საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1249(კ-20) 13 დეკემბერი 2022 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ხ. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 12 მარტს ხ. ჯ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 6 დეკემბერს, შერჩევის პრინციპით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 5 სექტემბრის №1154 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ნოტარიუს ხ. ჯ-ის სანოტარო საქმიანობის შემოწმება. შემოწმების აქტის თანახმად, ნოტარიუს ხ. ჯ-ის საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: ა) რამდენიმე სანოტარო აქტში ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილებაზე ნაკლები საზღაური; ბ) სანოტარო აქტებში სანოტარო მოქმედების მონაწილეები არ არიან გაფრთხილებული შემოწმების გამომრიცხავი გარემოებების შესახებ; გ) სანოტარო აქტებში სანოტარო მოქმედების მონაწილეები არ არიან გაფრთხილებული თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ; დ) ერთ-ერთ სანოტარო აქტში არ არის ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი; ე) დარღვეულია ორი ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გამოქვეყნების წესი; ვ) სამი სამკვიდრო მოწმობა გაცემულია სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობის დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტის გამოთხოვის გარეშე. აღნიშნული დარღვევების გამო მოსარჩელის მიმართ განხორციელდა დისციპლინური წარმოება, რომლის შედეგად მას საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 6 მარტის №67 ბრძანებით დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა უფლებამოსილების შეჩერება სამი თვის ვადით.
მოსარჩელის განმარტებით, მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის არაადეკვატურ ღონისძიებას, რადგან სანოტარო საქმიანობის შემოწმების შედეგად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც კომისიამ კანონდარღვევად მიიჩნია, საერთოდ არ შეიცავს გადაცდომის ნიშნებს, ხოლო ზოგიერთი გადაცდომა იმდენად წვრილმანი და მსუბუქი ხასიათისაა, რომ იგი არ ქმნის ნოტარიუსის მიმართ პასუხისმგებლობის იმგვარი მძიმე სანქციის გამოყენების საფუძველს, რომელიც გასაჩივრებული ბრძანებით იქნა გათვალისწინებული.
მოსარჩელის მოსაზრებით, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საერთოდ არ შეიცავს დასაბუთებას და არგუმენტირებულ დასკვნებს იმის შესახებ, მოსარჩელის საქმიანობაში გამოვლენილი გარემოებები რა კრიტერიუმებით იქნა მიჩნეული მძიმე დისციპლინურ გადაცდომად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 6 მარტის №67 ბრძანების - ,,ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ ნოტარიუს ხ. ჯ-ის ნაწილში, ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ,,ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 6 მარტის №67 ბრძანების მოქმედების შეჩერება ნოტარიუს ხ. ჯ-ის ნაწილში და ასევე ნოტარიუს ხ. ჯ-ისთვის სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით ნოტარიუს ხ. ჯ-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა „ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 6 მარტის №67 ბრძანების მოქმედება ნოტარიუს ხ. ჯ-ის ნაწილში, ამასთან, უზრუნველყოფილ იქნა ნოტარიუს ხ. ჯ-ისთვის სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრის ხელმისაწვდომობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს შერჩევის პრინციპით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 5 სექტემბრის №1154 ბრძანების საფუძველზე და მის შესასრულებლად, განხორციელდა ნოტარიუს ხ. ჯ-ის სანოტარო საქმიანობის შემოწმება 2014 წლის 6 დეკემბრიდან 2017 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში, რა დროსაც გამოვლენილი იქნა რიგი დარღვევები, კერძოდ: სანოტარო აქტებში (№..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №...) ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე ნაკლები საზღაური. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გარიგებაში რამდენიმე მარწმუნებლის მონაწილეობისას საზღაური მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმებისათვის იანგარიშება მარწმუნებლების რაოდენობის შესაბამისად. მოსარჩელე ხ. ჯ-მა ზემოაღნიშნული რწმუნებულებების დამოწმების სანაცვლოდ ანაზღაურება განსაზღვრა მხოლოდ ერთი მარწმუნებლისათვის, როდესაც მარწმუნებელი ორი იყო, კერძოდ რწმუნებულება გაიცემოდა საწარმოს დირექტორის და პარტნიორის მიერ. შესაბამისად, მოსარჩელემ დაარღვია ინსტრუქციის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტი. ამავე ინსტრუქციის 85-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს შემდეგი გარემოებებითა და/ან დოკუმენტებით: ა) იმ ფაქტით, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, ეს ნორმა მოქმედებს მიუხედავად იმისა, რა უფლებრივი მიმართება ჰქონდა მამკვიდრებელს, ან რა უფლებრივი მიმართება აქვს მემკვიდრეს იმ ბინის/სახლის მიმართ, რომელშიც იყვნენ ისინი რეგისტრირებულნი. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავ ნივთებს, ან სამკვიდრო მასაში შემავალ ბინას/საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამ ქვეპუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულ დროის მონაკვეთში რეგისტრირებულნი იყვნენ მემკვიდრე და მამკვიდრებელი; ბ) მამკვიდრებლის კუთვნილი იმ დოკუმენტების ფაქტობრივად ფლობა, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სატრანსპორტო საშუალების, საბანკო ანგარიშზე თანხის, სახეობითი აქციის არსებობას; გ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, სადაზღვევო კომპანიის ცნობა, ბანკის ცნობა იმის შესახებ, რომ მემკვიდრემ შეასრულა მამკვიდრებლის შეუსრულებელი საგადასახადო და/ან სახელშეკრულებო ვალდებულებები, ან მემკვიდრემ გადაიხადა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადები (მაგალითად, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი) და/ან სადაზღვევო შენატანები. ამასთანავე, ეს ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს სამკვიდროს მიღების ვადაში; დ) კომუნალური მომსახურების გადასახადების დამადასტურებელი ცნობები, ან ქვითრები, თუ შესაძლებელია მათში მითითებული გადამხდელის იდენტიფიკაცია; დ1) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტი კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ, აგრეთვე ორდერი, სადაც ორდერში შეტანილ პირებში მითითებულია როგორც მამკვიდრებელი, ისე მემკვიდრე; ე) სხვა საჯარო დოკუმენტები. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, (სამკვიდრო მოწმობებით) დადგენილად მიიჩნია, რომ სამკვიდრო მოწმობები (№..., №..., №...) გაცემულია სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ,,ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილე (თარჯიმნის ჩათვლით) გააფრთხილოს თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ, მაგრამ არ არის ვალდებული დოკუმენტურად შეამოწმოს ამ გარემოებათა არსებობა-არარსებობა. მხარემ და თარჯიმანმა უნდა დაადასტურონ თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობის შესახებ. მითითებული ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილე (მოწმის ჩათვლით) გააფრთხილოს მოწმეობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ, მაგრამ არ არის ვალდებული დოკუმენტურად შეამოწმოს ამ გარემოებათა არსებობა-არარსებობა. მხარემ და მოწმემ უნდა დაადასტურონ მოწმეობის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობის შესახებ.
საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ხ. ჯ-ის მიერ არაერთგზის იქნა მითითებული წესი დარღვეული, კერძოდ, არაერთხელ დაარღვია დასახელებული ნორმის იმპერატიული მოთხოვნა-გაეფრთხილებინა სანოტარო მოქმედების მონაწილენი და თარჯიმანი მოწმეობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტებისა, საჯარო აქტი უნდა შეიცავდეს ნოტარიუსის ხელმოწერას და ბეჭედს. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ხ. ჯ-ის სანოტარო საქმიანობის შემოწმების პროცესში, ერთ-ერთი სანოტარო აქტის იმ ეგზემპლარს, რომელიც ნოტარიუსთან ინახებოდა არ ჰქონდა ხელმოწერა და ბეჭედი.
ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 76-ე მუხლის თანახმად, მოანდერძის გარდაცვალების მოწმობის წარდგენის შემდეგ, ნოტარიუსი ვალდებულია დანიშნოს ანდერძის გამოქვეყნების დღე და მოიწვიოს დაინტერესებული პირები. ანდერძი წაკითხულ უნდა იქნეს მოწვეული პირის (პირების) თანდასწრებით. იმ შემთხვევაში, თუ ანდერძი დალუქულია კონვერტში, კონვერტი უნდა გაიხსნას მოწვეული პირების თანდასწრებით. ნოტარიუსი ვალდებულია ანდერძის გამოქვეყნების შესახებ შეადგინოს ოქმი საჯარო აქტის ფორმით, რომელშიც წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი სავალდებულო რეკვიზიტების გარდა უნდა მიეთითოს მოწვეული და დამსწრე პირების ვინაობა და იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები, ინფორმაცია კონვერტისა და ლუქის მთლიანობის შესახებ, ანდერძის შესახებ ინფორმაცია (მოანდერძის ვინაობა, ანდერძის შედგენის თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი, ანდერძის შინაარსი. ანდერძის შინაარსის მითითება არ არის საჭირო, თუ ოქმს თან დაერთვის კონვერტში მოთავსებული ანდერძის დამოწმებული ფოტოასლი. ოქმს ხელი უნდა მოაწერონ დამსწრე პირებმა და ნოტარიუსმა. ოქმის დამოწმებული ასლის მიღების უფლება აქვს ყველა უფლებამოსილ პირს. ანდერძი, რომელიც გამოქვეყნდა, უნდა დარჩეს ნოტარიუსთან, რომელთანაც იგი ინახებოდა, ხოლო ანდერძისმიერ მემკვიდრეს, ან სხვა უფლებამოსილ პირს უნდა მიეცეს ანდერძის დამოწმებული ასლი.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ანდერძის საფუძველზე სამკვიდრო მოწმობის (სამკვიდრო მოწმობები №... და №...) გაცემასთან დაკავშირებულ მასალებში, წარმოდგენილი არ არის ანდერძის გამოქვეყნების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მოსარჩელე ხ. ჯ-ის მიერ დაირღვა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 76-ე მუხლის მოთხოვნები.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ გასულ პერიოდში ჩატარებული ნოტარიუს ხ. ჯ-ის შემოწმების დროს იდენტური დარღვევის გამოვლენისას დისციპლინური გადაცდომის კვალიფიკაცია არ მიენიჭა და განმარტა, რომ დისციპლინური გადაცდომის გამომრიცხავი გარემოება არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადრე დისციპლინური გადაცდომის არ გამოვლენა და დისციპლინური სახდელის არ შეფარდება. ისეთ პირობებში, როდესაც ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტებით, პირდაპირ, ცხადად და იმპერატიულად არის დადგენილი საზღაურის გამოთვლის წესი და ოდენობა, ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღებისათვის გამოსათხოვი დოკუმენტების ჩამონათვალი, ანდერძის გამოქვეყნების წესი და ა.შ. მისი ბუნდოვანების საფუძვლით დისციპლინური გადაცდომის და პასუხისმგებლობის გამორიცხვა სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა ისეთი გადაცდომები, რომლებიც კანონმდებლობით არის მიჩნეული მძიმედ და განსაკუთრებით მძიმედ და რისთვისაც „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-10 და მე-11 მუხლების თანახმად, ნოტარიუსი შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან, ან მას შეიძლება შეუჩერდეს უფლებამოსილება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ხ. ჯ-ის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახის შერჩევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილებაა. ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონით დადგენილ ფარგლებში და გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევის პროპორციული ღონისძიება - უფლებამოსილების შეჩერება სამი თვით და უარი თქვა თანამდებობიდან გათავისუფლებაზე ან უფლებამოსილების მეტი ვადით შეჩერებაზე.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ნოტარიუსის თანამდებობა მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციის მატარებელია და მისი როლი განსაკუთრებულია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების თვალსაზრისით, რაც ბუნებრივია ზრდის ასეთ თანამდებობაზე დასაქმებულ პირთა პასუხისმგებლობის ხარისხს და წარმოშობს ნოტარიუსის საქმიანობაზე მკაცრი სამსახურებრივი ზედამხედველობის აუცილებლობას. აღნიშნულით არის განპირობებული ის, რომ ნოტარიუსის გადაცდომათა სიმძიმე, ხარისხი (გრადაცია) და შესაბამისი პასუხისმგებლობა უშუალოდ კანონმდებლობით არის განსაზღვრული და მოცემულ შემთხვევაში დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, საჯარო ინტერესის დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჯ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინებით ხ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები, მიუთითა მათზე და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია დისციპლინური გადაცდომის ფაქტები, ხ. ჯ-ის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახის შერჩევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილებაა, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება, საბოლოო ჯამში, შედეგად მოჰყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში მისთვის დაბრკოლების შექმნა. ადმინისტრაციული ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ საჯარო-სამართლებრივ ვალდებულებას - საქმის გარემოებების გამოკვლევის, დასაბუთების და კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, მიღების, გამოცემის თაობაზე, ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამგვარი აქტი ექვემდებარება გასაჩივრების პირობებში სასამართლოს მხრიდან სრულ სასამართლო კონტროლის განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონით დადგენილ ფარგლებში და გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევის პროპორციული ღონისძიება - უფლებამოსილების შეჩერება სამი თვით და უარი თქვა თანამდებობიდან გათავისუფლებაზე ან უფლებამოსილების მეტი ვადით შეჩერებაზე. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა მისივე დისკრეციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნითა და ასევე კანონით გათვალისწინებული ჩარევის პროპორციული საშუალებით, მისი მხრიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი აპელანტთან მიმართებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჯ-მა.
კასატორის განმარტებით, შემოწმების აქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში კომისიის მიერ მოცემული მსჯელობა მოწმეობისა და თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებების თაობაზე სანოტარო აქტის მონაწილეთა გაუფრთხილებლობასთან დაკავშირებით, ვერ იქნება მიჩნეული მოპასუხის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების ადეკვატურ ზომად, რადგან ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით, იმავე კომისიამ 2014 წელს განხორციელებული შემოწმების ფარგლებში მსგავსი ფაქტი არ დააკვალიფიცირა ნოტარიუსის დისციპლინური პასუხისმგებლობის წინაპირობად, ამასთან, აღნიშნულ ფაქტს მძიმე დისციპლინური გადაცდომის კვალიფიკაცია ვერ მიენიჭება, რადგან მსგავსი ქმედება არ ექცევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულებით განსაზღვრულ მძიმე დისციპლინურ გადაცდომათა კატეგორიაში. შესაბამისად, ასეთი გადაცდომების მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ადეკვატურ ღონისძიებად ვერ იქნება მიჩნეული ის სანქცია (უფლებამოსილების შეჩერება), რომელიც მოსარჩელეს გასაჩივრებული ბრძანებით შეეფარდა.
რაც შეეხება კომისიის შემოწმების აქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებულ ერთადერთ შემთხვევას, როდესაც სანოტარო აქტში არ იყო ასახული ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი, ტექნიკური ხარვეზს წარმოადგენს და ვერ მიენიჭება იმგვარი გადაცდომის კვალიფიკაცია, რომლის გამოც ნოტარიუსი დისციპლინური პასუხისმგებლობას შეიძლება იმსახურებდეს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ეს ტექნიკური ხარვეზი უშუალოდ სანოტარო ბიუროში დაცული აქტის ეგზემპლარზე იქნა დაფიქსირებული და რომელიც მარტივად გამოსწორდა, ხოლო უშუალოდ ის ეგზემპლარი, რომელიც დაინტერესებული პირისთვის იქნა შედგენილი, შეიცავდა ყველა რეკვიზიტს, მათ შორის, ხელმოწერას და ბეჭედს, რის შედეგადაც აღნიშნულმა დოკუმენტმა შეასრულა თავისი ფუნქცია - რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში.
რაც შეეხება შემოწმების აქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევას, რომელიც დაკავშირებულია ანდერძის გამოქვეყნების წესთან, კომისიის დასკვნები ამ შემთხვევაშიც დაუსაბუთებელია, რადგან კომისიის მიერ დაფიქსირებული შენიშვნიდან გაუგებარია, კონკრეტულად რა თვალსაზრისით გამოვლინდა ანდერძის გამოქვეყნების წესის დარღვევა. ანდერძის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით არსებობდა ნოტარიუსთა პალატის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც მიღებისთანავე სრულდებოდა მოსარჩელის მხრიდან, ხოლო ანდერძის გამოქვეყნების წესი შემუშავებულ იქნა ნოტარიუსთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის N28 დადგენილებით, რომელიც ასევე სრულდება მოსარჩელის მიერ.
კასატორის მითითებით, კომისიის შემოწმების აქტის „ვ“ ქვეპუნქტის შენიშვნა, რომ სამკვიდრო მოწმობების გაცემა განხორციელდა ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, მოკლებულია საფუძველს და წარმოადგენს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების არაჯეროვანი კვლევის შედეგად დაფიქსირებულ პოზიციას. მოსარჩელემ, სამივე სადავო შემთხვევაში კანონის სრული დაცვით გასცა სამკვიდრო მოწმობები, კერძოდ, ერთ შემთხვევაში სამკვიდროს გახსნის ადგილია ქუთაისი, ... N9, რაც დადასტურდა შესაბამის ოფიციალურ საინფორმაციო ბაზაში დაცული სამისამართო მონაცემებით, ხოლო ფაქტობრივი დაუფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 28.06.2016წ. საინფორმაციო ბარათი; მეორე შემთხვევაში სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ. ქუთაისი, ... ქ. N16, რაც დადასტურდა შესაბამის ოფიციალურ საინფორმაციო ბაზაში დაცული სამისამართო მონაცემებით, ხოლო ფაქტობრივი დაუფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს იმავე საინფორმაციო მონაცემთა ბაზიდან მოპოვებული ოფიციალური ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს დაუფლების ფაქტი; მესამე შემთხვევაში სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ. ქუთაისი, ... ქ. N21, ბ. N1. მოსარჩელისთვის მიწოდებული ინფორმაციით გაირკვა, რომ ვინაიდან საცხოვრებელ კორპუსში ადგილი ჰქონდა ბინების გადანომრვას, რიგ დოკუმენტებში ბინის ნომერი განსხვავებულად ფიქსირდება, თუმცა ქ. ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ბინა იდენტიფიცირებულ იქნა.
კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს, რადგან იმავე კომისიის შემოწმების აქტში მითითებული სხვა ნოტარიუსების მიმართ, რომლებთან მიმართებითაც იგივე ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა, არ იქნა გამოყენებული ისეთი მძიმე სანქცია, როგორც მოსარჩელის შემთხვევაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინებით ხ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ხ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში მოცემულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 6 დეკემბერს შერჩევის პრინციპით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 5 სექტემბრის №1154 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა ნოტარიუს ხ. ჯ-ის სანოტარო საქმიანობის შემოწმება 2014 წლის 6 დეკემბრიდან 2017 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში.
სანოტარო საქმიანობის შემოწმების აქტის თანახმად, ნოტარიუს ხ. ჯ-ის შემოწმებისას გამოვლენილ იქნა რიგი დარღვევები, კერძოდ: ა) სანოტარო აქტებში (№..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №...) ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე ნაკლები საზღაური; ბ) 2014 წლის დეკემბრიდან 2017 წლის სექტემბრამდე შესრულებულ სანოტარო აქტებში (მათ შორის, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შესრულებულ რწმუნებულება/მინდობილობებში) სანოტარო მოქმედების მონაწილეები (მოწმის ჩათვლით) არ არიან გაფრთხილებული მოწმეობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ; გ) 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე შესრულებულ ორენოვან სანოტარო აქტებში სანოტარო მოქმედების მონაწილეები (თარჯიმნის ჩათვლით) არ არიან გაფრთხილებული თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ; დ) სანოტარო აქტში (№...არ არის ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი; ე) ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობები (№... და №...) გამოქვეყნებულია კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით; ვ) სამკვიდრო მოწმობები (№..., №..., №...) გაცემულია სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისადმი 2018 წლის 6 თებერვლის წერილობით მიმართვაში, მოსარჩელე ხ. ჯ-მა განმარტა, რომ სანოტარო საქმიანობის შემოწმების აქტში მითითებული დარღვევა - კანონმდებლობით დადგენილზე ნაკლები საზღაურის გადახდევინება, 2014 წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად დარღვევად არ მიჩნეულა და ასეთ მინდობილობებზე არსებობდა არაერთგვაროვანი პრაქტიკა. აქტში მითითებული დარღვევა, რომ სანოტარო აქტზე არ იყო ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი, იმ დროისათვის უკვე აღმოფხვრილი იყო და იმავე სანოტარო აქტის სხვა ეგზემპლარებზე ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი დატანილი იყო, ხოლო სამკვიდრო მოწმობების (№..., №..., №...), სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე გაცემასთან დაკავშირებული დარღვევებზე, მოსარჩელე ხ. ჯ-მა განმარტა, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში (№... სანოტარო აქტის შედგენისას), საქმეში არ მოიპოვებოდა ქ. ქუთაისის საბინაო სამსახურის ცნობა, რომელიც სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს დაადასტურებდა და დანარჩენ შემთხვევებში მტკიცებულებები წარმოდგენილი იყო.
დისციპლინური კომისიის 2019 წლის 19 თებერვლის სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 6 მარტის №67 ბრძანების თანახმად, ნოტარიუს ხ. ჯ-ს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება სამი თვის ვადით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 6 მარტის №67 ბრძანების, რომლითაც ნოტარიუს ხ. ჯ-ს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება სამი თვის ვადით, კანონიერების დადგენა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით ნოტარიუსი წარმოადგენს საჯარო ნდობის პროფესიას. ,,ნოტარიატის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მიხედვით ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. სახელმწიფოს მიერ ნოტარიუსისათვის საჯარო უფლებამოსილების დელეგირების თანმდევ თვისებას წარმოადგენს სახელმწიფოს ზედამხედველობითი როლის შენარჩუნება მისი საქმიანობის კანონიერებაზე, ასევე, ნოტარიუსის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა განაპირობებს მის პირად პასუხისმგებლობას თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის. ამით ნოტარიატი განსხვავდება იმ პირებისაგან, რომელთაც დაეკისრათ კლასიკური მმართველობითი ფუნქციის განხორციელება.
სახელმწიფოს ზედამხედველობა ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე იუსტიციის სამინისტროს სახით, განეკუთვნება შეზღუდული სამართლებრივი ზედამხედველობის კატეგორიას, რომელიც მინიჭებული აქვს ,,ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლით და ამავე კანონის საფუძველზე დეტალურად რეგულირდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულებით. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დისციპლინური სახდელი შეეფარდება ნოტარიუსს, თუ იგი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას არღვევს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს ნოტარიატის აქტებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ლახავს ნოტარიუსის პროფესიის პატივსა და ღირსებას, არღვევს ნოტარიატისადმი ნდობას. ამავე დებულების მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს პირის განცხადება ან საჩივარი. დებულების მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა და შესაბამისი სახდელები იყოფა მათი სიმძიმის ხარისხის შესაბამისად. ამ დებულების მიზნებისათვის დისციპლინური გადაცდომა იყოფა: ა) მსუბუქ გადაცდომად; ბ) საშუალო გადაცდომად; გ) მძიმე გადაცდომად; დ) განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად, ხოლო ამავე ბრძანების მე-8 მუხლის მიხედვით, დაშვებული დისციპლინური გადაცდომისათვის, სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, ნოტარიუსს შეეფარდება შემდეგი დისციპლინური სახდელი: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) უფლებამოსილების შეჩერება; დ) თანამდებობიდან გათავისუფლება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავოა ხ. ჯ-ის მიერ ოთხი სახის გადაცდომის ჩადენა. სანოტარო საქმიანობის შემოწმების აქტს გაეცნო მოსარჩელე ხ. ჯ-ი და არ დაეთანხმა სადავო აქტში მითითებულ „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებს, იმის გამო, რომ 2014 წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი იგივე ქმედებები, კომისიის მიერ დარღვევად არ დაკვალიფიცირებულა. პირველ დარღვევად მიჩნეულია სანოტარო აქტებში (№..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №...) ნოტარიუსის მიერ მითითებული დადგენილ საზღაურზე ნაკლები. თუმცა თავად, მოსარჩელემ ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ იდენტურ დოკუმენტებზე, რაც უამრავია მის არქივში, 2014 წლის შემოწმების დროს იგივე შემადგენლობის კომისიას შენიშვნები არ გააჩნდა და არც დაუფიქსირებია, ვინაიდან, ამ ტიპის მინდობილობებზე არსებობდა არაერთგვაროვანი პრაქტიკა. მას შემდეგ, რაც ამ საკითხთან მიმართებაში ნოტარიუსთა პალატის მიერ შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები, ითვალისწინებს მათ. შემოწმების აქტის ,,ე“ პუნქტთან დაკავშირებით (ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობები №... და №... გამოქვეყნებულია კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით) არის ანალოგიური ვითარება. რაც შეეხება შემოწმების აქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით დადგენილ დარღვევას, №... სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ. ქუთაისი, ... ქ. №19, რაც თავის მხრივ დასტურდება სრს მონაცემთა ბაზით, ხოლო ფაქტობრივი დაუფლების დოკუმენტი, კერძოდ, სსგს ქუთაისის სრს მიერ 2016 წლის 28 ივნისს გაცემული საინფორმაციო ბარათი №... დევს სამკვიდრო მოწმობის თანდართულ დოკუმენტებში. №... სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ. ქუთაისი, ... ქ. №16, რაც თავის მხრივ დასტურდება სრს მონაცემთა ბაზით, ასევე სრს მონაცემთა ბაზით დასტურდება, მემკვიდრის მიერ კანონით დადგენილ ვადებში, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი. №... სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ სამკვიდროს გახსნის ადგილი არის ქ. ქუთაისი, ... ქ. №21, ბ. № 1. საქმეში არსებული დოკუმენტებით დგინდება, რომ მამკვიდრებლის დედის სამკვიდროს გახსნის ადგილია ... (...) სახლი №21. ნოტარიუსმა აღნიშნა, რომ მისთვის მოწოდებული ინფორმაციით სახლები გადაინომრა, რის გამოც რიგ დოკუმენტებში ფიქსირდება სახლი №21, ბ. №1-ით ან №2-ით, რაზეც შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა ქ. ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურმა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს წარმოადგენს თუ არა ხ. ჯ-ის მიერ დისციპლინურ გადაცდომად მიჩნეული ქმედებები მძიმე ხასიათის გადაცდომას და მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება - ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება სამი თვის ვადით, შეესაბამება თუ არა პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, დისციპლინური საქმისწარმოების ფუნქცია არ მდგომარეობს დისციპლინური წარმოების სუბიექტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თუ ქმედების/უმოქმედობის სამართლებრივ შედეგზე ზემოქმედების მიზანში. დისციპლინური წარმოების მიზანს სუბიექტის ქმედების შეფასება და ადეკვატური რეაგირება წარმოადგენს, სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების მიზნიდან გამომდინარე. დისციპლინური პროცედურის მიზანი და ფუნქცია მდგომარეობს კონკრეტული ინსტიტუტის ავტორიტეტის, კონკრეტული სუბიექტის სანდოობის, ეთიკის სტანდარტების მიღწევასა და განმტკიცებაში. დისციპლინური წარმოების პროცედურის საფუძველზე მოწმდება პირის პასუხისმგებლობის ხარისხი დაკისრებული მოვალეობებისადმი.
დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს ზოგადად მოხელის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება უნდა მოხდეს დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უნდა შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების, ისე სასამართლოს მხრიდან სახდელის დადების კანონიერების შეფასების პროცესში. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დგას არა გამოყენებული ღონისძიების პროპორციულობის შემოწმების საჭიროების, არამედ თავად გადაცდომის, როგორც ფაქტის დადასტურების აუცილებლობის წინაშე.
ნოტარიუსის თანამდებობა მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციის მატარებელია და მისი როლი განსაკუთრებულია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების თვალსაზრისით, რაც ბუნებრივია ზრდის ასეთ თანამდებობაზე დასაქმებულ პირთა პასუხისმგებლობის ხარისხს და წარმოშობს ნოტარიუსის საქმიანობაზე მკაცრი სამსახურებრივი ზედამხედველობის აუცილებლობას შესაბამისად, მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით. აღნიშნულით არის განპირობებული ის, რომ ნოტარიუსის გადაცდომათა სიმძიმე, ხარისხი (გრადაცია) და შესაბამისი პასუხისმგებლობა უშუალოდ კანონმდებლობით არის განსაზღვრული და მოცემულ შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საჯარო ინტერესის დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად, საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად; დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ძალზედ მნიშვნელოვანია, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას ხ. ჯ-ისათვის მძიმე დისციპლინური სახდელის - ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე, ასევე დაცულია თუ არა ხ. ჯ-ის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენებით თანაზომიერების პრინციპი.„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის „ა“ პუნქტიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად უნდა დადასტურდეს ამ მუხლით გათვალისწინებული, სანოტარო მოქმედების განხორციელების თანმდევი რომელიმე პირობის არსებობა (ჰქონდა თუ არა ქმედებას სისტემატური ხასიათი, მოჰყვა თუ არა ქმედებას მძიმე შედეგი, შესრულებულია თუ არა სანოტარო მოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, მორალს და/ან საჯარო წესრიგს).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში დაუსაბუთებელია ხ. ჯ-ის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომისთვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, გენერალური ინსპექციის მხრიდან შემოწმებას დაექვემდებარა არა მხოლოდ მოსარჩელე, არამედ სხვა ნოტარიუსებიც და მათ მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელის სხვადასხვა ღონისძიებანი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნოტარიუსისათვის უფლებამოსილების შეჩერება უნდა განხორციელდეს იმ შეთხვევაში, როდესაც მისი საქმიანობის შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები ქმნის დაინტერესებული პირების უფლებების შელახვის, მათთვის ზიანის მიყენების მნიშვნელოვან რისკს. ტექნიკური ხასიათის ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ნოტარიუსისათვის დროის გარკვეული პერიოდით საქმიანობის აკრძალვის საჭიროება მაღალი ხარისხის დასაბუთებას საჭიროებს, რადგან, როგორც წესი, ფორმალური დარღვევების ერთეული შემთხვევები არ ქმნის სხვა პირთა უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან რისკებს. მხოლოდ იმ ნორმაზე მითითება, რომელიც ორგანოს კონკრეტული სახდელის გამოყენების უფლებამოსილებით აღჭურავს, ცალსახად არ ქმნის მსგავსი შემზღუდავი სახდელის გამოყენების საკმარის დასაბუთებას და არ ადასტურებს მისი გამოყენების კანონიერებას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან. კანონის წინაშე თანასწორობა, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული კონკრეტული უფლებაა, ხოლო, მეორე მხრივ, ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპია, რომელიც განსაზღვრავს ძირითადი უფლებებით სარგებლობის ზოგად წესს, უზრუნველყოფს უფლება-თავისუფლებათა განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე და იცავს ადამიანს უთანასწორო მოპყრობისაგან. კანონის წინაშე თანასწორობის ეს ზოგადი დებულება გულისხმობს სახელმწიფო აპარატის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას, დაუშვებელია ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე პირთა, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ასევე ადმინისტრაციული ორგანო, კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-14 მუხლიც. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფ ადამიანებს მიენიჭოთ თანაბარი პრივილეგიები და შესაბამისად, დაეკისროთ თანაბარი პასუხისმგებლობა. ზაკ-ის 4.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში, დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტიც, რომლის თანახმად, ყველა ნოტარიუსი თანაბრად აგებს პასუხს ამ დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ის გარემოებები, რომლებიც მხედველობაში მიიღება უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ დისციპლინური სამართალწარმოებისას გადაწყვეტილების მისაღებად თანაბრად უნდა იქნეს გათვალისწინებული ყველა სხვა ნოტარიუსთან მიმართებაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისა და სათანადო გამოკვლევის გარეშე. შესაბამისად, ხ. ჯ-ის მოთხოვნასთან მიმართებით, არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების გამართვის, ასევე, გადაწყვეტილებაში მითითებული ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და მხედველობაში მიღების საჭიროება, რაც ამ ეტაპზე წარმოშობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების აუცილებლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ხ. ჯ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 6 მარტის №67 ბრძანება - ,,ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ ნოტარიუს ხ. ჯ-ის ნაწილში და მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ხ. ჯ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32 მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ხ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ხ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 6 მარტის №67 ბრძანება - ,,ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ ნოტარიუს ხ. ჯ-ის ნაწილში და მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე