Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1009(2კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

კასატორი (მესამე პირი) - კერძო აღმასრულებელი - დ. ე-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - გ. და ა. ძ-ეები

მესამე პირები - თ. მ-ი, შპს „ს...“ (შპს „უ...ის“ უფლებამონაცვლე), სს „მ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. და ა. ძ-ეებმა 2019 წლის 21 აგვისტოს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 2 აგვისტოს №A19064495-019/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვეს. გ. და ა. ძ-ეებმა ამავე სარჩელით იშუამდგომლეს სარჩელის უზრუნველყოფილს ღონისძიების გამოყენების თაობაზე, კერძოდ, თ. მ-ის აეკრძალოს ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მე-3 სართულზე მდებარე, იძულებითი აუქციონის გზით შეძენილი, ... საკადასტრო კოდის მქონე, №14 ბინის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გ. და ა. ძ-ეების შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ თ. მ-ი და სს „მ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება კერძო აღმასრულებელი - დ. ე-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „უ...ი“.

ანდრო და გ. ძ-ეეების წარმომადგენელმა 2020 წლის 2 ივლისს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 2 აგვისტოს განკარგულების (საქმე NA19064495-019) შეჩერება, ასევე თ. მ-ის დავალდებულება - შეაჩეროს ბინის გადაკეთება და მასში სარემონტო სამუშაოების განხორციელება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის განჩინებით გ. ძ-ეის და ა. ძ-ეის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. და ა. ძ-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. და ა. ძ-ეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. და ა. ძ-ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლის შედეგად მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. და ა. ძ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 2 აგვისტოს №A19064495-019/001 განკარგულება; მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მოსარჩელეების - გ. ძ-ეის და ა. ძ-ეის სასარგებლოდ, დაეკისრა მათ მიერ სახელმწიფო ბაჟი სახით გადახდილი თანხის - 250 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო განკარგულების ბათილად ცნობის დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ინფორმირებული არ იყო სადავო სააღსრულებო წარმოების შესახებ, კერძოდ, საქმეს არ ერთოდა მოვალისადმი გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების/ჩაუბარებლობის დასტური.

კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალის ინფორმირების წესის მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. მოვალის საკომუნიკაციო საშუალებების კუთხით სასამართლომ მსჯელობის მიღმა დატოვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები და გადაწყვეტილების მიღებისას ხსენებულ მუხლთან მიმართებით, არ გამოიყენა ამავე კანონის მე-2 მუხლის სისტემური და მიზნობრივი განმარტება, რომელიც ადგენს ამ კანონით დადგენილი წესით აღსასრულებელი აქტების ჩამონათვალს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება როგორც აღსასრულებელი მოთხოვნის შინაარსით, ისე ფორმითა და მისი მიმღები სუბიექტებით. სააპელაციო სასამართლო კი დაეყრდნო მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ აღსასრულებელ აქტში მითითებული იყო მოწინააღმდეგე მხარეების ფაქტობრივი საცხოვრებლისა და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ ინფორმაცია, თუმცა სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა უშუალოდ აღსასრულებელი აქტის გამომხატველი დოკუმენტის - სააღსრულებო ფურცლის კანონისმიერი რეკვიზიტები. ამასთან, არ იმსჯელა ზოგადად სააღსრულებო ფურცლის არსსა და მოვალის ინფორმირების კუთხით მის დანიშნულებაზე.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს სისტემურად უნდა განემარტა ზემოაღნიშნული კანონის მე-2 და 21-ე მუხლები და დაედგინა კანონმდებლის ნება სააღსრულებო ფურცლით მხარეების საკონტაქტო მონაცემების მითითების ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით. დასახელებული მუხლების კომპლექსური, სისტემური და მიზნობრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელმა გაითვალისწინა აღსასრულებელი აქტების სახეების მრავალფეროვნება, მათ შორის, ის გარემოებაც, რომ აღსასრულებელი აქტი შესაძლებელია ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, არ შეიცავდეს მხარეების საკონტაქტო მონაცემებს. ამდენად, კანონმდებელმა სწორედ სააღსრულებო ფურცლის სახით შექმნა აღსასრულებელი აქტის გამომხატველი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყველა იმ მონაცემს, რაც აუცილებელია სააღსრულებო წარმოების დაწყებისა და შესაბამისი მოქმედებების განსახორციელებლად.

ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ცალსახად იკვეთება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

გარდა ამისა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2022 წლის 9 დეკემბერს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად სს „თ...ის“ ჩაბმის თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე კერძო აღმასრულებელმა - დ. ე-იმა, თუმცა საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის კანონით დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულების კანონიერების შეფასება, რომლის თანახმად, მოსარჩელის - ა. ძ-ეის საკუთრებაში რიცხული, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბინა №14-ის შემძენი (მესაკუთრე) იძულებით საჯარო აუქციონზე თ. მ-ი გახდა, რომელმაც უძრავი ქონება 102 000 ლარად შეიძინა. აღსრულება კი განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის - სს „მ...ს“ სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე სადავო აქტის ბათილად ცნობას ითხოვს მოვალისადმი გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაუბარებლობის მოტივით და აღნიშნულ მოთხოვნას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას კორესპონდენცია უნდა გაგზავნოდა იპოთეკის ხელშეკრულებაში არსებულ შემდეგ მისამართზეც - ქალაქი ბათუმი, ...ის დას., სახლი №7, ბინა №1.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. დასახელებული მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე ნორმის მე-12 ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი დეტალურად განსაზღვრავს აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა სათანადო ინფორმირების სავალდებულოობას, ასევე შეუტყობინებლობის შედეგებს.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარების წესებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები. ხსენებული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად კი, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2018 წლის 10 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, სს „მ...ს“ (გამსესხებელ/კრედიტორ/იპოთეკარს), გ. ძ-ეეს (როგორც მსესხებელს) და მესაკუთრე ა. ძ-ეეს (მსესხებელ/მოვალეს) შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითა გ. ძ-ეის პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი: ბათუმი, ...ის ქუჩა №..., ასევე მისივე განცხადებით მიეთითა, მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი - ბათუმი, ...ის დასახ., სახლი №7, ბინა №1.“ ხელშეკრულებაში ასევე მიეთითა მესაკუთრე ა. ძ-ეის პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი: ბათუმი ...ეს ქუჩა №..., ასევე - მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი - ბათუმი, ...ის დასახ., სახლი №7, ბინა №1.“ ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, „მ...ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა (50 000 ლარი) ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ა. ძ-ეის კუთვნილი 124,5 კვ.მ ფართის მქონე ბინა №14. ამავე ხელშეკრულების მე-12 პუნქტით განისაზღვრა შეტყობინების წესი, კერძოდ: მხარეებმა ნებისმიერი შეტყობინება უნდა განახორციელონ ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა კონტრაგენტის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების შესაძლებლობას (12.1); შეტყობინება ითვლება სათანადოდ გაგზავნილად, თუ იგი გაგზავნილია ერთ-ერთი ჩამოთვლილი საშუალებით: დაზღვეული (საფოსტო) წერილით, კურიერის, მოკლე ტესტური შეტყობინების, სოციალური ქსელების მეშვეობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ამ ხელშეკრულებაში მითითებული საკონტაქტო მისამართებზე (მობილური, ელ ფოსტა) ან ჩაბარებულია ხელზე უშუალოდ ადრესატისათვის. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატი უარს განაცხადებდა შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას (12.2).

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ სს „მ...სა“ და გ. ძ-ეეს შორის 2018 წლის 12 იანვარს დადებულ N... საკრედიტო ხელშეკრულებაში მიეთითა მოსარჩელე გ. ძ-ეის ფაქტობრივი მისამართი - ბათუმი, ...ის დასახ., სახლი №7, ბინა №1; რეგისტრაციის/იურიდიული მისამართი - ბათუმი ...ის ქუჩა №...; პასპორტისა და პირადობის მოწმობის ნომერი; ტელეფონი - ... და საკონტაქტო პირი - ხ. მ-ე (... მეგობარი, ...); ელექტრონული ფოსტა - ....

დადგენილია, რომ 2019 წლის 23 აპრილს ნოტარიუსის მიერ იპოთეკის ხელშეკრულების აღსრულების მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება. 2019 წლის 24 აპრილის „წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ“ მოვალეებს - იპოთეკის საგნის მესაკუთრეს - ა. ძ-ეესა და გ. ძ-ეეს, კერძო აღმასრულებლის - დ. ე-ის მიერ 2019 წლის 24 აპრილსა და 2 მაისს გაეგზავნათ ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის მისამართზე - ბათუმი, ...ის ქ. №... და ალტერნატიულ მისამართზე - ბათუმი, ...ის ქ. №..., ბინა №14 (აღნიშნული მისამართები არის ერთი და იგივე) და არ ჩაბარდათ (ჩაუბარებლობის მიზეზები: 24.04.2019წ.- ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, მითითებულ მისამართზე მიმდინარეობს რემონტი; 02.05,2019წ. - არასრული მისამართი. აკლია ბინის ნომერი). ამრიგად, სააღსრულებო წარმოებაში დაცული დოკუმენტებით უტყუარად დასტურდება, რომ ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე კორპუსი არის მშენებარე, ხოლო იქ განთავსებული ბინა №14 კარკასულ მდგომარეობაშია, შესაბამისად, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მოვალეების ფაქტობრივი ცხოვრება შეუძლებელია.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააღსრულებო წარმოების ხარვეზით მიმდინარეობა დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 14 მაისის წერილით, რომლითაც კერძო აღმასრულებელ დ. ე-ის დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, საქმეს არ ერთოდა სააუქციონო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე სარეალიზაციო უძრავი ქონების სურათები, საქმის მასალებიდან ირკვეოდა, რომ საქმეს არ ერთოდა მოვალისადმი გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების/ჩაუბარებლობის დასტური საქართველოს საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააუქციონო მომსახურების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დაევალა აღმოეფხვრა ხარვეზი 10 დღის ვადაში. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სააღსრულებო წარმოების მასალებში დაცული იყო მოვალეების - გ. და ა. ძ-ეების რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართები, ასევე გ. ძ-ეის ტელეფონი, საკონტაქტო პირი, ამ პირის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. მიუხედავად ამისა, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გამოიცა კერძო აღმასრულებლის - დ. ე-ის 2019 წლის 8 მაისის A19064495-010/002 განკარგულება - „აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ“. საბოლოოდ კი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 2 აგვისტოს A19064495-019/001 განკარგულებით, მოვალის - ა. ძ-ეის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მესაკუთრე 2019 წლის 22 ივლისს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა თ. მ-ი.

საკასაციო სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარე არ იქნა ინფორმირებული სათანადოდ, ვინაიდან წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მას არ ჩაჰბარებია კანონით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოვალისათვის აღსრულების დაწყების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას კანონმდებელმა მიანიჭა არსებითი მნიშვნელობა, რათა მოვალემ შეძლოს საკუთარი უფლებების განხორციელება. ამასთან, სააღსრულებო ბიუროს ფუნქცია კანონით იმპერატიულადაა განსაზღვრული. მან უნდა უზრუნველყოს სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოქმედებების ზუსტ შესაბამისობაში აღსრულება, რაც, პირველ რიგში, ემსახურება კრედიტორის უფლებების დაცვას, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს ისე გაგებული, რომ სააღსრულებო ორგანოებს უფლება აქვთ გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულების მიზნით კრედიტორის უფლებები დაიცვან, მოვალის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე. ამდენად, მხარისათვის მნიშვნელოვანი იყო სააღსრულებო მოქმედებათა თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება. აღნიშნული ვალდებულების შესრულება კი განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება. ამდენად, სახეზეა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესების შეუსრულებლობა, კერძოდ, აღმასრულებელს აკისრია ვალდებულება, ამომწურავად/ზუსტად მიაწოდოს მხარეს ყველა საჭირო მონაცემი, რათა მან თვალყური ადევნოს ყველა სააღსრულებო მოქმედებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოვალის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული მისამართი დაცულია სააღსრულებო წარმოების მასალებში და ცნობილია, მათ შორის, კრედიტორისთვისაც სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების გაგზავნა. ამდენად, მხოლოდ მოვალეთა რეგისტრაციის მისამართზე (მშენებარე კორპუსში მდებარე ბინა, შავი კარკასის მდგომარეობით) შეტყობინების გაგზავნა აღმასრულებლის მხრიდან ატარებს ფორმალური ხასიათს. აღნიშნულის შედეგად კი, მოსარჩელეებს - გ. და ა. ძ-ეებს შეეზღუდათ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობის უფლება. დასახელებული გარემოებები კი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქმნის სააღსრულებო წარმოების უკანონოდ მიჩნევისა და გასაჩივრებული განკარგულების ბათილად ცნობის წინაპირობებს.

რაც შეეხება საქმეში სს „თ...ის“ მესამე პირად ჩაბმის თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 341.2 მუხლზე, რომლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირები შეიძლება ჩაებან მათივე თანხმობით, თუ ისინი სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარადგენენ მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს. ამავე კოდექსის 16.2 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან დავის საკასაციო ინსტანციის სასამართლში წარმოებისას საქმეში მესამე პირად ჩაბმა შესაძლებელია ჩასაბმელი პირის თანხმობით და ჩაბმის არსი მდგომარეობს მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრებების წარდგენაში მაშინ, როცა ასეთი მოსაზრებების წარმოდგენა არსებითი მნიშვნელობის ვერ იქნება, ვინაიდან საკასაციო სასამართლო საქმის გარემოებათა შესწავლისა და შეფასების შედეგად თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის შუამდგომლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 341 მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად სს „თ...ის“ ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 10 აგვისტოს №36821 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. მაკარიძე