Facebook Twitter

საქმე №ბს-488(2კ-22) 15 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ.ა-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 18 აპრილს ქ.ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

სარჩელის თანახმად, 2017 წლის 7 სექტემბრის №002559 დადგენილებით ქ.ა-ი დაჯარიმდა 8000 ლარით ქ. თბილისში, ..ის I შესახვევი №12-ში (ს/კ ...) სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული ავტოფარეხის მშენებლობისთვის. ქ. თბილისში, ..ის I შესახვევი №12-ში განთავსებული უძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირებული იყო ტექაღრიცხვის არქივში, მათ შორის, სადავო ავტოფარეხი, დატანილია საინვენტარიზაციო გეგმაზე, ცნობა-დახასიათების მიხედვით მიწის ფართი ფიქსირდება 450 კვ.მ, ხოლო დარეგისტრირდა 400 კვ.მ, 10 კვ.მ-ით ნაკლები, შესაბამისად, ავტოფარეხი განთავსებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწაზე (ს/კ ...), რაც არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული.

ამდენად, მოსარჩელემ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 7 სექტემბრის №002559 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 მარტის №222 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ქ.ა-ის სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი; ხოლო საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 20 მარტს 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რის შესახებაც სასამართლო უწყება გაეგზავნა მოსარჩელე ქ.ა-ის წარმომადგენელს - თ.კ-ის და ჩაბარდა თ.კ-ის დედას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 მარტის ცნობის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქ.ა-ის სარჩელზე სასამართლო მოსამზადებელი სხდომა ნაცვლად 2020 წლის 20 მარტისა, გაიმართებოდა 2020 წლის 19 ივნისს 14:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე სასამართლო უწყება გაეგზავნათ მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს და ჩაბარდა მოსარჩელე ქ.ა-ის წარმომადგენლის - თ.კ-ის დედას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ივნისის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმის თანახმად, სასამართლო სხდომა გაიხსნა 14:06:06 საათზე, სხდომაზე გამოცხადდნენ მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები, ხოლო მოსარჩელე ქ.ა-ი სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მოსარჩელის გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო, შესაბამისად, გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია და სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 30 სექტემბერს 16:00 საათზე. სასამართლო სხდომა დახურულად გამოცხადდა 14:09:45 საათზე. აღნიშნულის თაობაზე სასამართლო უწყება გაეგზავნათ მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს და ჩაბარდა მოსარჩელე ქ.ა-ის წარმომადგენლის - თ.კ-ის დედას.

2020 წლის 29 სექტემბერს საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელე ქ.ა-ის წარმომადგენლმა - თ.კ-იმ, რომელმაც იმ საფუძვლით, რომ 2020 წლის 30 სექტემბერს 16:00 საათზე ჩანიშნული ჰქონდა სხვა სასამართლო სხდომა, სადაც მოპასუხეებს წარმოადგენდა, ვერ შეძლებდა ქ.ა-ის პროცესზე გამოცხადებას, რის გამოც სხდომის სხვა დროისთვის გადადება მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებას მოსარჩელის წარმომადგენელმა დაურთო ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ 2020 წლის 17 აგვისტოს აქტი, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელი - თ.კ-ი დაბარებულ იქნა სხვა სასამართლო სხდომაზე 2020 წლის 30 სექტემბერს 16:00 საათზე, №47 სხდომის დარბაზში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმის თანახმად, სასამართლო სხდომა გაიხსნა 16:07:28 საათზე, სხდომაზე გამოცხადდნენ მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები, ხოლო მოსარჩელე ქ.ა-ი სხდომაზე არ გამოცხადდა. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ქ.ა-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ და სასამართლომ გააგრძელა საქმის განხილვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის სხდომიდან კი საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2020 წლის 16 ოქტომბერს 17:50 საათზე, რის თაობაზეც სასამართლო უწყება გაეგზავნათ მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს და ჩაბარდა როგორც მოსარჩელე ქ.ა-ს, ასევე მისი წარმომადგენლის - თ.კ-ის დედას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის ცნობის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ქ.ა-ის სარჩელზე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება ნაცვლად 2020 წლის 16 ოქტომბრისა გაიმართებოდა 2020 წლის 28 ოქტომბერს 16:10 საათზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2010 წლის 31 მარტის საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, ..ის I შესახვევი №12-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საერთო ფართია 450 კვ.მ. 2010 წლის 6 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისი, ..ის I შესახვევი №12-ში საკადასტრო კოდით (...) რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ქ.ა-ი, დაზუსტებული ფართობით 440.00 კვ.მ.

სასამართლოს მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2017 წლის 15 ივნისს შედგენილ იქნა №... დათვალიერების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ მოქალაქე გ.მ-ე განცხადებით ითხოვდა ქ.ა-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ავტოფარეხის საზღვრების და კანონიერების შესწავლას.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2017 წლის 15 ივნისს ქ.ა-ის მიმართ შედგა №002559 მითითება, რომლითაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ქ. თბილისში, ..ის I შესახვევი №12-ში და მის მიმდებარედ განხორციელებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობის (ავტოფარეხის) მშენებლობა, რომელიც ნაწილობრივ გაცდენილია (...) საკადასტრო საზღვრებს და გადადის მეზობლის და სახელმწიფო ტერიტორიაზე. კაპიტალური შენობა-ნაგებობის თავზე მოწყობილია მსუბუქი კონსტრუქცია. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მოსარჩელეს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 20 კალენდარული დღე.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2017 წლის 7 ივლისს შედგენილ იქნა №002559 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ ქ.ა-ის მიერ არ იქნა შესრულებული №002559 მითითების პირობები.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2017 წლის 7 სექტემბრის №002559 დადგენილებით ქ.ა-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ. თბილისში, ..ის I შესახვევი №12-ში (...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (კაპიტალური ავტოფარეხი, მასზე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციით), რომელიც გადადიოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და სახელმწიფო ტერიტორიაზე (0.28მ და 0.16მ-ით (დასაშვები ცდომილებები)). ამავე დადგენილებით ქ. თბილისში, ..ის I შესახვევი №12-ში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული შენობა-ნაგებობის (კაპიტალური ავტოფარეხი, მასზე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციით) დემონტაჟი.

2017 წლის 2 ოქტომბერს ქ.ა-მა საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2017 წლის 7 სექტემბრის №002559 დადგენილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 მარტის №222 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ქ.ა-ის 2017 წლის 2 ოქტომბრის №19/01172751155-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2017 წლის 7 სექტემბრის №002559 დადგენილება.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლზე, მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტზე, ასევე 65-ე მუხლის პირველ წინადადებასა და პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 66-ე მუხლზე, მე-3 მუხლის 74-ე პუნქტით განმარტებულ უნებართვო მშენებლობის დეფინიციაზე და მოცემულ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ა-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებულია სათანადო ნებართვის გარეშე კაპიტალური ავტოფარეხის, მასზე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის შენობის მშენებლობა, ქ. თბილისში, ..ის I შესახვევი №12-ში (ს/კ ...), რომელსაც ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული წერილობითი დასტური/თანხმობა. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე და არც სასამართლოში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ იქნა მშენებლობის ნებართვის გაცემის ან ლეგალიზების დამადასტურებელი დოკუმენტები, აღნიშნული ცალსახად მიუთითებდა უნებართვოდ აშენებულ კაპიტალურ შენობა-ნაგებობაზე, რაც კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამრღვევ პირზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.

სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 51-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 25-ე მუხლზე და განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ა-ი წარმოადგენს ქ. თბილისი, ..ის I შესახვევი №12-ში საკადასტრო კოდით (...) რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დაზუსტებული ფართობით 440.00 კვ.მ. ამასთან, ქ. თბილისი, ..ის I შესახვევი №12-ში შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია კაპიტალური ავტოფარეხის და მასზე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის შენობის მშენებლობა. ქ.ა-ს არც მითითებით განსაზღვრულ ვადაში და არც სადავო დადგენილების გამოცემამდე არ მოუხდენია სამართალდარღვევის გამოსწორება, რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2017 წლის 7 სექტემბრის №002559 დადგენილებით ქ.ა-ს მართლზომიერად დაეკისრა ჯარიმა სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური ავტოფარეხის და მასზე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის მშენებლობისთვის.

რაც შეეხება ქ.ა-ის პასუხისმგებლობის საკითხს, სასამართლომ ამ შემთხვევაშიც მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ზუსტად არ დგინდებოდა სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვინაობა, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელე, როგორც მესაკუთრე, სწორად მიიჩნია დარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტად, რადგან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.

მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 მარტის №222 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ქ.ა-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რასთან დაკავშირებითაც სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რის გამოც არ არსებობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 მარტის №222 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით ქ.ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ზემოაღნიშნული მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა, კერძოდ, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას. პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების არსებობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე ხელახალი განხილვისთვის და თვითონ გადაწყვიტოს იგი. თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ყოველთვის არაა შესაძლებელი საკითხის გადაწყვეტა სააპელაციო სასამართლოს მიერ, სწორედ ამიტომაცაა მითითებული ზემოაღნიშნულ ნორმაში შესაძლებლობის და არა ვალდებულების თაობაზე. პალატის მითითებით, როგორც წესი, სააპელაციო სასამართლო შეზღუდულია სააპელაციო მოთხოვნის ფარგლებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება წარმოადგენდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იმსჯელებდა წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების დადგენის მიზნით.

პალატამ აღნიშნა, რომ მხარის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში წარმოადგენს მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროცესუალურ უფლებას, რომლის პატივისცემა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - მართლმსაჯულების განხორციელება მხარეთა თანასწორობის საფუძველზე - უპირობო მოვალეობაა და რომლის იგნორირება საპროცესო კანონით მკაცრად განსაზღვრულ პროცესუალურ შედეგს - სასამართლო აქტის გაუქმებას იწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული საპროცესო დარღვევა - საქმის განხილვა მხარის დაუსწრებლად, თვით კანონმდებლობის მიერ შეფასებულია ისეთი ტიპის დარღვევად, რომელიც უცილოდ იწვევს გადაწყვეტილების გაუქმებას და აღნიშნული დამოკიდებული არ არის სასამართლოს შეხედულებაზე, პალატამ არსებითად მიიჩნია ზემოაღნიშნული გარემოების არსებობისა და გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლის გამოკვლევა-დადგენა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში აპელანტი სადავო გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ საქმე განხილული იქნა მოსარჩელე მხარის მონაწილეობის გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 71-ე მუხლებზე და მოცემულ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2020 წლის 19 ივნისს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა მოსარჩელე ქ.ა-ი, სასამართლოს მთავარი სხდომა დანიშნა 2020 წლის 30 სექტემბერს 16:00 საათზე, რის შესახებაც მხარეს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, სასამართლო უწყება გაეგზავნათ მოსარჩელე ქ.ა-სა და მის წარმომადგენელს თ.კ-ის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილებიდან ირკვეოდა, რომ სასამართლო უწყება 2020 წლის 25 ივნისს ჩაბარდა მოსარჩელის წარმომადგენლის დედას, ხოლო თავად ქ.ა-ს კანონით დადგენილი წესით მთავარი სხდომის დანიშვნის თაობაზე ვერ ეცნობა და უწყება მის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაბარებული ვერ იქნა ადრესატის მისამართზე არყოფნის გამო.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა თ.კ-იმ 2020 წლის 29 სექტემბერს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ამავე დროს - 2020 წლის 30 სექტემბერს 16:00 საათზე დანიშნული იყო სხვა სასამართლო სხდომა, სადაც წარმოადგენდა მოპასუხე მხარეებს. აღნიშნულ განცხადებას მოსარჩელის წარმომადგენელმა თან დაურთო სატელეფონო აქტი სასამართლოში დაბარების შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ წარმომადგენელი - თ.კ-ი დაბარებული იქნა სხვა სასამართლო სხდომაზე 2020 წლის 30 სექტემბერს 16:00 საათზე, №47 სხდომის დარბაზში.

საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმიდან სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარე არ გამოცხადდა, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ და მოსარჩელე მხარის დასწრებისა და მისი ინტერესების დაცვის გარეშე გამართულ მთავარ სხდომაზე არსებითად დაასრულა საქმის განხილვა და გადადო საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, რის შედეგადაც მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. განსახილველ შემთხვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ უშუალოდ მოსარჩელე მხარისთვის ცნობილი არ ყოფილა, ხოლო მისმა წარმომადგენელმა სხვა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების გამო ვერ შეძლო წინამდებარე საქმეში სასამართლო პროცესზე მონაწილეობის მიღება. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დაიცვა რა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი, სასამართლოს სხდომის წინა დღეს აცნობა და წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულება სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სადავო არ იყო მხარის საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა, მოსარჩელე მხარის იურიდიული ინტერესის დაცვის გარეშე დატოვება გაუმართლებელი იყო, ვინაიდან სასამართლო დაცვის ძირითადი უფლებიდან გამომდინარე სასამართლო პროცესის ყოველ მონაწილეს უნდა ჰქონდეს საკუთარი შეხედულების გამოთქმისა და პოზიციის დაფიქსირების უფლება. ამასთან, ეს უფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს არა ზოგადად, არამედ ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების მიმართ, რომელიც სასამართლოს განხილვის საგანია. ყოველ მხარეს უნდა ჰქონდეს საკუთარი შეფასების გამოხატვის შესაძლებლობა იმ ფაქტის მიმართ, რომელსაც წარმოადგენს მეორე მხარე ან რომელსაც იხილავს სასამართლო საკუთარი ინიციატივით.

დამატებით, პალატამ ყურადღება გაამახვილა კონვენციური სამართლით დადგენილ მართლწესრიგზე, რამდენადაც სასამართლო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარება და პირის სხდომაზე მოწვევა ემსახურება სამართლიან და თანასწორ პირობებში პროცესის მონაწილეთა ჩაყენებას და მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზანს და მიუთითა პრეცედენტულ სამართალზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უარყოფითი საპროცესო შედეგი (მხარის დასწრების გარეშე საქმის განხილვა და გადაწყვეტა), რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, არ უნდა დადგეს ისეთი მხარის მიმართ, რომლის მიერაც საპროცესო მოვალეობები შესრულებული ვერ იქნა ობიექტური საფუძვლით. შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს არ მიეცა საპროცესო თავდაცვის საშუალება, არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები. პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოეკვლია საქმის გარემოებები და მოსარჩელე მხარის კანონით დადგენილი წესით სასამართლო სხდომაზე მონაწილეობით გადაეწყვიტა დავა მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ქ.ა-ს კანონით დადგენილი წესით მთავარი სხდომის დანიშვნის თაობაზე ვერ ეცნობა, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 74-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სასამართლო უწყება 2020 წლის 30 სექტემბერს დანიშნული მთავარი სხდომის შესახებ ჩაბარდა მოსარჩელის წარმომადგენლის დედას 2020 წლის 25 ივნისს, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მხარეს სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

რაც შეეხება სხვა სასამართლო სხდომაზე დაბარების გამო სხდომის გადადების მოთხოვნას, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ვერ გახდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მთავარ სხდომამდე არაერთხელ (20.03.2020, 19.06.2020) ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, თუმცა მხარე არ გამოცხადებულა.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მხარეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად აცნობა საქმის განხილვის დანიშვნის შესახებ მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე უწყების გაგზავნის მეშვეობით, თუმცა ვინაიდან მხარე მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა, უწყება ჩაბარდა მოსარჩელის წარმომადგენლის ოჯახის წევრს - დედას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

რაც შეეხება მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, კასატორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მხარემ გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლო პროცესის წინა დღეს, კერძოდ, 2020 წლის 29 სექტემბერს აცნობა სასამართლოს იმის თაობაზე, რომ 2020 წლის 30 სექტემბერს 16 საათზე ჩანიშნული იყო სხვა პროცესი, რაც 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არცერთ საპატიო მიზეზში არ ჯდება. ამასთან, მხარე გულგრილად მოეკიდა საქმეს, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო პროცესამდე გაცილებით ადრე შეეძლო უზრუნველეყო გამოუცხადებლობის მიზეზების აღმოფხვრა. აქვე სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ მხარეს სასამართლო პროცესის დანიშვნის შესახებ უწყება უფრო ადრე ჩაბარდა, ვიდრე იმ სასამართლო პროცესის დანიშვნის შესახებ, რომელზე დასწრების გამოც მხარე არ გამოცხადდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის გასაჩივრებული განჩინებით ქ.ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივრები წარმოდგენილია მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები თავისი მოტივებით პროცესუალურ კასაციას წარმოადგენს, რომელიც წარმოდგენილია იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების თაობაზე, რამდენადაც, კასატორების მტკიცებით, მხარეს სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ გვაქვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს საქმის გარემოებებზე. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და საქმის არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში იმსჯელა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების დადგენის მიზნით და მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ იქნა მოსარჩელე მხარის მონაწილეობის გარეშე, რა დროსაც მას არ მიეცა საპროცესო თავდაცვის საშუალება. შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს სახეზე იყო თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საჭიროება.

აღნიშნული საკითხის დადგენის მიზნით საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ქრონოლოგიურად მიუთითოს საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით განხორციელებულ საპროცესო მოქმედებებზე, კერძოდ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ქ.ა-ის სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი; ხოლო საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 20 მარტს 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რის შესახებაც სასამართლო უწყება გაეგზავნა მოსარჩელე ქ.ა-ის წარმომადგენელს - თ.კ-ის და ჩაბარდა თ.კ-ის დედას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 მარტის ცნობის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქ.ა-ის სარჩელზე სასამართლო მოსამზადებელი სხდომა ნაცვლად 2020 წლის 20 მარტისა, გაიმართებოდა 2020 წლის 19 ივნისს 14:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე სასამართლო უწყება გაეგზავნათ მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს და ჩაბარდა მოსარჩელე ქ.ა-ის წარმომადგენლის - თ.კ-ის დედას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ივნისის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმის თანახმად, სასამართლო სხდომა გაიხსნა 14:06:06 საათზე, სხდომაზე გამოცხადდნენ მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები, ხოლო მოსარჩელე ქ.ა-ი სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მოსარჩელის გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო, შესაბამისად, გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია და სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 30 სექტემბერს 16:00 საათზე. სასამართლო სხდომა დახურულად გამოცხადდა 14:09:45 საათზე. აღნიშნულის თაობაზე სასამართლო უწყება გაეგზავნათ მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს და ჩაბარდა მოსარჩელე ქ.ა-ის წარმომადგენლის - თ.კ-ის დედას.

2020 წლის 29 სექტემბერს საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელე ქ.ა-ის წარმომადგენლმა - თ.კ-იმ, რომელმაც იმ საფუძვლით, რომ 2020 წლის 30 სექტემბერს 16:00 საათზე ჩანიშნული ჰქონდა სხვა სასამართლო სხდომა, სადაც მოპასუხეებს წარმოადგენდა, ვერ შეძლებდა ქ.ა-ის პროცესზე გამოცხადებას, რის გამოც სხდომის სხვა დროისთვის გადადება მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებას მოსარჩელის წარმომადგენელმა დაურთო ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ 2020 წლის 17 აგვისტოს აქტი, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელი - თ.კ-ი დაბარებულ იქნა სხვა სასამართლო სხდომაზე 2020 წლის 30 სექტემბერს 16:00 საათზე, №47 სხდომის დარბაზში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმის თანახმად, სასამართლო სხდომა გაიხსნა 16:07:28 საათზე, სხდომაზე გამოცხადდნენ მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები, ხოლო მოსარჩელე ქ.ა-ი სხდომაზე არ გამოცხადდა. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ქ.ა-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ და სასამართლომ გააგრძელა საქმის განხილვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის სხდომიდან კი საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2020 წლის 16 ოქტომბერს 17:50 საათზე, რის თაობაზეც სასამართლო უწყება გაეგზავნათ მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს და ჩაბარდა როგორც მოსარჩელე ქ.ა-ს, ასევე მისი წარმომადგენლის - თ.კ-ის დედას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის ცნობის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ქ.ა-ის სარჩელზე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება ნაცვლად 2020 წლის 16 ოქტომბრისა გაიმართებოდა 2020 წლის 28 ოქტომბერს 16:10 საათზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე მხარე არ გამოცხადებულა საქალაქო სასამართლოში გამართულ არც მოსამზადებელ და არც მთავარ სხდომაზე.

რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელე მხარისთვის სასამართლო უწყების ჩაბარების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარების საკითხები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ მოსამზადებელი სხდომის თაობაზე საქმეში მითითებულ მისამართზე აცნობა მოსარჩელის წარმომადგენელს - თ.კ-ის, ხოლო მოსარჩელე მხარის მოსამზადებელ სხდომაზე გამოუცხადებლობის შემდეგ სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ ეცნობა როგორც მოსარჩელეს, ასევე მის წარმომადგენელს. ორივე შემთხვევაში სასამართლო უწყება ჩაიბარა მოსარჩელე ქ.ა-ის წარმომადგენლის - თ.კ-ის დედამ. რაც შეეხება თავად ქ.ა-ისთვის განკუთვნილ სასამართლო უწყებას - საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილიდან ირკვევა, რომ უწყება მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაბარებული ვერ იქნა ადრესატის მისამართზე არყოფნის გამო. ამდენად, მართალია, თავად ქ.ა-ს უწყება სასამართლოს მთავარი სხდომის თაობაზე ვერ ჩაბარდა, თუმცა უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს) ჩაბარდა მოსარჩელე ქ.ა-ის წარმომადგენლის - თ.კ-ის დედას, რომელიც ამავე მუხლის თანახმად, ვალდებული იყო უწყება დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ადრესატისთვის. ამდენად, მოსარჩელე ქ.ა-ის წარმომადგენელს - თ.კ-ის სასამართლოს მთავარი სხდომის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული როგორც სასამართლოს მთავარი სხდომის, ასევე სხვა საპროცესო მოქმედებების თაობაზე. ამასთან, საკასაციო საასმართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის სასამართლო უწყების ჩაბარების საკითხს, არამედ, მიუთითებს სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე მისი შუამდგომლობის მიუხედავად, საქალაქო სასამართლოს მიერ მათი დასწრების გარეშე საქმის განხილვისა და გადაწყვეტის თაობაზე.

შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელე მხარის დასწრების გარეშე საქმის განხილვისა და გადაწყვეტის შესაძლებლობას, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის პირობებში, რა დროსაც საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ივნისის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოუცხადებლობის შემდეგ 2020 წლის 30 სექტემბერს 16:00 საათზე დანიშნული მთავარი სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება გაეგზავნათ მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს და 2020 წლის 25 ივნისს ჩაბარდა მოსარჩელე ქ.ა-ის წარმომადგენლის - თ.კ-ის დედას, 2020 წლის 29 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაზე თანდართული სატელეფონო აქტის მიხედვით კი 2020 წლის 30 სექტემბერს 16:00 საათზე სხვა საქმეზე დანიშნული სხდომის თაობაზე, სადაც თ.კ-ი მოპასუხეებს წარმოადგენდა, თ.კ-ის 2020 წლის 17 აგვისტოს ეცნობა. შესაბამისად, 2020 წლის 17 აგვისტოს განხორციელებული სატელეფონო შეტყობინების დროს მოსარჩელე ქ.ა-ის წარმომადგენლისთვის უკვე ცნობილი იყო მოცემულ საქმეზე სასამართლოს მთავარი სხდომის 30 სექტემბერს, იმავე დროს დანიშვნის თაობაზე; ქ.ა-ის საქმეზე 2020 წლის 30 სექტემბერს დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობა კი სასამართლოში წარდგენილია მხოლოდ პროცესის წინა დღეს - 2020 წლის 29 სექტემბერს. ამდენად, მოსარჩელის წარმომადგენელს არ მიუღია სათანადო ზომები, ერთი მხრივ, 2020 წლის 17 აგვისტოს განხორციელებული სატელეფონო შეტყობინების დროს სხდომის სხვა თარიღში ჩანიშვნისა და, მეორე მხრივ, 2020 წლის 17 აგვისტოდან 29 სექტემბრამდე სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადების უზრუნველსაყოფად. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე მხარეს საქალაქო სასამართლოსთვის არ მიუმართავს არც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე, რომელიც 2020 წლის 30 სექტემბრის სხდომიდან ჩაინიშნა 2020 წლის 16 ოქტომბერს 17:50 საათზე, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ქ.ა-ის სარჩელზე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება ნაცვლად 2020 წლის 16 ოქტომბრისა გაიმართა 2020 წლის 28 ოქტომბერს 16:10 საათზე. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216.1 მუხლი საქმის განხილვის გადადებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შესაფასებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც კანონით დადგენილი წესით დაბარებული მოსარჩელე მხარე არ გამოცხადებულა არც 2020 წლის 19 ივნისის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე და არც 2020 წლის 29 სექტემბრამდე სასამართლო სხდომის გადადების უზრუნველსაყოფად განუხორციელებია სათანადო ღონისძიებები, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც ესწრებოდნენ, როგორც მოსამზადებელ, ასევე მთავარ სხდომას, არ დაეთანხმნენ მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობას პროცესის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე, საქალაქო სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმე განეხილა მოსარჩელე მხარის დაუსწრებლად. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადების მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს სასამართლო, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მხარის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში წარმოადგენს მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროცესუალურ უფლებას, თუმცა სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მოწვეული მხარის არაერთხელ გამოუცხადებლობის დროს, საქმის განზრახ გაჭიანურების თავიდან არიდების მიზნით, სადავო საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად, სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს გამოუცხადებელი მხარის დაუსწრებლად. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელე მხარის დაუსწრებლად საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მართლზომიერება შეფასდა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით განხორციელებული საპროცესო მოქმედებების გათვალისწინებით.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვა მხარის დაუსწრებლად იმ შემთხვევაში წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს, თუ მას არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს არა ის შემთხვევა, როდესაც კანონით დადგენილი წესით არ ხდება მხარის შეტყობინება, რაც ქმნის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს და სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების წინაპირობას, არამედ, სახეზეა კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული პირის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა და ასეთ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სხდომის გადადების მიზანშეწონილობის შეფასება.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას საქმის ხელახლა განსახილველად საქალაქო სასამართლოში დაბრუნების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. საამისოდ კი სააპელაციო სასამართლოს გააჩნია ყველა ის საპროცესო მექანიზმი, რაც აუცილებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ყოველმხრივი შემოწმებისა და საქმის სრულყოფილი, კომპლექსური განხილვისათვის. მართალია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მას ასევე შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, ანუ არსებითად განიხილოს საქმე და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება, თვითონ, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის დაბრუნების გარეშე, გადაწყვიტოს საქმე, ემყარება საპროცესო ეკონომიის პრინციპს. სააპელაციო სასამართლო იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, როდესაც მას თვითონ არ შეუძლია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ ობიექტურად უნდა არსებობდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან გადაგზავნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ უნდა დაიკარგოს სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, მნიშვნელობა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აუცილებლობა, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეზე არ დგინდება საქალაქო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევით საქმის განხილვა და გადაწყვეტა. სააპელაციო სასამართლოს მინიჭებული აქვს სრული საპროცესო შესაძლებლობა საქმე სრულყოფილად არსებითად განიხილოს როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, დამატებით გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის შედეგადაც სამართლებრივი შეფასება მისცეს სადავო საქმეს და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის, 377-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, თავად ჰქონდა შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში განეხორციელებინა რიგი საპროცესო მოქმედებები, რაც ხელს შეუწყობდა საქმის ყოველმხრივი და ობიექტური განხილვის შედეგად კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილების მიღებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებთან დაკავშირებით და შედეგად სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას, საკასაციო სასამართლო მოცემულ ეტაპზე არ აფასებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს მოცემული დავა, რის გამოც საკასაციო სასამართლო ამ ეტაპზე არსებითად ვერ იმსჯელებს საქმის ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებებთან მიმართებით.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, მართალია, საბოლოო სააპელაციო მოთხოვნა განისაზღვრა იმგვარად, რომ აპელანტმა საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა, თუმცა იგი ასევე მიუთითებდა სადავო აქტების უკანონობაზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლო არ იყო შეზღუდული დავა განეხილა და გადაეწყვიტა არსებითად.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა