საქართველოს უზენაესი სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1205(2კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ. ლ-ი
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ლ-იმა 2020 წლის 9 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოითხოვა ლ. ლ-ის ოჯახისთვის 71720 სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების, 2020 წლის 5 თებერვალს შევსებული დეკლარაციის (რომელიც 71720 სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად), თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 6 მაისის №04-00/11290 შეტყობინების (რომლითაც ლ. ლ-ის უარი ეთქვა ქულათა რაოდენობის შემცირებაზე), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 15 ივნისის №04/12746 გადაწყვეტილების, ლ. ლ-ის ოჯახისთვის 76700 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებისა და 2020 წლის 5 ივლისს შევსებული დეკლარაციის (რომელიც 76720 სარეიტინგო ქულის მინიჭებას დაედო საფუძვლად) ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა: მოპასუხის დავალდებულება, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ლ. ლ-ის ოჯახს მიენიჭება 39210 სარეიტინგო ქულა, მისი რეალური, ცოცხალი ოჯახის წევრების გათვალისწინებით; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალდებულება, აუნაზღაუროს მოსარჩელის ოჯახს ზიანი (ზ. ა-ეის ჩათვლით) ორ წევრზე 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით (ანუ დღეის მდგომარეობით სარჩელის სასამართლოში ყოფნის დრო), 1610 (ათას ექვსას ათი) ლარის ოდენობით; ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალდებულება, აუნაზღაუროს მოსარჩელის ოჯახს ზიანი 2021 წლის დეკემბრიდან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდის ჩათვლით, ოჯახის შესაბამისი წევრების გათვალისწინებით, გაუცემელი ფულადი შემწეობის სახით.
სარჩელის თანახმად, ლ. ლ-ის ოჯახი 2011 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. წლების მიხედვით ოჯახის სარეიტინგო ქულა იცვლებოდა ოჯახის მდგომარეობის შესაბამისად. ყველაზე დაბალი - 39210 სარეიტინგო ქულა ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 2016 წლის 25 ოქტომბერს ოჯახის შემდეგი შემადგენლობით: დედა - ქ. ლ-ი, ძმა - მ. კ-ი და თავად მოსარჩელე - ლ. ლ-ი. 2018 წლის 28 აგვისტოს შემოწმების შედეგად (ოჯახის შემადგენლობა: ლ. ლ-ი, ძმა - მ. კ-ი და მეუღლე - ზ. ა-ეე) ოჯახის სარეიტინგო ქულა გაიზარდა 59680-მდე. მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან ოჯახის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა, უფრო მეტიც, იყო დამძიმებული, იძულებული გახდა გაესაჩივრებინა 59680 სარეიტინგო ქულა და მოეთხოვა მისი ოჯახისთვის კვლავ 39210 ქულის მინიჭება. აღნიშნული საქმე წარიმართა სასამართლოში და სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, რომლითაც სააგენტოს დაევალა ოჯახისთვის კვლავ 39210 ქულის მინიჭება და შესაბამისი ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული დროის შემდეგ მისი ოჯახის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, გარდაეცვალა 20 წლის შვილი - ზ. ზ.-ს ძე ა-ე, ასევე 2019 წლის დეკემბრის თვეში გარდაეცვალა ძმა - მ. კ-ი, რომელიც მისი ოჯახის წევრი იყო. აღნიშნულის შესახებ მან პირადად აცნობა სოციალურ სამსახურს, რის საფუძველზეც 2020 წლის 5 თებერვალს შეამოწმეს მისი ოჯახი ხელახლა. 2020 წლის 6 მარტს კი მიანიჭეს 71720 სარეიტინგო ქულა. მოსარჩელის მოსაზრებით, სოციალურმა სამსახურმა არ გაითვალისწინა მისი ოჯახის კიდევ უფრო დამძიმებული მდგომარეობა და არ შეუმცირა ქულათა ოდენობა, ასევე არ აღასრულა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ ამონაწერში მიუთითა ლ. ლ-ის გარდაცვლილი ოჯახის წევრები და სრულყოფილად არ დააფიქსირა ოჯახის ცოცხალი წევრები. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც მოითხოვა მათი ბათილად ცნობა და მიუღებელი სოციალური გასაცემლის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ლ. ლ-ის ოჯახისათვის 71720 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება, 2020 წლის 5 თებერვალს შევსებული დეკლარაცია, რომელიც 71720 სარეიტინგო ქულის მინიჭებას დაედო საფუძვლად, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 6 მაისის №04–00/11290 შეტყობინება, რომელითაც უარი ეთქვა ლ. ლ-ის ქულათა რაოდენობის შემცირებაზე, 2020 წლის 15 ივნისის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული №04/12746 გადაწყვეტილება, ლ. ლ-ის ოჯახისათვის 76700 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება და 2020 წლის 5 ივლისს შევსებული დეკლარაცია, რომელიც 76720 სარეიტინგო ქულის მინიჭებას დაედო საფუძვლად; მოპასუხეებს დაევალათ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ლ. ლ-ის ოჯახს მიენიჭება 39210 სარეიტინგო ქულა, დღეის მდგომარეობით მისი რეალური ცოცხალი ოჯახის წევრების გათვალისწინებით (ლ. ლ-ი და მისი მეუღლე - ზ. ა-ეე); მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის ოჯახისთვის (ზ. ა-ეის ჩათვლით) ორ წევრზე ზიანის ანაზღაურება, 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით, 1610 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 8 ივნისის ოჯახის დეკლარაცია და მის საფუძველზე სარეიტინგო ქულის (61730) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 14 აგვისტოს №2330/ო-ვ ბრძანება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ლ. ლ-ის ოჯახის დეკლარაციაში მონაცემთა კორექტირების თაობაზე“ და მის საფუძველზე სარეიტინგო ქულის (59680) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, „ლ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 აგვისტოს №04/43905 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა, კანონით დადგენილი წესით, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელის ლ. ლ-ისთვის 39210 სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და მისთვის შესაბამისი სოციალური შემწეობის დანიშვნის თაობაზე, ასევე დაევალა მოსარჩელე ლ. ლ-ის სასარგებლოდ, ზიანის სახით, სოციალური შემწეობის შემცირების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შემცირების შედეგად მიღებული სხვაობის ანაზღაურება.
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 9 ოქტომბრის №04-465/ო ბრძანებით აღსრულდა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, ლ. ლ-ის ოჯახი აღდგენილ იქნა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, გააქტიურდა 2016 წლის 24 სექტემბრის ოჯახის დეკლარაცია და ძალაში შევიდა 39210 სარეიტინგო ქულა. ამავე ბრძანებით განისაზღვრა სოციალური დახმარების სხვაობის ანაზღაურების მიზნით სათანადო ღონისძიებები.
- საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ. ლ-ის ოჯახი 2011 წლიდან რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას.
- მოსარჩელის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდა 2020 წლის 5 თებერვალს. ოჯახის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე შეივსო დეკლარაცია და ოჯახს მიენიჭა 71720 სარეიტინგო ქულა, რომელიც ძალაში შევიდა 2020 წლის 6 მარტს.
- 2020 წლის 20 მაისს ლ. ლ-იმა საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა 2020 წლის 5 თებერვალს შევსებული დეკლარაციისა და მის საფუძველზე 2020 წლის 6 მარტს ოჯახისათვის 71720 ერთეული სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ამავე განცხადებით ასევე მოითხოვა 2016 წლის 25 ოქტომბერს ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის 39210 ერთეულის აღდგენა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 15 ივნისის №04/12746 გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ. ლ-ის უარი ეთქვა 2020 წლის 5 თებერვალს შევსებული დეკლარაციისა და მის საფუძველზე იმავე წლის 6 მარტს ოჯახისთვის 71720 ერთეული სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, ასევე 2016 წლის 25 ოქტომბერს ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის 39210 ერთეულის აღდგენაზე და წინა პერიოდის ზიანის სახით მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურებაზე; ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა უზრუნველყო ლ. ლ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი შესწავლა.
- ლ. ლ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ გადამოწმდა 2020 წლის 5 ივლისს და შეივსო დეკლარაცია ოჯახის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. გადამოწმების შედეგად ლ. ლ-ის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 76720 ერთეული.
საქმეში წარმოდგენილი საქველმოქმედო ფონდ „ა...ის“ 2020 წლის 18 მაისის №216/20 ცნობის თანახმად, დასტურდება, რომ ლ. ლ-ის ააიპ საქველმოქმედო ფონდ „ა...ს“ 2019 წლის ივლისში 257.15 ლარი ხელზე არ გაუცია, არ ჩაურიცხავს მოსარცელის პირად საბანკო ანგარიშზე, არამედ დაეხმარა მედიკამენტებით. საქველმოქმედო ფონდ „ა...ის“ 2020 წლის 18 მაისის №215/20 ცნობის თანახმად კი, ლ. ლ-ის ააიპ საქველმოქმედო ფონდმა „ა...მა“ 2019 წლის ივნისში 175.83 ლარი არ გასცა ხელზე, არ ჩაურიცხა მას პირად საბანკო ანგარიშზე, არამედ დაეხმარა მედიკამენტებით. სს „ვ...-ის“ №0309058 ცნობის თანახმად, ასევე დასტურდება, რომ ლ. ლ-ი არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი, უვადოდ. ამასთანავე, ლ. ლ-ის შვილი - ზ. ა-ეე გარდაიცვალა 2019 წლის 16 თებერვალს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ასევე სხვა კანონქვემდებარე აქტები და მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არსებითი ხასიათის შეცდომებით შეავსო მოსარჩელე ლ. ლ-ის სადავო ოჯახის დეკლარაცია, რამაც განაპირობა სადავო ქულის მინიჭება და საარსებო შემწეობის შეწყვეტა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საქველმოქმედო ფონდ „ა...ის“ 2020 წლის 18 მაისის №216/20 და №215/20 ცნობებით დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ ლ. ლ-ის ააიპ საქველმოქმედო ფონდი „ა...ი“ 2019 წლის ივლისში 257.15 ლარით, ხოლო 2019 წლის ივნისში 175.83 ლარით დაეხმარა მედიკამენტების შეძენაში, შესაბამისად, მოსარჩელის დეკლარაციაში „სხვა არარეგულარული შემოსავლებთან დაკავშირებით“ იკვეთებოდა უზუსტობები, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, აქტი გამოეცა საქმის სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდებოდა, რადგან მოპასუხის მიერ არ იქნა გამოთხოვილი შესაბამისი ორგანოებიდან ინფორმაცია მოსარჩელის სხვა არარეგულარული შემოსავლებთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანი იყო და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, ვინაიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის არსებით დარღვევას.
რაც შეეხება ლ. ლ-ის მოთხოვნას მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურების დავალებასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-208-ე მუხლებზე, რომლებითაც დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ პირისათვის მართლსაწინააღმდეგოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უპირობო ვალდებულება და განმარტა, რომ ვინაიდან სასამართლომ ბათილად ცნო მოსარჩელის ოჯახის დეკლარაციები და მასში მონაცემთა კორექტირების თაობაზე სადავო ბრძანება და მოპასუხეებს დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. ლ-ისთვის 39210 სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და მისთვის შესაბამისი სოციალური შემწეობის დანიშვნის თაობაზე, აღნიშნულ პერიოდებში მოსარჩელის ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიუღებლობა განხორციელდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობით, შესაბამისად, ლ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა ზიანის სახით, მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურებასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის ოჯახისთვის (ზ. ა-ეის ჩათვლით), ორ წევრზე ზიანის ანაზღაურება, 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით, 1610 ლარის ოდენობით, ხოლო ლ. ლ-ის მოთხოვნა - მოსარჩელის ოჯახისთვის 2021 წლის დეკემბრიდან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდის ჩათვლით ზიანის ანაზღაურების შესახებ, უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ლ. ლ-იმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლ. ლ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი დასაბუთება და აღნიშნა, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ლ. ლ-ის ოჯახის დეკლარაციაში მონაცემთა კორექტირების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ბრძანებით დასტურდებოდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის 29-ე პუნქტის „C4“ პუნქტის მე-7 გრაფის - „სხვა არარეგულარული შემოსავლის“ არასწორად შევსება (2020 წლის 5 თებერვლის საოჯახო დეკლარაცია), რამაც, საბოლოოდ, განაპირობა მოსარჩელისათვის არასწორი ქულის მინიჭება და საარსებო შემწეობის შეწყვეტა, რაც დასტურდებოდა საქველმოქმედო ფონდ „ა...ის” 2020 წლის 18 მაისის №216/20 და №215/20 ცნობებით (ლ. ლ-ის ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი „ა...ი“ 2019 წლის ივლისში 257.15 ლარით, ხოლო 2019 წლის ივნისში 175.83 ლარით დაეხმარა მედიკამენტების შეძენაში).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ლ-იმა, რომელმაც სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დააკმაყოფილეს ყველა სასარჩელო მოთხოვნა, გარდა ერთისა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალებოდა მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურება 2021 წლის დეკემბრიდან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდის ჩათვლით, ოჯახის შესაბამისი წევრების გათვალსიწინებით, გაუცემელი ფულადი შემწეობის სახით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მიიღო საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც ზიანს აყენებს მოსარჩელეს, ამავდროულად ცვლის საკითხისადმი მიდგომას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება ხორციელდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული და ხელმოწერით დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე ივსება ოჯახის დეკლარაცია. ლ. ლ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მეხუთედ გადამოწმდა 2020 წლის 5 თებერვალს. შეივსო ოჯახის დეკლარაცია, რომელიც დამუშავდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა 2020 წლის 6 მარტს, რამაც შეადგინა 71720 ერთეული. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად, ოჯახმა ვერ მოიპოვა ფულადი სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის გაგრძელების უფლება.
რაც შეეხება საქველმოქმედო ფონდ „ა...ის“ 2020 წლის 18 მაისის ცნობებს, მართალია, ისინი წარმოდგენილი იყო სააგენტოს ცენტრალურ აპარატში საჩივართან ერთად, თუმცა კანონმდებლობით კორექტირებისათვის განსაზღვრული (დეკლარაციის შევსებიდან 90 დღე) ვადა გასული იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის იმ მონაცემების კორექტირება, რომელთა შეცვლაც იწვევს სარეიტინგო ქულის ცვლილებას, შესაძლებელია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან მომდევნო 90 დღის განმავლობაში. ამ კორექტირებასთან დაკავშირებით, სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. დასახელებული პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, კორექტირება დასაშვებია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრისა და 12 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ლ. ლ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინებით ლ. ლ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივრები განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს 2020 წლის 5 თებერვლისა და იმავე წლის 5 ივლისის ოჯახის დეკლარაციების შევსებისა და მათ შედეგად სარეიტინგო ქულის მინიჭების სისწორე, გარდა ამისა, უნდა შეფასდეს მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურებაზე ნაწილობრივ უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის, სოციალური დახმარების მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და შიდა სამართლებრივ დონეზე სოციალური დაცვის გარანტიებს ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო საკითხს სამართლებრივად აწესრიგებს, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა, რაც ფულად სოციალურ დახმარებას წარმოადგენს და განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“. აღნიშნული „წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად; ხოლო მე-12 მუხლის მიხედვით, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა, რომელიც მყარი ერთეულია და მისი შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ.
სარეიტინგო ქულის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-6 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, პირადად შეამოწმოს ელექტოენერგიის, ბუნებრივი აირის, დასუფთავებისა და წყლის დანახარჯის ამსახველი ქვითრები და ამოწეროს სააბონენტო ნომერი. იმავე „წესის“ მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის „B3“ პუნქტში - ,,ფიზიკური მდგომარეობა“ მოცემულ ცხრილში ყოველ წევრზე უნდა შემოიხაზოს მხოლოდ დეკლარაციაში ჩამოთვლილი ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისი კოდები. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს (ვიზუალურად ან დოკუმენტურად), რომ ფიზიკური პირის მდგომარეობა შეესაბამება დეკლარირებულს. ამ კითხვის შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს: ა) პირებს, რომელთაც რაიმე ავადმყოფობის გამო დროებით შეზღუდული აქვთ გადაადგილება (მოტეხილობის, კეთილსაიმედო ავადმყოფობის ან სხვა) არ მიეკუთვნებიან კატეგორიებს: „სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი“ და/ან „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და საჭიროებს მომვლელს“. ამავე წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის „C4“ პუნქტში მიეთითება „რამდენი იყო ოჯახის ჯამური ფულადი შემოსავლები ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან გასულ 12 თვეში“, ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების მომენტიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული ფულადი შემოსავლები, მათ შორის, მე-4 გრაფაში ქონების გაყიდვასა და ყიდვას შორის არსებული სხვაობა ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი გაყიდვის-ყიდვის დოკუმენტაციის საფუძველზე. ამ პუნქტში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ ბანკიდან, ლომბარდიდან აღებული კრედიტი/სესხი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, რომელიც საჭიროებს დახმარებას, შეუძლია მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით. ასეთი მიმართვა წარმოადგენს ოჯახის შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით გადამოწმებისა და შეფასების საფუძველს, რის შედეგადაც ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა. თავის მხრივ, სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულად ითვლება, ხოლო სარეიტინგო ქულის ოდენობაზე არის დამოკიდებული იმ სოციალური გარანტიების განსაზღვრა, რომელთა გამოყენების უფლებაც ენიჭება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს. ამრიგად, აუცილებელია, რომ ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად გათვალისწინებული თითოეული მეთოდის ზუსტად და ზედმიწევნით დაცვით. ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს, მათ შორის, დეტალურად და სრულყოფილად უნდა იქნეს ასახული ოჯახის სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლ. ლ-ის ოჯახი 2011 წლიდან რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას. მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა განხორციელდა რამდენჯერმე. საბოლოოდ, 2020 წლის 5 თებერვალს შედგენილი ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე, 2020 წლის 6 მარტს ლ. ლ-ის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 71720 ერთეული. აღსანიშნავია, რომ შევსებული ოჯახის დეკლარაციის „C4“ ბლოკის მე-7 გრაფაში (სხვა არარეგულარული შემოსავალი) მონაცემები შეტანილია არასწორად, კერძოდ, დაფიქსირებულია 432.98 ლარი, მაშინ, როცა საქმეში წარმოდგენილი საქველმოქმედო ფონდ „ა...ის“ 2020 წლის 18 მაისის №216/20 და №215/20 ცნობებით დასტურდება, რომ ლ. ლ-ის ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი „ა...ი“ 2019 წლის ივლისში 257.15 ლარით, ხოლო 2019 წლის ივნისში 175.83 ლარით დაეხმარა მედიკამენტების შეძენაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს სადავო დეკლარაციებში მონაცემების არასწორად დაფიქსირების ფაქტს, რამაც სარეიტინგო ქულის ცვლილება და საბოლოოდ, მოსარჩელისთვის საარსებო შემწეობის გაცემის შეწყვეტა გამოიწვია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მათში ასახული მონაცემები არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ლ. ლ-ის ოჯახისთვის 71720 სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება, 2020 წლის 5 თებერვალს შევსებული დეკლარაცია, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 6 მაისის №04-00/11290 შეტყობინება, რომლითაც ლ. ლ-ის უარი ეთქვა ქულათა რაოდენობის შემცირებაზე, ასევე ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 15 ივნისის №04/12746 გადაწყვეტილება, ლ. ლ-ის ოჯახისთვის 76700 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება და 2020 წლის 5 ივლისს შევსებული დეკლარაცია, რომელიც 76720 სარეიტინგო ქულის მინიჭებას დაედო საფუძვლად. სადავო აქტების ბათილად ცნობის შემდეგ კი დაევალოთ მოპასუხეებს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც ლ. ლ-ის ოჯახს მიენიჭება 39210 სარეიტინგო ქულა, მისი რეალური, ცოცხალი ოჯახის წევრების გათვალისწინებით (მოსარჩელე - ლ. ლ-ი, მეუღლე - ზ. ა-ეე);
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ის უნდა აუნაზღაურდეს 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით მიუღებელი შემწეობა (სხვაობა) 1610 ლარის ოდენობით (რაც საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, ოჯახის მეორე წევრის - ზ. ა-ეის გათვალისწინებით, სწორად იქნა გამოთვლილი), მასვე უნდა აუნაზღაურდეს 2021 წლის დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი საარსებო შემწეობა ოჯახის ცოცხალი წევრების გათვალისწინებით.
საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი სწორედ 2021 წლის დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი საარსებო შემწეობის მოსარჩელისათვის ანაზღაურებაზე უარის თქმა გახდა, რამეთუ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლების რეალიზაციას კი ემსახურება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ, პირისათვის მართლსაწინააღმდეგოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უპირობო ვალდებულება დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით და მითითებული ნორმატიული აქტებით.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ მართებულად ბათილად ცნო მოსარჩელე ლ. ლ-ის ოჯახის დეკლარაციები და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. ლ-ისთვის 39210 სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და მისთვის შესაბამისი სოციალური შემწეობის დანიშვნის თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნა ზიანის სახით, მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურებასთან დაკავშირებით 2021 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის ჩათვლით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ თანხის ანაზღაურება უნდა მოხდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით, მათ შორის, თუკი მოსარჩელეს სადავო პერიოდში (მოცემულ შემთხვევაში 2021 წლის დეკემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლამდე) აღუდგა საარსებო შემწეობა, დროის იმავე მონაკვეთში გაცემული შემწეობა ხელმეორედ ანაზღაურებას აღარ დაექვემდებარება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია - 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტია, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე - 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტია, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე - 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტია, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე - 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2022 წლის 7 აპრილის ამონაწერის თანახმად, დასტურდება, რომ ლ. ლ-ის 2021 წლიდან ერიცხება საარსებო შემწეობა ერთ პირზე - 50 ლარის ოდენობით. ამრიგად, სადავო აქტების ბათილად ცნობის შემდეგ მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების პირობებში, რომლითაც ლ. ლ-ის ოჯახს უნდა მიენიჭოს 39210 სარეიტინგო ქულა, მისი რეალური, ცოცხალი ოჯახის წევრების გათვალისწინებით (მოსარჩელე - ლ. ლ-ი, მეუღლე - ზ. ა-ეე), შესაბამისად, ლ. ლ-ის ოჯახს უნდა აუნაზღაურდეს საარსებო შემწეობა ოჯახის რეალური ცოცხალი წევრების გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის სახით 2021 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდის ჩათვლით სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დავა არ არის სწორად გადაწყვეტილი. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობის პირობებში, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოდგენილი სარჩელი ამ ნაწილში სრულად დაკმაყოფილდება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება 2021 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდის ჩათვლით მოსარჩელისათვის ზიანის სახით მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ლ. ლ-ის სარჩელი, 2021 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდის ჩათვლით ზიანის სახით მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურების ნაწილში, დაკმაყოფილდეს;
5. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მოსარჩელის ოჯახისთვის (ზ. ა-ეის ჩათვლით) ზიანის ანაზღაურება 2021 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდის ჩათვლით;
6. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე