Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-228(კ-21) 26 იანვარი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ თ...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 04 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 19 ივლისს შპს „თ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 6751 ლარის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, შპს „თ...ს“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით შპს „თ...ს“ სარჩელი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური.

2019 წლის 03 დეკემბერს შპს „თ...მა“ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიმართ, მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 6751 ლარის სოლიდარულად ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ თ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

კოლეგიამ მიუთითა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს N19-55 დადგენილების მე-3, მე-5, მე-7 მუხლებზე და აღნიშნა, რომ დადგენილება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისათვის სავალდებულოდ ითვალისწინებდა დოკუმენტაციის წარდგენას საანგარიშგებო თვის მომდევნო 2 თვის 11 რიცხვამდე, ხოლო მათი აღნიშნულ ვადაში წარუდგენლობის და, საგარანტიო წერილების გამოყენების ვადების დარღვევის შემთხვევაში, გამორიცხავდა მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. სასამართლომ მიუთითა, რომ მიუხედავად ამ ორ პირობას შორის ,,და“ კავშირის არსებობისა (რაც მოსარჩელეს აფიქრებინებდა კუმულატიური პირობების არსებობას), კანონმდებელმა „და“ კავშირის მძიმით გამოყოფით სწორედაც დააფიქსირა ნება იმისა, რომ მხოლოდ ერთ-ერთი მოცემულობის (პირობის) არსებობა გამორიცხავდა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. სასამართლომ გაიზარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ თუ მიმწოდებლის მიერ ელექტრონულად დროულად იქნებოდა წარდგენილი ინფორმაცია და დადგენილების მე-7 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სრული დოკუმენტაცია, რისი მიზანიც მიმწოდებლის მიერ პროგრამის განმახორციელებლის მიერ გაცემული მიმართვებით დაფინანსებული მომსახურეობების შესაბამისობის შემოწმებაა, დოკუმენტაციის მატერიალურად წარუდგენლობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო ანაზღაურებაზე ურის თქმის საფუძველი, მაგრამ თუ ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ელექტრონული პორტალის საშუალებით წარდგენა შეუძლებელი იყო (შეუძლებელი იყო პორტალზე ატვირთვა და გადაგზავნა), მაშინ სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევდა მოსარჩელის პოზიციის გაზიარებას მხოლოდ გაწეული მომსახურების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 10.11.2017წ. წერილით ირკვეოდა, რომ ელექტრონულ სისტემაში ვერ ხდებოდა ყველა იმ დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის წარდგენის ვალდებულებაც მხარეს გააჩნდა. ელექტრონულად შესაძლებელი იყო მხოლოდ შემთხვევათა ფორმის რეესტრის წარდგენა, ხოლო სხვა დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენას მოქმედი მოდული არ ითვალისწინებდა. კოლეგიამ აღნიშნა, რომ 06.03.2020წ. სასამართლოს მთავარ სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ელექტრონულ პორტალზე შეუძლებელი იყო დოკუმენტაციის ატვირთვა, შესაბამის ველებში ხდებოდა მხოლოდ დოკუმენტაციის შინაარსის მითითება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური მხოლოდ დოკუმენტაციის მატერიალურად წარდგენის შემდეგ ამოწმებდა ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტაციის შინაარსის და მატერიალურად წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას, რის საფუძველზეც იღებდა გადაწყვეტილებას თანხის ჩარიცხვის შესახებ. ელექტრონულ პორტალზე დოკუმენტაციის ატვირთვის შეუძლებლობა დაადასტურა მოსარჩელის წარმომადგენელმაც (06.03.2020 წლის სხდომის ოქმი 11:34:16). ამდენად, იმ პერიოდისათვის, როდესაც მოსარჩელე მხარის მიერ, ელექტრონული პორტალის საშუალებით განხორციელდა ინფორმაციის წარდგენა, იგი ამავე პორტალის საშუალებით ვერ წარადგენდა ყველა იმ დოკუმენტის ელელექტრონულ ვერსიას, რომლის წარდგენის ვალდებულება ჰქონდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს N19-55 დადგენილების მე-7 მუხლის 11 პუნქტით, რის გამოც მას ეკისრებოდა ამავე ვადაში დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარდგენის ვალდებულება, რაც მის მიერ განხორციელდა ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ...ს“ წარმომადგენელმა, მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, შპს „თ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლო დასაბუთება და აღნიშნა, რომ აპელანტს გაწეული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის უნდა მიემართა სამედიცინო მომსახურებიდან მომდევნო ორთვიანი ვადის დაცვით, კერძოდ 2017 წლის იანვრის მკურნალობის ხარჯთან დაკავშირებით 2017 წლის მარტში, ხოლო თებერვლის მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით - 2017 წლის 11 აპრილამდე. საქმის მასალებით კი დადგენილი იყო, რომ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მიზნით მოსარჩელემ მხოლოდ 2017 წლის 21 აპრილს მიმართა განცხადებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს და მატერილური სახით წარადგინა მომსახურების გაწევის ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია. პალატის მითითებით, ელექტრონულად შესაძლებელი იყო მხოლოდ შემთხვევათა ფორმის რეესტრის წარდგენა, ხოლო სხვა დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენას მოქმედი მოდული არ ითვალისწინებდა. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ საწინააღმდეგო მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ...ს“ წარმომადგენელმა.

კასატორის მითითებით, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ქალაქ თბილისის მერიის სოციალური პროგრამების ფარგლებში გაიცა მიმართვები, რომლის თანახმადაც, მერია თანხმობას გამოთქვამდა, რომ შპს „თ...სთვის“ „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" 2016 წლის 2 აგვისტოს N19-55 დადგენილების შესაბამისად და ამ დადგენილებით განსაზღვრული ოდენობით აენაზღაურებინა გარკვეულ პირებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის ნაწილი - ჯამში 6751 ლარის ოდენობით. წინამდებარე მიმართვებით (საგარანტიო წერილებით) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შპს ,,თ...ის“ მხრიდან განხორციელდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, შესაბამისად, მოქალაქეებმა მიიღეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. რაც შეეხება გაცემული გარანტიების საფუძველზე თანხის ანაზღაურებას, ეს ვალდებულება არ იქნა შესრულებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხისა და სასამართლოს მსჯელობა შპს „თ...ს“ მხრიდან შესრულების ვადასთან დაკავშირებით ცალსახად არასწორი იყო. „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ 2016 წლის 1 აგვისტოს N19-55 დადგენილების მე-7 მუხლი განსაზღვრავდა თანხის ანაზღაურების წესს, რომლის თანახმად საქართველოს ფარგლებში არსებული მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა უნდა განხორციელებულიყო პირველიდან 11 რიცხვამდე, საჭიროების მიწოდების (სამედიცინო მომსახურება, სხვა საჭიროება) საანგარიშგებო თვის მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ხოლო მედიკამენტის დაფინანსების შემთხვევაში არაუგვიანეს რეცეპტის მოქმედების ვადის გასვლის საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის პირველიდან 11 რიცხვამდე. ქალაქ თბილისის მერიის მიერ მიმართვები (საგარანტიო წერილები) გაცემულ იქნა თებერვალში, შესაბამისად მხარის აპელირება იმის თაობაზე, რომ რადგან ლ.გ-ის (საგარანტიოს ნომ: ...), ვ.ს-ის (...), ე.მ-ას (...) და გ.კ-ის (...) შემთხვევებში შესრულება 2017 წლის იანვარში განხორციელდა, ამიტომ მისი წარდგენის ვადა სრულდებოდა 2017 წლის 11 მარტის ჩათვლით, მოკლებული იყო საფუძველს. კასატორის მოსაზრებით, ვადის ათვლა იწყებოდა საგარანტიო წერილის გაცემიდან. აღნიშნულის შესახებ მითითებული იყო როგორც თავად საგარანტიო წერილში, ასევე „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ 2016 წლის 1 აგვისტოს N19-55 დადგენილების მე-7 პუნქტით განსაზღვრულ წესში. შესაბამისად, ყველა სადავო შემთხვევის შესრულების წარდგენის ვადა იყო 2017 წლის 11 აპრილის ჩათვლით. საგარანტიოში განსაზღვრული იყო პირობა, რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების წარმოდგენა უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს საჭიროების მიწოდების საანგარიშგებო თვის მომდევნო ორი თვის 10 რიცხვისა, ხოლო ვინაიდან N19-55 დადგენილების მე-7 მუხლი სამუშაოების წარდგენის ვადას განსაზღვრავდა 11 რიცხვამდე. შესაბამისად წინამდებარე დადგენილების დანაწესი საგარანტიო წერილის დანაწესთან შედარებით უპირატესი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში შესრულება მოხდა იანვარში და საგარანტიო გაიცა თებერვალში, შესრულების თვედ სწორედ თებერვალი ითვლებოდა. ამასთან, ქალაქ თბილისის მერიის პორტალი არ იძლეოდა საშუალებას მომსახურება ატვირთულიყო ისე, როგორც ამას ითხოვდა მერია. ხსენებული დადგენილების მე-7 მუხლი განსაზღრავდა თანხის ანაზღაურების წესს, თუმცა, არ არსებობდა ინფორმაციის ქაღალდმატარებლით წარდგენის ვალდებულება. არსებული ელექტრონული პორტალის მიზანი ყველა სხვა სახელმწიფო სოციალური პროექტების ფარგლებში ინფორმაციის ელექტრონულად წარდგენა იყო. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „თ...მა“ 2017 წლის 10 მარტს, კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაცვით მოახდინა ინფორმაციის მიწოდება მერიისათვის, გაუგებარი იყო, რატომ მოხდა ანაზღაურებაზე უარი სწორედ ვადის დარღვევის მიზეზით.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა კასატორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და სამედიცინო მომსახურებების დროული მიწოდება, ასევე სადავოდ არ ხდიდა არც ერთი მხარე იმ ფაქტს, რომ გაწეული მომსახურებების თაობაზე ინფორმაცია მიწოდებულ იქნა მერიის სპეციალურ პორტალზე ატვირთვის გზით. აღნიშნულ პორტალზე ატვირთული მონაცემები კი ნათლად წარმოაჩენდა იმ შესრულებებს, რომლებიც კონკრეტულ ფიზიკურ პირებზე, კონკრეტული საგარანტიო წერილების საფუძველზე იქნა განხორციელებული. კასატორის მითითებით, ქაღალდმატარებლის წარმოუდგენლობის გამო ანაზღაურებაზე უარი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას. ანაზღაურებაზე უარი განიმარტებოდა იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, რომელიც დანერგილი იყო ქაღალდმატარებლის წარდგენასთან დაკავშირებით და არა კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. კასატორის მითითებით, პაციენტებს მომსახურება გაეწიათ ჯეროვნად, დადგენილი წესით, ხოლო მერიისთვის ინფორმაცია წარდგენილი იყო ელექტრონულად და შემდგომში დამატებით ქაღალდმატარებლითაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „თ...ს“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,თ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად. მხარეთა მორიგების მიზნით საქმის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2022 წლის 24 ნოემბერს და 15 დეკემბერს, თუმცა მხარეებმა მორიგებას ვერ მიაღწიეს, შესაბამისად, საქმის განხილვა გადაიდო ზეპირი მოსმენის გარეშე 2023 წლის 26 იანვარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „თ...ს“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 04 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2017 წლის იანვარსა და თებერვალში შპს „თ...ში“ მოქალაქეებს ნ.ა-ეს, თ.ბ-ეს, ლ.გ-ეს, მ.კ-ას, გ.კ-ეს, ვ.ლ-ს, ე.მ-ას, ვ.ს-ეს და შ.გ-ს გაეწიათ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება. თითოელ ზემოხსენებულ შემთხვევასთან დაკავშირებით 2017 წლის თებერვალში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ ქ. თბილისის სოციალური პროგრამების ფარგლებში გაიცა მიმართვები, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო თანხმობას გამოთქვამდა, შპს „თ...სათვის“ აენაზღაურებინა მითითებული პირების მკურნალობის ხარჯები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ასანაზღაურებელი თანხების ჯამმა შეადგინა 6751 ლარი. გაწეული მომსახურებების თაობაზე ინფორმაცია მიწოდებულ იქნა მერიის სპეციალურ პორტალზე შემთხვევათა ფორმის რეესტრის ელექტრონულად წარდგენის გზით.

2017 წლის 21 აპრილს შპს „თ...მა“ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, მატერიალური სახით წარადგინა მომსახურების გაწევის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია და მოითხოვა 6751 ლარის ანაზღაურება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წერილით შპს „თ...ს“ ეცნობა, რომ შპს „თ...ს“ მიერ მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურება გაწეულ იქნა 2017 წლის იანვარსა და თებერვალში. შესაბამისად, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იანვარში გაწეულ ხარჯთან დაკავშირებით მოსარჩელეს უნდა წარედგინა არაუგვიანეს 10 მარტისა (ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა), ხოლო თებერვლის ხარჯთან მიმართებით - 2017 წლის 10 აპრილისთვის (ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა) და არა 2017 წლის 21 აპრილს. შპს „თ...“ ვალდებული იყო მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარედგინა როგორც მატერიალურად, ისე ელექტრონულად, რადგანაც ელექტრონულ სისტემაში ვერ ხდებოდა ყველა იმ დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის წარდგენის ვალდებულებაც მხარეს გააჩნდა. ელექტრონულად შესაძლებელი იყო მხოლოდ შემთხვევათა ფორმის რეესტრის წარდგენა, ხოლო სხვა დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენას მოქმედი მოდული არ ითვალისწინებდა.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კონკრეტულ ბენეფიციარებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიათ 2017 წლის იანვარსა და თებერვალში. ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის გაწეული მომსახურების ხარისხს, ღირებულებასა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას. მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ შპს „თ...ს“ მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ ორგანოში ვადაში წარდგენის საკითხი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ ბენეფიციარებს მკურნალობა ჩაუტარდათ ქ. თბილისის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს N19-55 დადგენილების (ძალადაკარგულია - 06.03.18 №15-49) ფარგლებში, რომლითაც დამტკიცდა „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში - წესი). წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ქვეპროგრამა გულისხმობს მოსარგებლეებისათვის სამედიცინო და სხვა სოციალურ საჭიროებათა დასაფინანსებლად მათთვის ფინანსური დახმარების გაწევას. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლე პირები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რეგისტრაციის მისამართიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით არის ქალაქი თბილისი), ა(ა)იპ „თ...ის“ ბენეფიციარები კონკრეტული პრიორიტეტულობით.

წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსარგებლე პირის განცხადებას სამედიცინო მომსახურების და სოციალური საჭიროების დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე, განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სამსახური, თუ მოთხოვნილი თანხის ჯამური ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს. საგარანტიო წერილს გასცემს სამსახურის უფროსი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოსარგებლე პირის განცხადებას სამედიცინო მომსახურების და სოციალური საჭიროების დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე, განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს„სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ხელშემწყობი კომისიის“, თუ მოთხოვნის ჯამური ღირებულება აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს. კომისია ასევე გადაწყვეტილებას იღებს ა(ა)იპ ,,თ...ის“ ბენეფიციარებისათვის მიწოდებული საჭიროების (მედიკამენტი, სამედიცინო მომსახურება, სხვა საჭიროება) ანაზღაურების თაობაზე, მიუხედავად მოთხოვნილი თანხის ოდენობისა. მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა, საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებს წარმოადგენს საგარანტიო წერილზე ხელმომწერი პირი.

მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამედიცინო მომსახურების/ყველა სხვა საჭიროების დაფინანსებაზე გაცემული საგარანტიო წერილი ძალაშია დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული წესის მე-7 მუხლი ითვალისწინებს საგარანტიო წერილის პირობებში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებისათვის აუცილებელ შესაბამის პროცედურას; კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ფარგლებში არსებული მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა უნდა განხორციელდეს პირველიდან 11 რიცხვამდე, საჭიროების მიწოდების (სამედიცინო მომსახურება, სხვა საჭიროება) საანგარიშგებო თვის მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ხოლო მედიკამენტის დაფინანსების შემთხვევაში არაუგვიანეს რეცეპტის მოქმედების ვადის გასვლის საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის პირველიდან 11 რიცხვამდე. ამავე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იქნას: ა) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა); ბ) სამსახურის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რეესტრში წარმოდგენილ თითოეულ შემთხვევაზე: ბ.ა) გაცემული დაფინანსების დოკუმენტის (საგარანტიო წერილი/რეცეპტი) ქსეროასლი; ბ.ბ) ფორმა №IV-100/ა, ასეთი ტიპის დოკუმენტის წარმოების შესაძლებლობის შემთხვევაში; ბ.გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, გარდა ა(ა)იპ „ თ...ის“ (ს/ნ ...) იმ ბენეფიციარების შემთხვევაში, რომელთაც აღნიშნული დოკუმენტი არ გააჩნიათ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წესის მე-7 მუხლის ნორმატიული შინაარსი პროგრამით მოსარგებლე პირისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას ითვალისწინებს მისი ღირებულების ანაზღაურების შემდეგ ეტაპებს: 1. სამედიცინო მომსახურების გაწევიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში (პირველიდან 11 რიცხვამდე) შესრულებული სამუშაოს წარმოდგენას და 2. ანგარიშგების მიზნით მე-7 მუხლის 11 პუნქტში ჩამოთვლილი სამედიცინო დოკუმენტების წარდგენას. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ აღნიშნული წესი არ განმარტავს, თუ რა იგულისხმება შესრულებულ სამუშაოში, რაც ფართო განმარტების არეალს ტოვებს და ზოგადად საექიმო საქმიანობას მოიაზრებს (,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი).

კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „თ...ს“ მიერ აღნიშნული წესით დადგენილ ვადებში ადმინისტრაციულ ორგანოს ელექტრონულად გაეგზავნა საგარანტიო წერილებში მითითებული პირების სასარგებლოდ გაწეული სამედიცინო მომსახურების თაობაზე ინფორმაცია, რასთან დაკავშირებით მისი არასაკმარისობის თვალსაზრისით ადმინისტრაციულ ორგანოს შპს „თ...სთვის“ არ განუსაზღვრავს ვადა დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის შესახებ (ზაკ-ის 83-ე მუხლი).

საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესზე, რომელიც ბენეფიციარებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარს ითვალისწინებს მხოლოდ მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით (და არა 11 პუნქტით) გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის ვადის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საგარანტიო წერილების გამოყენების ვადების დარღვევის შემთხვევაში, ასევე, სამსახურის მონიტორინგის განყოფილების დასკვნის საფუძველზე.

კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ შპს „თ...ს“ ფაქტობრივად, ბენეფიციარებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარი უთხრა წესის მე-7 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგებისთვის აუცილებელი სამედიცინო დოკუმენტაციის ამავე მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის გამო, რა შემთხვევასაც ქ. თბილისის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს N19-55 დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი არ ითვალისწინებდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ამასთან, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. ქ. თბილისის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს N19-55 დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი სწორედ სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე იქნა შემუშავებული. მითითებული პროგრამის ბენეფიციარები იძულებით გადაადგილებული პირები, ა(ა)იპ „თ...ის“ ბენეფიციარები და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები არიან. მნიშვნელოვანია, რომ მათთვის მომსახურების გაწევა ეფექტიანად და შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. აღნიშნულ პროცესთან პირდაპირ კავშირშია მომსახურების გამწევი სამედიცინო დაწესებულებებისათვის გარკვეული გარანტიების შექმნა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემთხვევაში, მათთვის ხელმისაწვდომი იყოს მომსახურების ადეკვატური ანაზღაურება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც უტყუარად დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ ბენეფიციართათვის ჯეროვანი მომსახურების გაწევა და აღნიშნულის თაობაზე სრულყოფილი ინფორმაციის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დადგენილ ვადაში მიწოდება, სამედიცინო დაწესებულებისათვის მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის პრინციპებს, ამასთან, საფრთხეს უქმნის მსგავსი სოციალური პროგრამების განხორციელებას და ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება შპს „თ...ს“ მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ფაქტი. ამასთან ხაზგასასმელია, რომ არასრული დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლოა გამხდარიყო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარსადგენად დამატებითი ვადის დაწესების და არა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმატებით დაძლია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი. ადმინისტრაციულმა ორგანომ კი სათანადო მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, შესაბამისად, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შპს „თ...ს“ სასარგებლოდ დაკისრების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას სამედიცინო მომსახურების ღირებულების მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ (სკ-ის 463-ე მუხლი), მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის №ას-467-2020 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ,,სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი რამდენიმე წინაპირობას შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი (შდრ. სუსგ №ას- 164-158-2011, 01 აგვისტო, 2011). გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. კრედიტორს შეუძლია მოთხოვნა წაუყენოს ნებისმიერ სოლიდარულ მოვალეს. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული, რაც იმაში გამოიხატება, რომ კრედიტორს საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერი მოვალისაგან თანაბრად უნდა შეეძლოს ვალდებულების მთლიანი ანდა ნაწილობრივი შესრულების მოთხოვნა... საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულება, კანონი და ვალდებულების საგნის განუყოფლობა (Numerus Clausus).“ მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,თ...ს“ სასარჩელო მოთხოვნას მის მიერ კონკრეტული სოციალური პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება წარმოადგენს. მოცემული სოციალური პროგრამის განხორციელების მომწესრიგებელი კანონმდებლობა - ქ. თბილისის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს N19-55 დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ვალდებულებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს აკისრებს. ამდენად, სადავო თანხის ანაზღაურებაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებლობა არ დასტურდება, რაც გამორიცხავს მოპასუხეების სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და შპს „თ...ს“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით ჯამში გადახდილი 815.1 ლარის (202.53+275.0+337.55) ანაზღაურება;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „თ...ს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 04 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „თ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალოს მოსარჩელის სასარგებლოდ 6751 (ექვსი ათას შვიდას ორმოცდათერთმეტი) ლარის ანაზღაურება;

5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალოს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 815.1 ლარის (202.53+275.0+337.55) ანაზღაურება;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა