Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-899(კ-22) 15 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

კასატორები (მოსარჩელეები) - გ. ც-ე, გი. ც-ე, გვ. ც-ე, ნ. ო-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქმედების უკანონოდ ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 17 თებერვალს გ. ც-ემ, გი. ც-ემ, გვ. ც-ემ და ნ. ო-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვეს მოსარჩელეების ნაწილში „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 02 სექტემბრის №04-1512/ო ბრძანების ბათილად ცნობა; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; აღსრულების დასრულების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 16 იანვრის №A19173034-009/001 წერილის უკანონოდ ცნობა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის №3/4699-17 სააღსრულებლო ფურცლის მოთხოვნის აღსრულების დავალება.

სარჩელის მიხედვით, 2020 წლის 18 იანვარს მოსარჩელეებს ჩაჰბარდათ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 16 იანვრის №A19173034–009/001 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 02 სექტემბრის №04-1512/ო ბრძანება, რომლითაც ეცნობათ, რომ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა - ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ, აღსრულებული იყო, რადგანაც სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2019 წლის 02 სექტემბერს გამოსცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება №04-1512/ო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 ნოემბრის №04/60881 წერილით ირკვევა, რომ მოსარჩელეებთან მიმართებაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა განხორციელდა კერძო საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის ღონისძიების ფარგლებში, რაც არ წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან ადმინისტრაციული საჩივრით, სარჩელით, გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით და საქმის სასამართლო განხილვით უტყუარად იყო დადგენილი და დადასტურებული, რომ მოსარჩელეების მოთხოვნას შეადგენდა მხოლოდ და მხოლოდ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა (რაც სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული) და არა სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის, თუნდაც საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეების მიმართ საჯარო უფლებამოსილება განხორციელდა კანონდარღვევით, რის გამოც უხეშად დაირღვა მათი კანონიერი უფლებები და ინტერესები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით გ. ც-ის, გი. ც-ის, გვ. ც-ისა და ნ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ტერმინი ,,დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა“ გულისხმობდა არა მხოლოდ დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას, არამედ, მათი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას, მათ შორის, დევნილისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარე არ უარყოფდა იმ ფაქტს, რომ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, სწორედ ის განსაზღვრავდა, თუ რა ფორმით სურდა მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. უდავო იყო, რომ ნ. ო-ის ოთხსულიან ოჯახს 2015 წლის 31 მარტს შევსებული ჰქონდა განაცხადი კერძო სახლის/ბინის შესყიდვის თაობაზე. ამასთან, გ. ც-ემ, ნ. ო-მა, გი. ც-ემ და გვ. ც-ემ 2017 წლის 24 მარტს №13973/01 განცხადებით კვლავ მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, სადაც მიუთითეს გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ნორმები და მოითხოვეს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-4, მე-6, მე-12, მე-13, მე-17, მე-19 მუხლების დაცვით მათი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია 2017 წლის 24 მარტს წარდგენილი №13973/01 განცხადების საცხოვრებელი ფართის გადაცემის მოთხოვნად მიჩნევის შესახებ და აღნიშნა, რომ მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები კონკრეტულად განსაზღვრავდა განცხადების ფორმებს, იმის მიხედვით, თუ რა სახის მოთხოვნა ჰქონდა დევნილ ოჯახს. ამასთან, შევსებული განცხადებების შესაბამისად, ინდივიდუალურად ხდებოდა განცხადებაში მოთხოვნილი პირობების შესწავლა და შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ არ იყო წარდგენილი განცხადება, რომელიც ითვალისწინებდა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართის გადაცემას, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას თვითნებურად, კანონით დადგენილი წესით შევსებული განცხადების არარსებობის პირობებში, ემსჯელა მოსარჩელეებისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე, მაშინ, როდესაც, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელეთა მიერ შედგენილი, 2015 წლის 31 მარტის განცხადება, შესაბამისი ფორმის დაცვით, რომლითაც ისინი ითხოვდნენ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით გ. ც-ის, გი. ც-ის, გვ. ც-ისა და ნ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, სწორედ განმცხადებელი განსაზღვრავდა, თუ რა ფორმით სურდა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ამასთან, წინამდებარე შემთხვევაში უდავოდ დადგენილი იყო, რომ ნ. ო-ის ოთხსულიანმა ოჯახმა 2015 წლის 31 მარტს შეავსო განაცხადი კერძო სახლის/ბინის შესყიდვის თაობაზე. ამასთან, გ. ც-ემ, ნ. ო-მა, გი. ც-ემ და გვ. ც-ემ 2017 წლის 24 მარტს №13973/01 განცხადებით, კვლავ, მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, სადაც მიუთითეს გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ნორმები და მოითხოვეს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-4, მე-6, მე-12, მე-13, მე-17, მე-19 მუხლების დაცვით მათი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. გ. ც-ემ, ნ. ო-მა, გი. ც-ემ და გვ. ც-ემ 2017 წლის 19 მაისს №22511/01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და აღნიშნეს, რომ რეაგირების გარეშე დარჩა 2017 წლის 24 მარტის მოთხოვნა მათი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ. შესაბამისად, განმცხადებლებმა მოითხოვეს ადმინისტრაციული ორგანოს ე.წ. ვირტუალური უარის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მათი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. სწორედ აღნიშნული საჩივრის საფუძველზე იქნა მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს უარი მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, რაც გულისხმობდა, 2015 წლის 31 მარტს წარდგენილ განცხადებაზე რეაგირებას და შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარს. სააპელაციო პალატამ საქალაქო სასამართლოს მსგავსად არ გაიზიარა აპელანტთა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის 24 მარტს წარდგენილი №13973/01 განცხადება წარმოადგენდა ახალ მოთხოვნას მათთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართის გადაცემასთან დაკავშირებით, რადგან მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ამომწურავად იყო დადგენილი განცხადების ფორმები იმის მიხედვით, თუ რა სახის მოთხოვნა ჰქონდა დევნილ ოჯახს. ამასთან, შევსებული განცხადებების შესაბამისად, ინდივიდუალურად ხდებოდა განცხადებაში მოთხოვნილი პირობების შესწავლა და შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტთა მიერ არ იყო წარდგენილი განცხადება, რომელიც ითვალისწინებდა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართის გადაცემას, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას თვითნებურად, კანონით დადგენილი წესით შევსებული განცხადების არარსებობის პირობებში, ემსჯელა მოსარჩელეებისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე, მაშინ, როდესაც, საქმეში წარმოდგენილი იყო მოსარჩელეთა მიერ შედგენილი 2015 წლის 31 მარტის განცხადება, შესაბამისი ფორმის დაცვით, რომლითაც ისინი ითხოვდნენ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ც-ემ, გი. ც-ემ, გვ. ც-ემ და ნ. ო-მა, რომლებმაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა არა განმცხადებლების 2017 წლის 24 მარტის, არამედ 2015 წლის 31 მარტის განცხადებასთან მიმართებით, რომელთან დაკავშირებით 2015 წელს გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც განმცხადებლებს უარი ეთქვათ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე. კასატორთა მითითებით, საგულისხმოა, რომ განმცხადებლებს იმ დროისათვის შერჩეული ჰქონდათ კერძო საკუთრების საცხოვრებელი სახლი, და თანხა (ოცი ათასი ლარი), რომელსაც მოითხოვდნენ, იმ დროისათვის საკმარისი იყო მის შესაძენად, თუმცა ხუთი წლის შემდეგ არსებითად შეიცვალა როგორც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ისე გ. ც-ის და ნ. ო-ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მათი ოთხსულიანი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა. ამდენად, ახლი ფართის მოძიება ოცი ათასი ლარის ფარგლებში 2017 წელს და მის შემდეგ შეუძლებელი იყო. აღნიშნული გარემოება როგორც პირველი ინსტანციის, ისე მეორე ინსტანციის სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა.

განსახილველ საქმეზე მოსარჩელეთა ინტერესი უკავშირდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის აღსრულებას. მოცემული გადაწყვეტილებით დამთავრებულ ადმინისტრაციულ საქმეში გამოკვეთილი იყო სარჩელის მიზანი - გ. ც-ის, ნ. ო-ის, გი. ც-ის, გვ. ც-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა (რაც სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული) და არა სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საცხოვრებელი ფართის შესყიდვასთან დაკავშირებით ფულადი დახმარების შესახებ მოთხოვნა ადმინისტრაციულ ორგანოში მოსარჩელეების მიერ წარდგენილი იყო 2015 წლის 31 მარტის განცხადებით, თუმცა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ, რაც მათ მიერ არ გასაჩივრებულა ანუ 2015 წლის 31 მარტის განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა. რაც შეეხება განმცხადებლების მიერ წარდგენილ 2017 წლის 24 მარტის განცხადებას, აღნიშნული განცხადებით მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი იქნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და არა საცხოვრებელი ბინის შესყიდვასთან დაკავშირებით ფულადი დახმარება. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება არა 2015 წლის 31 მარტის, არამედ 2017 წლის 24 მარტის განცხადებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ორგანო მიიჩნევდა, რომ განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი განცხადება არ იყო შევსებული კანონით დადგენილი წესით, მას უნდა შეესრულებინა სზაკ-ის 85-ე მუხლით დადგენილი სამართლებრივი დახმარების ვალდებულება და ამავე კოდექსის 83.1 მუხლის თანახმად დაედგინა ხარვეზი, განემარტა განმცხადებლებისათვის ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება, გამოერკვია და დაეზუსტებინა, თუ რას შეადგენდა განმცხადებლების მოთხოვნა, მიეცა განმცხადებლებისათვის საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიეღო გადაწყვეტილება. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განიხილა მოსარჩელეების მიერ 2017 წლის 24 მარტს წარდგენილი განცხადების მოთხოვნა, თუმცა კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა მოსარჩელეების მიერ მიჩნეულ იქნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემაზე უარის თქმად, რაც გასაჩივრდა ზემდგომ ორგანოში, რომლის მიერ 2017 წლის 15 ივნისს გამოცემული №05- 01/06/15723 გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით.

კასატორთა მითითებით, თავდაპირველ სარჩელში გამოკვეთილი იყო მოსარჩელეების კანონიერი ინტერესი - საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა (რაც სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული) და არა სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვით, მათ შორის, სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვებით და მოწინააღმდეგე მხარის პასუხებით ცალსახად დადასტურდა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს, ვერ დაასაბუთა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით რატომ დაიწყო განმცხადებლების მიერ 2015 წლის 31 მარტის განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება ხელახლა მაშინ, როდესაც ამ განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იმავე წელს დასრულდა და მხარის მიერ არც გასაჩივრებულა.

კასატორთა მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნათლად დასტურდება, რომ საქმის განმხილველი სასამართლოები ვერ ან/და არ გაერკვნენ საქმის არსში, ვერ გამოკვეთეს და ვერ დაადგინეს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც საქმეზე გამოტანილია არასწორი, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაუქმდეს.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო პალატამ დაადასტურა, რომ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, სწორედ განმცხადებელი განსაზღვრავს, თუ რა ფორმით სურს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ამასთან, წინამდებარე შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ნ. ო-ის ოთხსულიანმა ოჯახმა 2015 წლის 31 მარტს შეავსო განაცხადი კერძო სახლის/ბინის შესყიდვის თაობაზე, თუმცა ამ განცხადების განხილვის შედეგების შესახებ მსჯელობას სადავო გადაწყვეტილება არ შეიცავს; კერძოდ: სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა და არ დაადგინა წარმოადგენდა თუ არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებულ ადმინისტრაციულ საქმეში დავის საგანს განმცხადებლების მიერ 2015 წლის 31 მარტს წარდგენილი განცხადების განხილვის შედეგად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა და არ დაადგინა ის გარემოება, რომ 2015 წლის 31 მარტის განცხადების მოთხოვნაზე განმცხადებლებს უარი ეთქვათ, რაც განმცხადებლების მიერ არ გასაჩივრებულა და აქედან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 2015 წლის 31 მარტის განცხადების საფუძველზე ვერ დაევალებოდა.

კასატორთა მოსაზრებით, გაუგებარი და დაუსაბუთებელია პალატის დასკვნა იმის შესახებ, თუ რატომ არ წარმოადგენს განმცხადებლების 2017 წლის 24 მარტის განცხადება ახალ მოთხოვნას იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ საერთოდ არც განიხილა 2017 წლის 24 მარტის განცხადება და ვირტუალურ უართან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის საფუძველზე მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს უარი მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, რატომ გულისხმობდა სწორედ 2015 წლის 31 მარტს წარდგენილ განცხადებაზე რეაგირებას და შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ც-ის, გი. ც-ის, გვ. ც-ისა და ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ნოემბრის განჩინებით გ. ც-ის, გი. ც-ის, გვ. ც-ისა და ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე. 2022 წლის 24 ნოემბერს, მორიგების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ მოწვეულმა მხარეებმა მორიგებას ვერ მიაღწიეს, შესაბამისად, საქმის განხილვა გადაიდო ზეპირი მოსმენის გარეშე 2022 წლის 15 დეკემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ც-ის, გი. ც-ის, გვ. ც-ისა და ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ნ. ო-ის ოთხსულიანმა ოჯახმა 2015 წლის 31 მარტს შეავსო განაცხადი კერძო სახლის/ბინის შესყიდვის თაობაზე. 2015 წლის 27 მაისს წინასწარი შეფასებით ოჯახს მიენიჭა 1 ქულა კრიტერიუმში: ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე, თუმცა, 2017 წლის 01 ივნისის მდგომარეობით, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, განხორციელდა ნ. ო-ის განაცხადის გადაფასება და ოჯახს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 4 ქულა შემდეგ კრიტერიუმებში: ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1,5 ქულა და დამისამართება თბილისში - 2,5 ქულა. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეთა მიერ 2015 წლის 31 მარტს შევსებულ განაცხადთან (კერძო სახლის/ბინის შესყიდვის შესახებ) დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა ასეთ შემთხვევაში უტოლდება ე.წ. ვირტუალურ უარს, რაც საჩივრდება კანონით დადგენილი წესით (სზაკ-ის 177.2 მუხ.). საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 2015 წლის 31 მარტის განცხადების უარყოფის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების (ვირტუალური უარი) გაუსაჩივრებლობით ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა და მასზე წარმოების განახლება მოსარჩელეთა მიზანს არ წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ გ. ც-ემ, ნ. ო-მა, გი. ც-ემ და გვ. ც-ემ 2017 წლის 24 მარტს №13973/01 განცხადებით კვლავ მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელშიც მიუთითეს, რომ მათი ოჯახი რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში, ... გამზ. №84-ში მდებარე ..., თუმცა, იმის გამო, რომ ამ მისამართზე მათთვის საცხოვრებელი ფართი ვერ იქნა მოძიებული, პერიოდულად ცხოვრობდნენ ხან ნაქირავებ ბინაში, ხანაც ნათესავებთან. განმცხადებელთა მითითებით, ოჯახის წევრთა რიცხოვნების გაზრდის გამო აღარ ჰქონდათ ნათესავთან ცხოვრების შესაძლებლობა და არც ბინის ქირაობის საშუალება. ამასთან, გ. ც-ემ, გაჭირვებისა და გაუსაძლისი ყოფით გამოწვეული ნერვიულობის გამო, გადაიტანა ინსულტი, რის გამოც, სიცოცხლის შენარჩუნებისათვის ესაჭიროებოდა საცხოვრებელი ფართი და შესაბამისი მკურნალობა. შესაბამისად, განმცხადებლებმა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-4, მე-6, მე-12, მე-13, მე-17, მე-19 მუხლების საფუძველზე მოითხოვეს მათი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. აღნიშნული განცხადება ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ რეაგირების გარეშე დატოვა, რის გამოც 2017 წლის 19 მაისს გ. ც-ემ, ნ. ო-მა, გი. ც-ემ და გვ. ც-ემ №22511/01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომლითაც მოითხოვეს ადმინისტრაციული ორგანოს ე.წ. ვირტუალური უარის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მათი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 15 ივნისის №05-01/06/15723 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. ც-ის, ნ. ო-ის, გი. ც-ისა და გვ. ც-ის 2017 წლის 19 მაისის №22511/01 ადმინისტრაციული საჩივარი, იმ მოტივით, რომ ნ. ო-ის და გ. ც-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებით, გასხვისების მიუხედავად, მათი ოჯახი ფაქტობრივად შეუზღუდავად სარგებლობდა და მათი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა.

2017 წლის 05 ივლისს გ. ც-ემ, ნ. ო-მა, გი. ც-ემ და გვ. ც-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით, გ. ც-ის, ნ. ო-ის, გი. ც-ის და გვ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 15 ივნისის №05-01/06/15723 გადაწყვეტილება და მოპასუხეს გ. ც-ის, ნ. ო-ის, გი. ც-ისა და გვ. ც-ის ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ამასთან ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 600 ლარის ოდენობით.

სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ პირის კერძო ინტერესი - დევნილის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელსაც მოუწია იმ მძიმე ვითარების საკუთარ თავზე გადატანა, რაც ცნობილ მოვლენებს მოჰყვა, არის უპირატესი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია, რამეთუ არ მოხდეს მისი უფლებების დარღვევა და არ გულისხმობდეს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას. ყოველივე აღნიშნული სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას მოსარჩლეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №3/4699-17) აღსრულების მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 30 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2019 წლის 02 სექტემბერს გამოსცა №04-1512/ო ბრძანება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №3/4699-17) აღსრულების მიზნით და მოსარჩელის ოჯახი უზრუნველყო გრძელვადიანი საცხოვრებლით, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეოთხე მუხლში გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეოთხე მუხლი ითვალისწინებდა ერთ საცხოვრებელ ფართზე დევნილი ოჯახისათვის ფართის შესყიდვას (ოჯახის წევრების რაოდენობის გათვალისწინებით ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას). სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 16 იანვრის №A19173034-009/001 წერილით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №3/4699-17) აღსასრულებლად გამოცემული სააღსრულებო ფურცელი აღსრულდა ახალი აქტის გამოცემის ნაწილში.

მოსარჩელეთა მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება გულისხმობდა არა ფართის შესყიდვის მიზნით თანხის გადაცემას, არამედ - საცხოვრებელი ფართის მიღებას. ამდენად, წინამდებარე დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მითითებული გარემოების დადგენა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. სახელმწიფო მუდმივად შეიმუშავებს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიას, რათა შეძლებისდაგვარად ეფექტურად იქნეს უზრუნველყოფილი მათი საჭიროებები. სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04/08/2021 N01-30/ნ ბრძანებით) ითვალისწინებდა დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების რამდენიმე შესაძლებლობას. წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ითვალისწინებდა ხსენებული წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვას; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები იყო მათი ერთადერთი საკუთრება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი იყო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც ამ წესის შესაბამისად, ანაწილებდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავდა იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებოდათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. ხოლო წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილი ოჯახის მიერ შევსებული „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმისა“ და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმის“ საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის საკითხი განიხილებოდა კრიტერიუმებისა და წესის მე-6 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით და მე-8-12 პუნქტებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე მიღებული განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი იყო კომისია. კომისია განსაზღვრავდა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას ერთ საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) და შესაბამისად შესასყიდი ფართების (სახლი/ბინა) მაქსიმალურ რაოდენობას. ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალური ოდენობა ერთ საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) განისაზღვრებოდა არა უმეტეს 21000 ლარისა − ოჯახზე, რომელიც შედგებოდა 3 წევრისაგან.

როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეებმა 2015 წლის 31 მარტს შეავსეს განაცხადი კერძო სახლის/ბინის შესყიდვის თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა. 2017 წელს მოსარჩელეებმა ახალი განცხადებით მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ მოსარჩელეთა მიერ 2017 წლის 24 მარტს წარდგენილი №13973/01 განცხადება არ წარმოადგენდა ახალ მოთხოვნას მათთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართის გადაცემასთან დაკავშირებით, რადგან მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ამომწურავად იყო დადგენილი განცხადების ფორმები იმის მიხედვით, თუ რა სახის მოთხოვნა ჰქონდა დევნილ ოჯახს. ამასთან, შევსებული განცხადებების შესაბამისად, ინდივიდუალურად ხდებოდა განცხადებაში მოთხოვნილი პირობების შესწავლა და შეფასება. სასამართლოების მითითებით, მოცემულ შემთხვევაში არ იყო წარდგენილი განცხადება, რომელიც ითვალისწინებდა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართის გადაცემას, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, თვითნებურად, კანონით დადგენილი წესით შევსებული განცხადების არარსებობის პირობებში ემსჯელა ფართის გადაცემის საკითზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა მიერ 2017 წლის 24 მარტს წარდგენილი №13973/01 განცხადებაში მოსარჩელეები ნათლად მიუთითებდნენ, რომ ითხოვდნენ ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფას და მათი ინტერესი არა ფართის შესყიდვას, არამედ ფართის გადაცემას წარმოადგენდა. სწორედ ამ ფარგლებში იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებაში და მოსარჩელეთა სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას არც განცხადების ფორმის დაუცველობაზე და არც საცხოვრებელი ფართის შესყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით. მეტიც, საჩივრის განხილვისას მოსარჩელეებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ არა 2017 წლის 24 მარტს წარდგენილი №13973/01 განცხადების ფორმის დაუცველობით, არამედ საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. ამდენად, გაუგებარია რატომ დაუკავშირეს ადმინისტრაციულმა ორგანომ და ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულება მოსარჩელეთა მიერ 2015 წლის 31 მარტს შევსებულ განაცხადს, მაშინ როდესაც, ადმინისტრაციულ ორგანოში 2017 წელს წარდგენილი იყო ახალი განცხადება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სასამართლო აქტის დასკვნითი ნაწილია, რომელშიც საბოლოო სახით არის წარმოდგენილი სასამართლო განხილვის შედეგები და შესაბამისად იგი ლოგიკურად გამომდინარეობს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შეფასებიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, სარეზოლუციო ნაწილთან ერთად, წარმოადგენს გადაწყვეტილების უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რადგან სწორედ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ხდება გადაწყვეტილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი დასაბუთება.

მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით ნათლად შეიცავდა მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მითითებას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის და არა საცხოვრებელი ბინის შესყიდვასთან დაკავშირებით თანხის გაცემის შესახებ, რა გარემოებაც არ გაითვალისწინა არა მარტო ადმინისტრაციულმა ორგანომ, არამედ ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომაც, რომელმაც 2020 წლის 16 იანვარს №A19173034-009/001 წერილით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 02 სექტემბრის №04-1512/ო ბრძანებაზე მითითებით, უკანონოდ აცნობა მოსარჩელეებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №3/4699-17) აღსრულების შესახებ (მოსარჩელეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ნაწილში), რითაც შეცვალა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული აღსრულებადი მოთხოვნის ფარგლები.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას სავალდებულო, იმპერატიული ბუნება აქვს. სასამართლო აქტების შესრულების სავალდებულოობა კონსტიტუციური პრინციპია (საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 62.1 მუხ.). საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სასამართლოს გადაწყვეტილების დროული, ეფექტიანი და ჯეროვანი აღსრულება. „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უსაგნოს ხდის სააღსრულებო წარმოებას, რასაც შედეგად მოსდევს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მძიმე შედეგი - მართლმსაჯულების აღუსრულებლობა. „...ჯეროვანი და ეფექტური მართლმსაჯულება მიიღწევა არა მხოლოდ სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტების გადაწყვეტის, არამედ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების დროული აღსრულების უზრუნველყოფით...“ (სუს 07.03.2013წ. Nბს-727-711(კ-12) განჩინება).

ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არ აღსრულებულა (მოსარჩელეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ნაწილში), შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 02 სექტემბრის №04-1512/ო ბრძანება და აღსრულების დასრულების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 16 იანვრის №A19173034-009/001 წერილი, და ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა დაევალოთ მოსარჩელეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ. ც-ის, გი. ც-ის, გვ. ც-ისა და ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ც-ის, გი. ც-ის, გვ. ც-ისა და ნ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 02 სექტემბრის №04-1512/ო ბრძანება და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 16 იანვრის №A19173034-009/001 წერილი (მოსარჩელეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის აღსრულების ნაწილში);

5. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

6. მხარეები გათავისუფლებულები არიან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა