საქმე №ბს-776(კ-22) 12 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები(მოსარჩელეები) – ი. წ-ა, ი. შ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მესამე პირი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 22 აგვისტოს ი. წ-ამ და ი. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. 1993 წლიდან მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ ქ. ბათუმში, კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში, სასტუმრო ,,მ...ში“. ი. შ-ა 1998 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში, სადაც დაქორწინდა ვ. შ-აზე, ცხოვრობდა ქ. როსტოვში 2006 წლის ოქტომბრამდე. ი. წ-ა 2001 წელს გახდა სტუდენტი და გადავიდა ქ. ფოთში, სადაც 2004 წლის 27 იანვარს დაქორწინდა პ. ქ-იზე. შესაბამისად, მოსარჩელე - ი. წ-ა 2001 წლიდან აღარ წარმოადგენდა ქ. ბათუმში, სასტუმრო "მ...ში“ მშობლებთან ერთად მცხოვრებ პირს. ი. წ-ა მეუღლესთან - პ. ქ-ითან ერთად ცხოვრობდა შემდეგ მისამართზე - ქ. ფოთი, ...ის ქ. .... ი. წ-ას შეეძინა ორი შვილი: მ. ქ-ი (დაბადებული ...წ.) და მ. ქ-ი (დაბადებული ...წ.). მოსარჩელეთა მითითებით, დაოჯახების შემდგომ, ცალკე ოჯახებს წარმოადგენდნენ, შესაბამისად, ისინი არ მიეკუთვნებოდნენ მამის - ჟ. წ-ას ოჯახს. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეები მიიჩნია კომპენსირებულ პირებად, რადგან 2006 წლის 28 მარტს სასტუმრო „მ...ში“ მოკავებული ფართის სანაცვლოდ მოსარჩელეების დედა - ზ. წ-ა დაკმაყოფილდა ფულადი კომპენსაციით. სახელმწიფოს მიერ კომპენსაციით დაკმაყოფილების პერიოდში ზ. წ-ას ოჯახის წევრები იყვნენ მხოლოდ მეუღლე - ჟ. წ-ა და შვილი - ა. წ-ა. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით მათი ინფორმირება არ მომხდარა და არც რაიმე სახის დოკუმენტაციაზე მოუწერიათ ხელი. მოსარჩელეთა განმარტებით, სამინისტრომ ყოველგვარი შემოწმების გარეშე ჩათვალა ისინი სახელმწიფოსაგან უზრუნველყოფილად, რაც მათი მოსაზრებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უხეშად დაირღვა მათი უფლებები.
ამდენად, მოსარჩელეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 29 მაისის N01-02/08/12971 და N01-02/08/12972 წერილების (დევნილთა ფულადი თანხით კომპენსირებულად მიჩნევის შესახებ), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 ივლისის N05-01/06/16030 და N05-01/06/16031 წერილების (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელეების - ი. შ-ას და ი. წ-ას დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების სტატუსის მოხსნის დავალება და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით აპლიკაციის შევსების შესაძლებლობის მიცემა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით N3/5374-18 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე N3/5374-18, მოსარჩელეები - ი. წ-ა, ი. შ-ა, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოთი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. წ-ასა და ი. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, ი. წ-ას და ი. შ-ას (სახელ-გვარის შეცვლამდე - დ. წ-ა) სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობები. აღნიშნული მოწმობებით დგინდება, რომ ისინი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 29 მაისის №01-02/08/12971 და №01-02/08/12972 წერილებით ი. შ-ას და ი. წ-ას კანონიერ წარმომადგენელს - ჟ. წ-ას ეცნობათ, რომ სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია. ამავე წერილებით ეცნობათ, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის N240 განკარგულების შესაბამისად, „დევნილთა ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვს საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება“.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 1 ივლისის №03/11659 წერილით დგინდება, რომ ი. წ-ას და ი. შ-ას კომპენსირებულად მონიშვნის საფუძველია სამინისტროში/სააგენტოში შესული აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 12 თებერვლის №722 წერილი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 ივლისის №05-01/06/16030 და №05-01/06/16031 წერილებით ი. შ-ას და ი. წ-ას წარმომადგენელს - ჟ. წ-ას სამინისტროში 2018 წლის 20 ივნისს წარდგენილი საჩივრის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ განიხილავდა წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს, ვინაიდან გასული იყო ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 4 ივლისის №01-01/07/17502 წერილით დგინდება, რომ სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით ჟ. წ-ას და მისი ოჯახის წევრებზე გაცემულია საკომპენსაციო თანხა, აჭარის ა/რ სასტუმრო ,,მ...ს“ №... ოთახის განთავისუფლების სანაცვლოდ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 13 მარტის №01-01/07/7763 წერილით დგინდება, რომ სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით, 2006 წლის მდგომარეობით, ჟ. წ-ას სარეგისტრაციო ნომერზე (...) ფიქსირდებოდნენ: ზ. წ-ა, ა. წ-ა, ი. შ-ა, თ. შ-ა, ი. წ-ა და დ. წ-ა (აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 12.02.09 წ. №722 წერილის საფუძველზე).
დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 6 ივლისის №01-01/06-6267 და №01-01/06-6268 წერილებით დგინდება, რომ სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით ი. წ-ა და ი. შ-ა 1996 წლიდან დევნილად დამისამართებულნი იყვნენ ქ. ბათუმში მდებარე „სასტ. მ...ში“. 2012 წლის ივნისის თვის ჩათვლით, ი. შ-ა მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებოდა - დ. წ-ას გვარ-სახელით. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 12 თებერვლის №722 წერილის საფუძველზე ერთ სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ (...) ზ. წ-აზე, ა. წ-აზე, ჟ. წ-აზე, ი. შ-აზე (დ. წ-ა), თ. შ-აზე, ი. წ-აზე და მ. ქ-იზე გაცემულია საკომპენსაციო თანხა, აჭარის ა/რ სასტუმრო „მ...“ ოთახი №...-ის განთავისუფლების სანაცვლოდ.
სს „ა...ის“ დირექტორის 2021 წლის 28 ივლისის წერილით დგინდება, რომ ი. წ-ა და დ. წ-ა ფიქსირდებიან სასტუმრო „მ...ში“ საოჯახო ნომრით - ... და ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, მითითებულ საოჯახო ნომერზე თანხა მინდობილობით 2006 წლის 28 მარტს აღებული აქვს ზ. წ-ას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
მითითებული წესის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეების ოჯახზე გაცემულია საკომპენსაციო თანხა და სახელმწიფოს მხრიდან ერთხელ დაკმაყოფილებულია დევნილი, განმეორებით მათი უზრუნველყოფა ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე, 180-ე, 182-ე მუხლებზე მითითებით კანონიერად მიიჩნია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 ივლისის №05-01/06/16030 და №05-01/06/16031 წერილები. სასამართლო მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სამინისტროს 2017 წლის 4 ივლისის №01-01/07/17502 და 2018 წლის 13 მარტის №01-01/07/7763 წერილებით ი. შ-ასთვის, ი. წ-ასთვის და მათი ოჯახისათვის ცნობილი იყო ინფორმაცია მათი საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილების შესახებ, მათ მიერ 2018 წლის 20 ივნისის საჩივარი წარდგენილია ზემოაღნიშნული კანონის დარღვევით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. შ-ამ და ი. წ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინებით ი. წ-ას და ი. შ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხის მართებულად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა იმის დადგენა თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალონ კომპენსირებულ პირებად მოსარჩელეები - ი. წ-ა და ი. შ-ა, როგორც ზ. წ-ასთან ერთად აჭარის ა/რ სასტუმრო „მ...ს“ N... ოთახში მცხოვრები დევნილი პირები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად კი, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ აპელანტების მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, კერძოდ ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ ი. წ-ა და ი. შ-ა საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტისათვის არ იყვნენ ზ. წ-ას ოჯახის წევრები და ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ სასტუმრო ,,მ...ში“.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელების დედას - ზ. წ-ას თანხა მიღებული აქვს 2006 წლის 28 მარტს შესაბამისად, ვინაიდან ხელშეკრულების დადების ნება გამოხატულია ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ოჯახის უფროსის მიერ, გულისხმობს, რომ მას ხელშეკრულების გაფორმებისას მიღებული აქვს ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობაც, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება რაიმე უკანონო სახის ზემოქმედება, რაც მას აიძულებდა მისი ნების საწინააღმდეგოდ ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე. შესაბამისად, ოჯახის სხვა წევრებიც ითვლებიან თანხის მიმღებად.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ ი. წ-ა, ი. შ-ა იყვნენ ზ. წ-ას ოჯახის წევრები, ისინი ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, მხოლოდ ის ფაქტი, რომ დევნილობის შემდგომ გარკვეული პერიოდი აღარ აქვთ საერთო საცხოვრებელი ადგილი, არ ქმნის ი. წ-ას და ი. შ-ას არაკომპენსირებულად მიჩნევის სამართლებრივ საფუძველს. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 ივლისის N05-01/06/16030 და N05-01/06/16031 წერილების კანონიერებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასაართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგნილი ვადა. პალატამ მიიჩნია, რომ სამინისტროს 2017 წლის 4 ივლისის N01-01/07/17502 და 2018 წლის 13 მარტის N01-01/07/7763 წერილებით ი. შ-ა, ი. წ-ასთვის და მათი ოჯახებისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია მათი საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილების შესახებ, რაც შესაძლოა გასაჩივრებულიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ერთი თვის ვადაში.
ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არსებითად შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. წ-ამ და ი. შ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. კასატორები მიუთითებენ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლის შესაბამისად, პირის დევნილი ოჯახის წევრად მიკუთვნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განცალკევებულ ფართზე მუდმივად ცხოვრების და ერთობლივი შინამეურნეობის ფაქტების დადგენას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ისინი კომპენსაციის გაცემის დროისათვის არ ცხოვრობდნენ მშობლებთან ერთად. მოსარჩელეები წარმოადგენდნენ ცალკე ოჯახებს სხვა ქალაქებში - როსტოვში და ფოთში. სამინისტრომ ისე განიხილა განცხადება, რომ არ გამოიკვლია ცხოვრობდნენ თუ არა მითითებული პირები ერთ ოჯახად კომპენსაციის გაცემის დროისათვის და არც სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე.
კასატორები აცხადებენ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს, რომ ი. წ-ას და ი. შ-ას დევნილთა ოჯახებს სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ ფულადი კომპენსაცია და ითვლებიან უზრუნველყოფილად. აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს და რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს. არცერთი მოსარჩელე კომპენსაციის გაცემის დროისთვის არ ცხოვრობდა ერთ ოჯახად კომპენსაციის მიმღებ პირებთან ერთად. ამ დროისათვის მათ უკვე შექმნილი ჰქონდათ დამოუკიდებელი ოჯახები და ცხოვრობდნენ ცალკე. კომპენსაციის თანხა 7 000 დოლარი აღებული აქვს კასატორების დედას - ზ. წ-ას, რომელთან ერთად ცხოვრობდნენ მხოლოდ მისი მეუღლე - ჟ. წ-ა და შვილი - ა. წ-ა.
კასატორები ასევე არ იზიარებენ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას ადმინისტრაციული აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით, ხანდაზმულობიდან გამომდინარე. კასატორები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის 29 მაისის N01- 012/08/12971, 01-02/08/12972 წერილების გასაჩივრების ვადა დარღვეული არ ყოფილა, რადგან ისინი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შესაძლებელი იყო მათი გამოცემიდან ერთი წლის განმავლობაში. ამდენად, სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. წ-ას და ი. შ-ას საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ი. წ-ას და ი. შ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. წ-ას და ი. შ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. წ-ასა და ი. შ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო უპირველესად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა უბინაოდ დარჩენილი დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს შესაბამისი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას, უბინაობის პრობლემების თავიდან აცილებასა და შერბილებას მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფონი, რომლებიც აღიარებენ, რომ ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალ თანხმობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო თანამშრომლობას, მიიღებენ სათანადო ზომებს ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია საქართველოს ოუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოსარჩელეთა სახელმწიფოსგან კომპენსირებულად მიჩნევის და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ ის სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისთვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი კი ასევე ითვალისწინებს დევნილი ოჯახის ცნებას, რომლის მიხედვითაც, დევნილის ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის ცნებისთვის საჭიროა კუმულატიურად არსებობდეს ორი წინაპირობა - დევნილის სტატუსის მქონე განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე და ერთობლივად შინასამეურნეო საქმიანობის გაწევის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით (ძალადაკარგულია ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის გაცემის დროს მოქმედი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტები დევნილი ოჯახის (მისი წევრების) ამგვარი სახის დანაწესს არ ითვალისწინებდა. თუმცა კანონის დღევანდელი რედაქცია ითვალისწინებს დევნილი ოჯახის განმარტებას, შესაბამისად იგი მოცემულ ურთიერთობაზეც უნდა გავრცელდეს.
ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ანალოგიური შინაარსის ჩანაწერს შეიცავს ასევე საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.9 პუნქტი, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, თუ დევნილი ოჯახის ერთ-ერთი წევრი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით ან საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარებით ან რომელიმე უზრუნველყოფის ალტერნატიული ვარიანტით, იგი ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კომპენსირებულად და მასზე რაიმე სახის დახმარება აღარ გაიცემა, თუმცა მნიშვნელოვანი კომპონენტია ერთ ოჯახად ცხოვრება.
ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 29 მაისის №01-02/08/12971 და №01-02/08/12972 წერილებით, ი. შ-ას და ი. წ-ას კანონიერ წარმომადგენელს - ჟ. წ-ას ეცნობათ, რომ სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია. მხარეებს განემარტათ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათი ოჯახის საცხოვრებელი პირობების ხელმეორედ განხილვა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ იყო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის მართებული გადაწყვეტისათვის არსებითია დადგინდეს, უნდა ჩაითვალონ თუ არა მოსარჩელეები კომპენსირებულად 2006 წელს სასტუმრო „მ...ში“ დაკავებული ფართის გათავისუფლების სანაცვლოდ მიცემული თანხით. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ი. წ-ას და ი. შ-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა მოსარჩელეთა დედის - ზ. წ-ასთვის კომპენსაციის მიცემის მომენტისათვის (2006 წელს).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობისა და ინკვიზიციურობის პრინციპებზე. მტკიცების ტვირთის უმეტესი ნაწილი სწორედ პროცესის მონაწილე მხარეებს აწვება. შესაბამისად, თავიანთი პოზიციების დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებების მითითება და მათი სათანადო მტკიცებულებებით გამყარება მხარეთა პროცესუალური მოვალეობაა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი უზრუნველყოფს როგორც მოსარჩელის, ასევე, მოპასუხის აქტიურ ჩართულობას და მონაწილეობას სამართალწარმოებაში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც ეს აქტი გამოსცა. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამტკიცოს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით მოსარჩელის კანონით დაცული უფლებები არ დარღვეულა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებულია საქმის ყოველმხრივ და სრულყოფილად გამოკვლევის ვალდებულება. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ათავისუფლებს მის მიერ მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან.
საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობაზე, კერძოდ, სარჩელის დაკმაყოფილების უარის საფუძვლად სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მითითებულ იქნა ის გარემოება, რომ მოსარჩელების მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, უფრო კონკრეტულად, ვერ იქნა დადასტურებული ის სადავო გარემოება, რომ მოსარჩელეები არ იყვნენ ზ. წ-ას ოჯახის წევრები და ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ სასტუმრო „მ...ში“, საიდანაც ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ მიიღეს კომპენსაცია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ დევნილობის შემდგომ დროის გარკვეულ პერიოდში ი. წ-ას, ი. შ-ას და ზ. წ-ას აღარ აქვთ საერთო საცხოვრებელი ადგილი, არ ქმნიდა მოსარჩელეების არაკომპენსირებულ პირად მიჩნევის საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეები ვერ ამტკიცებდნენ 2006 წლის მდგომარეობით (კომპენსაციის ზ. წ-აზე გაცემის მომენტისათვის) სასტუმრო „მ...ში“ ფაქტობრივად არ ცხოვრების ფაქტს. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ი. წ-ა, ი. შ-ა და ზ. წ-ა იყვნენ ოჯახის წევრები, ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ საერთო სამეურნეო საქმიანობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ადმინისტრაციული ორგანო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 29 მაისის N01-02/08/12971 და N01-02/08/12972 წერილები) კანონიერების დამტკიცებას სწორედ მოსარჩელეების სასტუმრო „მ...ში“ ცხოვრების ფაქტის დადასტურების გზით ცდილობდა, თუმცა, თავის მხრივ, წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოების მტკიცებას, რომ მიუხედავად მოსარჩელეთა სასტუმრო „მ...ში“ რეგისტრაციისა, ისინი ფაქტობრივად სხვა მისამართზე ცხოვრობდნენ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 29 მაისის N01-02/08/12971 და N01-02/08/12972 წერილები დაეფუძნა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 12 თებერვლის №722 წერილს და სს „ა...ის“ დირექტორის 2021 წლის 28 ივლისის წერილს. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 12 თებერვლის №722 წერილის თანახმად, ... სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ ზ. წ-აზე, ა. წ-აზე, ჟ. წ-აზე, ი. შ-აზე (დ. წ-ა), თ. შ-აზე, ი. წ-აზე და მ. ქ-იზე გაცემულია საკომპენსაციო თანხა. სს „ა...ის“ დირექტორის 2021 წლის 28 ივლისის წერილით დგინდება, რომ ი. წ-ა და დ. წ-ა ფიქსირდებიან სასტუმრო „მ...ში“ საოჯახო ნომრით - ... და ფართის განთავისუფლების სანაცვლოდ, მითითებულ საოჯახო ნომერზე თანხა მინდობილობით აღებული აქვს ზ. წ-ას, 2006 წლის 28 მარტს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩათვალა მოსარჩელეები სახელმწიფოსაგან კომპენსირებულად. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დამატებით არ გამოუკვლევია ი. წ-ას, ი. შ-ას და ზ. წ-ას ერთ ოჯახად მიჩნევის საკითხი, მათ მიერ საერთო მეურნეობის წარმართვის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, მტკიცებულებებს სასამართლოს მხარეები წარუდგენენ (სსკ-ის 103.1 მუხ.). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოსარჩელეთა და კომპენსაციის მიმღები პირის - ზ. წ-ას ერთ ოჯახად ცხოვრების შესახებ. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში არ არის დაცული უტყუარი მტკიცებულება მოსარჩელეების კომპენსაციის გაცემის დროისთვის - 2006 წლის 28 მარტისთვის ქ.ბათუმში, ,,სასტ. მ...ში" ცხოვრების თაობაზე. ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ 1998 წლის 28 ნოემბერს, ქ. როსტოვში ი. ჟ.-ის ასული წ-ა დაქორწინდა ვ. შ-აზე. გვარის,სახელის, მამის სახელის შეცვლის შესახებ მოწმობით დგინდება, რომ 1999 წლის 16 ივნისს, ქ. როსტოვში დ. ჟ.-ის ასულმა წ-ამ შეიცვალა გვარ-სახელი და გახდა ი. ჟ.-ის ასული შ-ა. ქ. როსტოვში არსებული ჰოსპიტალის მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცლის ამონაწერის თანახმად, ი. ჟ.-ის ასული იმყოფებოდა სტაციონარულ მკურნალობაზე, ნეიროქირურგიის განყოფილებაში თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით, 2.02.2006 წლიდან - 10.02.2006 წლამდე. ქ. როსტოვის საკონდიტრო საამქროს 23.06.2005 ცნობით, ი. ჟ.-ის ასული შ-ა 2005 წლის 1 იანვრიდან მუშაობდა შემფუთველად. ქ. როსტოვში, ...ის 1 ქუჩის სახლი ...-ში მდებარე სახლის წიგნის ამონაწერით, ი. ჟ.-ის ასული შ-ა აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებული იყო 06.04.2001წ-დან - 13.10.2006წმდე.
მეორე მოსარჩელეს - ი. წ-ას ცალკე ოჯახად მიჩნევისთვის წარმოდგენილი აქვს სსიპ აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის დიპლომი, რომლითაც 2006 წელს ი. წ-ას მიენიჭა ...ბის ...ის აკადემიური ხარისხი. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ...ის უბანში, გაცემული 2017 წლის 4 აპრილის N175 ცნობით ი. წ-ა ცხოვრობს ქ. ფოთში, ...ის ქ. N...-ში, 2003 წლიდან - 2012 წლამდე და მისი ოჯახი შედგება შემდეგი წევრებისგან: შვილები - მ. ქ-ი - დაბ.2005წ და მ. ქ-ი - დაბ.2008წ. ცნობას საფუძვლად დაედო ჟ. წ-ას განცხადება და მეზობლების დასტური. საქმეში დაცული ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ ი. წ-ა 2004 წელს დაქორწინდა მა. ქ.-იზე. საქმეში დაცული დაბადების მოწმობებით ასევე დგინდება, რომ ქ. ფოთში დაიბადნენ ი. წ-ას შვილები 2005 წელს - მ. ქ-ი, ხოლო მ. ქ-ი 2008 წელს. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. წ-ა დაოჯახების შემდგომ 2004 წლიდან აღარ განეკუთვნებოდა დედის - ზ. წ-ას ოჯახს, რადგან ფაქტობრივად ცხოვრობდა სხვა ქალაქში. რაც შეეხება მეორე მოსარჩელე - ი. შ-ას სახელმწიფოს მიერ კომპენსირების განხორციელებისას, იგი ასევე არ წარმოადგენდა დედის - ზ. წ-ას ოჯახის წევრს და მასთან ერთად ერთობლივი მეურნეობის წარმართველ პირს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები დაოჯახების შემდგომ აღარ წარმოადგენდნენ ზ. წ-ას ოჯახის წევრებს, არამედ სხვა ქალაქებში საკუთარ მეუღლეებთან და შვილი/შვილებთან ერთად ეწეოდნენ საერთო მეურნეობას. შესაბამისად, 2006 წლის 28 მარტს, სასტუმრო მ...ში მდებარე N... ოთახის თანხის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღების დროისთვის ი. წ-ა და ი. შ-ა ზ. წ-ას ოჯახის წევრებს აღარ წარმოადგენდნენ. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად დგინდება, რომ სამინისტროს წერილები მოსარჩელეების კომპენსირებულად მიჩნევის შესახებ, ეწინააღმდგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშაუალო ზიანს აყენებს მათ კანონიერ უფლებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ შეესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოსარჩელეებს შეუზღუდა სახელმწიფოსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილების კანონით გარანტირებული უფლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტებით - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 ივლისის N05-01/06/16030 და N05-01/06/16031 წერილებით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ მათ მიერ 2018 წლის 20 ივნისს წარდგენილი საჩივარი სამინისტროს მიერ არ იქნა განხილული, ხანდაზმულობის მოტივით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც პირს შეექმნება ობიექტური შესაძლებლობა - მიიღოს ინფორმაცია აქტის შინაარსის შესახებ. აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება რა გახდა აქტის გამოცემის საფუძველი და შესაბამისად, ექნება თუ არა პერსპექტივა მის საჩივარს, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით შეძლებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს გადაწყვეტილებას (სუსგ 10.10.13წ. საქმე №ბს-854-836(კ-12) გადაწყვეტილება). საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისთვის ჩაბარებასთან დაკავშირებულ დავაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. (სუსგ 19.02.2019 Nბს-1478 (კ-18)). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტება გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული არ არის ამავე კოდექსის 62.2 მუხლით დადგენილი წესის დარღვევის სამართლებრივი შედეგი, რაც საკანონმდებლო ხარვეზით უნდა აიხსას, რის გამოც საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართლის დოქტრინის საფუძველზე შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლით დადგენილი წესის გავრცელება, რომლის მიხედვითაც, თუ მხარეს არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, გასაჩივრების ვადა და წესი, ან არასწორად განემარტა იგი, მაშინ გასაჩივრება შეიძლება აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში" (საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-226-223 (2კ-14) 23.09.2014, №ბს-168-16 (კს-09) 28.04.2009, ბს-№1433-1391 (კ-08) 17.03.2009, №ბს-168-162(კს-09) 28.04.2009, №ბს-1433-1391(კ-08) 17.03.2009 განჩინებები).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა კომპენსირების თაობაზე მოსარჩელეთა ინფორმირებულობის დამადასტურებლად მიიჩნიეს სამინისტროს 2017 წლის 4 ივლისის N01-01/07/17502 და 2018 წლის 13 მარტის N01-01/07/7763 წერილები. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ზემოხსენებულ მსჯელობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესის - ადმინისტრაციული აქტების (სამინისტროს წერილების) მოსარჩელეებისთვის ჩაბარება, შესაბამისად, არ დასტურდება მათი ძალაში შესვლაც. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ 2018 წლის 29 მაისის N01-02/08/12971 და N01-02/08/12972, 2017 წლის 4 ივლისის N01-01/07/17502 და 2018 წლის 13 მარტის N01-01/07/7763 არ შეიცავენ მითითებას მათი გასაჩივრების წესის თაობაზე. ინდივიდუალური აქტის ერთ-ერთი სავალდებულო რეკვიზიტის - გასაჩივრების წესის მიუთითებლობა, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას ზემოაღნიშნული აქტის გასაჩივრების მიმართ ანალოგიის წესით გაავრცელოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ერთ წლიანი ვადა. ვინაიდან მოსარჩელეების მიერ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილია 2018 წლის 20 ივნისს, ჰიპოთეტურად 2017 წლის 4 ივლისის წერილის ჩაბარებულად ჩათვლის შემთხვევაშიც, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილია 1 წლიანი ვადის დაცვით. ამდენად, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს, ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტის სამინისტროს 2017 წლის 4 ივლისის N01-01/07/17502 და 2018 წლის 13 მარტის N01-01/07/7763 წერილებთან დაკავშირებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეებს აღნიშნული წერილები სადავოდ არ გაუხდიათ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშაულო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოთდასახელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან, სამართლებრივი ნორმებიდან და მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის გათვალისწინებით, სახეზეა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დავა სწორად არ არის გადაწყვეტილი. შესაბამისად, ი. წ-ას და ი. შ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. წ-ას და ი. შ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი. წ-ასა და ი. შ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. წ-ას და ი. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 29 მაისის N01-02/08/12971 და N01-02/08/12972 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები;
5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 ივლისის N05-01/06/16030 და N05-01/06/16031 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები;
6. მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ი. წ-ას და ი. შ-ას დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების სტატუსის მოხსნა;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა