საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-428(კ-21) 1 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - თ.მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 24 ივნისს თ.მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოპასუხის - სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 მაისის №02-3/56908 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისათვის, მოსარჩელის მამის - ა. კ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის დამოწმებული ასლის მოსარჩელისათვის გადაცემის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 მაისის №02-3/56908 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხე სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს დაევალა მოსარჩელის მამის - ა.კ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის დამოწმებული ასლის მოსარჩელისათვის გადაცემა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ეროვნულმა არქივმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.მ-მა.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნილია მისი გარდაცვლილი მამის - ა. კ-ის დაბადების აქტის ჩანაწერის დამოწმებული ასლის გადაცემა. მოწინააღმდეგე მხარემ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლი არ გაიცემა თავად უფლებამოსილ ფიზიკურ პირზეც და განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტის მიღების უფლება აქვს მხოლოდ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, საგამოძიებო ორგანოს დადგენილების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
აღნიშნულ მოსაზრებას კასატორი არ იზიარებს და მიუთითებს, „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს №169 ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დოკუმენტის პირის გასხვისებაზე უარის საფუძველია სახელმწიფო საიდუმლოების, კომერციული და პირის პერსონალური ინფორმაციის დაცვა. ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება, გარდა ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლებისა, დასაშვებია მონაცემთა სუბიექტის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის თანხმობით ან თუ მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელი. აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, კანონით დადგენილია პირის გარდაცვალების შემთხვევაში მის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთა წრე, რომელშიც მოიაზრება გარდაცვლილის შვილიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი მონაცემთა სუბიექტის შვილს ინფორმაციის მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტად განიხილავს და მის მიერ არქივში წარდგენილ იქნა მამის - ა. კ-ის გარდაცვალების მოწმობა და თავისი დაბადების მოწმობა, სააპელაციო სასამართლომ სრულიად უკანონოდ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ არსებობდა თ.მ-ის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის ასლის „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარისათვის გადაცემული ა.კ-ის დაბადების ფაქტის შესახებ საარქივო ცნობა მომზადებულია სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ...ის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს მმაჩის 1931 წლის სააქტო ჩანაწერების მიხედვით და აღნიშნული საარქივო ცნობა წარმოადგენს ოფიციალურ, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს.
კასატორის განმარტებით, სადავო წერილი ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ვინაიდან თ.მ-ს სურს, დაბრუნდეს თავის ისტორიულ სამშობლოში და ამ მიზნით წარადგინა ...ის საელჩოში არაერთი დოკუმენტი, მათ შორის, საარქივო ცნობა ა.კ-ის დაბადების ფაქტის შესახებ, მომზადებული საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ...ის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს მმაჩის 1931 წლის სააქტო ჩანაწერების მიხედვით, მაგრამ აღნიშნული საარქივო ცნობა საელჩომ არ მიიჩნია საკმარისად და ზეპირსიტყვიერად მოსთხოვეს ა. კ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის დამოწმებული ასლის წარდგენა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული თ.მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 მაისის №02-3/56908 წერილის კანონიერების შემოწმება და შესაბამისად, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისათვის მოსარჩელის მამის - ა. კ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის დამოწმებული ასლის მოსარჩელისათვის გადაცემის დავალება.
საკასაციო პალატის მითითებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2016 წლის 10 აგვისტოს №169 ბრძანებით დამტკიცებული ,,ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესისა და პირობების“ დადგენილება არეგულირებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მუდმივად და განსაზღვრული ვადით შენახვაზე უფლებამოსილი დაწესებულების მიერ დოკუმენტის პირის გასხვისების საფუძველს, ფორმას, დოკუმენტის გასხვისებაზე უარის საფუძვლებს, გასხვისების ვადასა და საფასურს. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დოკუმენტის პირის გასხვისებაზე უარის საფუძველია სახელმწიფო საიდუმლოების, კომერციული და პირის პერსონალური ინფორმაციის დაცვა. ამასთან, მითითებული კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგნის შინაარსის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მხრიდან სადავო აქტის გამოცემისას ჰქონდა თუ არა ადგილი პერსონალური მონაცემის დამუშავების პროცესში კანონის მოთხოვნათა დარღვევას. ამასთან, უნდა შეფასდეს თ.მ-ი წარმოადგენდა თუ არა მის მიერ წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილი პერსონალური მონაცემების, კერძოდ კი, ა. კ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის ასლის მიღების უფლებამოსილების მქონე პირს და დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლის გაცემა ხდება თუ არა პერსონალური მონაცემის მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მოთხოვნის შემთხვევაში.
საქართველოს ტერიტორიაზე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობას და დამუშავების პრინციპებს ადგენს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება არის ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უფლებამოსილმა პირმა შეიძლება დაამუშაოს მონაცემები სამართლებრივი აქტის ან მონაცემთა დამმუშავებელთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა ითვალისწინებდეს ამ კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება, გარდა ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლებისა, დასაშვებია მონაცემთა სუბიექტის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის თანხმობით ან თუ მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება აგრეთვე დასაშვებია, თუ ეს აუცილებელია მემკვიდრეობასთან დაკავშირებული უფლებების რეალიზაციისათვის. მონაცემთა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით დამუშავება დაუშვებელია, თუ მონაცემთა სუბიექტმა გარდაცვალებამდე წერილობითი ფორმით აკრძალა მის შესახებ მონაცემთა მისი გარდაცვალების შემდეგ დამუშავება, გარდა მონაცემთა ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით დამუშავებისა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 18 მარტს თ.მ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივს და მოითხოვა დაბადების შესახებ ცნობის მომზადება-გაცემა შემდეგი მონაცემებით: სახელი - ა...; გვარი - კ-ი; მამის სახელი -ი...; დედის სახელი - ა...; დედის გვარი გათხოვებამდე - მ-ი; დაბადების თარიღი -...წ.; დაბადების ადგილი - ...ის რაიონი, სოფელი .... განმცხადებელმა ასევე მოითხოვა გარდაცვლილი მამის - ა.კ-ის დაბადების აქტის ჩანაწერის ასლი. განმცხადებელმა წარადგინა მისი დაბადების მოწმობა და მამის გარდაცვალების მოწმობა. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის 2019 წლის 19 მარტის №AA2019005370-03 საარქივო ცნობის თანახმად, ...ის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს მმაჩის სააქტო ჩანაწერის მიხედვით, ა. კ-ი დაიბადა ... წლის ... იანვარს, სოფელ ...ში; მშობლები: მამა - ი.კ-ი, ეროვნება - ებრაელი, 25 წლის; დედა - ა.კ-ი, ეროვნება - ქართველი, 25 წლის.
2019 წლის 7 მაისს თ.მ-ის წარმომადგენელმა მ.ღ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს და მოითხოვა ა. კ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის ასლის გადაცემა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ თ.მ-ი (ცვლილების რეგისტრაციამდე - თ.კ-ი) არის აწ. გარდაცვლილი ა. კ-ის ერთადერთი შვილი. შესაბამისად, მამის გარდაცვალების შემდეგ, თ.მ-ი არის აწ. გარდაცვლილი ა.კ-ის პერსონალურ მონაცემებზე უფლებამოსილი პირი.
სადავო აქტით თ.მ-ის წარმომადგენელს - მ.ღ-ს 2019 წლის 7 მაისის განცხადების პასუხად განმეორებით ეცნობა, რომ №AA2019005370-03 საარქივო ცნობა ა. კ-ის დაბადების ფაქტის შესახებ მომზადებულია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ...ის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს მმაჩის 1931 წლის სააქტო ჩანაწერების მიხედვით. აღნიშნული საარქივო ცნობა წარმოადგენს ოფიციალურ, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს. განმცხადებელს ასევე დამატებით ეცნობა, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლი, გარდა დაბადებისა და შვილად აყვანის სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ასლებისა, გაიცემა პერსონალური მონაცემების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მოთხოვნით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. ამავე კანონის მე-7 მუხლით რეგლამენტირებულია სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მონაცემების ხელმისაწვდომობა, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მონაცემები ხელმისაწვდომია იმ სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირისთვის, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; გარდაცვალების რეგისტრაციის მონაცემები ღიაა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. საქართველოს სამინისტროს და მის ტერიტორიულ ორგანოს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მის ტერიტორიულ ორგანოს, სასამართლო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ ნებისმიერ პირს შეუძლიათ მიიღონ თავიანთი უფლებამოსილებების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაცია სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლი, გარდა დაბადებისა და შვილად აყვანის სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ასლებისა, გაიცემა პერსონალური მონაცემის მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მოთხოვნით. აუცილებლობის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს დადგენილებით, აგრეთვე სასამართლოს განჩინებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო გასცემს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დედანს, რომელიც შესაბამისი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ან საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე უნდა დაუბრუნდეს მის გამცემ ორგანოს. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მონაცემები სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელმისაწვდომია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლი გაიცემა პერსონალური მონაცემის მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მოთხოვნით, მაგრამ აღნიშნული არ ეხება ყველა სახის სამოქალაქო აქტის ჩანაწერს. დაბადებისა და შვილად აყვანის სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ხელმისაწვდომობასთან მიმართებით, კანონმდებელი აწესებს ინფორმაციის დაცულობის მაღალ სტანდარტს, ვინაიდან, კრძალავს რა ამგვარი პერსონალური ინფორმაციის გაცემას თვით პერსონალური მონაცემების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მოთხოვნის შემთხვევაშიც. ხოლო თავად ამ ინფორმაციის მატარებელი პირის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევის დროს კი, აუცილებლობის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს დადგენილებით, აგრეთვე სასამართლოს განჩინებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო გასცემს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დედანს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ,,პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებას, რომ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალების შემდეგ გაიცემა მონაცემთა სუბიექტის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის თანხმობით ან თუ მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაბადების აქტის ჩანაწერის ასლის მიღება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თ.მ-ის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის პირობებში, სსიპ ეროვნული არქივის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმების მიზნით სასამართლო ხელმძღვანელობს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით და არა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, მიუხედავად, იმისა, რომ თ.მ-ი არის მონაცემთა გაცემის სუბიექტის შვილი, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი იმპერატიულად კრძალავს დაბადებისა და შვილად აყვანის სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ასლების გაცემას პერსონალური მონაცემის მიღების უფლებამოსილების მქონე პირზე.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ.მ-ის საკასაციო საჩივარზე დ.ჩ-ს 12.04.2021წ. საგადახდო დავალებით №... გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ.ჩ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. დ.ჩ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს თ.მ-ის საკასაციო საჩივარზე 12.04.2021წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. მაკარიძე