Facebook Twitter
ბს-902(კ-21) 26 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ქ-იმ 09.01.2020წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ ა. ქ-იმ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 06.12.2019წ. N1000689321/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.10.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 06.12.2019წ. N1000689321/5 გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ მართალია პრიორიტეტულად მიიჩნევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერსების დაცვის საკითხებს, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მასალების გაცნობის და საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან ერთი მხრივ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილმა მასალებმა სათანადო სტანდარტით არ წარმოშვა მოსარჩელის ქმედებებით სახელმწიფო უშიშროებისთვის საფრთხის შექმნის ვარაუდი, ხოლო მეორე მხრივ, გასაჩივრებული აქტის გამოცემისას კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის გარდა სხვა მასალების მოძიება ან შესწავლა არ დადასტურდა. პალატამ მხედველობაში მიიღო აგრეთვე ის გარემოება, რომ მოსარჩელის სახელზე უკვე იყო გაცემული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელებაც მოხდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით. ბინადრობის ნებართვის გაცემის სამართლებრივი ბუნება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილით დადგინდა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 21-ე მუხლის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იყო მოსარჩელის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტა. ამდენად, სააგენტომ იხელმძღვანელა მიღებული ინფორმაციით. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის პირობებში სააგენტოს არ შეეძლო განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, რადგან სააგენტო ვერ მოიპოვებდა განსხვავებულ მტკიცებულებებს, სააგენტოს არ აქვს კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიწოდებული ინფორმაციის გაცნობისა და რევიზიის უფლებამოსილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოკლევადიანი ბინადრობის გაცემის შესაძლებლობას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. ქ-ის 30.11.2018 წ. განცხადების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 07.12.2018წ. გადაწყვეტილებით ა. ქ-ის მიეცა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედების ვადით. 23.10.2019წ. ა. ქ-იმ განცხადებით მიმართა სააგენტოს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით. 24.10.2019წ. სააგენტომ წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ა. ქ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. ნორმატიულად დადგენილ 5-დღიან ვადაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტს სააგენტოსთვის რაიმე ინფორმაცია არ მიუწოდებია. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 21.11.2019წ. გადაწყვეტილებით ა. ქ-ის გაუგრძელდა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2020 წლის 22 ნოემბრამდე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 04.12.2019წ. წერილით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით ა. ქ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შეწყვეტა. სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 06.12.2019წ. სადავო გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს 21.11.2019წ. გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შესახებ, ბინადრობის ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა 2019 წლის 06 დეკემბრიდან. საქმის მასალებიდან, მათ შორის, სადავო აქტიდან და საკასაციო საჩივრიდან იკვეთება, რომ ბინადრობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების ერთადერთი საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში, სააგენტო მოკლებული იყო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან, თავის მხრივ სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგინონ სააგენტოს მოთხოვნილი ინფორმაცია, თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის, სახელმწიფო ორგანოები, ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. სახელმწიფო ორგანოების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს მოთხოვნის მიუხედავად ნორმატიულად დადგენილ ვადაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების დამაბრკოლებელ საფუძვლებზე არ აცნობა, რის გამო მიჩნეულ იქნა, რომ ასეთი საფუძველი არ არსებობდა და ა. ქ-ის მართლზომიერად გაუგრძელდა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოხდა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ვადის გაგრძელება და არა ახალი ბინადრობის ნებართვის გაცემა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის მართლზომიერად გაგრძელება იმთავითვე არ გამორიცხავს სათანადო საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული ვადის შეწყვეტის შესაძლებლობას. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. საკასაციო სასამართლოს მიერ 12.12.2022წ. Nბს-902(კ-21) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ა. ქ-ისთვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის საჭიროების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 04.12.2019წ. წერილს. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის საჭიროება სათანადოდ არ არის დასაბუთებული. გაცემული ბინადრობის ნებართვის შეწყვეტა ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შედეგი უნდა იყოს და შესაბამის დასაბუთებას ეფუძნებოდეს. კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას.
კასატორის მითითება, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებში იგი ვერ მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას, რადგან მოკლებულია დეპარტამენტის დასკვნის გაცნობისა და რევიზიის შესაძლებლობას, არ ასაბუთებს სადავო აქტის კანონიერებას, რადგან „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონით დადგენილია სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების წესი, შესაძლებელია სახელმწიფო საიდუმლოებასთან, როგორც სახელმწიფო ორგანოს, ასევე ინდივიდუალური დაშვების უზრუნველყოფა (მე-19, მე-20 მუხ.). სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს დაშვება გაიცემა იმ სახელმწიფო ორგანოზე, დაწესებულებაზე, რომელსაც აქვს ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობა, სათანადოდ მოეპყრას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და აქვს ასეთი ინფორმაციის გაცნობის საჭიროება (19.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვის გაცემის, ისევე როგორც მისი მოქმედების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის დასკვნაც არის სააგენტოს გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივ შედეგს იწვევს არა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, არამედ საქმის გარემოებების გამოკლვევის, მათ შორის აღნიშნული დასკვნის შეფასების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე მიღების შესაძლებლობას. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განმარტება ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის საჭიროების შესახებ კონკრეტულ დასკვნას ემყარება, შესაბამისად, სააგენტო ვალდებულია მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში, თავის უფლებამოსილებათა კანონშესაბამისად შესასრულებლად, განახორციელოს სათანადო მოქმედებები შესაბამისი დასკვნის შინაარსთან დაშვების უზრუნველყოფის მიზნით, რადგან საკითხის კანონშესაბამისად გადასაწყვეტად მას ესაჭიროება ამ საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა. მხოლოდ ის გარემოება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს წერილის თანახმად, არსებობდა უცხოელისათვის გაცემული ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის საჭიროება, არ ასაბუთებს სააგენტოს გადაწყვეტილების საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად მიღებას. სასამართლო არ ავალებს სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის რევიზიას, თუმცა სააგენტო, სამსახურებრივი ფუნქციებიდან გამომდინარე, როგორც აქტის გამომცემი ორგანო, უნდა იცნობდეს და შეფასებას აძლევდეს აქტის დასაბუთებას ბინადრობის ვადამდე შეწყვეტის მიზნებისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2021წ. განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს.კ. 202307404) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 28.07.2021წ. N11554 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


გ. გოგიაშვილი