ბს-478(კ-22) 26 იანვარი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2022წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ნ-ემ 24.10.2017წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბათუმის რაიონული პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ მიუღებელი ხელფასის - 9839 ლარის, მორალური ზიანის - 10 000 ლარის, სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის - 1800 ლარის და ადმინისტრაციულ საქმეზე იურიდიული მომსახურების ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.10.2019წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2020წ. განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.2020წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 04.08.2020წ. წარდგენილი განცხადებით მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს გენერალური პროკურატურა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ამავე განცხადებაში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ითხოვს: სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემისა და უკანონო პატიმრობის გამო მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ რეაბილიტირებული პირის - ნ. ნ-ეის სასარგებლოდ 9 თვისა და 11 დღის მიუღებელი შემოსავლის - ხელფასის ანაზღაურება 9839 ლარის ოდენობით, მორალური ზიანის ანაზღაურება - 10000 ლარის ოდენობით, იურიდიული მომსახურებისათვის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებაში და ყველა ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯების ანაზღაურება 1800 ლარის ოდენობით და ყველა ინსტანციის სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის საწარმოებლად იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული იძულებითი ხარჯების გადახდა 1000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2021წ. განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩართულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეეცვალა საპროცესო სტატუსი და სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში ჩაერთო მესამე პირად. ამავე თარიღის განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.04.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ. ნ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 7000 ლარის და მატერიალური ზიანის 9531,60 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 7731,60 ლარი შეადგენდა მიუღებელი შემოსავლის ოდენობას, ხოლო 1800 ლარი - სისხლის სამართლის საქმეში წარმომადგენლის ხარჯს. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2022წ. გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.04.2021წ. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ. ნ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნა, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა სწორედ პროკურატურას და არა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რადგან მართალია სამსახურებრივი უფლებამოსილება ნ. ნ-ეს შეუჩერდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე, თუმცა უდავოა, რომ ამ ბრძანების მიღება იყო სისხლის-სამართლებრივი დევნისა და მოსარჩელის დაკავების შედეგი. ამდენად, ხელფასის მიუღებლობის პირობები შექმნა უკანონო დაკავებამ, დაპატიმრებამ და ბრალდებამ, რის გამო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამართლებულ პირს - ნ. ნ-ეს უნდა აუნაზღაუროს მატერიალური ზიანი მიუღებელი ხელფასის ოდენობით. პალატამ ასევე მართებულად მიიჩნია მოპასუხისათვის სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრება იმ დასაბუთებით, რომ ერთი მხრივ საქმეში წარმოდგენილია ნ. ნ-ეის მიერ დადებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მომსახურების ღირებულება 1800 ლარს შეადგენდა, დასტურდება ასევე თანხის ნაწილის გადახდა, ხოლო მეორე მხრივ უდავოა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში ნ. ნ-ე მართლაც იყო ადვოკატით წარმოდგენილი. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ოდენობის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით, ამასთანავე, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა ყოფილიყო კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს მოწყვეტილი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურება იყო 5000 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ. კასატორმა სზაკ-ის 207-ე, 208-ე, სსკ-ის 992-ე, 1005-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ არ არსებობს პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდება მისი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ზიანი. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. კასატორი მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის დაკისრებული ოდენობა არაგონივრულად დიდია, არ შეესაბამება აღნიშნულ საკითხზე ეროვნული და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ამასთანავე, მატერიალური ზიანის - მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაკისრებოდა სქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რადგან სწორედ მის მიერ გამოცემული აქტით მოხდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეჩერება. რაც შეეხება იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია კონკრეტული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამო სარჩელის დაკმაყოფილება აღნიშნულ ნაწილშიც არ არის დასაბუთებული
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (სუსგ 04.06.2015წ., Nბს-485-474(2კ-14); 07.02.2019წ. Nბს-432-429(2კ-17), 20.07.2022წ. Nბს-628(2კ-20)) და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (Case of Poghosyan and Baghdasaryan v. Armenia, 12.09.2012წ., განაცხ. N22999/06). ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ პროკურატურის ბრალეული ქმედების დაუდასტურებლობის პირობებში, დაუშვებელია მისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება, რადგან განსახილველ შემთხვევაში პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად. დაუშვებელია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით (სკ-ის 992, 1005.1 მუხ.) დადგენილი მოთხოვნების გავრცელება სპეციალური ნორმით (სკ-ის 1005.3 მუხ.) მოწესრიგებულ კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე, რომელსაც ადგილი აქვს უკანონო ბრალდებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო შეფარდების შემთხვევაში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დადასტურდა ნ. ნ-ეის უდანაშაულობა, ამდენად, დგინდება, რომ მას მოუწია კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შემზღუდავი ზემოქმედების ატანა შეზღუდვის თმენის ვალდებულების დაკისრების დასაბუთებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, განხორციელების მომენტში ფორმალურად კანონიერად გამოყენებული აღკვეთის ღონიძიებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის, მიიჩნევიან უკანონოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობის შესახებ. რაც შეეხება დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ.ნ-ეის პატიმრობის ხანგრძლივობის, წაყენებული ბრალდების შინაარსის, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნების გათვალისწინებით, მიკუთვნებული თანხა ნ. ნ-ეისთვის მიყენებული მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებაა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას რიგი სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინების საჭიროების გამო, მორალური ზიანის ასანაზღაურებელი ოდენობა კონკრეტული დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ინდივიდუალურად განისაზღვრება, რის გამო „გონივრული და სამართლიანი“ ოდენობა შესაძლებელია ყოველ დავაში განსხვავებული იყოს. ამასთანავე, საკასაციო საჩივარში მითითებულ საქმეებზე მიკუთვნებული მორალური ზიანის ოდენობასა და ნ. ნ-ეის სასარგებლოდ დაკისრებულ მორალური ზიანის ოდენობას შორის არსებითი სხვაობა არ ფიქსირდება. საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ. ნ-ე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა 8 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, რა საფუძვლითაც მას მიეკუთვნა 5000 ლარი, ანუ უკანონო პატიმრობის თითოეულ თვეზე - 625 ლარი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრება მორალური ზიანის დიდი ოდენობით ანაზღაურების შესახებ, მოკლებულია რაიმე სახის დასაბუთებას. ამასთანავე, ის გარემოება, რომ საგამოძიებო ორგანოები მოქმედებენ ინფორმაციული დეფიციტის პირობებში, შესაძლოა ქმნიდეს არა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლების, არამედ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის ფარგლების შემცირების საფუძველს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მატერიალური ზიანის - სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების გამო მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების ვალდებულების საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაკისრების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 27.10.2015წ. N5818 ბრძანებით დასტურდება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ...ო ...ს, ...ის რიგით ნ. ნ-ეს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 21.07.2011წ. N583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავადცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.10.2015წ. განჩინების გათვალისწინებით, რომლითაც დაკმაყოფილდა პროკურორის შუადგომლობა და ბრალდებულ ნ. ნ-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 21.07.2011წ. N583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავადცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენდა კანონით დადგენილი საფუძვლების გარდა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების დამატებით საფუძვლებს, რომელთა შორის სახელდებოდა სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება („ა“ ქვ.პ.), ამასთანავე, ერთმნიშვნელოვნად იყო მითითებული, რომ სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოსამსახურეს არ უნარჩუნდება თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო, დანამატები, კომპენსაცია („წესის“ 12.2 მუხ.), გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 89-ე მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ნ. ნ-ეისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოქმედი 31.10.1997წ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 89-ე მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდებოდა შვებულების დროს („ბ“ ქვ.პ.), დროებით შრომისუუნარობის დროს („გ“ ქვ.პ.) და მოხელისათვის სხვა სამსახურებრივი დავალების დაკისრებისას („დ“ ქვ.პ.). ამდენად, „წესის“ 12.2 მუხლით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევა არ ვრცელდებოდა სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გამო სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე დგიდნება, რომ ნ. ნ-ეს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისას სამსახურებრივი სარგო არ შენარჩუნებია, შესაბამისად, მან უკანონო ბრალდებისა და პატიმრობის შეფარდების გამო ვერ შეძლო იმ სამსახურებრივი სარგოს მიღება, რომელსაც სისხლის სამართლებრივი დევნის არარსებობის პირობებში მიიღებდა. ამასთანავე, მართალია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მიხედვით სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოხელეს კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით უნარჩუნდებოდა თანამდებობრივი სარგო (88.2 მუხ.), თუმცა ერთი მხრივ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ვრცელდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლები/მოსამსახურეებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ იყო დადგენილი (11.2 მუხ. „ო“ ქვ.პ.), ხოლო მეორე მხრივ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებდა სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში პირის დაპატიმრების შემთხვევაში მასთან სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესაძლებლობას (89-ე მუხ.), გათვალისწინებული იყო მხოლოდ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საჭიროება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემთხვევაში (103-ე მუხ.). ამდენად, სპეციალური მოწესრიგების მხედველობაში მიღებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული მოწესრიგება ვერ გავრცელდებოდა ნ. ნ-ესთან მიმართებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 21.07.2011წ. N583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავადცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ 12.4 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გამო სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემდგომ მოსამსახურის გამართლების შემთხვევაში, განაცდური შრომის გასამრჯელოს ანაზღაურება უნდა მომხდარიყო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის გამოყენების შესაძლებლობა, უკეთუ ამავე კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (207-ე მუხ.). ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ზიანის მიყენება - დელიქტი (სკ-ის 317.1 მუხ.). სკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამასთანავე, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს (სკ-ის 326-ე მუხ.). ამდენად, სკ-ის 1005.3 მუხლით გათვალისწინებული ზიანი თავის თავში მოიაზრებს გამართლებული პირისთვის არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის, არამედ უკანონო ბრალდებისა და პატიმრობის შედეგად მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესაძლებლობასაც. განსახილველ შემთხვევაში ნ. ნ-ესთან სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება გამოწვეული იყო სწორედ მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნით, რომელზეც იგი საბოლოოდ გამართლდა, ამდენად, სწორედ საქართველოს გენერალური პროკურატურაა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე ვალდებული სუბიექტი და არა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც მოსამსახურის დაპატიმრების შემთხვევაში ეკისრებოდა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ნორმატიული ვალდებულება.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე და მიმდინარე დავის ფარგლებში გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადვოკატის მომსახურებისთვის ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“, §145, 146). საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის, ასევე განსახილველი ადმინისტრაციული დავის ფარგლებში ნ. ნ-ეის მიერ იურიდიული მომსახურების მიღება, საქმეში დაცულია აგრეთვე იურიდიული მომსახურების გაწევის მიზნით დადებული ხელშეკრულებები, რომლებშიც მომსახურების ღირებულებაა განსაზღვრული, დგინდება ასევე თანხის ნაწილის ადვოკატის ანგარიშზე შეტანა. ამდენად, დასტურდება იურიდიული მომსახურების სასყიდლიანი ხასიათი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადახდის ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუსგ 07.02.2019წ. Nბს-432-429(2კ-17), 09.02.2012წ. Nბს-1330-1315 (კ-11); 30.10.2015წ. Nას-444-423-2015; 25.03.2016წ. Nას-12-12-2016., 17.01.2019წ. Nბს-809-805(3კ-17) და სხვ.). ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სისხლის სამართლისა და განსახილველი ადმინისტრაციული დავის ფარგლებში გაწეული საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების წინაპირობების არსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2022წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი