საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-496(კ-21) 26 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე; გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ. ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - ნ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 27 ნოემბერს ლ. ფ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირის - ნ. ბ-ის მონაწილეობით.
მოსარჩელემ მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1854.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე (ს/კ ...) ნ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 24 აპრილის ...გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ლ. ფ-ეის სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ფ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით ლ. ფ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინება საკასაცო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ფ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ფ-ეის საკასაციო საჩივარი.
2022 წლის 21 დეკემბერს ლ. ფ-ეის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ლ. ფ-ეის საკუთრებად დარეგისტრირდა თეთრიწყაროს რა/ნ-ში, სოფ. ...ში, ...ის ქ.№...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ ...; ახალი საკადასტრო კოდი: ...).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემებრის განჩინებით ლ. ფ-ეის წარმომადგენლის განცხადების განხილვა დადგინდა მხარეთა დასწრებით, 2023 წლის 26 იანვარს.
2023 წლის 26 იანვრის სასამართლო სხდომაზე ლ. ფ-ემ წარმოადგინა განცხადება, ხელმოწერილი ლ. ფ-ეისა და მისი წარმომადგენლის - ქ. ვ-ის მიერ, რომლითაც მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა სარჩელზე და მოითხოვა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა. საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადაინიშნა იმავე დღეს, ზეპირი განხილვის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი განცხადების მიხედვით, ლ. ფ-ემ მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა სარჩელზე უარის თქმის გამო. განცხადებას ხელს აწერს ლ. ფ-ე და მისი წარმომადგენელი - ქ. ვ-ი, რომლის საგანმკარგულებო უფლებამოსილება დასტურდება საქმეში დაცული ძალაში მყოფი, 2021 წლის 11 მარტს გაცემული, N210206459 რწმუნებულებით (ტ.1, ს.ფ. 21).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ფ-ეის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა შეწყდეს მის სარჩელზე მიმდინარე სამართალწარმოება. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, ქ. ვ-ის (პირადი ნომერი ...) ლ. ფ-ეის საკასაციო საჩივარზე 13.05.2021წ. საგადახდო დავალებით №10880462816 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, მას სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 49-ე მუხლით, 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ. ფ-ეის განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ლ. ფ-ეის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, შეწყდეს საქმის წარმოება;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინება და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება;
4. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. ქ. ვ-ის (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს ლ. ფ-ეის საკასაციო საჩივარზე 13.05.2021წ. საგადახდო დავალებით №10880462816 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე