Facebook Twitter

საქმე №ბს-375(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი.ს-ი

მესამე პირი - კ.შ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.ს-მა 2016 წლის 29 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მისი მოსამსახურის ქმედებით გამოწვეული ზიანის, 26 000 აშშ დოლარის (ანაზღაურების მომენტისათვის) ექვივალენტი ლარის ოდენობით მისთვის მიყენებული ზარალის გადახდისა და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საპროცესო ხარჯების, მათ შორის ადვოკატის მომსახურების ხარჯის გადახდის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება კ.შ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ი.ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით ი.ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი.ს-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 02 ივლისის განჩინებით ი.ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ი.ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ი.ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 26 000 აშშ დოლარის (ანაზღაურების მომენტისათვის ეკვივალენტი ლარში) ოდენობით; აგრეთვე, სსიპ საჯარო რეესტრს დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 794 ლარის, სააპელაციო საჩივარზე - 2 825 ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი 3 499 ლარის ი.ს-ის სასარგებლოდ ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსაზრებით, ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის) დაკისრება მოხდა მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პრეიუდიციით, რომლითაც დადგინდა რეგისტრაციის ბათილად ცნობის ფაქტი, ხოლო ზიანის ანაზღაურების კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნების შეფასება სასამართლოს მიღმაა დარჩენილი. ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობის დადგენა საჭიროებს არა მხოლოდ მოპასუხის ქმედებაში ბრალის არსებობის დადგენას, არამედ იმის დადასტურებასაც, რომ ეს იყო მოპასუხის ქმედების პირდაპირი და უშუალო შედეგი, რაც მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არ შეფასებულა. სასამართლოს მიერ არ შეფასებულა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ადრესატი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით რჩება შთაბეჭდილება, რომ სასამართლოსთვის მთავარია, რომ თავად მოსარჩელე მხარის მიერ განისაზღვროს მოთხოვნის ადრესატი საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების შეფასების გარეშე.

სააგენტოს წარმომადგენელი დადგენილად მიიჩნევს, რომ რწმუნებული კ.შ-ე გასცდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს და განახორციელა ისეთი ქმედება, რისი უფლებაც მას დავალების ხელშეკრულებით არ ჰქონია მინიჭებული. ამდენად, მისი მხრიდან სახეზე გვაქვს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. რომ არა მისი ამგვარი ნების/ქმედების გამოვლენა, ვერ მოხდებოდა აღნიშნული უძრავი ნივთის განკარგვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქმედების დადგომას ხელი შეუწყო თავად მოსარჩელე მხარემაც. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ სწორედ უფლებამოსილების ეს ნაკლი გახდა რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების გაუქმების ერთადერთი საფუძველი. ამდენად, ზიანი შესაძლებელია წარმოადგენდეს მხოლოდ და მხოლოდ კ.შ-ეს ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედების უშუალო შედეგს, რაც თავის მხრივ, გულისხმობს იმას, რომ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი შესაძლებელია იყოს მხოლოდ და მხოლოდ კ.შ-ე და არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხონით გათვალისწინებული თანხის დაბრუნების ვალდებულება ეკისრება მესაკუთრე ა.შ-ესაც. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, უძრავ ნივთზე აღდგა ა.შ-ის საკუთრების უფლება. თუმცა, აღნიშნული დავის ფარგლებში დადგენილია, რომ ა.შ-ემ მიიღო შესაბამისი მატერიალური სარგებელი - თანხის ნაწილი, ამასთან, მან დაიბრუნა საკუთრების უფლება ამავე უძრავ ნივთზე და იგი გაასხვისა კიდეც ხელმეორედ, ამჯერად უკვე სხვა პირზე. შესაბამისად, სახეზე გვაქვს აღნიშნული პირის უსაფუძვლო გამდიდრება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მოსაზრებით, თუ თბილისის სააპელაციო სასამართლო თავის არგუმენტაციას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა სააგენტოსთვის ზიანის დაკისრების საფუძვლები, მას ასევე უნდა შეეფასებინა ზიანის პროპორციულობა დაკისრებულ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში, ასევე, მოთხოვნის დაკმაყოფილებისას უნდა ემსჯელა ბრალის გათვალისწინებით შერეული ბრალის საკითხზეც და ისე უნდა განესაზღვრა ზიანის ოდენობა. ამგვარად, სასამართლო ხელს არ უნდა უწყობდეს სხვა პირთა უსაფუძვლო გამდიდრებას და არ უნდა ხდებოდეს არაკეთილსინდისიერ პირთა წახალისება მიღებული გადაწყვეტილებით. ამდენად, მხოლოდ რეესტრის შეფასების საგანს კი არ წარმოადგენდა მინდობილობის შინაარსის გადამოწმება, როგორც მოსარჩელე მხარე და სასამართლო უთითებს, არამედ მყიდველსაც - ი.ს-საც აკისრებს ვალდებულებას გამოეჩინა წინდახედულობა და გულისხმიერება.

მხოლოდ ზიანის არსებობის გარემოება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება; საჭიროა დადგინდეს, რომ ზიანის მიმყენებლის ქმედება, ხასიათდებოდა მართლწინააღმდეგობითა და ბრალეულობით. ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებაში, აღნიშნული ნორმების განმარტებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის ერთობლიობაში (კუმულაციურად) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო/კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ასეთი გადაწყვეტილების მიღება გამოწვეულ უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული მოქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებას შორის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის №3ბ/1877-20 გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივ მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურდების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

ამდენად, კანონმდებლობა ადგენს საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის კი აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: ქმედება, რამაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშვა, დაკავშირებული უნდა იყოს საჯარო-სამარლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან, ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დაშვებული დარღვევა მიმართული უნდა იყოს სხვა პირის უფლებების შელახვისკენ, უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრი კავშირი.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურის უკანონო მოქმედებაზე მითითებით, შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურის მხრიდან მოსარჩელის კანონიერი უფლების ხელყოფისა და უკანონო ქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხი.

საქმეში დაცული მტკიცებულებებით დგინდება, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომელმა 2012 წლის 23 იანვარს ი.ს-სა და ა.შ-ის (ა.შ-ის წარმოადგენდა კ.შ-ე) შორის შეადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ი.ს-მა გადაიხადა 26 000 აშშ დოლარი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 იანვრის №... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის დასახლება მე-3 მ/რ., მე-4 კვარტალი, კორპ. ..., ბინა №...-ზე, საკუთრების უფლება რეგისტრირებულ იქნა ი.ს-ის სახელზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 იანვრის №... გადაწყვეტილება. ზემოხსენებული №... გადაწყვეტილების საფუძვლად თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2012 წლის 23 იანვარს მოხდა ისეთი ხელშეკრულების ხელმომწერი პირების ხელმოწერების დამოწმება, რომლის დადების უფლებაც კ.შ-ეს არ გააჩნდა, ვინაიდან მისთვის მინიჭებული რწმუნებულება მას არ აძლევდა უძრავი ნივთის განკარგვის უფლებას. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა ემოქმედა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად და შსთვის მოეთხოვა ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამყიდველი მხარის წარმომადგენლობის დაადასტურებელი საბუთი, ასეთი საბუთის წარუდგენლობის შემთხვევაში მოპასუხეს უარი უნდა განეცხადებია ხელშეკრულების გაფორმებაზე (ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებაზე), რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესაძლებლობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

ამ ნორმების ანალიზიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უწინარესად მიმართულია შელახული სამართლებრივი სიკეთის ან დარღვეული უფლების აღდგენისა და შენარჩუნების ინტერესისაკენ.

საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლი (ცვლილებამდე 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი) ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღსანიშნავია, რომ ნორმაში მოცემული პირობები კუმულაციური სახით არის წარმოდგენილი და აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეში დაცულ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაზე (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2015 წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3ბ/1108-15), რომელიც ადასტურებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას კანონის მოთხოვნათა დარღვევას. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად, უკანონოდაა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 იანვრის №... გადაწყვეტილება, რომელმაც გამოიწვია ი.ს-ის საკუთრების უფლების დაკარგვა 68.99 კვ.მ უძრავ ნივთზე, რითაც თავის მხრივ მიადგა მატერიალური ზიანი 26 000 აშშ დოლარის ოდენობით, ვინაიდან 23.01.2012წ. ხელშეკრულების თანახმად, მას ზემოხსენებული უძრავი ნივთი შეძენილი ჰქონდა 26 000 აშშ დოლარად და ამასთან დადგენილია, რომ მას არ მიუღია უძრავ ნივთზე გადახდილი საფასური.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამდგარი ზიანი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციის მატარებელი ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების რეალურ და მოსალოდნელ შედეგს წარმოადგენდა, შესაბამისად სახეზეა საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას არამართლზომიერი ქმედება, რამაც გამოიწვია ზიანი. აღნიშნული წინაპირობა კი ქმნის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების საფუძველს.

ამდენად, დადგენილია, რომ ი.ს-ს მიადგა ზიანი, ვინაიდან უფლებრივი ნაკლის გამო უძრავ ნივთზე სასამართლო გადაწყვეილებით გაუქმდა მისი საკუთრების უფლება, შესაბამისად, მან განიცადა მატერიალური ზიანი, ვინაიდან წაერთვა საკუთრებაში შეძენილ უძრავ ნივთზე ყოველგვარი უფლება. აღნიშნულით მან დაკარგა ის ფულადი თანხა, რაც ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების სანაცვლოდ ჰქონდა გადახდილი; სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ი.ს-ს უკან არ დაბრუნებია მის მიერ გადახდილი უძრავი ნივთის საფასური. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომლის თანახმადაც ი.ს-ისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებულ ზიანს წარმოადგენს 26 000 აშშ დოლარი (ანაზღაურების მომენტისათვის ეკვივალენტი ლარში).

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მარეგისტრირებლის მიერ 2012 წლის 24 იანვარს რეგისტრაციაზე უარის თქმა ვერ უზრუნველჰყოფდა დამდგარი შედეგის თავიდან აცილებას, ვინაიდან ი.ს-ის მიერ კ.შ-ისთვის უკვე გადახდილი ჰქონდა ნასყიდობის თანხა და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც დაადასტურებდა მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოების ნამდვილობას.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ სსიპ საჯარო რეესტრის წარმომადგენლის მოსაზრებას ა.შ-ის უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია სასამართლო წესით ა.შ-ესთან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით შედავების უფლება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.06.2021წ. № ... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4118.53 ლარის 70% - 2882.97 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა