ბს-784(კ-21) 16 დეკემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.07.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჭ-ემ 30.10.2019წ. სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ. სასამართლოს 18.11.2019წ. სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიეთითა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია. სასარჩელო მოთხოვნათა არაერთგზის დაზუსტების შემდეგ სასამართლოს 21.01.2020წ. სხდომაზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 16.10.2019წ. N14 დადგენილების, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 04.11.2019წ. N19 დადგენილების, უძრავი ნივთის საპრივატიზაციოდ აუქციონის გამოცხადების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 15.08.2019წ. N... ბრძანების, 13.09.2019წ. ჩატარებული აუქციონის შედეგების, ხაშურის მუნიციპალიტეტსა და შპს „დ...-ს“ შორის 26.09.2019წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების და 11.10.2019წ. გაცემული N... საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 18.11.2019წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „დ...“.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 25.08.2020წ. გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათლად იქნა ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 16.10.2019წ. N14 დადგენილება და 04.11.2019წ. N18 დადგენილება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ჭ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.07.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილი მიღებულია მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილ დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნებზე, რომლებიც უკავშირდება 2009წ. თვითმმართველობის საკუთრებაში აღრიცხული მიწის ნაკვეთის აუქციონზე რეალიზაციას. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმ დასაბუთებით, რომ ისინი ეფუძნება საქმის მასალებს და მათი საწინააღმდეგო არგუმენტაცია თუ მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარუდგენია. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გ. ჭ-ეს აუქციონზე რეალიზებულ მიწის ნაკვეთზე დადგმული აქვს რკინის კონსტრუქციის ჯიხური, რომელსაც იყენებს საცხოვრებლად და ავტომანქანების სარემონტო სახელოსნოდ. გ. ჭ-ის მიერ წლების განმავლობაში ნაკვეთის ნაწილით ფლობა და სარგებლობა არ არის სადავო, თუმცა განსახილველი დავის საგანი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ არის. საქმის მასალებში არ არის დაცული ასევე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა გ. ჭ-ის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ან საჯარო რეესტრისათვის მიმართვის ფაქტი. გ. ჭ-ემ განაცხადა, რომ მიწის ნაკვეთის სასაფლაოს ზონის კუთვნილების გამო შეუძლებელი იყო ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება, თუმცა ხსენებული გარემოება არ დასტურდება საქმის მასალებით. ამასთანავე, სასამართლოს სხდომაზე მხარემ განაცხადა, რომ მას რაიმე დოკუმენტი არა აქვს და ვერც მოძიებას შეძლებს, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგეელმა აღნიშნა, რომ მათ ვერ მოიძიეს მიწის ნაკვეთის აღიარებასთან დაკავშირებით გ. ჭ-ის მიერ წარდგენილი რაიმე განცხადება. გ. ჭ-ემ დაადასტურა აგრეთვე, რომ სხვა დავა სასამართლოში ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მისი მონაწილეობით არ მიმდინარეობს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთზე 16.09.2009წ. დარეგისტრირდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება, ხსენებული რეგისტრაცია დავის საგანს არ შეადგენს. დავის საგანია მიწის ნაკვეთის აუქციონზე რეალიზაციის კანონიერება. პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106.1 მუხლზე, 107-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 118-ე მუხლზე, 119-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილებზე, 120-ე მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვისას არ დგინდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა. პალატის მოსაზრებით არ დადასტურდა აგრეთვე მიწის ნაკვეთის სასაფლაოს ტერიტორიისადმი კუთვნილების ფაქტი ან ნაკვეთზე გ. ჭ-ის საკუთრების უფლების არსებობა. რაც შეეხება ფაქტობრივ მფლობელობას, მეწარმედ აღრიცხვას, ელექტროენერგიის აბონენტად რეგისტრაციას, პალატამ მიიჩნია, რომ ხსენებული ფაქტები გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს არ ქმნის. რაიმე დოკუმენტი, რომელიც მესაკუთრე მუნიციპალიტეტს ამ მიწის ნაკვეთის გასხვისებას აუკრძალავდა ან შეუზღუდავდა, საქმის მასალებში დაცული არ არის და ვერც მხარეებმა მიუთითეს ასეთის არსებობის თაობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „საღინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ათ წელზე მეტი ხნით უძრავი ნივთის ფლობის ფაქტის შეფასებისას არსებითი მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებაში ფიზიკური პირი შესახლებული იყო მესაკუთრის თანხმობით. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გ. ჭ-ეს რაიმე სახის ნებართვა, თანხმობა ჰქონდა სადავო მიწის ნაკვეთის დაკავებისათვის. ამასთანავე, სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ გ. ჭ-ისათვის შეთავაზებული იქნა ალტერნატიული ტერიტორია, რაზეც მან უარი განაცხადა, სამომავლოდაც მუნიციპალიტეტი მზად არის გამოუყოს სხვა მიწის ნაკვეთი და დაეხმაროს კუთვნილი ნივთების გადატანაში. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი უშუალოდ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ან თუნდაც მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.07.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-ემ. კასატორმა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვა მოხდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევით. ამასთანავე, სასამართლომ უგულებელყო, რომ 2009 წელს მიწა ხაშურის გამგეობის საკუთრებაში აღირიცხა უკანონოდ სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს წერილობითი თანხმობის გარეშე, რითაც დაირღვა საქართველოს მთავრობის 2007წ. N233 დადგენილების მე-5, მე-6 მუხლები. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მიწა ექცეოდა სასაფლაოს დახურულ ტერიტორიაში და მისი გასხვისება არ დაიშვებოდა, რითაც დაარღვია საქართველოს მთავრობის 26.12.2013წ. N377 დადგენილება. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთზე არ დაიშვებოდა აუქციონის გამართვა. კასატორის მოსაზრებით მიწის ნაკვეთის სასაფლაოს ტერიტორიისადმი კუთვნილება დასტურდება ფოტოსურათებით. გ. ჭ-ემ აღნიშნა, რომ წლების მანძილზე იგი სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით, რომელზეც განთავსებული ჰქონდა სახელოსნო, შესაბამისად, სკ-ის 1507-ე, 167-ე მუხლებიდან გამომდინარე, გ. ჭ-ემ მიპოვა საკუთრების უფლება ხანდაზმულობით. გ. ჭ-ე კეთილსინდისიერი მფლობელი იყო 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რის გამო იგი გახდა მესაკუთრე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კასატორის მითითება ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის თაობაზე არ ეფუძნება სათანადო ნორმატიულ და ფაქტობრივ საფუძვლებს, რადგან სკ-ის 167-ე მუხლის თანახმად, პირი უძრავ ნივთზე ხანდაზმულობით საკუთრების უფლებას შეიძენს, თუ იგი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა უძრავ ნივთს, როგორც საკუთარს. განსახილველ შემთხვევაში მართალია გ. ჭ-ე წლების განმავლობაში იყო თვითმმართველობის სახელზე აღრიცხული და შემდგომში აუქციონზე განსხვისებული მიწის ნაკვეთის ნაწილის მფლობელი და მოსარგებლე, თუმცა უდავოა, რომ ამ უძრავ ქონებაზე გ. ჭ-ის რაიმე სახის უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხული არ ყოფილა. მხოლოდ მფლობელობის ფაქტი არ აფუძნებს სკ-ის 167-ე მუხლის შემადგენლობას და არ არის ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის (ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის) დადგომის საკმარისი წინაპირობა. ამდენად, გ. ჭ-ე სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არ გამხდარა.
მოსაზრება, რომ 2009 წელს მიწა ხაშურის გამგეობის საკუთრებაში აღირიცხა უკანონოდ სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს წერილობითი თანხმობის გარეშე, რითაც დაირღვა საქართველოს მთავრობის 2007წ. N233 დადგენილების მე-5, მე-6 მუხლები, ასევე არ არის დასაბუთებული. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქ. ხაშურში, ... ქუჩაზე მდებარე 1072 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აღირიცხა 2009 წლის სექტემბერში. საქართველოს მთავრობის 24.40.2007წ. N233 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის“ 2009 წლის სექტემბერში მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (მე-2 პ.), თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამიჯვნასა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაწყვეტილება მიიღებოდა წერილობით, თანხმობის ფორმით (მე-3 პ.). საქმეში დაცულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 10.07.2009წ. N16/2164/10-9 წერილი, რომლის თანახმად, სამინისტრო თანხმობას გამოთქვამს შემდგომი განკარგვის მიზნით მიწის ნაკვეთების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შედგენილია მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოთხოვნილია გამგეობის მიერ წარდგენილი სიისა და სათანადო საკადასტრო აზომვითი ნახაზების მიხედვით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვა. საჯარო რეესტრის 11.09.2009წ. ამონაწერის მიხედვით, სწორედ აღნიშნული მიმართვის საფუძველზე მოხდა ქ. ხაშურში, ... ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე მუნიციპალური საკუთრების რეგისტრაცია. ამდენად, უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა ნაკვეთზე მუნიციპალური საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გაცემული იყო. კასატორის მითითება არა სამინისტროს, არამედ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობის გაცემის საჭიროებაზე საფუძველს მოკლებულია, რადგან სამინისტროს თანხმობის საჭიროება სააგენტოს თანხმობით ჩანაცვლდა მხოლოდ „წესის“ მე-6 მუხლში 17.09.2012წ. განხორციელებული ცვლილებების შედეგად. მუნიციპალური საკუთრება რეგისტრირებულია 2009 წელს, შესაბამისად, მისი უკანონობა ვერ დადასტურდება „წესის“ 2012 წლის ცვლილებების შემგომ მოქმედი რედაქციის ნორმებზე მითითებით.
არ დგინდება აგრეთვე მიწის ნაკვეთის სასაფლაოს ტერიტორიისადმი კუთვნილება. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ ქმნის საკმარის დასაბუთებას. რაც შეეხება კასატორის მიერ საქართველოს მთავრობის 26.12.2013წ. N377 დადგენილებაზე მითითებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 26.12.2013წ. N377 დადგენილებით დამტკიცებულია „სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხა“, დადგენილება მიღებულია „პოლიციის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა (ნორმის თანახმად, სპეციალური შემოწმება და დათვალიერება, როგორც პრევენციული ღონისძიება, გულისხმობს სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების შემოწმებასა და დათვალიერებას, რომლებიც აუცილებელია ნივთის აღმოსაჩენად, აგრეთვე ნივთის რაობის დასადგენად. სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხას ადგენს საქართველოს მთავრობა) და მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (ნორმის თანახმად, საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენა) საფუძველზე, შესაბამისად, აღნიშნული დადგენილების შემხებლობა განსახილველ დავასთან მიმართებით არ იკვეთება.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მუნიციპალიტეტის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის აუქციონზე რეალიზაციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ გ. ჭ-ეს არ აქვს მიწის მართლზომიერად დაკავების დამდგენი რაიმე დოკუმენტი და ამასთანავე, არც თვითნებურად დაუფლების საფუძვლით მოუთხოვია ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება, რასაც თავადვე ადასტურებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.07.2021წ. განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა