Facebook Twitter

საქმე #ბს-1209(კ-22) 26 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 31 მარტს ს.ღ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

2020 წლის 8 ოქტომბერს ს.ღ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მესამე პირის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 7 ნოემბრის #3/999-17 გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის #MOD 9 17 00025299 ბრძანება და მოპასუხეს მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, წელთა ნამსახურობის დაანგარიშება და შესაბამის სამსახურში გადაგზავნა დაევალა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარე არ ახორციელებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, ხოლო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინება/დადგენილება სავალდებულოა ყველასთვის. ამასთან, მოპასუხემ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის კომპენსაციის დანიშვნაზე, კერძოდ, მოსარჩელეს ყოველ თვე საპენსიო ანგარიშზე ერიცხება კომპენსაციის თანხა 320 ლარის ოდენობით, თუმცა გადაწყვეტილებაში მითითებული და უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს, გაწერილია, რომ ს.ღ-ე თავდაცვის შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდა 2010 წლის 30 იანვარს. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია სწორედ ამ პერიოდიდან ეკუთვნის.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ზიანის სახით 2010 წლიდან 2019 წლის 1 აპრილამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ს.ღ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ს.ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 1 აპრილამდე - 8960 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ღ-ემ, რომელმაც გასაჩირებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩირებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით ს.ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები; მიიჩნია, რომ სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვიტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რა დროსაც არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შეთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელისთვის 2010 წლიდან 2019 წლის 1 აპრილამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება. მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის #MOD 9 17 00025299 ბრძანება და მოპასუხეს მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით წელთა ნამსახურობის დაანგარიშება და შესაბამის სამსახურში გადაგზავნა დაევალა. მოპასუხემ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის კომპენსაციის დანიშვნაზე, კერძოდ, მას საპენსიო ანგარიშზე ერიცხება კომპენსაციის თანხა ყოველ თვე 320 ლარის ოდენობით, თუმცა გადაწყვეტილებაში მითითებული და უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს, გაწერილია, რომ ს.ღ-ე თავდაცვის შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდა 2010 წლის 30 იანვარს. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას სწორედ ამ პერიოდიდან ეკუთვნის კანონით გათვალისწინებული კომპესაცია.

მოცემულ შეთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს.ღ-ე მიეკუთვნებოდა იმ პირთა წრეს, ვისაც სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდა, თუმცა სადავო იყო სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის პერიოდი, ასევე, კომპენსაციის მიუღებლობა განპირობებული იყო თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მოქმედებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პროცედურები. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ს.ღ-ის პოზიცია სახელმწიფო კომპენსაციის 2010 წლიდან დანიშვნასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ კანონმა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა იმპერატიულად დაუკავშირა უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის დროს, მიუხედავად იმისა, თუ როდის არის წარმოშობილი სახელმწიფო კომპენსაციის საფუძველი. მას შემდეგ, რაც პირს წარმოეშვება კომპენსაციის მიღების უფლება, მან უნდა მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. მითითებული უფლების რეალიზება - სათანადო ორგანოსათვის მიმართვა, განმცხადებლის სურვილზე არის დამოკიდებული. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყო სწორედ განცხადების წარდგენის მომდევნო თვიდან. უფლების განხორციელება კი დამოკიდებულია მისი მფლობელის ნებაზე.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ს.ღ-ემ 2016 წლის 27 დეკემბერს მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის გაანგარიშება. მოპასუხე მხარის მიერ არასწორად მოხდა ს.ღ-ის წელთა ნამსახურების დაანგარიშება, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული 2017 წლის 10 იანვრის #MOD 9 17 00025299 ბრძანება. მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომაც კომპენსაციის დანიშვნის დროს არ იქნა გათვალისწინეული 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 1 აპრილამდე პერიოდი და მოსარჩელეს კომპენსაცია დაენიშნა 2019 წლის პირველი აპრილიდან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა მიზეზშედეგობრივი კავშირი ს.ღ-ის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებას შორის.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ს.ღ-ემ 2016 წლის 27 დეკემბერს მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, სწორედ მოცემული პერიოდიდან წარმოეშვა მას კომპენსაციის მიღების უფლება და არა 2010 წლიდან, როგორც ამას ითხოვდა მოსარჩელე. ს.ღ-ეზე სახელმწიფო კომპენსაციის 2016 წლის 27 დეკემბრიდან გაუცემლობა განპირობებული იყო სამინისტროს უკანონო მოქმედებით, რაც დადგენილი იყო სასამართლოს კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილებით. აღნიშნული გარემოება კი ქმნიდა იმის წინაპირობას, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 1 აპრილამდე - 8960 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. იგი იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ „სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, პირმა კომპენსაციის მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოს, რომელსაც წარედგინება ყველა საჭირო დოკემენტი, მათ შორის, შესაბამისი წარდგინება და ნამსახურობის ნუსხა. ამასთან, „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ჯანმრთელობის სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანების დანართი #2-ის მე-15 მუხლის შესაბამისად, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, ნამსახურების ნუსხა და დათხოვნის ბრძანება.

კასატორის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს არ გააჩნია კანონისმიერი უფლებამოსილება, ყველა შემთხვევაში, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირის მიმართ მოამზადოს წარდგინება, გადააგზავნოს უფლებამოსილ ორგანოში კომპენსაციის დასანიშნად, თუ პირი ვერ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრული კომპენსაციის მიღების პირობებს. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა დელიქტურ ზიანზე და ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, მიუთითა ქმედების მართლწინააღმდეგობასა და მიზეზობრივი კავშირის არსებობაზე, თუმცა კასატორის მოსაზრებით, არც ერთ სასამართლოს არ უმსჯელია უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს ბრალეულობის საკითხზე.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის #ბს-740-736(კ-17) განჩინებაში ასახულ მსჯელობაზე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი წინაპირობების დადასტურების საჭიროებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების შედეგად დამდგარ ზიანად მიიჩნევა ისეთი ზიანი, რომელიც დადგა პირის მიერ შრომითი საქმიანობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებისას ან სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტებისას. მატერიალური ზიანი შესაძლოა გამოიხატოს ქონების დაზიანებაში, შემოსავლის მიუღებლობაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში, დამატებითი ხარჯების გაწევაში და ა.შ. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ორ სახეს: ფაქტობრივად მიყენებულ ზიანსა და მიუღებელ შემოსავალს. მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ ასეთ დროს მხარე განიცდის ზიანს, რომელიც არ დადგებოდა რომ არა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სამინისტრო მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და მას კომპეტენციის ფარგლებში არ გააჩნდა სათანადო უფლებამოსილება წარდგინების გასაგზავნად. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის სამინისტროს მხრიდან უხეში ან გაუფრთხილებელი, განზრახი მოქმედება. ყოველივე ზემოაღნიშნული კი გამორიცხავდა ს.ღ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ზიანის სახით 2010 წლიდან 2019 წლის 1 აპრილამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ს.ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 1 აპრილამდე - 8960 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით კი უცვლელად დარჩა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება. თავის მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო საჩივარი ს.ღ-ის მიერ არ წარმოდგენილა. ამდენად, განჩინება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე.

საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქმის მასალებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს ს.ღ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნით. ს.ღ-ემ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადებაზე (სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ სამსახურიდან თადარიგში გასვლის შემდეგ, საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი) და განმარტა, რომ შეიარაღებულ ძალებში მიღებულია 1993 წლიდან, ზღვრული ასაკის შესრულების მომენტში, მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობა შეადგენდა 15 წელს, ხოლო განთავისუფლების დროს - 17 წელს. ამასთან, შრომის საერთო სტაჟი იწყებოდა 1979 წლიდან და 2008 წლისათვის შეადგენდა 29 წელს, ხოლო 2010 წლისათვის - 31 წელს. ამდენად, განმცხადებლის განმარტებით, იგი სრულად აკმაყოფილებდა მის მიერ მითითებული სამართლებრივი ნორმით განსაზღვრულ ყველა პირობას, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა მოემზადებინა სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო წარდგინება და კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

საგულისხმოა, რომ ს.ღ-ის შრომის წიგნაკის ჩანაწერებიდან (ცნობები მუშაობის შესახებ) დგინდება შემდეგი: 1978 წლის 2 ოქტომბრიდან, ...ის (სწავლობდა ...ში) დამთავრების შემდეგ, მიღებულ იქნა ...ად ...ზე (ბრძ. #78/ოკ, 5/X-78წ.); 1979 წლის 18 აპრილს განთავისუფლებულ იქნა სამსახურიდან სსრკ „50“ წლისათვის გაერთიანებაში გადასვლასთან დაკავშირებით (ბრძ. #38/ოკ 17/IV-79წ.); 1979 წლის 26 აპრილს მიღებულ იქნა ...ად IV (მეოთხე) თანრიგით ...-ში (1) (ბრძ. #270, 25/IV-79წ.); 1980 წლის 3 ივნისს გადაყვანილ იქნა #...ში ...ად (ბრძ. #965 2/VI-80წ.); 1981 წლის 18 მაისს გადაყვანილ იქნა #... საამქროში ...ად მე-4 (მეოთხე) თანრიგით (ბრძ. #1077 18/V-81წ.); 1981 წლის 24 ნოემბერს გადაყვანილ იქნა ...-ში მე-4 თანრიგით (ბრძ. #2504 24/XI-81წ.); 1982 წლის 2 სექტემბერს, გადაყვანილია #...ში ...ად მე-4 თანრიგით (ბრძ. #1675-82წ.); 1983 წლის 1 თებერვალს განთავისუფლებულია სამსახურიდან პირადი განცხადების თანახმად (ბრძ. #38-83წ.); 1983 წლის 7 აპრილს დროებით იქნა მიღებული ...ის საამქროში ...ად, შეკვეთის დამთავრებამდე, ანაზღაურება სანარდო ხელშეკრულებით (ბრძ. #25 ოკ, 07.04.1983წ.); 1983 წლის 26 სექტემბერს განთავისუფლებულია სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე (ბრძ. #63 26/IX-83წ.); 1983 წლის 12 ოქტომბერს მიღებულია ...ზე ...ად (ბრძ. #442, 28.10.83წ.); 1983 წლის 12 დეკემბერს განთავისუფლებულია პირადი განცხადების საფუძველზე (ბრძ. #511, 12.12.83წ.); 1984 წლის 19 იანვარს მიღებულ იქნა #35 (2) (...) საამქროში ...ად III (მესამე) თანრიგით (ბრძ. #57, 18/I-84წ.); 1985 წლის 1 ნოემბერს გადაყვანილ იქნა #... საამქროში ...ად III თანრიგით (ბრძ. #1240, 1/X-85წ.); 1987 წლის 16 მარტს მიენიჭა .... მე-4 თანრიგი იმავე საამქროში (ბრძ. #822-87წ.); 1990 წლის 23 აპრილს მიენიჭა .... მე-5 თანრიგი იმავე საამქროში (ბრძ. #671-90წ.); 1990 წლის 4 ივლისს სსრკ 50 - წლისათვის სახ. თბილისის საწარმოო გაერთიანებას გადაერქვა სახელწოდება და ეწოდა თბილისის საწარმოო გაერთიანება „...“ (ბრძ. #236, 04.07.90წ.); 1992 წლის 3 აგვისტოს შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, განთავისუფლებულია სამსახურიდან (ბრძ. #916, 03.08.92წ.).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასამართლომ განმარტა, რომ 2008 წლის 18 დეკემბრისათვის (ზღვრული ასაკის მიღწევის დროს) მოქმედი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკია: ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის კაპრალების, სერჟანტებისა და მიჩმანებისათვის – 50 წელი; ბ) უმცროსი ოფიცრებისათვის - 45 წელი; გ) უფროსი ოფიცრებისათვის: პოლკოვნიკამდე - 50 წელი; პოლკოვნიკისათვის - 55 წელი; დ) უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცერთათვის - 60 წელი. ამავე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეებს პოლკოვნიკამდე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი შეიძლება გაუგრძელდეთ 5 წლამდე ვადით საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

დადგენილია, რომ ს.ღ-ემ ზღვრულ ასაკს მიაღწია 2008 წლის 16 დეკემბერს, რის გამოც ექვემდებარებოდა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას. ზღვრული ასაკის გაგრძელება კი მოხდა ... ძალებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით, იმის გამო, რომ ... ძალები განიცდიდა კვალიფიციური კადრის ნაკლებობას. ამდენად, ს.ღ-ემ კანონით განსაზღვრული ზღვრული ასაკი ამოწურა 2008 წლის 16 დეკემბერს. ამასთან, ის გარემოება, რომ ს.ღ-ემ ვერ ამოწურა მინისტრის 2008 წლის 18 დეკემბრის ბრძანებით მისთვის გაგრძელებული პერიოდი - 5 წელი (მხარეთა შეთანხმებით იგი სამსახურიდან გათავისუფლდა 2010 წლის 30 იანვარს), სასამართლოს შეფასებით, არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებად. ამგვარ შეფასებას შედეგად მოჰყვებოდა მოსარჩელის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დარღვევა.

შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ს.ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის #MOD 9 17 00025299 ბრძანება და მოპასუხეს (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს) ს.ღ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით წელთა ნამსახურობის დაანგარიშება და წარდგინების შესაბამის სამსახურში გადაგზავნა დაევალა.

ასევე, დადგენილია, რომ 2019 წლის 18 მარტს ს.ღ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა მოითხოვა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 25 მარტის წერილის შესაბამისად, 2019 წლის 18 მარტის განცხადების პასუხად, ს.ღ-ეს ეცნობა, რომ გადმოგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან იგი დათხოვნილი იყო „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების) საფუძველზე, რის გამოც ს.ღ-ე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებას ვერ მოიპოვებდა.

2019 წლის 17 ივნისს ს.ღ-ემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა საჩივრით და მოითხოვა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის) 2019 წლის 25 მარტის #04-00-დ/12650 წერილის ბათილად ცნობა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. ს.ღ-ის მოთხოვნა დაეფუძნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ აღებულ სააღსრულებო ფურცელს, რომელიც წარადგინა სააღსრულებო ბიუროში აღსასრულებლად, თუმცა შემდეგ განცხადებით მიმართა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს, რომელმაც, მოსარჩელის შეფასებით, საფუძვლიანად არ შეისწავლა მის საქმეზე არსებული მასალები, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელ პრეიუდიციული ძალის მქონე დოკუმენტია.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 4 სექტემბრის #04/47092 ცნობის შესაბამისად, ს.ღ-ეს 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა ერთიან სააღრიცხვო ბაზის მონაცემების თანახმად, 2019 წლის 1 აპრილიდან დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია თავდაცვის სამინისტროს ხაზით, ნამსახურეობის ვადის ამოწურვის გამო. სახელმწიფო გასაცემლის ოდენობა შეადგენს 320 ლარს. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 1 ნოემბრის #04-00-დ/46078 ცნობის შესაბამისად, ს.ღ-ე იღებს სახელმწიფო კომპენსაციას წელთა ნამსახურებით თავდაცვის სამინისტროს ხაზით, თვეში 320 ლარს. კომპენსაცია დანიშნულია უვადოდ.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნიეს, რომ 2019 წლის 25 ნოემბერს ს.ღ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და 2010 წლიდან სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 31 დეკემბრის #04/65999 წერილით განცხადების ავტორს განემარტა, რომ სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს კომპენსაციის დასანიშნად ს.ღ-ემ მიმართა 2019 წლის 18 მარტს, შესაბამისად სახელმწიფო გასაცემელი დაენიშნა 2019 წლის 1 აპრილიდან, 320 ლარის ოდენობით. ს.ღ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 31 დეკემბრის #04/65999 წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო კომპენსაცია 2010 წლიდან უნდა გაცემულიყო.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 11 თებერვლის #04/4477 წერილის შესაბამისად, 2020 წლის 29 იანვრის #9708 საჩივრის პასუხად, ს.ღ-ეს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 31 დეკემბრის #04/65999 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა 2010 წლიდან სახელმწიფო კომპენსაციის გაცემაზე.

სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის #04/3733 წერილის თანახმად, ს.ღ-ისათვის (სამხედრო წოდება - ვიცე პოლკოვნიკი, ნამსახურების სტაჟი - 20 წელი) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში, მისაღები თანხა განისაზღვრებოდა: 2010 წლის იანვრიდან 2011 წლის სექტემბრამდე თვეში 224 ლარით; 2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის სექტემბრამდე თვეში 240 ლარით; 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის აპრილამდე თვეში 248 ლარით; 2013 წლის აპრილიდან 2013 წლის სექტემბრამდე თვეში 260 ლარით; 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე თვეში 280 ლარით; 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ივლისამდე 288 ლარით; 2016 წლის ივლისიდან 2019 წლის აპრილამდე თვეში 320 ლარით; სულ 2010 წლის იანვრიდან 2019 წლის 1 აპრილამდე პერიოდში - 30076 ლარით;

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ს.ღ-ე მიეკუთვნება იმ პირთა წრეს, ვისაც სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება აქვს, თუმცა სადავოა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის პერიოდი, ასევე, ის გარემოება, მისი მიუღებლობა განპირობებული იყო თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მოქმედებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ კანონმა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა იმპერატიულად დაუკავშირა უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის დროს, მიუხედავად იმისა, თუ როდის არის წარმოშობილი სახელმწიფო კომპენსაციის საფუძველი. კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობისთანავე, პირმა უნდა მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. მითითებული უფლების რეალიზება - სათანადო ორგანოსათვის მიმართვა, განმცხადებლის სურვილზე არის დამოკიდებული.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ს.ღ-ემ 2016 წლის 27 დეკემბერს მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის გაანგარიშება მოითხოვა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ არასწორად განხორციელდა ს.ღ-ის წელთა ნამსახურების დაანგარიშება, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული 2017 წლის 10 იანვრის #MOD 9 17 00025299 ბრძანება. მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომაც კომპენსაციის დანიშვნის დროს არ იქნა გათვალისწინეული 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 1 აპრილამდე პერიოდი და მოსარჩელეს კომპენსაცია დაენიშნა 2019 წლის პირველი აპრილიდან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მიზეზშედეგობრივი კავშირი ს.ღ-ის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებას შორის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ რამდენადაც ს.ღ-ემ 2016 წლის 27 დეკემბერს მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, სწორედ მოცემული პერიოდიდან წარმოეშვა მას კომპენსაციის მიღების უფლება. ს.ღ-ეზე სახელმწიფო კომპენსაციის 2016 წლის 27 დეკემბრიდან გაუცემლობა განპირობებული იყო სამინისტროს უკანონო მოქმედებით, რაც დადგენილი იყო სასამართლოს კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ქმნის იმის წინაპირობას, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა მოსარჩელისათვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 1 აპრილამდე, 8960 ლარის ოდენობით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა