Facebook Twitter

ბს-539 (კ-21) 26 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2021წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ...მ“ 22.05.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ლ. ა-ას მომსახურების ხარჯის აუნაზღაურებელ ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 13.03.2018წ. №04/14330 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 16.11.2017წ. №04/71528 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ’’ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 22.11.2017წ. №04/72644 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ბ. ს-ას და მ. მ-ის მომსახურების ხარჯის აუნაზღაურებელ ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 09.02.2018წ. №04/7731 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ’’ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 09.02.2018წ. №04/7611 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; შპს ,,მ...ს’’ 22.03.2018წ. N415/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.05.2018წ. N04/25992 გადაწყვეტილების ბათიალდ ცნობა; შპს ,,მ...ს’’ 11.12.2017წ. N1932/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 07.05.2018წ. N04/26222 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; შპს ,,მ...ს’’ 15.12.2017წ. N1966/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 07.05.2018წ. N04/26218 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; შპს ,,მ...ს’’ 28.02.2018წ. N297/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ (ბ. ს-ას და მ. მ-ის მომსახურების ხარჯის აუნაზღაურებელ ნაწილში) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 07.05.2018წ. №04/26212 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; შპს ,,მ...ს’’ 28.02.2018წ. N298/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 07.05.2018წ. №04/26211 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,მ...ს’’ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2020წ. განჩინებით შპს ,,მ...ს’’ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ე...ი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2021წ. გადაწყვეტილებით სს „ე...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2018წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „ე...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.03.2018წ. №04/14330, 16.11.2017წ. №04/71528, 22.11.2017წ. №04/72644, 09.02.2018წ. №04/7731 და 09.02.2018წ. N04/7611 გადაწყვეტილებები, მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.05.2018წ. N04/25992, 07.05.2018წ. N04/26222, 07.05.2018წ. N04/26218, 07.05.2018წ. N04/26212 და 07.05.2018წ. N04/26211 გადაწყვეტილებები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებით მიხედვით, პაციენტი ლ. ა-ა კლინიკაში მკურნალობდა თერაპიული სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში დიაგნოზით J20.9 მწვავე ბრონქიტი დაუზუსტებელი, ხოლო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში გაეწია I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის მომსახურება დიაგნოზისთვის N04.9 ნეფროზული სინდრომი. პაციენტ თ. ს-ითან მიმართებით I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლას ჰქონდა ადგილი რკინადეფიციტური ანემიის გამო (ICD10-D50.8); პაციენტ გ. ნ-ის ჰქონდა ინტრაკრანიალური ტრავმა (ICD10-S06), ხოლო პაციენტ ს. ხ-ას დაესვა დიაგნოზი ქალა ფუძის მოტეხილობა (ICD10-S02.1), თუმცა ორივე შემთხვევა გადაცემული იყო ხელოვნული კოდით SUR2282003, რომელიც ითვალისწინებდა თანაგადახდას პაციენტის მხრიდან; პაციენტი დ. ს-ე მკურნალობდა დიაგნოზით დიდი წვივის დისტალური ბოლოს მოტეხილობა (ICD10-S82.3), რომლის შემთხვევაც გადაცემული იყო იმგვარი ხელოვნული კოდით SUR2155118, რომელიც ასევე ითვალისწინებდა თანაგადახდას პაციენტის მხრიდან; პაციენტი ბ. ს-ა მკურნალობდა ორი თერაპიული კოდის ფარგლებში დიაგნოზებით J20.9 მწვავე ბრონქიტი დაუზუსტებელი და R11 გულისრევა და პირღებინება; ასევე პაციენტი მ. მ-ის სამედიცინო შემთხვევა მოიცავდა ორ კოდს, დიაგნოზებით G40.2 ლოკალიზებული (კეროვანი) სიმპტომური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები რთული პარციული გულყრებით და M35.9 შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანება, დაუზუსტებელი; პაციენტი პ. ნ-ი გადიოდა გადაუდებელ სტაციონარულ მკურნალობას დიაგნოზით D72.1 ეოზინოფილია, თუმცა საბოლოოდ დაესვა დიაგნოზი D83.8. სხვა დაუზუსტებელი ჰელმინთოზები (ტოქსოკარიაზი); პაციენტ ა. ჯ-ის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში დაესვა დიაგნოზი G91.8. ჰიდროცეფალიის სხვა ფორმები; პაციენტები - მ. გ-ი, ი. ტ-ე და ზ. ც-ე ასევე მკურნალობდნენ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, კერძოდ, პაციენტი მ. გ-ი მკურნალობდა დიაგნოზით: G54.9 ნერვის ფესვისა და წნულის დაზიანება, დაუზუსტებელი, პაციენტი ი. ტ-ე მკურნალობდა G44.8 თავის ტკივილის სხვა დაზუსტებული სინდრომების გამო, ხოლო პაციენტი ზ. ც-ეის დიაგნოზი იყო L08.9 კანის და კანქვეშა ქსოვილის ლოკალური ინფექცია, დაუზუსტებელი. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარის თქმა განპირობებული იყო სხვადასხვა გარემოებებით, კერძოდ, განმახორციელებლის მოსაზრებით, ცალკეულ შემთხვევებში ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ძირითადი ნოზოლოგიური და არა თანმხლები დიაგნოზის კოდი, რიგ შემთხვევებში სახეზე არ იყო I დონის ინტენსიური მოვლა/მკურნალობისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის საჭიროება, ასევე ადგილი ჰქონდა მხოლოდ დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებას და სამედიცინო შემთხვევების განსაზღვრული ნაწილი გადაცემული არ იყო შესაბამისი კოდებით, რაც იწვევდა თანაგადახდის ვალდებულების წარმოშობას პაციენტთა მხრიდან.

სააპელაციო პალატის მითითებით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პაციენტებს არ სჭირდებოდათ ის სამედიცინო მომსახურებები, რომელიც ჩაუტარდათ. ექიმი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონის მე-6 მუხლის თანახმად მხოლოდ ექიმს აქვს პაციენტის მდგომარეობის შეფასების, ასევე დიაგნოზისა და მკურნალობის ღონისძიებების განსაზღვრის შესაძლებლობა და უფლებამოსილება. პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სპეციალური ცოდნის მქონე პირის განმარტებისა და ექსპერტის დასკვნის არარსებობის პირობებში, არ ქმნიდა სადავო აქტების გამოცემის საფუძველს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი სპეციალისტების დასკვნებით დასტურდება, რომ თუ ცალკეულ პაციენტებს გადაუდებლად არ ჩაუტარდებოდათ სამედიცინო დახმარება, სამკურნალო ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებას. ამასთან, რიგ შემთხვევებში მათ ესაჭიროებოდათ მკაცრი სტაციონარული მეთვალყურეობის გაგრძელება და დამატებითი სადიაგნოსტიკო ტესტები ან/და უკვე ჩატარებული კვლევების დინამიკაში გამეორება. გადაუდებელ დეპარტამენტში ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგენდა გადაუდებელ სადიაგნოსტიკო კვლევას, ხოლო ის გარემოება რომ პაციენტის კანონიერმა წარმომადგენელმა უარი განაცხადა გარკვეული სამედიცინო პროცედურის, კერძოდ, ქირურგიული ოპერაციის ან შემდგომი მკურნალობის გაგრძელებაზე, არ შეიძლება გამხდარიყო მოცემული სამედიცინო შემთხვევის გეგმიურად მიჩნევის საფუძველი. რაც შეეხება ძირითადი დაავადებისა და მისი გართულების ანდა თანხმლები დაავადების თანაარსებობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პედიატრიულ პაციენტებთან შესაძლებელია 2 ან მეტი ნოზოლოგია წარმოადგენდეს პარალელურად განვითარებულ დაავადებებს, რომელთაც დამოუკიდებელი მკურნალობა სჭირდებათ, ხოლო თავის მხრივ, გულისრევა და პირღებინება, ისევე როგორც შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება და ნეფროზული სინდრომი შეიძლება განიხილებოდეს, როგორც თანმხლები დიაგნოზი და არა როგორც ძირითადი დიაგნოზის ცალსახა გართულება. პალატა იმ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით, როდესაც ადგილი ჰქონდა თანაგადახდას პაციენტთა მხრიდან, აღნიშნავს რომ ორი შემთხვევა გადაცემული იქნა, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ხელოვნური კოდით: SUR2282003, დიაგნოზებით - S06.9 ინტრაკრანიული ტრავმა და S02.1 ქალა-ფუძის მოტეხილობა, ხოლო ერთ შემთხვევაში მიწოდებული იქნა ხელოვნური კოდით: SUR2155118, დიაგნოზით S82.3 დიდი წვივის დისტალური ბოლოს მოტეხილობა, ჩარევის კოდი (NGSJ41). მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამედიცინო შემთხვევები არ იქნა ანაზღაურებული იმ საფუძვლით, რომ პაციენტთა დიაგნოზები და მათ მიმართ განხორციელებული ჩარევები გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების №1.2 დანართით და არ ითვალისწინებდა თანაგადახდას პაციენტთა მხრიდან, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება თუ როგორ შეძლო მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაედგინა ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა ექიმის მიერ გამოტანილი დიაგნოზებისგან განსხვავებული დიაგნოზის არსებობას და ინტრაკრანიული ტრავმისა და ქალა-ფუძის მოტეხილობის ნაცვლად პაციენტთა დიაგნოზი იყო S06.3 - თავის ტვინის კეროვანი ტრავმა ანდა მოტეხილობის შემთხვევაში რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იქნა დადგენილი, რომ სახეზე არ იყო დიდი წვივის დისტალური ბოლოს მოტეხილობა.

პალატამ აღნიშნა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი ფორმით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. პალატის მითითებით საკითხის ხელახალი განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, მოსარჩელე კლინიკის მიერ პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე საკითხის განხილვისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების კანონით გარანტირებული უფლებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორმა მიუთითა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-11, მე-14, მე-15, 22.5, 23.20 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე დაწესებულების მიერ გაცემული საბუთების შესწავლისას შეუძლებელია დადასტურდეს გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების მოცემულობა, შესაბამისად კასატორის მითითებით სახეზეა N36 დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემადგენლობა.

კასატორის მითითებით პაციენტების: გ. ნ-ის და ს. ხ-ას შემთხვევები იდენტურია და მოწოდებულია ხელოვნური კოდებით, თუმცა ანალოგიური ჩარევა გათვალისწინებულია N36 დადგენილების ნორმატიული შინაარსით, რომელსაც სრულად აფინანსებს ზემოაღნიშნული დადგენილება. პაციენტი - დ. ს-ე მკურნალობდა მოსარჩელე დაწესებულებაში დიაგნოზით დიდი წვივის დისტალური ნაწილის მოტეხილობა. ანალოგიურად იგივე ჩარევა გათვალისწინებულია N36 დადგენილების ნორმატიული შინაარსით, კერძოდ S82.3 კოდით. უდავოა, რომ ადგილი ჰქონდა თანაგადახდას პაციენტის მხრიდან. N36 დადგენილების 20.5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია პროგრამის განმახორციელებელს და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა. ამავე დადგენილების 11.1 მუხლის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშულებით. შესაბამისად, კასატორის მითითებით ადგილი აქვს N36 დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პაციენტი - ბ. ს-ა მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით დიაგნოზით: J20.9 მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი და R11 გულისრევა და პირღებინება. კასატორის მითითებით ორივე დიაგნოზი და ჩატარებული სამკურნალო მანიპულაციები არსებით კავშირშია ერთმანეთთან ანუ იურიდიულად ერთმანეთის შემადგენელი ნაწილია, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია.

კასატორმა აღნიშნა, რომ პაციენტ - მ. მ-ის შემთხვევაში სააგენტოს მხრიდან არ დაფინანსდა დიაგნოზი M35.9 შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანება. მოცემულ შემთხვევაში პაციენტს ჩაუტარდა არა გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება, არამედ მხოლოდ დიაგნოსტიკური კვლევები, რაც დადგენილების ფარგლებში არ ექვემდებარება ანაზღაურებას. პაციენტი - პ. ნ-ი მკურნალობდა ეოზინოფილიის დიაგნოზით, ხოლო წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტს დაესვა ტოქსოკარიაზის დიაგნოზი, მაშინ როდესაც შემთხვევა ელექტრონულად მოწოდებულია ეოზინოფილიის დიაგნოზით. კასატორი მიუთითებს N36 დადგენილების 11.1 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. მოცემულ შემთხვევაში შემთხვევა დასრულებულია D72.1 დიაგნოზით, ხოლო დადასტურებული იქნა სხვა დიაგნოზი. პაციენტი - ა. ჯ-ი მკურნალობდა დიაგნოზით ჰიდროცეფალიის სხვა ფორმები. კასატორის მითითებით მოცემულ შემთხვევაში პაციენტი საჭიროებდა სტაციონალურ მკურნალობას და მისი კლინიკაში დაყოვნება არ აღემატებოდა 24 საათსა და 06 წუთს. პაციენტს ჩაუტარდა ორადორი მანიპულაცია: სისხლის საერთო ანალიზი, ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევა. ამდენად, ჩატარებულია არა გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება, არამედ მხოლოდ დიაგნოსტიკური კვლევები, რაც დადგენილების ფარგლებში არ ფინანსდება, ამასთანავე, პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონალურ მკურნალობაზე. პაციენტი - მ. გ-ი მკურნალობდა დიაგნოზით ნერვის ფესვისა და წნულის დაზიანება, დაუზუსტებელი. პაციენტს ჩაუტარდა სიმპტომური მკურნალობა, ანალიზები ც ჰეპატიტზე და გლუკოზაზე. მოცემულ შემთხვევაში ჩატარებულია არა გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება, არამედ მხოლოდ დიაგნოსტიკური კვლევები. პაცინეტ - ი. ტ-ეის დიაგნოზი იყო თავის ტკივილის სხვა დაუზუსტებელი სინდრომები, მოცემულ შემთხვევაშიც პაციენტისთვის ჩატარებულია მხოლოდ დიაგნოსტიკური კვლევები. რაც შეეხება პაციენტ - ზ. ც-ეს, მისი დიაგნოზი იყო კანის და კანქვეშა ქსოვილის ლოკალური ინფექცია, დაუზუსტებელი. კასატორის მითითებით სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად შეუძლებელია გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების მოცემულობის დადასტურება. ჩატარებულია მხოლოდ სტანდარტული ანალიზები, ასევე ანტიბიოტიკო, ინფუზური და სიმპტომური მკურნალობა, შესაბამისად შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და არ არსებობს მათი ბათილობის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, პაციენტები - ლ. ა-ა, თ. ს-ი, გ. ნ-ი, ს. ხ-ა, დ. ს-ე, ბ. ს-ა, მ. მ-ი, პ. ნ-ი, ა. ჯ-ი, მ. გ-ი, ი. ტ-ე და ზ. ც-ე წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მოსარგებლე პირებს. ამასთან, დადგენილია, რომ თ. ს-ის, გ. ნ-ის, ს. ხ-ას, დ. ს-ეის, პ. ნ-ის, ა. ჯ-ის, მ. გ-ის, ი. ტ-ეისა და ზ. ც-ეის შემთხვევების ანაზღაურებაზე მოპასუხემ უარი განაცხადა სრულად იმ საფუძვლით, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს (დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი), ხოლო პაციენტების - ლ. ა-ას, ბ. ს-ასა და მ. მ-ის შემთხვევების ანაზღაურებაზე მოპასუხემ უარი განაცხადა ნაწილობრივ, ვინაიდან ადგილი ჰქონდა დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარის თქმა განპირობებული იყო სხვადასხვა გარემოებებით, კერძოდ, განმახორციელებლის მოსაზრებით, ცალკეულ შემთხვევებში ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ძირითადი ნოზოლოგიური და არა თანმხლები დიაგნოზის კოდი, რიგ შემთხვევებში სახეზე არ იყო I დონის ინტენსიური მოვლა/მკურნალობისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის საჭიროება, ასევე ადგილი ჰქონდა მხოლოდ დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებას და სამედიცინო შემთხვევების განსაზღვრული ნაწილი გადაცემული არ იყო შესაბამისი კოდებით, რაც იწვევდა თანაგადახდის ვალდებულების წარმოშობას პაციენტთა მხრიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტები არ არის საკმარისად დასაბუთებული, გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან ვერ დგინდება თუ რომელ მტკიცებულებას დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია იმგვარი გარემოებები, რომლის შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან ვერ დგინდება თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ის გარემოება, რომ ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებას და სახეზე არ იყო თანმხლები დიაგნოზის არსებობა, ასევე რის საფუძველზე იქნა მიჩნეული, რომ პაციენტებს არ ესაჭიროებოდათ გადაუდებელი დახმარების გაწევა და I დონის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა, მით უფრო, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილია სპეციალისტთა წერილების სახით.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე, რაც ქმნის დავის გადასაწყვეტად სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს კლინიკის მიერ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების ცალკეული მუხლების დარღვევის თაობაზე, თუმცა რაში გამოიხატა კონკრეტული დარღვევა საკასაციო საჩივარში დასაბუთებული არ არის. საკასაციო საჩივარი შეიცავს მხოლოდ ფაქტებზე და სადავო აქტებზე მითითებას. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2021წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.07.2021წ. N17542 საგადახდო მოთხოვნით და 28.07.2021წ. N19414 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1124.03 ლარის 70% - 786.82 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი