Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1303(კ-22) 27 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.ბ-ი, მესამე პირები - გ.პ-ი, ზ.პ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 22 აპრილს თ.ბ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 მარტის N03-431/ო, 2020 წლის 9 ნოემბრის N03-2215/ო ბრძანებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ გ.პ-ი და ზ.პ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ.ბ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 მარტის N03-431/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის N03-2215/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ.ბ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე გადაწყვეტილებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, თ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე, მე-4, მე-13 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3, მე-6 მუხლებზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება, თუმცა სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებული ის არგუმენტი, რომ მოსარჩელის მშობლებს გააჩნიათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, არ შეძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ თ.ბ-ი შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში (სახელმწიფოს საკუთრებაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული, ...ში, ...ის ქუჩაზე, N6 კორპუსში მდებარე ბინა N11-12, საცხოვრებელი ფართი - 56 კვ.მ). ამავე მისამართზე ცხოვრობენ თ.ბ-ის მამა - თა.ბ-ი, დედა - ლ.დ-ე, ძმა - გ.ბ-ი, რძალი - ნ.მ-ი, ძმისშვილი - დ.ბ-ი, ბებია - ლ.ბ-ი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებები არ ქმნის მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს, რამეთუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის N8 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1 და მეტი ქულა, ხოლო ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1,5 და მეტი ქულა. ამასთანავე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის N52 საოქმო გადაწყვეტილებით, ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 2,5 და მეტი ქულა.

სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „წესი“ იმ შემთხვევებსაც ითვალისწინებს, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის, ან ახლობლის ბინაში, ქირის გარეშე. ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სხვის საცხოვრებელ ბინაში (ნათესავთან/ახლობელთან) ცხოვრების გამო, მოსარჩელეს ეკუთვნოდა მინიმუმ 1,5 ქულა. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ...ში, ...ის ქუჩაზე, N6 კორპუსში მდებარე 56 კვ.მ საცხოვრებელი ფართი არის სახელმწიფოს საკუთრებაში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე). შესაბამისად, თ.ბ-ისთვის მინიჭებული ქულები საკმარისი იყო, მისი საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის (2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების შესაბამისად, სხვის საცხოვრებელ ბინაში ქირით ან ქირის გარეშე ცხოვრების გამო, მოსარჩელეს მაინც ეკუთვნოდა მინიმუმ 1,5 ქულა, რაც მას, ჯამში, 2,5 ქულის დაგროვების შესაძლებლობას აძლევდა). ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ მიუთითა გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ დასკვნებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები და გაითვალისწინა მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, ასევე საქმეზე წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებსაც მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. სააგენტომ ორჯერ იმსჯელა მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე. პირველ შემთხვევაში, მას უარი ეთქვა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო (აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სააგენტომ მხოლოდ წინასწარი შეფასებით მინიჭებული ქულებით უნდა იმსჯელოს და მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, თუმცა ყურადღების მიღმა დატოვა განსახლების საჭიროების არარსებობა, რასაც სააგენტო წარმოების პროცესში იკვლევს). მეორე შემთხვევაში, მოსარჩელეს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა არასაკმარისი ქულების გამო (მოსარჩელის მისამართზე მდებარე ბინა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. შესაბამისად, თ.ბ-ის ვერ მიენიჭებოდა 1,5 ქულა (კრიტერიუმი - დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში ქირით ან ქირის გარეშე). სადავო პერიოდში მოქმედი „საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ N6 დანართის თანახმად, დევნილ ოჯახს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმში ქულა არ ენიჭებოდა, თუ იგი ცხოვრობდა სახელმწიფოს საკუთრებაში. ამდენად, სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა, იმოქმედოს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული მოთხოვნების საწინააღმდეგოდ.

კასატორი მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მონიტორინგის ოქმის მიხედვით, მისამართი, სადაც მოსარჩელე ცხოვრობს ოჯახთან ერთად, არის სახელმწიფოს საკუთრება. შესაბამისად, მისი 1,5 ქულა რაც დაფიქსირდა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაში, დაექვემდებარა გადამოწმებას. გადამოწმების შედეგად, დადგინდა, რომ ოჯახი ცხოვრობდა სახელმწიფო საკუთრებაში. ჯამში, მოსარჩელეს მიენიჭა 1 ქულა, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, 15 ოროთახიანი ბინის განაწილების მიზნით, კომისიას განსახილველად წარდგენილი ჰქონდა 199 განაცხადი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდათ 2,5 და მეტი ქულა.

კასატორის განმარტებით, მართალია სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, მე-601 მუხლებზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის კანონის ისეთ დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გამოსაკვლევად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი, ჩაატარა მონიტორინგი და დათვალიერება, გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, სადავო საკითხის სრულყოფილად შესასწავლად. ამდენად, სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებაში, კანონიერი და დასაბუთებულია.

კასატორი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მიერ სააგენტოსთვის ექსპერტიზის ხარჯების დაკისრებას. კასატორის მოსაზრებით, გაუგებარია, რისთვის დასჭირდა მხარეს ექსპერტიზის ჩატარება, რასაც მოცემულ დავასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელისაგან აღნიშნული არ მოუთხოვია. მან თავისი ინიციატივით ჩაატარებინა ექსპერტიზა. ასევე ეჭვქვეშ დგას ექსპერტიზის ჩამტარებელი სუბიექტის ცოდნა, გამოცდილება, შესრულებული სამუშაოს ხარისხი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სანდოობა ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიმართ. როგორც წესი, ადმინისტრაციული ორგანო თავად უკვეთავს ექსპერტიზას, ამა თუ იმ ობიექტის მდგრადობასთან დაკავშირებით და მხედველობაში იღებს მხოლოდ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ შედგენილ დასკვნას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მისამართზე მდებარე ბინა არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტს, მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს და წლებია, ცხოვრობს მითითებულ ობიექტში. ამდენად, სასამართლოს მხრიდან ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯების სააგენტოსათვის დაკისრება, არარელევანტური და უკანონოა. აღნიშნულს სადავო აქტის გამოცემასთან კავშირი არ ჰქონია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონთან და მის საფუძველზე მიღებულ ნორმატიულ აქტებთან. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

სადავო პერიოდში მოქმედებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი N1). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას ჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თ.ბ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს შვილები - გ.პ-ი და ზ.პ-ი.

თ.ბ-ი 2017 წლის 11 სექტემბრიდან განქორწინებულია მეუღლესთან - ი.პ-სთან.

თ.ბ-მა 2019 წლის 4 ნოემბერს შეავსო განაცხადი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით. განმცხადებელმა ასევე შეავსო შესაბამისი კითხვარი.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დამუშავების შედეგად, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტამდე, წინასწარი შეფასებით თ.ბ-ის ოჯახს მიენიჭა 2,5 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში, ოჯახთან ერთად) - 1,5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები (ორი არასრულწლოვანი) - 1 ქულა).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის N8 საოქმო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ.ბ-ის მოთხოვნა, მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. უარის საფუძვლად მითითებულ იქნა საკითხის განხილვის ეტაპზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობა (ცხოვრობს სახლში, რომელიც წარმოადგენდა განმცხადებლის საკუთრებას. ამჟამად რეგისტრაცია გაუქმებულია. დააკლდა 1,5 ქულა, ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების გამო). ამავე საოქმო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1 და მეტი ქულა. ასევე, ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1,5 და მეტი ქულა.

ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2020 წლის 12 მარტს გამოსცა N03-431/ო ბრძანება, თ.ბ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

საქმეზე წარმოდგენილი 2020 წლის 8 თებერვლის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, თ.ბ-ი 1992 წლიდან ცხოვრობს ...ში, ...ის ქუჩაზე, N6 კორპუსში მდებარე ბინაში. 2006 წელს დაოჯახდა და 2017 წლამდე ცხოვრობდა მეუღლესთან - ი.პ-სთან ერთად, ქირით. განქორწინების შემდეგ, კვლავ დაბრუნდა მშობლებთან, ზემოაღნიშნულ მისამართზე. მუშაობს სილამაზის სალონ „...ში“. ამავე მისამართზე, მასთან ერთად ცხოვრობენ: მამა - თა.ბ-ი, დედა - ლ.დ-ე, ძმა - გ.ბ-ი, რძალი - ნ.მ-ი, ძმისშვილი - დ.ბ-ი, ბებია - ლ.ბ-ი. საცხოვრებელი ბინა არის სახელმწიფოს (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს) საკუთრებაში.

ამავე მონიტორინგის ფორმის მიხედვით, თ.ბ-ის მშობლები, ძმის ოჯახი და ბებია ცხოვრობენ ...ში, ...ის ქუჩაზე, N6 კორპუსში მდებარე ბინაში და მათ ცალკე აქვთ შევსებული განაცხადი. საცხოვრებელი ფართი არის 56 კვ.მ და 9 სულიანი ოჯახი ერთად ცხოვრობს.

თ.ბ-მა 2020 წლის 6 ივნისს განმეორებით შეავსო განაცხადი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით. განმცხადებელმა ასევე შეავსო შესაბამისი კითხვარი.

განაცხადის დამუშავების შედეგად, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტამდე, წინასწარი შეფასებით თ.ბ-ის ოჯახს მიენიჭა 2,5 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში, ოჯახთან ერთად) - 1,5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები (ორი არასრულწლოვანი) - 1 ქულა).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის N52 საოქმო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ.ბ-ის მოთხოვნა, მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, არასაკმარისი ქულების გამო (დააკლდა 1,5 ქულა, ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების გამო). ამავე საოქმო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 2,5 და მეტი ქულა.

ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის სადავო N03-2215/ო ბრძანების გამოცემას.

ა(ა)იპ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის 2020 წლის პირველი დეკემბრის N1/028 დასკვნის თანახმად, ...ში, ...ის N6-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა აღწევს 80% ნიშნულს, რაც დაუშვებელია და წარმოადგენს სანიტარული წესების და ნორმების დარღვევას. საცხოვრებელ სახლებში ჰაერის ფარდობითი ტენიანობის მაქსიმალური დასაშვები ზღვარი არის 65%. აღნიშნული დადგენილია სამშენებლო წესებით და ნორმებით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 ივნისის N... წერილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, თ.ბ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (მათ შორის, განცხადებაში მითითებულ მისამართზე - ქ. ..., ...ის ქუჩა N6, ბინა N12) რეგისტრირებული არ არის და არც ყოფილა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო აქტის გამოცემისას, არ გაითვალისწინა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას გადაწყვეტილების მიღებას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე ავალდებულებდა. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი, მოსარჩელისათვის მინიჭებულ ქულათა შემცირების საფუძვლის არსებობის დასადასტურებლად. სათანადო ქულების მინიჭებისა და მოსარჩელესთან დაკავშირებული ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების შემთხვევაში, მოსარჩელე, იმ დევნილთა ოჯახების მსგავსად დაკმაყოფილდებოდა საცხოვრებლით, რომელთაც სადავო აქტების ფაქტობრივი საფუძვლებით - დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის N8 და 2020 წლის 28 სექტემბრის N52 საოქმო გადაწყვეტილებებით მინიჭებული ჰქონდათ 2,5 და მეტი ქულა.

საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო 2020 წლის 12 მარტის N03-431/ო ბრძანების გამოცემისას, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელესთან მიმართებაში ეჭვქვეშ არ დაუყენებია ქულათა საკმარისი ოდენობის არსებობა (თ.ბ-ს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო), ხოლო 2020 წლის 9 ნოემბრის N03-2215/ო ბრძანებით მოსარჩელეს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა არასაკმარისი ქულების გამო (არ მიქნიჭა 1,5 ქულა, ვინაიდან იგი ცხოვრობს სხვის სახლში, ქირის გარეშე).

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ N6 დანართიდან გამომდინარე, „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმში“ მოსარჩელეს 1,5 ქულა ვერ მიენიჭებოდა, ვინაიდან იგი ცხოვრობდა სახელმწიფოს საკუთრებაში. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის მისი სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრება, ქირის გარეშე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ ითვალისწინებს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობას, რაც დგინდება შესაბამისი კრიტერიუმებით. ზემოაღნიშნული „წესის“ რეგულაციების გაუთვალისწინებლობა, აზრს უკარგავს ქულათა სისტემის შემოღებას. ასეთ პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს, ყოველთვის შეეძლება დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებით, უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენოს ის დევნილი ოჯახი, რომელსაც სხვა დევნილ ოჯახთან შედარებით დაბალი ქულა აქვს მინიჭებული. მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხის განხილვისას, მოპასუხემ არ გაითვალისწინა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი პირობები (9 სულიანი ოჯახი, სრულწლოვან პირებთან ერთად, ცხოვრობს 56 კვ.მ. ფართში). შესაბამისად, მოსარჩელეთა ოჯახის წევრების რაოდენობისა და ფართის სიმცირის გათვალისწინებით, სახელმწიფოს საკუთრებაში ქირის გარეშე ცხოვრების ფაქტი არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, მოცემულ ეტაპზე, კრიტერიუმების შესაბამისად, დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მშობლები ცხოვრობენ სახელმწიფოს საკუთრებაში და მათ დამოუკიდებლად აქვთ წარდგენილი განაცხადი, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით, ხოლო მოსარჩელე, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ქირის გარეშე ცხოვრობს მშობლებთან, რამდენადაც განქორწინების შემდეგ, არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „წესი“ იმ შემთხვევებსაც ითვალისწინებს, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის, ან ახლობლის ბინაში, ქირის გარეშე. ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში.

ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, უსაფუძვლოა. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ბრძანებები ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არსებობს მათი ბათილად ცნობისა და მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

რაც შეეხება კასატორის მითითებას, მოცემულ საქმეზე სააგენტოსათვის ექსპერტიზის ხარჯის დაკისრების უსაფუძვლობის თაობაზე:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ხარჯების გადანაწილების საკითხი წყდება საქმის შედეგის გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მისი, როგორც დევნილი პირის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. უდავოა, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი და იგი დროებით ცხოვრობს მისამართზე: ..., ...ის ქუჩა N6. ექსპერტიზის ჩატარების მიზანს, წარმოადგენდა სწორედ მოსარჩელის მითითებულ დროებით ადგილსამყოფელზე საცხოვრებლად მძიმე პირობების არსებობის დადასტურება (2020 წლის პირველი დეკემბრის N1/028 დასკვნის თანახმად, ...ში, ...ის N6-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა აღწევს 80% ნიშნულს, რაც დაუშვებელია და წარმოადგენს სანიტარული წესების და ნორმების დარღვევას. საცხოვრებელ სახლებში ჰაერის ფარდობითი ტენიანობის მაქსიმალური დასაშვები ზღვარი არის 65%. აღნიშნული დადგენილია სამშენებლო წესებით და ნორმებით). ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მითითებულ დასკვნას კავშირი არა აქვს სადავო საკითხთან. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხი გადაწყვეტილია მოსარჩელის სასარგებლოდ (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინებით), მოპასუხე მხარეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, დასაბუთება მათზე მითითებით იცვლება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას, მოსარჩელის მიერ გაწეული ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების მართებულობის შესახებ, თუმცა უდავოა, რომ სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ჩათვალა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებით, ექსპერტიზის ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილშიც დადასტურდა, საპროცსო ხარჯების განაწილების მართებულობა.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე