საქმე №ბს-12(კ-23) 16 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 7 ივლისს ტ. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიმართ.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რომლის მოხდა დაიწყო 2018 წლის 14 დეკემბერს. მოსარჩელის მითითებით, 2022 წლის მაისში სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით განაცხადით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს, რათა განეხილათ მის მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, რომელიც მოიცავდა სასჯელის სხვა ნაკლებად მძიმე ფორმით მოხდის შესაძლებლობის დაშვებას, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 6 ივნისის №02/22-0595 გადაწყვეტილებით დაუსაბუთებლად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, მოსარჩელემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 6 ივნისის №02/22-0595 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოსთვის მოსარჩელის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 6 ივნისის №02/22-0595 გადაწყვეტილება და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს ტ. შ-ას პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და მიუთითა შემდეგი - ტ. შ-ა დაწესებულების ადმინისტრაციისა და სხვა მსჯავრდებულთა მიმართებით არ არის კონფლიქტური და აგრესიული. ამასთან, საბჭო გაეცნო წარდგენილ ინფორმაციას ოჯახური მდგომარეობის შესახებ. თუმცა, საბჭომ მეორე მხრივ, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე - სახეზეა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. კერძოდ, ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით. ამასთან, საბჭომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში დაიმსახურა დისციპლინური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-6 და მე-7 მუხლების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვინაიდან მან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების შეფასების შედეგად უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე იქნება დაფუძნებული. თუმცა პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საფუძვლიან და დასაბუთებულ მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტასთან დაკავშირებით. პალატამ განმარტა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნის მიღწევადობასა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხებს, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებას და მათი პრიორიტეტების დადგენას. გადაწყვეტილება მოქცეული უნდა იყოს დებულებით დაწესებულ ჩარჩოებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საბჭოს, მისი დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გააჩნია ცალკეული კრიტერიუმების შეფასების უფლებამოსილება, რომელიმე მათგანისათვის პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს მის უფლებას უარყოს ან/და შეფასების მიღმა დატოვოს რომელიმე მათგანი. პალატამ ყურადღება გაამახვილა საბჭოს შექმნის ისეთ მიზანზე, როგორიცაა რესოციალიზაცია. ამასთანავე, პალატის მითითებით, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მიღწეული არის თუ არა სასჯელის მიზანი. კერძოდ, პალატის მითითებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია საბოლოოდ დადგინდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით და მისი გამოსწორებისათვის საჭირო არის თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე ხაზგასმა და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ასევე, იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებული ჩართულია სოციალურ აქტივობებში, ხასიათდება, როგორც არაკონფლიქტური და არა აგრესიული, უსაფუძვლო იყო მოპასუხის მითითება საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზნებისთვის მოსარჩელის დისციპლინური წესით დასჯისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის ფაქტზე.
პალატამ აღნიშნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და წარმოდგენილი დოკუმენტები დაერთო საქმის მასალებს. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 22 ნოემბრის №341905/30 წერილის თანახმად, მსჯავრდებულ ტ. მ.-ის ძე შ-ას პირად საქმეშე არ მოიპოვება დაზარალებულის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა და ინფორმაცია ზიანის - 352 555 ლარის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია ტ. შ-ას მიერ სარჩელზე დართულ მტკიცებულებაზე, კერძოდ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 26 თებერვლის №23196-21-17-2-202102261301 წერილზე, რომლის თანახმად, ტ. შ-ას განცხადების პასუხად ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2021 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება, შესაბამისად განემარტა, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ხოლო რაც შეეხება ინფორმაციას ტ. შ-ას დასჯის შესახებ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში 2021 წლის 15 მარტის №30/67922 განკარგულებით გამოცხადებული გაფრთხილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების საფუძველზე ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვის შედეგად სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რაც პალატის მიერ გაზიარებულ იქნა. ხოლო წერილში ასახულ მეორე დარღვევასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ განკარგულება მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსების თაობაზე გამოცემულია 2022 წლის 19 ივნისს, შესაბამისად, სადავო აქტის პერიოდის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა დავის საგანთან მიმართებით ვერ მისცემდა სამართლებრივ შეფასებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ მოსარჩელე დასჯილია მეორეჯერ, მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ვერ მიიჩნეოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებად, რამდენადაც დავის საგანს წარმოადგენდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 6 ივნისის №02/22-0595 გადაწყვეტილების კანონიერება მისი გამოცემისას, კერძოდ, კი მისი მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების შეფასება.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტაცია და მიუთითა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანსა და პრინციპებზე, რომელთა ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, არამედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი ყველა კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებასა და პრიორიტეტების დადგენას.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. ამასთან, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, გამოცემულია პატიმრობის კოდექსის სახელმძღვანელო პრინციპის - რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ბალანსის უგულებელყოფით, აღნიშნული გარემოებები კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიჩნეული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ ადგილობრივი საბჭოს მიერ ტ. შ-ას პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი საფუძველი იყო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ასევე - მხოლოდ ერთი დისციპლინური ღონისძიება. კასატორის განმარტებით, საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, მისი დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, თუმცა, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე. სახეზეა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. კერძოდ, ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით. საბჭომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა გამოიწვია. შესაბამისად, საბჭომ, ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. ასევე, მსჯავრდებულის საქმეში არ მოიპოვება დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.
ამასთან, კასატორის მითითებით, სასამართლოში დამატებით წარდგენილი იყო დოკუმენტი მსჯავრდებულ ტ. შ-ას დასჯასთან დაკავშირებით, 2022 წლის 19 ივნისის №01/193140 განკარგულებით მსჯავრდებული მოთავსებულ იქნა სამარტოო საკანში. ტ. შ-ას აქვს მოქმედი დისციპლინური სახდელი.
ამდენად, კასატორის განმარტებით, საბჭოს მხრიდან უარყოფითად შეფასდა არა მხოლოდ დანაშაულის ხასიათი, როგორც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, არამედ უარყოფითად იქნა შეფასებული ორი კრიტერიუმი - დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი და მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებაში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 6 ივნისის №02/22-0595 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც ტ. შ-ას შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს პატიმრობის კოდექსზე, რომლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით (პირველი მუხ.).
პატიმრობის კოდექსის VI თავი არეგულირებს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების წესსა და პირობებს, მათ შორის ამავე კოდექსის მე-40 მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რაც შეიძლება გახდეს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველი. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს სამსახურის ადგილობრივი საბჭო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. მითითებული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დასახელებული „წესის“ მე-13 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შეფასების კრიტერიუმებზე, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი, ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, დ) ოჯახური პირობები, ე) მსჯავრდებულის პიროვნება. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის შეფასება ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ მსჯავრდებულის შეფასება უნდა მოახდინოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების „კრიტერიუმების“ საფუძველზე და თითოეული კრიტერიუმის მიხედვით ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად, მაგრამ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს მთლიანობაში, ყველა ამ „კრიტერიუმის“ შეფასების, ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე. შესაბამისად, დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ისევე როგორც გამოყენებული დისციპლინური ღონისძიება, სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას დანარჩენ კრიტერიუმებთან ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე უნდა იქნეს განხილული. მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე ხაზგასმა ან/და დისციპლინურ ღონისძიებაზე მითითება და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საფუძვლიან და დასაბუთებულ მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნის მიღწევადობასა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხებს, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებას და მათი პრიორიტეტების დადგენას. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას უგულებელყოფილია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა, სათანადოდ არ იქნა შესწავლილი მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, რაც ქმნიდა საბჭოს სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა