Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1456(კს-22) 12 იანვარი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - მ.ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

მ.ლ-მა 2019 წლის 11 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოითხოვა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №3969787 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 15 აგვისტოს №1216 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დავალდებულება, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში ...თან მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე ადრე არსებული ღობის აღდგენის ნებართვის გაცემის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მ.ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებით მ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების ასლი მ.ლ-ს (პ/ნ ...) ჩაბარდა 2022 წლის 06 სექტემბერს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ხელწერილზე მ.ლ-ის ხელმოწერით (ტ.II, ს.ფ.60). პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 7 სექტემბერს და ამოიწურა 2022 წლის 20 სექტემბერს (ოთხშაბათს), ხოლო მის მიერ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2022 წლის 18 ოქტომბერს, 14-დღიანი ვადის დარღვევით. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ მ.ლ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის ხელმოწერის თარიღად მითითებულია 2022 წლის 18 ოქტომბერი. აღნიშნული გარემოებები კი სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება მ.ლ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და მისი განხილვის დავალება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დროს ადგილი ჰქონდა მექანიკურ შეცდომას, კერძოდ, ჩაბარების ხელწერილზე მ.ლ-მა ნაცვლად 2022 წლის 6 ოქტომბრისა, მიუთითა 2022 წლის 6 სექტემბერი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტი დასტურდება სს „ს...დან“ ამოღებული სატელეფონო ზარებით, რა დროსაც იგი 6 ოქტომბერს უკავშირდებოდა მოსამართლე ქ.მ-ის თანაშემწეს - თ.ხ-ს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით. ამასთანავე, ცნობილია, რომ თანაშემწე მოსამართლესთან ერთად 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდა შვებულებაში, რის გამოც იგი 2022 წლის 6 სექტემბერს გადაწყვეტილების ასლს მ.ლ-ს ვერ ჩააბარებდა. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა განუხილველად დატოვებული, რადგან გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა არ უნდა დაკავშირებოდა შეცდომით მითითებულ თარიღს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მ.ლ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ მ.ლ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის საფუძვლით, განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს. მოცემული ვალდებულების დარღვევა კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს უალტერნატივოდ ავალებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამოცემას. ამასთანავე, საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებისა და გასაჩივრების ვადის დაცულობის საკითხის გამოკვლევისას ზუსტად უნდა განისაზღვროს საჩივრის წარდგენის ვადის ათვლის დაწყების მომენტი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ამასთანავე, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს გზავნილის მხოლოდ უშუალოდ ადრესატისთვის ჩაბარების მოვალეობას, არამედ კონკრეტული წინაპირობების არსებობისას, გზავნილი შესაძლებელია, ჩაბარდეს სხვა სუბიექტსაც და მაინც ჩაითვალოს ჩაბარებულად. მათ შორის, დასახელებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გამომდინარე, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელე - მ.ლ-ს (პ/ნ ...) ჩაბარდა 2022 წლის 06 სექტემბერს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ხელწერილზე მ.ლ-ის ხელმოწერით (ტ.II, ს.ფ.60). ასევე დადგენილია, რომ მ.ლ-მა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2022 წლის 18 ოქტომბერს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ჩაბარების ხელწერილზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად დაფიქსირებულია 2022 წლის 6 სექტემბერი, თუმცა იგი წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას. დასახელებული გარემოების დადასტურების მიზნით, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწის წერილზე (ტ.II, ს.ფ.138), რომლითაც მ.ლ-ს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მოსამართლე ქ.მ-ი და მისი თანაშემწე - თ.ხ-ი 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდნენ შვებულებაში. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების ასლი მოსარჩელეს ჩაბარდა თანაშემწის შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ სასამართლოს შენობაში. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გაეგზავნათ ასევე 2022 წლის 6 ოქტომბერს, რაც დასტურდება საქმეში დაცული გზავნილებით (ტ.II, ს.ფ. 75-76). საქმის მასალებში წარმოდგენილია აგრეთვე სს „ს...ს“ ამონაწერი, რომლითაც დასტურდება მ.ლ-ის მიერ მოსამართლის თანაშემწესთან გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით ზარის არაერთხელ განხორციელების ფაქტი, მათ შორის 2022 წლის 6 ოქტომბერს.

ამრიგად, დასახელებული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ.ლ-ის მიერ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თარიღის მითითებისას დაშვებულია მექანიკური შეცდომა - ნაცვლად 2022 წლის 6 ოქტომბრისა მითითებულია 2022 წლის 6 სექტემბერი. აღნიშნული კი კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის, რამეთუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ, გარდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცულობის შემოწმებისა, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საჩივარი და რამდენად აკმაყოფილებს იგი კანონით განსაზღვრულ სხვა ფორმალურ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. მ.ლ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე