Facebook Twitter

ბს-367(2კ-22) 26 იანვარი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფ. ჩ-იმა 22.08.2018წ. სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 15.03.2017წ. №1/5-58 ბრძანების ნაწილობრივ და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 27.07.2018წ. №1-1/379 ბრძანების ბათილად ცნობა.

თელავის რაიონული სასამართლოს 23.04.2019წ. განჩინებით, საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი.

თელავის რაიონული სასამართლოს 12.07.2021წ. გადაწყვეტილებით, ფ. ჩ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 15.03.2017წ. №1/5-58 ბრძანება ნაწილობრივ, ამავე ბრძანების პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნტით გათვალისწინებულ (ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 21 702 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) 2 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 27.07.2018წ. №1-1/379 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2022წ. განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდეგ, 15.06.2007წ. ფ. ჩ-იის სახელზე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ გაიცა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ორი ოქმი 0,36 ჰა და 1,64 ჰა მიწის ნაკვეთებზე. აღნიშნული ოქმების კანონიერების საკითხი დავის საგანი არ გამხდარა. მოსარჩელეს არ დაუკარგავს უფლება სადავო ორ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 15.03.2017წ. №1/5-58 ბრძანება, კერძოდ, მისი პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ზღუდავს საკუთრების უფლებას. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 23.09.2005წ. №1-1/1017 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ“ დებულების (09.02.2007–28.09.2010 წლებში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი მისი გაცემიდან სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ წარდგენილი უნდა ყოფილიყო 15 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ ბრძანებაში არ არის მითითებული, რომ აღნიშნული ვადის დარღვევა იწვევს ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის იურიდიული ძალის დაკარგვას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 15.03.2017წ. №1/5-58 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე. ვინაიდან აღნიშნული აქტი მიჩნეული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიღებულ აქტად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 27.07.2018წ. №1-1/379 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობის საფუძველიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

კასატორმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 23.09.2005წ. №1-1/1017 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ“ დებულების (09.02.2007წ.-28.09.2010წ. მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენდა, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ძალაში იყო მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან. მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი მისი გაცემიდან სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი უნდა ყოფილიყო 15 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლომ ნორმის აღნიშნული იმპერატიული დანაწესი არ გაითვალისწინა. აღსანიშნავია ისიც, რომ უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისას კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იყო რეგისტრირებული, არ არსებობდა სახელმწიფოს უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება. ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული უფლების არსებობის შემთხვევაში, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოირიცხებოდა სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაცია, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ „საკუთრება არის კანონმდებლის მიერ დეფინირებადი უფლება. ამას მით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო დიდია საკუთრების უფლების ობიექტის სოციალური დატვირთვა, მისი ბუნებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 18.05.2007წ. გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ზ. ელაშვილი, ს. მაშია, რ. გოგია და სხვ. და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 8). სამოქალაქო კოდექსი საკუთრების წარმოშობას კონკრეტულ გარემოებებს უკავშირებს. სკ-ის 183-ე მუხლის შესაბამისად, საკუთრება წარმოშობილად მიიჩნევა, თუკი სახეზეა ორი პირობა - საკუთრების წარმოშობის თაობაზე წერილობითი ნების გამოვლენა და ამ გარიგების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ერთ-ერთი მათგანის არარსებობა საკუთრების უფლების წარმოშობას გამორიცხავს. სკ-ის 3111.1 მუხლის მიხედვით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ამდენად, ამ ორ სამართლებრივ ნორმაზე მითითებით საფუძველს მოკლებულია სასამართლოს დაკვნა იმის შესახებ, რომ ფ. ჩ-იის საკუთრების უფლება წარმოშობილი იყო.

კასატორმა აღნიშნა, რომ მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის ძალაში ყოფნის მიუხედავად სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული ოქმიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ფაქტი. მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმით ერთი მხარე (სახელმწიფო) საფასურის სანაცვლოდ ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადასცემს უძრავ ქონებას, რის გამო ეს ურთიერთობა ნასყიდობას წარმოადგენს, ხოლო ნასყიდობა ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა. სასამართლოს უნდა შეეფასებინა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების მიღების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეს არ მიუღია საკუთრების უფლება, მისი საკუთრების უფლების დაცვის მოტივით სახელმწიფოს საკუთრების უფლების ხელყოფა საკანონმდებლო დანაწესს ეწინააღმდეგება. სასამართლოს ასევე მხედველობაში უნდა მიეღო საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია. იმის გათვალისწინებით, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხი არის სადავო, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გამოყენებულია კანონი, რომელიც არ უნდა გამოყენებულიყო და არასწორად განიმარტა ნორმა, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 23.09.2005წ. №1-1/1017 ბრძანებით (ძალადაკარგულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 28.09.2010წ. №1-1/1565 ბრძანებით) დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულების“ 2.5 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და იპოთეკის ხელშეკრულება ძალაში შესულად მიიჩნეოდა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან, მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი მისი გაცემიდან და იპოთეკის ხელშეკრულება მისი დადებიდან სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი უნდა ყოფილიყო სარეგისტრაციოდ 15 სამუშაო დღის ვადაში. საქმეში დაცული მასალებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ 15.06.2007წ. ფ. ჩ-იის სახელზე გაიცა №1435 და №1436 მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმები ახმეტის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 0,36ჰა და 1,64ჰა მიწის ნაკვეთებზე. მართალია, ზემოთ მითითებული კანონქვემდებარე აქტით მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი მისი გაცემიდან წარდგენილი უნდა ყოფილიყო სარეგისტრაციო სამსახურში 15 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ ბრძანებაში არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ აღნიშნული ვადის დარღვევა იწვევს ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის იურიდიული ძალის დაკარგვას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტი არეგულირებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კერძო საკუთრებაში აღრიცხვის წესებს და არ ითვალისწინებდა მოპოვებული კერძო საკუთრების უფლების ხელყოფას, მის ჩამორთმევას (სუსგ 11.04.2019წ. საქმე №ბს-69(კ-19)). ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მითითებულ ვადაში ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმების სარეგისტრაციო სამსახურში წარუდგენლობის გამო ეს ოქმები ძალაში არ შესულა, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის 15.03.2017წ. №1/5-58 ბრძანების პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით დადგინდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 21 702 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვა. მითითებული ბრძანების საფუძველზე აღნიშნულ მისამართზე მდებარე 21 702 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება და უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი .... საჯარო რეესტრის 03.07.2017წ. წერილით დგინდება, რომ 08.05.2017წ. ფ. ჩ-იმა განცხადებებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა უძრავ ნივთებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოებისას დადგინდა ზედდების არსებობა ... საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან. ნაკვეთის საზღვრების კორექტირების მიზნით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რაზეც ამ უკანასკნელმა განაცხადა უარი იმ საფუძვლით, რომ 15.06.2007წ. ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმები შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით ძალაში არ შესულა. ამდენად, მოსარჩელემ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ მოახერხა ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე ქონების სააგენტოს უარის გამო. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 23.09.2005წ. №1-1/1017 ბრძანებით (ძალადაკარგულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 28.09.2010წ. №1-1/1565 ბრძანებით) დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულების“ 2.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული, იჯარით გაუცემელი და ყოფილი საიჯარო სასოფლო-სამეუნრეო დანიშნულების მიწის პრივატიზებას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შესაბამისი ტერიტორიული ორგანო. 15.06.2007წ. მოქმედი საქართველოს მთავრობის 10.09.2004წ. №77 დადგენილებით (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 11.02.2016წ. №70 დადგენილებით) დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების“ 7.2 მუხლის თანახმად, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებს წარმოადგენდნენ სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოები. ერთ-ერთი ასეთი ტერიტორიული ორგანო იყო კახეთის სამხარეო სამმართველო, რომლის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას შეადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწაზე პრივატიზების განხორციელება (2007წ. მოქმედი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 11.01.2007წ. №1-1/24 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულებები“). სწორედ კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ გაიცა ფ. ჩ-იის სახელზე 15.06.2007წ. ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმები, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 11.01.2007წ. №1-1/24 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან (2012 წლის 17 სექტემბერი) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში 05.06.2012წ. №6377 კანონით შეტანილი ცვლილების შედეგად შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომლის მიზანია სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვა, ასევე ერთ-ერთ ფუნქციას შეადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზება/რეალიზაცია და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება (საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. №391 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხ. „ა“ ქვ.პ., 3.1 მუხ. „ა“ ქვ.პ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრივატიზება არის ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგადაც სახელმწიფო კარგავს პრივატიზებული ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მისი მართვის უფლებას, ამასთანავე, განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება ქონების შეძენის დამადასტურებელი 15.06.2007წ. №1435 და №1436 ოქმების გაუქმების ფაქტი. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შესაბამისი მომსახურების ცენტრი) გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე ვალდებული იყო გამოეკვლია ახმეტის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის გარემოებები ამ მიწის ნაკვეთ(ებ)ის პრივატიზების თაობაზე. ის გარემოება, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და არ მიუღია სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სხვა პირზე უკვე რეგისტრირებული უფლების გამო, ასევე საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია არ ათავისუფლებდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (შესაბამის მომსახურების ცენტრს) სზაკ-ის 53.5 და 96.1 მუხლებით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დადგენილი ვალდებულებებისგან. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, ამისთვის ვალდებულია გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გასაჩივრებული ბრძანების მიღებისას მოპასუხემ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ სახელმწიფოს საკუთრებად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი პრივატიზების გზით შეიძინა ფ. ჩ-იმა, რაც დასტურდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 15.06.2007წ. №1435 და №1436 ოქმებით, რომლებიც სადავო არ არის და არ გაუქმებულა, ამასთან, საქმეში დაცული შემოსავლების სამსახურის 31.10.2019წ. წერილის თანახმად, ფ. ჩ-იი 2007 წლიდან აღრიცხულია მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად და მისი ქონების გადასახადი დარიცხულია ახმეტის რაიონში მდებარე 0,36 ჰა და 1,64 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. ის ფაქტი, რომ ფ. ჩ-იის საკუთრების უფლება პრივატიზებულ ქონებაზე რეგისტრირებული არ ყოფილა, არ ადასტურებს იმავე უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის ბრძანების კანონიერებას, ვინაიდან უძრავი ნივთი უფლებამოსილი ორგანოს - სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ ერთხელ უკვე იქნა განკარგული (პრივატიზებული).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი