Facebook Twitter

საქმე №ბს-487(კ-22) 17 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ა-ი

მე-3 პირი - ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა (სასკ-ის 16.1 მუხ.)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ა-იმა 2020 წლის 07 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის №03-1829/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მ. ა-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის №03-1829/ო ბრძანება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მ. ა-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლის პოზიციით, სამინისტროში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული და შესწავლილი მტკიცებულებები მიუთითებდა მოსარჩელის თბილისში მუდმივი ცხოვრების ფაქტზე. ორივე ინსტანციის სასამართლო პერიოდულად ცხოვრებას განმარტავს, როგორც მუდმივად ცხოვრების ფაქტს, არ აფასებს ისეთ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმადაც ცალსახად იკვეთება, რომ მ. ა-ი არ წარმოადგენდა სოფელ ...ის ფაქტობრივ მაცხოვრებელს. გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება მოსარჩელის მხოლოდ ზეპირ ახსნა-განმარტებასა და მოწმეთა ჩვენებებს. მოსარჩელის 2005 წლიდან ქ. თბილისში მუშაობის ფაქტს სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეფასების მიღმაა დარჩენილი 2005 წლამდე პერიოდი, სადაც არ იკვეთება მ. ა-ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. კასატორი მიიჩნევს, რომ მოწმის სახით დაკითხული ი. ა-ის ჩვენება არ უნდა იქნას გათვალისწინებული, ვინაიდან იგი წარმოადგენს მოსარჩელის ნათესავს და დაინტერესებულია შედეგით, თუმცა მიიჩნევს, რომ ი. ა-ის ჩვენებით არ დასტურდება მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი, თუ არ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მ. ა-იმა 5-8 აგვისტოს დატოვა სოფელი ...ი, მაგრამ არც ეს უკანასკნელია სარწმუნო გარემოება. მოსარჩელის მიერ აგვისტოში ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება იმთავითვე არ ადასტურებს სოფელ ...ში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადმოცემული საკუთარი ბიოგრაფიიდან ნათლად, ცხადად და უტყუარად დგინდება, რომ იგი თავისი ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებით მუდმივად დაკავშირებული არ ყოფილა სოფელ ...თან და იქ საკუთრების ქონა ცალსახად და პირდაპირ არ შეიძლება იყოს იმის განმსაზღვრელი, რომ მ. ა-ი მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში. იგი პერიოდულად ჩადიოდა დღეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იყო სეზონური მაცხოვრებელი, მაგრამ კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ პირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდეს მუდმივად და არა პერიოდულად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს მიაჩნია, რომ მოსარჩელესთან მიმართებით არ დასტურდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რასაც დევნილის სტატუსის მინიჭებისას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის №03-1829/ო ბრძანების ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონის სრული დაცვით, საქმეზე მოპოვებულ და შეკრებილ იქნა საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო მტკიცებულებები და მათი შესწავლის, გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე იქნა მიღებული სადავო აქტი. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მ. ა-ის მიერ გასაჩივრებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის №03-1829/ო ბრძანება. ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 17.06.2021წ. საქმე №ბს-858(2კ-20)).

საქმეში არსებული ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბელოთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2020 წლის 03 აგვისტოს გაცემული ცნობით დასტურდება მ. ა-ის 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტი. ამასთან, ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2020 წლის 03 აგვისტოს დასკვნის თანახმად, მ. ა-ი დაიბადა და ოჯახთან ერთად სოფელ ...ში ცხოვრობდა. მოძიებული ინფორმაციით, მამისა და ძმის გარდაცალების შემდეგ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო, მ. ა-ი, როგორც მარტოხელა დედა, მცირეწლოვან შვილთან ერთად დროებით ქირით ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა ერთ-ერთ მაღაზიაში. ზეპირი მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ მ. ა-ის სოფელ ...თან წლების განმავლობაში კონტაქტი არ გაუწყვეტია. იგი ფლობდა საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს. სამუშაო ჯგუფმა დაადგინა, რომ მ. ა-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხოვრობდა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სხვა ქალაქში პირი შეიძლება გაემგზავროს სამუშაოს შესასრულებლად მუდმივი ადგილის შეუცვლელად, დროის განსაზღვრული პერიოდით და ამ დროს იგი ტოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მაგრამ დროებით, კონკრეტული მიზნით - სამუშაოს შესასრულებლად და სამუშაოს შესრულების შემდეგ უნდა გეგმავდეს უკან დაბრუნებას. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. ა-ის მიერ სოფელი ...ის დატოვების მიზანს წარმოადგენდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ამდენად, ხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნებს და მიიჩნევს, რომ დადასტურებულია მოსარჩელის სოფელ ...ში 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მოსარჩელეს უკანონოდ ეთქვა უარი დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა