Facebook Twitter

საქმე Nბს-555(კ-20) 12 იანვარი, 2023 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ლ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

დავის საგანი – სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2019წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ლ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების ბათილად ცნობის და ქონების მართვის სააგენტოსათვის მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე უკანონოდ შეჭრილი წითელი ხაზების გასწორების დავალების მოთხოვნით. ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილ სარჩელში თ. ლ-ემ მოპასუხეებად დაასახელა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტო და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციული დავების განხილვისა და სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილება. თ. ლ-ემ დამატებით მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციული დავების განხილვისა და სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების N17/289497 ბრძანების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2007 წლიდან არის ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, ნაკვეთის რეგისტრაციისას არასწორად დაფიქსირდა წითელი ხაზები. 2015 წლის ივლისში მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წითელი ხაზების კორექტირების მიზნით, თუმცა მიიღო უარი. 2015 წლის აგვისტოში მოსარჩელის მიმართ გაიცა მითითება არაზუსტი წითელი ხაზების და ფასადზე არსებული დარღვევების გასწორების მიზნით. მითითების შესრულების მიზნით მოსარჩელემ მიმართა ქონების მართვის სააგენტოს წითელი ხაზების კორექტირების მოთხოვნით, თუმცა სააგენტოს 23.09.2015წ. გადაწყვეტილებით თ. ლ-ის მოთხოვნა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იქნა უარყოფილი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქონების მართვის სააგენტოს უარმა შეუძლებელი გახადა მის მიერ მითითების შესრულება. რაც შეეხება ფასადზე არსებულ დარღვევებს, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ფიზიკური და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით მისთვის შეუძლებელი გახდა პროექტთან ფასადის სრულ შესაბამისობაში მოყვანა. ამასთანავე, ფასადის მდგომარეობის მხედველობაში მიღებით კორექტირებული პროექტის შეთანხმება შესაძლებელია, რაც ვერ ხორციელდება წითელი ხაზების არასათანადოდ რეგისტრაციის გამო. ამდენად, მითითების შესრულება შეუძლებელი იყო ადმინისტრაციული ორგანოს - ქონების მართვის სააგენტოს უმოქმედობის გამო, რამაც საბოლოოდ გამოიწვია თ. ლ-ის დაჯარიმების შესახებ ზედამხედველობის საქალაქო სასამახურის 27.01.2016წ. დადგენილების გამოცემა. აღნიშნული დადგენილების გამოცემისას არ იქნა გათვალისწინებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, თ. ლ-ის მიერ მითითების შესრულების შეუძლებლობის საკითხი. 27.01.2016წ. დადგენილებაზე მოსარჩელემ წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა საჩივრის განხილვისას მერიამ არ იმსჯელა წითელი ხაზების პრობლემატიკაზე, წარმოებაში არ ჩართო სსიპ ქონების მართვის სააგენტო და არ ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება. ამდენად, თ. ლ-ე მიიჩნევს, რომ დაჯარიმდა იმ მითითების შეუსრულებლობისთვის, რომლის შესრულების ობიექტური შესაძლებლობა მას არ ჰქონდა.

სასამართლოს 02.03.2017წ. სხდომაზე თ. ლ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და აღნიშნა, რომ ითხოვს: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.01.2016წ. N000484 დადგენილების, ქ. თბილისის მერიის 31.10.2016წ. N1-1970 ბრძანების ბათილად ცნობას და სსიპ ქონების მართვის სააგენტოსათვის მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე უკანონოდ შემოჭრილი წითელი ხაზების გასწორების დავალებას.

სასამართლოს 27.02.2018წ. სხდომაზე თ. ლ-ემ უარი თქვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიმართ არსებულ, წითელი ხაზების კორექტირების დავალების შესახებ მოთხოვნაზე, რის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2018წ. განჩინებით თ. ლ-ის აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით შეწყდა საქმის წარმოება. დავაში მოპასუხეებად მიეთითნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2018წ. გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თ. ლ-ის მიმართ 25.08.2016წ. შედგა N000484 მითითება, რომლის თანახმად, დარღვეული იყო სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 16.08.2010წ. N01/1784 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი, თ. ლ-ეს დარღვევის გამოსწორების მიზნით განესაზღვრა 30-დღიანი ვადა. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 28.09.2016 წ. შედგა N000484 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა თ. ლ-ის მიერ მითითების პირობების შეუსრულებლობა. სასამართლომ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების მე-4 მუხლზე, 36-ე მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებზე, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 14.2, 22.9, 25-ე, 44-ე მუხლებზე, 45.1 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადასტურდა თ. ლ-ის მიერ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 62-ე მუხლით განსაზღვრულია საშენებლო დოკუმენტების ისეთი ცვლილებები, რომლებიც წარმოადგენს დასაშვებ ცვლილებას და რომელთა არსებობის შემთხვევაში არ არის საჭირო ახალი მშენებლობის ნებართა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულ დადგენილებაში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება აღნიშნული მუხლით გათვალსიწინებულ დასაშვებ ცვლილებებს, რის გამო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ლ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2019წ. განჩინებით თ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ნაცვლად მიეთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ლ-ის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულყოფილად არ გამოიკვლიეს საქმის გარემოებები, არ გაითვალისწინეს, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა თ. ლ-ის მიერ მითითების შესრულების შეუძლებლობა. წითელი ხაზების კორექტირებაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უკანონო და დაუსაბუთებელი უარის გამო ვერ განხორციელდა წითელი ხაზების გასწორება, ასევე - პროექტის კორექტირება. მითითების შეუსრულებლობა არ ყოფილა გამოწვეული მოსარჩელის ბრალით. სასამართლოს შეეძლო ზედამხედველობის სამსახურის სადავო აქტის კანონიერების შემოწმების ფარგლებში ემსჯელა წითელი ხაზების კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერებაზეც, რადგან აღნიშნულ გარემოებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ზედამხედველობის სამსახურის სადავო დადგენილების მართლზომიერების შეფასებისას.

სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და თ. ლ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ ...ში მდებარე 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ. ..., ნაკვეთის წინა ნომერი: ...) მესაკუთრე 04.10.2007წ. სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა მოსარჩელე თ. ლ-ე. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 17.06.2010წ. ბრძანებით თ. ლ-ის მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, ამავე ნაკვეთზე 16.08.2010წ. ბრძანებით შეთანხმდა კორექტირებული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, რის საფუძველზეც თ. ლ-ემ განახორციელა სამშენებლო სამუშაოები. თ. ლ-ის 06.07.2015წ. განცხადებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან მოთხოვნილ იქნა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართის დაზუსტება, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.07.2015წ. გადაწყვეტილებით წარმოება შეჩერდა რეგისტრირებულ და სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების დაფიქსირების გამო, ხოლო სააგენტოს 10.08.2015წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. საქმის მასალებით, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.12.2017წ. წერილით დგინდება, რომ ზედდება ხდებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. ამასთანავე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 23.09.2015წ. გადაწყვეტილების მიხედვით განხილულ იქნა თ. ლ-ის მიმართვა თვითმმართველი ერთეულის ქონების გადაფარვის გამო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების შესახებ, რაც არ დაკმაყოფილდა მიზანშეუწონლობის საფუძვლით.

დადგენილია აგრეთვე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 25.08.2015წ. თ. ლ-ის მიმართ გასცა მითითება პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამო. მითითების დანართის მიხედვით დაფიქსირდა რამდენიმე სახის დარღვევა, კერძოდ, დადგინდა, რომ: რელიეფის დონე და ტერიტორიის კეთილმოწყობა არ შეესაბამებოდა პროექტში მითითებულს, აღნიშნული ღობის ნაწილი და ლითონის ჭიშკარი ცდებოდა საკადასტრო წითელ ხაზებს, შეცვლილი იყო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი (...-ის ნაცვლად რეგისტრირებული იყო ...), გამოვლინდა აგრეთვე მშენებლობის განხორციელებისას შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევები, როგორებიცაა: საფეხურების კონფიგურაციის შეცვლა, დამატებითი ხის დეტალების მოწყობა, ავტოფარეხში შესასვლელი კარის გაბარიტისა და პანდუსის გაბარიტის ცვლილება, საბუხრე მილის გაუქმება, ფანჯრის ნაცვლად მომცრო ღიობის მოწყობა, ფანჯრებზე დამატებითი ლითონის გისოსების მოწყობა და სხვ.. თ. ლ-ეს მიეცა 30-დღიანი ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 28.09.2015წ. შემოწმების აქტით დადგინდა მითითების პირობების შეუსრულებლობა. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში გამართული ზეპირი მოსმენის სხდომაზე თ. ლ-ემ ითხოვა დამატებითი ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.11.2015წ. ბრძანებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2015 წლის 27 ნოემბრიდან 2016 წლის 27 იანვრამდე. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 20.01.2016წ. გამართულ სხდომაზე თ. ლ-ემ აღნიშნა, რომ წითელი ხაზები ვერ გასწორდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია წითელი ხაზების კორექტირება, შესაბამისად, თ. ლ-ე ვერ ახდენდა კორექტირებული პროექტის შეთანხმებას და დარღვევების გამოსწორებას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.01.2016წ. N000484 დადგენილებით თ. ლ-ე დაჯარიმდა 2000 ლარით პროექტის დარღვევით მეორე კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის და განემარტა, რომ ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში იგი ხელახლა დაჯარიმდებოდა. აღნიშნული დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა თ. ლ-ის მიერ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 31.10.2016წ. ბრძანებით თ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.01.2016წ. დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც დარღვევად იქნა მიჩნეული საკადასტრო კოდის ცვლილება; არქიტექტურული პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელების ნაწილში ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სადავო დადგენილება დარჩა ძალაში. დგინდება აგრეთვე, რომ მითითებისა და შემოწმების აქტის მიღების შემდგომ, თუმცა სადავო 27.01.2016წ. დადგენილებისა და 31.10.2016წ. ბრძანების გამოცემამდე დამკვეთ თ. ლ-ის სახელზე მშენებლობის ვადის გასვლის გამო სსიპ არქიტექტურის სამსახურის 18.12.2015წ. ბრძანებით გაიცა მშენებლობის ახალი ნებართვა 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ივნისამდე მოქმედების ვადით 16.08.2010წ. შეთანხმებულ პროექტზე, ანუ იმავე პროექტზე, რომლის დარღვევით მშენებლობის განხორციელების გამოც თ. ლ-ეს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

საქმის მასალებით, ასევე თავად თ. ლ-ის, მათ შორის სარჩელში ასახული, ახსნა-განმარტებით დასტურდება თ. ლ-ის მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოება არქიტექტურის სამსახურის 16.08.2010წ. ბრძანებით შეთანხმებული პროექტის დარღვევით. მართალია თ. ლ-ის მიერ სამშენებლო სამუშაოების დაწყება მოხდა უფლებამოსილი ორგანოს - არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, თუმცა შემდგომში დაირღვა სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობები, რაც სამშენებლო სამართალდარღვევად მიიჩნევა. მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის ნებართვა, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება („მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 20.2 მუხ. „დ“ ქვ.პ., 33.1 მუხ. „ა“ ქვ.პ., 36.1 მუხ., 70.1 მუხ. „გ“ ქვ.პ.). პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ქ. თბილისის ტერტირორიაზე მე-2 კლასის შენობა-ნაგებობასთან მიმართებით, იწვევდა პირის დაჯარიმებას 2000 ლარით (45.1 მუხ. „ა.ა“ ქვ.პ.). ამდენად, თ. ლ-ემ ჩაიდინა სამშენებლო სამართალდარღვევა, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოებს და ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ თ. ლ-ისთვის სანქციის შეფარდების შესაძლებლობაზე მშენებლობის მოქმედი, ვადაში მყოფი ნებართვის არსებობის პირობებში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა გულისხმობს პირისათვის დამტკიცებული პროექტის შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის მიცემას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი პერიოდის განმავლობაში. განსახილველ შემთხვევაში 16.08.2010წ. არქიტექტურული პროექტის დარღვევით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების გამო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 08.07.2015წ. წერილით (გაფრთხილება) მიმართა თ. ლ-ეს და განუსაზღვრა 45-დღიანი ვადა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის 16.08.2010წ. არქიტექტურული პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად ან კორექტირებული პროექტის შესათანხმებლად, 25.08.2015წ. გაიცა მითითება, ხოლო 28.09.2015წ. შედგა შემოწმების აქტი. მითითებისა და შემოწმების აქტის გაცემის პერიოდში 16.08.2010წ. არქიტექტურულ პროექტთან დაკავშირებით გაცემული ნებართვის მოქმედების ვადა ამოწურული იყო, ნებართვა ძალაში იყო მხოლოდ 2011 წლის აგვისტოს ბოლომდე. ამდენად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ წერილის (გაფრთხილების), მითითებისა და შემოწმების აქტის შედგენისას თ. ლ-ეს აღარ ჰქონდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელების რაიმე საფუძველი და დგინდებოდა გადაცდომის ფორმალურად არსებობა, თუმცა შემოწმების აქტის მიღების შემდგომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე სადავო 27.01.2016წ. დადგენილების გამოცემამდე, თ. ლ-ის სახელზე მშენებლობის ვადის გასვლის გამო სსიპ არქიტექტურის სამსახურის 18.12.2015წ. ბრძანებით გაიცა მშენებლობის ახალი ნებართვა 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ივნისამდე მოქმედების ვადით 16.08.2010წ. შეთანხმებულ პროექტზე. ამდენად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ თ. ლ-ეს მიეცა სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა 16.08.2010წ. შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ფარგლებში, ბრძანება არ შეიცავს დათქმას 16.08.2010წ. არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების რაიმე ნიშნით დიფერენცირების ან მხოლოდ კონკრეტული შინაარსის ქმედებების განხორციელებაზე ნებართვის გაცემის შესახებ, შესაბამისად არ გამოირიცხება ახალი ნებართვის მოქმედების პირობებში თ. ლ-ის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელება თავისი ნაგებობის 16.08.2010წ. პროექტთან შესაბამისობის მოყვანის მიზნით, რაც თავის მხრივ, მითითების დანართში ასახული დარღვევების გამოსწორების შესაძლებლობასაც გულისხმობს. აღნიშნული გარემოება სრულად უგულებელყოფილი იქნა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო აქტების გამოცემისას. სსიპ ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის გამო თ. ლ-ისთვის სანქციის დაკისრება მოხდა მშენებლობის ახალი ნებართვის მოქმედების პირობებში, როდესაც თ. ლ-ეს ჰქონდა კიდევ რამდენიმე თვიანი ვადა 16.08.2010წ. არქიტექტურული პროექტის ფარგლებში ქმედებების განსახორციელებლად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უნებართვო მშენებლობის გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს საზედამხედველო წარმოებას. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) პროექტის დარღვევით წარმოებული მშენებლობისთვის ითვალისწინებდა სანქციას (45.1 მუხ.), ამასთანავე, პირისთვის სანქციის დაკისრება არ ხდებოდა სამართალდარღვევის გამოვლენისთანავე (25-ე მუხ.), რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მთავარი მიზანი არ არის დამრღვევის დასჯა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანომდებლობის ამოცანას შეადგენს საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა. ამ ამოცანის განსახორციელებლად კანონმდებლობა განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის ჩამდენს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1-ლი მუხ.). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთი სახეა სამშენებლო სამართალდარღვევა - სამშენებლო სამუშაოების პროექტის დარღვევით განხორციელება. ნორმატიულად კონკრეტული დარღვევისათვის სახდელის დაკისრების შესაძლებლობა კანონსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის ფუნქციას ასრულებს და მიზნად ისახავს შესაძლო დარღვევების თავიდან აცილებას. სახდელის დაკისრების სწორედ აღნიშნული ფუნქციით იყო განპირობებული პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით სამშენებლო სამართალდარღვევაზე რეაგირების შესაბამისი პროცედურის (მითითებისა და შემოწმების აქტის შედგენა, საქმის წარმოების ვადის გაგრძელება) გათვალისწინება და არა სამართალდარღვევის გამოვლენისთანავე პირის დაჯარიმების წესი. სამართალდარღვევის საქმის წარმოება მიმართულია უკვე არსებულ ფაქტზე, ხდება ისეთ ქმედებაზე რეაგირება, რომელიც უკვე ჩადენილია. აღნიშნულის მიუხედავად არ ხდება დამრღვევისათვის სანქციის დაუყონებლივ შეფარდება, როგორც სადავო პერიოდში, ისე ამჟამად მოქმედი მოწესრიგების მიხედვით თავდაპირველად პირს ეძლევა სამშენებლო გადაცდომის გამოსწორების შესაძლებლობა. ამდენად, ცხადია, რომ კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა (სუსგ Nბს-468-465(კ-17)). ამდენად, იმ პირობებში, როდესაც თ. ლ-ეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიეცა 16.08.2010წ. არქიტექტურული პროექტის ფარგლებში ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა, რაც არ გამორიცხავდა თ. ლ-ის მიერ თავისი ნაგებობის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას და ამდენად, მითითების დანართში აღწერილი დარღვევების გამოსწორებას, დაუსაბუთებელია ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სადავო 27.01.2016წ. დადგენილებით თ. ლ-ისათვის ჯარიმის დაკისრება და შემდგომ მერიის მიერ აღნიშნული აქტის ძალაში დატოვება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო წესის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, მოწმდება მისი გამოცემის დროისათვის არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მოქმედი სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი უკავშირდება სამართალდარღვევის გამო სახდელის, კერძოდ ჯარიმის დაკისრების საკითხს, რომელიც დღემდე ძალაში არ არის შესული. სანქციის დრო მოიცავს არა მხოლოდ ზედამხედველობის ორგანოს მიერ მისი გამოყენების, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების და სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. სადავო აქტის გასაჩივრების შემთხვევაში პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა ადმინისტრაციული ორგანოს სადავო აქტები. აღნიშნულის მიუხედავად ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სრულად უგულებელყოფილი იქნა მშენებლობის ახალი ნებართვის მოქმედების პირობებში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 27.01.2016წ. N000484 დადგენილების გამოცემის ფაქტი, მშენებლობის ახალი ნებართვის შინაარსი. აღნიშნულ გარემოებაზე მითითებას არ შეიცავს სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) აღწერილობითი ნაწილიც კი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტების კანონიერების დადგენა საჭიროებდა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების თანამდევი სამართლებრივი შედეგების შეფასებას, რაც არ მომხდარა როგორც ადმინისტრაციული ასევე სასამართლო წარმოების ფარგლებში, ამდენად, მართებულია კასატორის მოსაზრება სადავო საკითხის საქმის გარემობათა სრულად გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტის შესახებ.

სადავო აქტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე გამოცემას ადასტურებს აგრეთვე იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ თ. ლ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფაქტობრივი საზღვრები არ ემთხვეოდა რეგისტრირებულ საკადასტრო საზღვრებს, ხოლო მოსარჩელე როგორც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას არაერთგზის აღნიშნავდა მის მიერ მითითების შეუსრულებლობის ობიექტური შეუძლებლობის შესახებ და უთითებდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 23.09.2015წ. გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით თ. ლ-ის მოთხოვნა თვითმმართველი ერთეულის ქონების გადაფარვის გამო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების შესახებ არ დაკმაყოფილდა მიზანშეუწონლობის საფუძვლით. გასათვალისწინებელია, რომ სააგენტოს 23.09.2015წ. გადაწყვეტილება, ისევე როგორც მისი საფუძველი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის 13.08.2015 წ. ოქმი, არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას. ამასთანავე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 01.02.2018წ. მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება ქ. თბილისის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესახებ, რაც აისახა საჯარო რეესტრის მონაცემებში. აღნიშნულის შემდგომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.02.2018წ. გადაწყვეტილებით განხორციელდა თ. ლ-ის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დაზუსტება ახალი საკადასტრო ნახაზის შესაბამისად (ტ.2, ს.ფ. 12), შედეგად ერთმანეთს დაემთხვა თ. ლ-ის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი და საკადასტრო საზღვრები. გასათვალისწინებელია, რომ რაიმე სახის დასაბუთებას არ შეიცავს აგრეთვე საზღვრის კორექტირების მიზანშეწონილობის შესახებ მიღებული 01.12.2018წ. გადაწყვეტილება, რის გამო ვერ დგინდება რაიმე არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების ცვლილება, რაც საზღვრების კორექტირებაზე უარის თქმის შემდგომ წარმოიშვა და დადებითი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. მსგავსი გარემოებების არსებობაზე არ უთითებს სსიპ ქონების მართვის სააგენტო თავის 01.12.2018წ. გადაწყვეტილებაში, რის გამო წარმოიშობა დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება თავიდანვე (2015წ.) შესაძლებელი იყო, მით უფრო ზედდების მცირე ფართობის, გადაფარულ მონაკვეთზე თ. ლ-ის მიწის ნაკვეთის კაპიტალური ღობის ნაწილის არსებობის გათვალისწინებით. საქმეზე არ დადგენილა მუნიციპალიტეტის დაცვის ღირსი ინტერესი, რაც 2015 წელს საზღვრის კორექტირების მიზანშეუწონლობას დაასაბუთებდა. თ. ლ-ე მიიჩნევდა, რომ მითითების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებას ქმნიდა სწორედ მუნიციპალიტეტის საკუთრების საზღვრის დაუზუსტებლობა, რაც თავის მხრივ კორექტირებული პროექტის დამტკიცებას უშლიდა ხელს. თ. ლ-ის მიერ გარკვეული სამშენებლო სამუშაოების პროექტის დარღვევით განხორციელება, იმთავითვე არ ქმნიდა მისი დაჯარიმების საფუძველს, სავარაუდო სამართალდამრღვევ პირს უნდა მიეცეს დარღვევის გამოსწორების რეალური შესაძლებლობა, მითითების გაცემას არ აქვს მხოლოდ ფორმალური დანიშნულება. განსახილველ შემთხვევაში თ. ლ-ე თვლიდა, რომ მითითების შესრულება შეუძლებელი იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ეს მოსაზრება არ გაიზიარეს, თუმცა აღნიშნული არგუმენტის უსწორობის სათანადო დასაბუთებას სადავო აქტები არ შეიცავს. ადმინისტრაციულ ორგანოებს არ დაუსაბუთებიათ დადგენილ ვადაში თ. ლ-ის მიერ მითითების შესრულების ობიექტური შესაძლებლობის არსებობა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თ. ლ-ემ რამდენჯერმე ითხოვა სსიპ არქიტექტურის სამსახურისაგან განმარტება წითელი ხაზების კორექტირებამდე პროექტის კორექტირების შესაძლებლობის შესახებ, თუმცა არქიტექტურის სამსახურის პასუხები არ შეიცავდა კონკრეტულ ინფორმაციას. სადავო აქტები არ შეიცავს მოსარჩელის არგუმენტაციის გაზიარებაზე უარის თქმის სათანადო დასაბუთებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევის საჭიროება როგორც წესი სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების ან საქმის სააპელაციო პალატისთვის დაბრუნების საფუძველს ქნის, თუმცა განსახილველ შემთხვევაში დავის განხილვის პროცესში მიღებული ახალი ნორმატიული მოწესრიგება გამორიცხავს სადავო აქტების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის ან სსსკ-ის 412.1 მუხლის საფუძველზე საქმის სააპელაციო პალატისათვის დაბრუნების სასჭიროებას, რადგან საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევის შედეგად სადავო აქტებით დამდგარი შედეგის მართებულობის დადასტურების შემთხვევაშიც კი არსებობს თ. ლ-ის დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი, ხოლო მოსარჩელის ინტერესს სწორედ დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება შეადგენს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონზე, რომლითაც დადგინდა ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა (1-ლი მუხ.). საკასაციო პალატა თვლის, რომ სამშენებლო სამართალდაღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. ლ-ისთვის მითითების გაცემა, შემოწმების აქტის შედგენა და ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილების გამოცემა მოხდა 2019 წლის 15 იანვრამდე, ამასთანავე, თ. ლ-ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება გასაჩივრებულია, სუსპენზიური ეფექტიდან გამომდინარე (სასკ-ის 29.1 მუხ.) მისი მოქმედება შეჩერებულია და ჯერ არ არის აღსრულებული. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 29.11.2016წ. ცნობის მიხედვით, თ. ლ-ე იმყოფება აღრიცხვაზე, როგორც შშმ მკვეთრად გამოხატული სოციალური პაკეტის მიმღები პირი, უვადოდ. „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისა და საურავისაგან, თავისუფლდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი („დ“ ქვ.პ.). ამდენად, დგინდება, რომ არსებობს თ. ლ-ესთან მიმართებით კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების საჭიროება, მასზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საფუძველი.

რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების საკთხს, თ. ლ-ე, ისევე როგორც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სსკ-ის 55.3 მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1–ლი მუხლის მე–2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 411–ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2019წ. განჩინების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს

4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.01.2016წ. N000484 დადგენილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 31.10.2016წ. N1-1970 ბრძანება თ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

5. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი