Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-396(გ-22) 27 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა გ. ც-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 01 აპრილს გ. ც-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი გ. ც-ის (პ/ნ ...) სამკვიდრო ქონებაში ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №27-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) დაბრუნება; აწ გარდაცვლილ გ. ც-ის სამკვიდრო ქონებაში ქალაქ რუსთავში, ...ის ... კმ-ზე მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) დაბრუნება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის აწ გარდაცვლილი გ. ც-ის სამკვიდრო ქონებაში 23 903.13 (ოცდასამი ათას ცხრაას სამი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარის დაბრუნების დავალება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის აწ გარდაცვლილი გ. ც-ის სამკვიდრო ქონებაში 167 780.22 (ას სამოცდაშვიდი ათას შვიდას ოთხმოცი ლარი და ოცდაორი თეთრი) ლარის დაბრუნების დაკისრება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის აწ გარდაცვლილი გ. ც-ის სამკვიდრო ქონებაში სატრანსპორტო საშუალება იამახა გრიზლის (ფერი - წითელი 6/8, გამოშვების წელი - 2008, ს/ნ ...) დაბრუნების დავალება; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათვის აწ გარდაცვლილი გ. ც-ის სამკვიდრო ქონებაში სატრანსპორტო საშუალება იამახა გრიზლის (სანომრე ნიშანი - ..., ფერი-მწვანე 8/8, გამოშვების წელი - 2008, ს/ნ ..., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა -..., გაცემული 2009 წლის 30 ნოემბერს) დაბრუნების დავალება.

სარჩელის მიხედვით, გ. ც-ე არის 2022 წლის 02 იანვარს გარდაცვლილი გ. ც-ის შვილი, რომელსაც ნ. დ-თან (გარდაცვლილის მეუღლე) ერთად შეტანილი აქვს განცხადება სანოტარო ბიუროში აწ გარდაცვლილი გ. ც-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა არ არის გაცემული სამკვიდრო მოწმობა. ნოტარიუს ნ. კ-ის მიერ გაცემული ,,სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის მოწმობით“, გ. ც-ეს და ნ. დ-ს მინიჭებული აქვთ, აწ გარდაცვლილი გ. ც-ის სამკვიდროს მართვის უფლება. შესაბამისად, აღნიშნული სარჩელი გ. ც-ეს შემოაქვს, როგორც აწ გარდაცვლილი გ. ც-ის სამკვიდროს მმართველს. მოსარჩელის მამკვიდრებლის, აწ გარდაცვლილი გ. ც-ის საკუთრებაში, 2009 წლის 27 ნოემბრამდე მდგომარეობით, ირიცხებოდა შემდეგი უძრავ-მოძრავი ქონება: 1) უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ...ის ქ. №27; 196,00 კვ.მ, მასზე არსებული 29,27 კვ.მ საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობებით; 2) უძრავი ქონება, მდებარე, ქ. რუსთავი, ...ის, ... კმ-ზე, 2250,00 კვ.მ; 3) უძრავი ქონება, მდებარე, ოზურგეთის რაიონი, სოფელი ...ი; 2507,00 კვ.მ, მასზე არსებული 164,59 კვ.მ საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობებით; 4) ავტომანქანა, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - მერსედეს ბენც GL 550; გამოშვების წელი - 2009; საიდენტიფიკაციო ნომერი - ...; ფერი - შავი; 5) კვადროციკლი, რომლის რეკვიზიტებია: მარკა-მოდელი - იამახა გრიზლი, ფერი - წითელი 6/8, გამოშვების წელი - 2008, საიდენტიფიკაციო ნომერი - .... 6) კვადროციკლი, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - ..., მარკა-მოდელი - იამახა გრიზლი, ფერი მწვანე 8/8, გამოშვების წელი 2008, საიდენტიფიკაციო ნომერი ..., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - ..., გაცემული 30/11/2009. ამავდროულად, აწ გარდაცვლილი გ. ც-ის მიერ სხვადასხვა პერიოდში დაფუძნებულ ფირმებს შორის შორის ერთ-ერთი გახლდათ შპს ,,რ...“ (ს.ნ. ...), რომელიც დარეგისტრირებული იქნა 26.02.2007 წელს (წარმომადგენელი და 100%-იანი წილის მფლობელი - გ. ც-ე). ,,რ...“-ის სამეწარმეო რეესტრში 2008 წლის 29 ოქტომბერს შევიდა ცვლილება და საზოგადოების დირექტორად დაინიშნა გ. ა-ი (პ.ნ....). დღეის მდგომარეობით კი, გ. ც-ის გარდაცვალების შემდეგ, საზოგადოების დირექტორია მოსარჩელე გ. ც-ე, რომელიც ნ. დ-თან ერთად წარმოადგენს საწარმოს 100%-იანი წილის მმართველს.

მოსარჩელის მითითებით, 2009 წლის 6 ივლისს მოსარჩელის მამკვიდრებელი გ. ც-ე დაპატიმრებული იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ აღძრულ №092090230 სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) გათვალისწინებულ ქმედებებში ბრალის წარდგენის საფუძველზე, რომლის თანახმად, პროკურატურა გ. ც-ეს ედავებოდა ზ/მითითებული დანაშაულების ჯგუფურად ჩადენას და აღნიშნულის შედეგად სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის მიყენებას, მის მიერ სხვადასხვა დროს დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებების, მათ შორის შპს „რ...“-ის და შპს „უ...ის“ მეშვეობით. ... საპყრობილეში გ. ც-ე იმყოფებოდა 2009 წლის 6 ივლისიდან იმავე წლის 3 დეკემბრის ჩათვლით. მოსარჩელის მამკვიდრებლის, გ. ც-ის პატიმრობის პერიოდში, თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილის მიერ, 2009 წლის 19 ოქტომბერს მიღებული იქნა №14/04-3083 ბრძანება, რომლითაც დაყადაღებული იქნა შპს „რ...“-ის ქონება. ამ მომენტისთვის, პატიმარ გ. ც-ეზე ... საპყრობილეში პროკურატურის მუშაკთა მხრიდან ხორციელდებოდა მუქარა და ფსიქოლოგიური ზეწოლა. კერძოდ, მას აიძულებდნენ, რომ რომელიმე თავისი ოჯახის წევრისთვის მიეცა მიწდობილობა, პირად საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების განკარგვის უფლებით; ამავე დროს ციხიდან დაერეკა მინდობილი პირისთვის (ოჯახის წევრისთვის), რომ მას შპს „რ...“-ის დირექტორთან გაეფორმებინა ხელშეკრულება, მინდობილი უძრავ-მოძრავი ქონების შპს „რ...“-ის კაპიტალში შეტანასთან (უსასყიდლოდ გადაცემასთან) დაკავშირებით, რის შემდეგაც გ. ც-ის პირადი ქონება, საგადასახადო ორგანოს წინაშე წარმოშობილი საწარმოს დავალიანების გამო, გავიდოდა აუქციონზე და ასეთი სახით მოხდებოდა საწარმოს დავალიანების დაფარვა მისი პირადი ქონებით.

მოსარჩელის მითითებით, გ. ც-ის პატიმრობის დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სახელმწიფომ ზ/მითითებული ჩანაფიქრი რეალობად აქცია პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან პატიმარ გ. ც-ეზე განხორციელებული ფსიქიკური იძულების მეშვეობით. აღნიშნულს ადასტურებს მოსარჩელის მიერ 2013 წლის 09 ივლისს საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე შეტანილი საჩივარი და საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან ერთი წლის განმავლობაში (შეცილების ვადაში) გენერალურ პროკურატურაში წარდგენილი არაერთი საჩივარი. მოსარჩელის მითითებით, პატიმარ გ. ც-ის მიერ გარეგნულად გამოვლენილი ნება არ ასახავდა მის ნამდვილ შინაგან ნებას, რამდენადაც იგი გამოვლენილი იყო არა ჩუქების, არამედ მოსალოდნელი სასჯელის - ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთის, ასევე ოჯახის წევრებისა თუ ახლობლებისგან „გამომშვიდობების“ და პირადი სიცოცხლის დაკარგვის შესახებ გამოთქმული მუქარის შიშით. აქედან გამომდინარე, სწორედ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული დევნა იყო ის ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელმაც პატიმარი გ. ც-ე აიძულა უსასყიდლოდ სრულად გადაეცა შპს-ს კაპიტალში შეტანის გზით სახელმწიფოსათვის მისი კუთვნილი, კანონიერად შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონება. საქართველოს მთავარი პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში აწ გარდაცვლილი გ. ც-ე აღნიშნავდა, რომ 2009 წლის 13 თებერვალს შეიძინა მიწა აუქციონზე საკადასტრო კოდით ... მერიისგან, რომელზეც ციხეში გაცემული მინდობილობის საფუძველზე გ. ა-მა 30 ნოემბერს საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა შპს ,,რ...“-ის საკუთრების უფლება; იმავე წერილში გ. ც-ე აღნიშნავდა, რომ აცნობიერებდა რატომ გადაჰქონდათ მისი ქონება შპს-ს კაპიტალში. აღნიშნული იძულების და მუქარის გავლენით, გ. ც-ე ციხიდან ტელეფონით დაუკავშირდა თავის ძმას, გ. ც-ეს და უთხრა, რომ მის სახელზე გასცემდა მინდობილობას, თავის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების განკარგვის უფლებით, რომლითაც აღნიშნული ქონება უნდა გადაეცა შპს „რ...“-ისთვის საკუთრებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრებოდნენ, რომ თავის ოჯახის წევრებს ვერასდროს ნახავდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით, გ. ც-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე და აღნიშნა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. ანუ, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით, დავა საგნობრივი განსჯადობის გათვალისწინებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი იყო, რადგან, მხარეებს შორის არსებული ურთიერთობის საფუძველი ადმინისტრაციული ხელშეკრულება იყო. მართალია, მოსარჩელე მოითხოვნის სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის ცალკეულ მუხლებზე, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას სამკვიდროში ქონების დაბრუნება წარმოადგენდა, თუმცა საქმეზე თანდართული მტკიცებულებებით, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3/3807-09 ბრძანებითა და მის საფუძველზე გამოწერილი სააღსრულებო ფურცლით, 2013 წლის 21 ივნისის №1/4201-09 განაჩენით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის №224 ბრძანებით და სხვა, დგინდებოდა, რომ მოსარჩელე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ს 210-ე მუხლის საფუძველზე, შპს „რ...“-ის ქონება ღია აუქციონის წესით მიექცა სარეალიზაციოდ, რის საფუძელზეც გ. ც-ეს ჩამოერთვა სასაჩელო მოთხოვნაში მითითებული ქონება.

კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 22 იანვრის №224 ბრძანებით შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს დაევალა შპს „რ...“-ის დანართი №1-ში მოცემული დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით, ღია აუქციონის ჩატარება. დანართიდან დგინდებოდა, რომ ჩამოთვლილ ქონებაში შედიოდა: ქ.თბილისში, ...ის ქ. №27-ში მდებარე 196 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი ფართი 29.27 კვ.მ, ს/კ ...; ოზურგეთის რაიონი სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი (2507 კვ.მ) და ნასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ს/კ ...; ქ. რუსთავში, ...ის ... კმ-ზე მდებარე 2250 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ .... შესაბამისად, ქონების აღწერა-დაყადაღება და აუქციონის გზით გასხვისება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3/3807-09 ბრძანების, მის საფუძველზე ამოწერილი სააღსრულებო ფურცლის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 22 იანვრის №224 ბრძანების საფუძველზე, ვინაიდან შპს „რ...“-ს გააჩნდა საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე. კოლეგიის მითითებით, ქონების ჩამორთმევა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის საფუძველზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის შესაძლო დარღვეული უფლების აღდგენისაკენ მიმართული ქმედებების სამართლებრივი შეფასება და გადაწყვეტა უნდა განხორციელებულიყო სამართლის შესაბამისი დარგის - ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური ნორმებისა და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებით, ადმინისტრაციული სამართლაწარმოების გზით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით გ. ც-ის სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა აწ გარდაცვლილი გ. ც-ის სამკვიდრო ქონებაში კონკრეტული ქონების დაბრუნება, ამგვარი მოთხოვნის საფუძვლად კი მითითებული იყო გ. ც-ის მიერ შესაბამისი ქონების იძულებით დადებული გარიგების შედეგად შპს „რ...“-სთვის“ გადაფორმების თაობაზე. სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის პრეტენზია მოპასუხეების მიმართ მდგომარეობდა სადავო ქონების დათმობის შესახებ სამოქალაქო გარიგების იძულებით დადების მტკიცებაში. მართალია, სადავო გარიგებების გაფორმების შემდეგ ამ გარიგებებით გათვალისწინებული ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა განაპირობა შპს „რ...“-ის საგადასახადო ვალდებულებათა გამო ამ უკანასკნელის ქონების აუქციონზე რეალიზაციამ, თუმცა შპს „რ...“-ის საგადასახადო ვალდებულებები ან/და მისი ქონების რეალიზაცია სარჩელით მოცემული დავის საგანს არ წარმოადგენდა. ამდენად, სარჩელით შედავებული იყო რა სამოქალაქო გარიგებების ნამდვილობა, ასეთი გარიგების დადების იძულების ფაქტებზე მითითებით, დავა წარმოადგენდა სამოქალაქო სასამართლოს განსჯადს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ გ. ც-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საპროცესო სამართლის ნორმებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ცალკეულ დავებზე საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უწყებრივ ქვემდებარეობას (Substantive Jurisdiction) და განსჯადობას (Court Jurisdiction). სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა მოიაზრებს არსებითი იურისდიქციის დადგენას, ანუ იმის განსაზღვრას, განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში (იურისდიქციაში), ხოლო განსჯადობა (მისი ვიწრო გაგებით) ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე.

განსჯადობის წესების დაცვა პირდაპირ დაკავშირებულია მხარეთა უფლებების სრულყოფილ რეალიზებასთან. „განსჯადობის წესების დარღვევით საქმის განხილვა თავისთავად, უკვე თვით განსჯადობის წესის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტის გამო, ადასტურებს საქმის უხეში საპროცესო დარღვევით განხილვას და შედეგად იწვევს სამართალწარმოების წესების დარღვევით დავის გადაწყვეტას“ (სუსგ 06.06.2012 წ. საქმეზე №ბს-1394-1377(კ-11)). თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია და რაიმე სახის შეზღუდვა იმპერატიულად დადგენილი არ არის, მოსარჩელეს უფლება აქვს, აირჩიოს სასამართლო, რომელიც განიხილავს მის სარჩელსა თუ საჩივარს (სსკ-ის მე-20 მუხლი). „სასამართლოს არჩევის უფლება მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს სასამართლოების ალტერნატიულ განსჯადობასთან - როცა საქმე სხვადასხვა საფუძვლებით თანაბრად რამდენიმე სასამართლოს განსჯადია. ეს უფლება არ მოქმედებს, თუ რომელიმე სასამართლოს კონკრეტულ საქმეზე აქვს ექსკლუზიური სპეციალური განსჯადობა“ (ავტორთა კოლექტივი, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2020).

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) ადმინისტრაციულ სამართალში არ დაიშვება. მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს. ამასთანავე, სარჩელის წარმოებაში მიღება არ აბრკოლებს შემდგომში, სათანადო საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლოს მიერ ტერიტორიულ ან საგნობრივ განსჯადობაზე მსჯელობის, სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესაძლებლობას (სუსგ 28.05.2020წ. №ბს-430 (გ-19)).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება საგნობრივი განსჯადობის საკითხს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს; კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით, საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოსათვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის აწ გარდაცვლილი გ. ც-ის სამკვიდრო ქონებაში კონკრეტული უძრავი ქონების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფულადი თანხის დაბრუნების დაკისრება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოთხივე მოპასუხე არის ადმინისტრაციული ორგანო და სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, თუმცა დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ იძლევა დავის ავტომატურად ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევის შესაძლებლობას, არამედ კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

განსახილველ შემთხვევაში, გ. ც-ის სარჩელის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მის მამას - აწ გარდაცვლილ გ. ც-ეს იძულებითა და მუქარით დაათმობინეს თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალებები შპს „რ...“-ისათვის გადაცემის გზით. სარჩელში აღნიშნულია, რომ პატიმარ გ. ც-ის მიერ გარეგნულად გამოვლენილი ნება არ ასახავდა მის ნამდვილ შინაგან ნებას, რამდენადაც იგი გამოვლენილი იყო არა ჩუქების, არამედ მოსალოდნელი სასჯელის - ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთის, ასევე როგორც პირადი, ისე ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების სიცოცხლის დაკარგვის შესახებ გამოთქმული მუქარის შიშით. ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად, სასამართლომ უნდა დაადასტუროს ან უარყოს მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები - მამკვიდრებელ გ. ც-ის მიერ შპს „რ...“-ისათვის ქონების იძულებით გადაცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მართებულად აღნიშნა, რომ შპს „რ...“-ის ქონების რეალიზაციას საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3/3807-09 ბრძანება და მის საფუძველზე გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი, 2013 წლის 21 ივნისის №1/4201-09 განაჩენი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის №224 ბრძანება, თუმცა წინამდებარე სარჩელით ზემოთ დასახებული აქტები არ არის გასაჩივრებული. მართალია, საბოლოო ჯამში, მოსარჩელის ოჯახისათვის ქონების ჩამორთმევა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის საფუძველზე, თუმცა სარჩელი არ შეიცავს მითითებას შპს „რ...“-ის ქონების რეალიზაციის პროცესში რაიმე დარღვევის თაობაზე; მეტიც, სარჩელის საგნად არ შეიძლება განიხილებოდეს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანება, რომლის გასაჩივრებისთვის, ადმინისტრაციული კანონმდებლობა სულ სხვა საპროცერსო წესს ითვალისწინებს. როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხეთათვის სადავო უძრავი ქონების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფულადი თანხის დაბრუნების დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად, მოსარჩელე ასახელებს გარიგებათა იძულებითა და მუქარით დადების ფაქტებს. კონკრეტული სარჩელიდან გამომდინარე, სადავოდ გამხდარ გარემოებას - პატიმარ გ. ც-ესა და შპს „რ...“-ს შორის გარიგებათა იძულებით დადებას შემხებლობა არ აქვს ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული უფლების დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული არ არის მოპასუხის მიერ საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით, რაც გამორიცხავს დავის ადმინისტრაციული წესით განხილვის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ც-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 და 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ც-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა