Facebook Twitter

ბს-1112(კ-21) 26 იანვარი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ვ...-მ“ 28.11.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სააღსრულებო საქმის №...-005/002 ფარგლებში მოთხოვნილ თანხაზე 57 000 აშშ დოლარსა და 40 667,90 ლარზე დარიცხული სააღსრულებო წარმოების საფასურის ნაწილის, კერძოდ, 5%-ის გაუქმება, რაც შეადგენს 2850 აშშ დოლარს (2,7039 კურსით ტოლია 7706,12 ლარის) და 2033,40 ლარს, სულ ჯამში 9 739,52 ლარს, ასევე მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს შპს „ვ.გ.გ-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა სააღსრულებო საქმის ...-005/002 ფარგლებში მოთხოვნილ თანხაზე 57 000 აშშ დოლარსა და 40 667.90 ლარზე დარიცხული შპს „ვ...-ს“ მიერ გადახდილი სააღსრულებო წარმოების საფასურის ნაწილის, კერძოდ 5%-ის (რაც შეადგენს 2850 აშშ დოლარი X 2.7039 კურსით = 7706,12 ლარი და 2033.40 ლარი, სულ ჯამში 9 739.52 ლარი) უკან დაბრუნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2021წ. განჩინებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.02.2012წ. №ბს-818-812 (კ-11) განჩინებაზე და აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული აღსრულების საფასურის 7%-იანი განაკვეთი თავისი არსით ატარებს არა უფლებააღდგენითი სანქციის ხასიათს, რომლითაც ხდება მოვალის მიერ აღსრულების ხარჯების იძულებითი ანაზღაურების ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, არამედ მოვალის მიმართ გამოყენებული საჯარიმო ხასიათის სანქციას, რომლითაც დამატებითი გადახდის ვალდებულება ეკისრება მოვალეს, ამ ვალდებულებას იწვევს მოვალის მიერ სააღსრულებო წესების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების ჩაბარებისთანავე მიმართა კერძო აღმასრულებელს, რათა განეხორციელებინა მის მიერ დავალებული ქმედებები, ასევე წარადგინა სასამართლო აქტი, თუმცა კერძო აღმასრულებელს სათანადო რეაგირება არ განუხორციელებია, ვინაიდან მას უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა. კერძო აღმასრულებლის მითითებით მეორე დღესვე მოსარჩელემ წერილობით მიმართა სააღსრულებო ბიუროს. ბიუროს აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი წერილის მიღებისთანავე მოსარჩელემ განახორციელა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით სააღსრულებო ბიუროს არ დაუწყია რაიმე იძულებითი ღონისძიება. მოცემულ შემთხვევაში 7 დღიან ვადაში სააღსრულებო დოკუმენტის შეუსრულებლობა არ უკავშირდება მოვალის მიერ მოვალეობის შესრულებისაგან თავის არიდებას. მოპასუხემ ისე დააკისრა მოსარჩელეს გადასახდელად სააღსრულებო საფასურის 7%, რომ არ გაარკვია გადაწყვეტილების შეუსრულებლობის მიზეზი. საქმეში დაცული მტკიცებულებები ნათლად ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოთხოვნის შესრულებისაგან თავის არიდებას, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში უსაფუძვლოა მოსარჩელისთვის აღსრულების საფასურის განსაზღვრა 7%-ის ოდენობით, მოთხოვნის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.

კასატორმა მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეიცავდა მითითებას მოვალის მიერ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი თანხის - მოთხოვნის 2%-ის დაკისრების შესახებ, ხოლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალეს დაეკისრებოდა აღსასრულებელი საფასურის სრული ოდენობა - აღსასრულებელი მოთხოვნის 7%. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოსარჩელემ პირველ ნოემბერს მიმართა კერძო აღმასრულებელს მორიგების სურვილით, ასევე 3 ნოემბერს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, აღნიშნული უფლების გამოყენება მოვალეს არ ათავისუფლებდა კანონით დადგენილ ვადაში მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან. ნებაყოფლობით გადახდის ვადა მოსარჩელეს ეწურებოდა 03.11.2017წ.. მხარის მიერ უფლების გამოყენება არ აჩერებს 7 დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადას, ამდენად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს კანონის მოთხოვნა არ დაურღვევია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 38.6 მუხლიდან გამომდინარე თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღსასრულებელი მოთხოვნის 7% განეკუთვნება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილ სავალდებულო გადასახდელს, რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე და მისი გაანგარიშება ხდება სააღსრულებო დოკუმენტით გათვალისწინებული ფულადი სახსრებიდან აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში. აღსრულების საფასურის 7%-იანი განაკვეთი თავისი არსით ატარებს არა უფლებააღდგენითი სანქციის ხასიათს, რომლითაც ხდება მოვალის მიერ აღსრულების ხარჯების იძულებითი ანაზღაურების ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად აღსრულების საფასური ეროვნული ბიუროს ანგარიშზე და სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნულ ბიუროს), არამედ მოვალის მიმართ გამოყენებული საჯარიმო ხასიაითის სანქციას, რომლითაც დამატებითი გადახდის ვალდებულება ეკისრება მოვალეს. ამ ვალდებულებას იწვევს მოვალის მიერ სააღსრულებო წესების დარღვევა. კანონი მიჯნავს სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ მოთხოვნას და მომსახურების საფასურს (სუსგ 22.02.2012წ. საქმე №ბს-818-812(კ-11)).

საქმეში დაცული კერძო აღმასრულებლის ვ. ო-ეის 18.10.2017წ. №...-005/002 გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების მიხედვით, კერძო აღმასრულებლის წარმოებაში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 22.09.2017წ. გაცემული №2/13683-13 სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება №...). სააღსრულებო ფურცლის თანახმად, შპს „ვ...-ს“ ნ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 57 000 აშშ დოლარისა და 40 667,9 ლარის გადახდა. 18.10.2017წ. წინადადება შპს „ვ...-ს“ დირექტორს ჩაბარდა 27.10.2017წ.. ამ წინადადებით მოვალეს ნებაყოფლობით სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის და სააღსრულებო საფასურის გადასახდელად განესაზღვრა 7 დღე, ასევე მოვალეს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასურის ნაწილის - მოთხოვნის 2% დაეკისრებოდა, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსასრულებელი მოთხოვნის 7% დაეკისრებოდა. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მითითებული წინადადების ჩაბარებიდან 7 დღიან ვადაში, კერძოდ, 01.11.2017წ. შპს „ვ...-ს“ დირექტორმა მიმართა კერძო აღმასრულებელს მორიგების შესახებ წინადადებით, რაზეც აღმასრულებელს მისი ან კრედიტორის პოზიცია არ უცნობებია. 03.11.2017წ. შპს „ვ...-ს“ დირექტორმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, კერძოდ, მოითხოვა შპს „ვ...-ს“ მიერ ნ. რ-ის სასარგებლოდ გადასახდელ თანხაზე ყადაღის დადება, ასევე კერძო აღმასრულებლისთვის №...-005/002 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში იძულებითი აღსრულების განხორციელებისა და აღნიშნული საქმის ფაგრლებში მოვალისგან მიღებული შესრულების კრედიტორისათვის გადაცემის აკრძალვა. იმავე დღეს შპს „ვ...-ს“ დირექტორმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს და აცნობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ, რომლითაც მოთხოვნილი იქნა №...-005/002 სააღსრულებო წარმოების შეჩერება, ასევე აცნობა, რომ სასამართლომ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა განჩინება არ ჩაბარებია და უცნობია დაკმაყოფილებული მოთხოვნის მოცულობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.11.2017წ. განჩინებით, შპს „ვ...-ს“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ნ. რ-ისთვის გადასაცემ ფულად სახსრებს 17640 აშშ დოლარის ფარგლებში სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №... სააღსრულებო საქმეზე შესული თანხიდან. აღნიშნულ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 06.11.2017წ., რომელიც შპს „ვ...-ს“ ჩაბარდა 06.11.2017წ.. აღსრულების ეროვნული ბიუროს 22.11.2017წ. წერილის თანახმად, კერძო აღმასრულებელმა ვ. ო-ეემ სააღსრულებო ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით ბიუროს მიმართა 07.11.2017წ. და წარადგინა მის წარმოებაში არსებული მიმდინარე და დასრულებული საქმეები. 08.11.2017წ. შპს „ვ...-ს“ დირექტორმა განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და აცნობა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის კერძო აღმასრულებლის ანგარიშზე შეტანის შეუძლებლობის თაობაზე აღმასრულებლის მიერ საქმიანობის შეწყვეტის გამო, ასევე მოითხოვა შესაბამისი საბანკო ანგარიშის მიწოდება. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 15.11.2017წ. წერილით, დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით შპს „ვ...-ს“ ეცნობა საბანკო რეკვიზიტები, ასევე ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე სააღსრულებო წარმოება არ შეჩერებულა ეთხოვა აღსრულების სრული საფასურის - მოთხოვნის 7%-ის გადახდა. 17.11.2017წ. საგადახადო დავალებით დგინდება მოთხოვნილი თანხის გადახდის ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოსარჩელის მიერ გადახდილი სააღსრულებო საფასურის - დაკისრებული თანხის 7%-დან 5%-ის უკან დაბრუნება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო დოკუმენტების შეუსრულებლობა ყოველთვის არ უკავშირდება მოვალის მიერ მოვალეობის შესრულებისაგან თავის არიდებას, ხშირ შემთხვევაში შექმნილი ვითარება სააღსრულებო დოკუმენტის ნებაყოფლობითი წესით შესრულების ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს და მიიჩნევა შეუსრულებლობის საპატიო მიზედად. გადასახდელის დაკისრებას უნდა უსწრებდეს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის მიზეზის გარკვევა (სუსგ 22.02.2012წ. საქმე №ბს-818-812(კ-11)). მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ 08.11.2017წ. სააღსრულებო ბიუროსადმი წერილში მოსარჩელე მიუთითებდა 7 დღიან ვადაში დაკისრებული თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულობასთან დაკავშირებულ ზემოთ მითითებულ გარემოებებზე, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ისე მოითხოვა მოვალისაგან სააღსრულებო საფასურის სრულად - დაკისრებული თანხის 7%-ის გადახდა, რომ შეფასება არ მიუცია წერილში მითითებული გარემოებებისთვის და არ გაურკვევია გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის მიზეზები, ამდენად, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე წინადადების 7 დღიან ვადაში შეუსრულებლობა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ უკავშირდება მოვალის მიერ მოვალეობის შესრულებისაგან თავის არიდებას, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში უსაფუძვლოა მოთხოვნის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის გამო მოსარჩელისთვის აღსრულების საფასურის სრული ოდენობით განსაზღვრა. ზოგადად იძულებითი აღსრულების არსი მოვალის მიმართ იძულების ღონისძიებების გამოყენებაში მდგომარეობს. გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობა იწვევს იძულების შესაბამისი ღონისძიებების გამოყენებას. მოვალისთვის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის მიცემული ვადა შეეხება სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრულ მოთხოვნას, რომლის ძირითადი აზრი მდგომარეობს მხარეებისთვის იძულებითი ღონისძიებებით გამოწვეული სიძნელეების აცილებაში, ადმინისტრაციული და სხვა რესურსების დაზოგვაში. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე წინადადებით დადგენილი ვადის გასვლის გამო სააღსრულებო ბიუროს არ განუხორციელებია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები, რაც მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების დამატებით საფუძველს ქმნის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2021წ. განჩინება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.11.2021წ. №23367 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის და 13.01.2022წ. №00512 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 186,98 ლარის, სულ ჯამში 486,98 ლარის 70%, - 340.89 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი