Facebook Twitter

ბს-1071 (კ-22) 26 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. შ-ამ 01.03.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 27.01.2021წ. N03-57/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელე ი. შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.08.2021წ. გადაწყვეტილებით ი. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 27.01.2021წ. N03-57/ო ბრძანება, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.08.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4, 6.1, 13.2, 14.1, 19.1, 20.1 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომლის დროებითი საცხოვრებელი /რეგისტრაციის ადგილია ზუგდიდი, ...ს ქ. N... „...ის“ შენობა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 27.01.2021წ. N03-57/ო ბრძანებით მოსარჩელეს ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. სააპელაციო პალატამ საქართველოს კონსტიტუციის 14.1 და 15.2 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გათვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის მოსარჩელეს გააჩნია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლა/შემოსვლის უფლება (მათ შორის სასაფლაოზე გასვლისა და ახლობლების მონახულების). პალატის მოსაზრებით, შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის ან/და სხვა მიზეზით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში მოუწიოს ფაქტობრივი (რეგისტრაციის) საცხოვრებლის დატოვება (ახლობლების მონახულების, სამსახურის, სწავლის, ნათესავთან ან დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და სხვ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ობიექტი, აღარ წარმოადგენს ნგრევადი ობიექტის მაცხოვრებელს და არ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც არ გააჩნია სხვა ალტერნატიული საცხოვრისი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით საქმის მასალებით არ დასტურდება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმის განხილვისას არც აპელანტის მიერ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელე ი. შ-ას ნგრევად ობიექტში (მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. №..., ,,...ი’’) არ ცხოვრების ფაქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს და ასევე არასწორად განმარტა კანონი. კასატორი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ დევნილთა საკითხების განმხილველმა კომისიამ წარდგენილი მონიტორინგის მასალების საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მოსარჩელეს ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე უარი უთხრა ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. მოკვლევის შედეგად წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა, რომ ი. შ-ას ოჯახი არ წამოადგენდა ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივ მაცხოვრებელს.

კასატორმა მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ და აღნიშნა, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუკი სამინიტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, მივიღებთ ქაოტურ სიტუაციას და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო აქტი დასაბუთებულია და მიღებულია საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად. აქტის მიღებისას დაცულია სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას. კასატორის მითითებით ამ ეტაპზე მოხდა იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. კასატორმა აღნიშნა, რომ კომისიის უარი საბოლოო არ არის და მხარის განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება საერთო წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით მოსარჩელე ი. შ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. N..., „...ის“ შენობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.12.2020წ. №77 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიას განსახილველად და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით წარედგინა ნგრევად და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ და სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტებში, მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელებული აღწერების შედეგად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი რეესტრები აღნიშნულ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ დევნილ ოჯახთა შესახებ. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის არის ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. N..., „...ის“ შენობა. ამავე ოქმის მიხედვით, მოსარჩელის ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 27.01.2021წ. N03-57/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.12.2020წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №77), ი. შ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ოჯახის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ მონიტორინგის ოქმს, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელის ოჯახი მონიტორინგის მისამართზე არ იმყოფებოდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არ ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა) თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში დაცულ სს „ე...ს“ მიერ გაცემულ სააბონენტო ბარათიდან ამონაწერზე, რომლის შესაბამისად აბონენტს - ი. შ-ას სადავო მისამართზე 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის თებერვლამდე უფიქსირდება სხვადასხვა ოდენობით ელექტროენერგიის მოხმარება. საქმეში დაცულია ასევე ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. N...-ში მცხოვრებთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლებიც ადასტურებენ ი. შ-ას აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს. საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე ქ. ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ 23.06.2021წ. გაცემული N67 ცნობა, რომელიც ადასტურებს ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. N...-ში 1995 წლიდან ი. შ-ას ცხოვრების ფაქტს. აღნიშნული ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი. შ-ას მეზობლების ჩვენებებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით ი. შ-ას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის ოჯახის მიერ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის და ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. N...-ში არ ცხოვრების ფაქტს. შესაბამისად, საქმეში დაცული მასალების გათვალისწინებით, სადავო გადაწყვეტილებაში უარის თქმის საფუძვლად, ზემოაღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის არარსებობაზე მითითება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი