 წლის ოქმით გ. ქ-ის კომლს გადაეცა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მესამე პირებს ხელვაჩაურის რაიონის ...ას თემის საკრებულოს ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმით მოპოვებული აქვთ უფლება მიწის ნაკვეთზე. ამასთან, მითითებულ ოქმში მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა მითითებული არ არის, აღნიშნულის დადგენის გარეშე კი შეუძლებელია დავასკვნათ, რომ მესამე პირებს გასაჩივრებული ოქმით მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი გადაეცათ. თუ სასამართლო დაადგენს, რომ გასაჩივრებული ოქმით მესამე პირებს არ გადასცემიათ სადავო მიწის ნაკვეთი და მიუხედავად ამისა, სწორედ ამ ოქმის საფუძველზე განხორციელდა მათი საკუთრების უფლების რეგისტრაცია №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, აღნიშნული წარმოადგენს მოთხოვნების ტრანსფორმირებისა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების წინაპირობას, რამდენადაც, ასეთ ვითარებაში, სასარჩელო მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძველები არ არის ერთმანეთთან შესაბამისობაში, კერძოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათის მიუხედავად, სარჩელის უფლება დისპოზიციურია, სასამართლო შებოჭილია მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებით. მოთხოვნის (სარჩელის საგნის) შეცვლის ან მისი გადიდების უფლება აქვს მხოლოდ მოსარჩელეს (სსკ-ის 83.2 მუხ.), სასამართლოს არ აქვს უფლება მიაკუთნოს მოსარჩელეს იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, საქმის მასალებით კიდეც რომ დასტურდებოდეს უფრო მეტის მოთხოვნის საფუძველი (სსკ-ის 258-ე მუხ.). ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის მიხედვით, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. მართალია, მოსარჩელე თავად ირჩევს სარჩელის სახეს, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განსაზღვრავს დავის საგანს, სარჩელის შინაარსს, მოცულობას და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს ვალდებულებას დაადგინოს სარჩელის აღძვრის მიზანი და დაეხმაროს მოსარჩელეს მიზნის შესაბამისად მოთხოვნის ჩამოყალიბებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ საქმის განხილვისას დადგინდება, რომ ხელვაჩაურის რაიონის, ...ას თემის საკრებულოს ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმით მესამე პირებს გადაეცათ სადავო მიწის ნაკვეთი და მოსარჩელე სადავოდ ხდის საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერებას იმაზე მითითებით, რომ მოპასუხეებისათვის საკუთრების გადაცემის საფუძვლები საერთოდ არ არსებობდა, მაშინ გასაჩივრებული ოქმის ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელეს აქვს იურიდიული ინტერესი და მისი რეალური მიზნის მიღწევა მოცემული დავის ფარგლებში შესაძლებელია, ხოლო თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკუთრება მართლზომიერად წარმოიშვა, თუმცა საკუთრების დამდგენი დოკუმენტებით მესამე პირებს გადაეცათ სხვა ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები, ასეთ შემთხვევაში დაუსაბუთებელია მოსაზრება უფლებადამდგენი დოკუმენტების გასაჩივრების საჭიროების შესახებ. თუ სასამართლო დაადგენს, რომ გასაჩივრებული ოქმით მესამე პირებს არ გადასცემიათ სადავო მიწის ნაკვეთი და მიუხედავად ამისა, სწორედ ამ ოქმის საფუძველზე განხორციელდა მათი საკუთრების უფლების რეგისტრაცია №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე (სადავო 950,63 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ნაწილში), აღნიშული წარმოადგენს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე დავის საფუძველს და არა თავად ოქმის ბათილად ცნობის წინაპირობას, რომლის საფუძველზეც კასატორებს (მესამე პირებს) ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, მოპოვებული აქვთ უფლება მიწის ნაკვთზე.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ’’ დებულებაზე და განმარტა, რომ საკანონმდებლო ორგანომ მკვეთრი ზღვარი გაავლო დადგენილი წესის (პროცედურის) დარღვევით მიღებულ მიწებთან დაკავშირებით, რითაც გამოირიცხა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პროცედურის დაცვის გარეშე გაცემულ მიწებზე საკუთრების უფლების გადაცემის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანოები შებოჭილნი არიან საკანონმდებლო ორგანოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი პოლიტიკით, რის გამოც ვალდებულნი იყვნენ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეემოწმებინათ მიწის გადაცემის ფორმალური მხარე.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებით განსაზღვრულია ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა ...ას თემის საკრებულოს სოფელ ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის №15 საოქმო გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა გ. ქ-ის კომლისათვის და აღნიშნული არ განხორციელებულა როგორც ქალაქად და რაიონულ ცენტრში (დაბაში) მცხოვრები პირისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ქ-ის, მ. ქ-ის, გ. ქ-ის, ლ. ბ-ის, გ. ქ-ის, ა. ქ-ისა და დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ქ. ცინცაძე