საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1145(კ-20) 6 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - 1. საქართველოს ეროვნული ბანკი; 2. მ. ტ-ი; 3. რ. ც-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინება
დავის საგანი - მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ა-ემ 2015 წლის 28 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საქართველოს ეროვნული ბანკის, მ. ტ-ისა და რ. ც-ისათვის მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 693 000 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ა-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით მ. ა-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ემ.
კასატორის განმარტებით, მ. ა-ემ საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 11 მარტისა და 15 აპრილის წერილებით შეიტყო ლიკვიდატორის მიერ მისი კუთვნილი თანხის, თვითნებურად, მისი ინფორმირების გარეშე „სხვა კრედიტორების“ ანგარიშზე გადატანის შესახებ, რამაც მ. ა-ეის მოთხოვნის ბოლო რიგში გადანაცვლება განაპირობა. აღნიშნულის გამო, თანხა არ დაექვემდებარა ანაზღაურებას. კასატორი აღნიშნავს, რომ უფლების დამრღვევი ქმედების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ ეროვნული ბანკის ზემოაღნიშნული წერილებით. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ათვლის მომენტი სწორედ აღნიშნული პერიოდია.
ამასთან, კასატორის მითითებით, სასამართლო ვალდებული იყო, ემსჯელა, ჰქონდა თუ არა უფლება ეროვნულ ბანკსა და მის ლიკვიდატორს, თვითნებურად შეეცვალათ მ. ა-ეის კუთვნილი თანხის - 693 000 აშშ დოლარის დანიშნულება და გადაეტანათ იგი სხვა კრედიტორების ანგარიშში.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ა-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი, ხოლო ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისათვის, კერძოდ, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს ზიანის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენება, ხოლო მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვოდეს. ამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს სხვა პირისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, „დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.“ (სუსგ 23.07.2013წ. №ბს-52-47(კ-13)).
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებასთან მიმართებაში, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 8.1 მუხლის 2011 წლის 31 მაისისათვის მოქმედი რედაქციის თანახმად, გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ქვეყნდება ეროვნული ბანკისა და სხვა ბეჭდვით ორგანოებში. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან. ამავე ნორმის ამჟამად მოქმედი რედაქციის მიხედვით, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. ეს გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების დღიდან ან აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2004 წლის 2 აპრილის №165 განკარგულებით, სს „ს...ის“ ადმინისტრაციული მართვა გადაეცა დროებით ადმინისტრაციას. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბერის №846 განკარგულებით სს ,,ს...ს“ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია, დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი, დაინიშნა ლიკვიდატორი და სხვადასხვა ანგარიშზე რიცხული თანხები ჩაირიცხა სალიკვიდაციო ანგარიშზე. სს „ს...ის“ კრედიტორი იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ ვალდებულებების დაზუსტების მიზნით 2008-2009 წლებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (გაზეთები „სა...“, „რ...“, „2...“) გამოქვეყნდა განცხადებები, რომლითაც კრედიტორებს ეცნობათ, რომ სს „ს...ის“ მიმართ არსებული მოთხოვნების დაზუსტებისა და თანხების მიღების მიზნით უნდა გამოცხადებულიყვნენ სალიკვიდაციო კომისიაში, განცხადების გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 31 მაისის №494 განკარგულებით, სს „ს...ი“ გამოცხადდა გაკოტრებულად, დასრულდა მისი ლიკვიდაციის პროცესი და ამოღებულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრიდან. აღნიშნული განკარგულება გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2011 წლის 3 ივნისს (ვებგვერდი ..., 03.06.2011). ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 მაისის №119 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის“ პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად, ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს. ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტები დაუყოვნებლივ ქვეყნდება ეროვნული ბანკისა და სხვა ბეჭდვით ორგანოში. აღსანიშნავია, რომ მ. ა-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ეროვნულ ბანკის, მ. ტ-ისა და რ. ც-ის მიმართ (დაზუსტებული სარჩელი) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით 2015 წლის 28 აპრილს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მ. ა-ეის სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არის ხანდაზმული.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სააქციო საზოგადოება „ს...ში“ დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2004 წლის 2 აპრილის №165 განკარგულების თანახმად, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-32-ე მუხლების შესაბამისად, სს „ს...ის“ მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების შეუსრულებლობისა და დარღვევების გამო სს „ს...ის“ ადმინისტრაციული მართვა გადაეცა დროებით ადმინისტრაციას; დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის მომენტიდან შეჩერდა: ა) სს „ს...ის“ ყველა ორგანოს (აქციონერთა საერთო კრების და ადმინისტრატორების) უფლებამოსილება; ბ) დროებით ადმინისტრაციას გადაეცა სს ,,ს...ის“ ყველა ორგანოს (აქციონერთა საერთო კრების და ადმინისტრატორების) სრული უფლებამოსილება.
2004 წლის 10 მაისის ს...ის დროებითი ადმინისტრაციის კრების ოქმის თანახმად, კრებამ დაადგინა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 დეკემბრის N297 (კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ) ბრძანების მოთხოვნებიდან გამომდინარე, გაიზარდა ბანკის საწესდებო კაპიტალი 12 000 040 ლარამდე და შესაბამისი ცვლილება შევიდა წესდების 2.1 და 2.2 მუხლებში. კრებამ ასევე დაადგინა, რომ გაიზარდა ბანკის საწესდებო კაპიტალი 12 000 040 ლარამდე 461 540 ცალი ნომინალური ღირებულების ჩვეულებრივი სახელობითი აქციის დამატებითი ემისიის გზით და აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობებინათ სს "ს...ის" სახელობითი და პრივილეგირებული აქციების მფლობელებისათვის.
საყურადღებო გარემოებაა, რომ ჯერ კიდევ 2004 წლის 7 აპრილს მ. ა-ემ განცხადებით მიმართა სს „ს...ის“ დროებით ადმინისტრაციას და ბანკის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოითხოვა მის ანაბარზე არსებული ყველა თანხის ბანკის მგრძნობიარე ვალდებულებების შესასრულებლად გამოყენება.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 ივნისის განჩინებით სს "ს...ის" დროებითი ადმინისტრაციის განცხადებას სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ არ მიეცა მსვლელობა და განმცხადებლებს მიეცათ სამთვიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.
2004 წლის 7 აგვისტოს სააქციო საზოგადოება "ს...ის" სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სს "ს...ის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა მ. ა-ე, ხოლო ამავე ბანკის გენერალურ დირექტორს მიენიჭა უფლებამოსილება ბანკის ფინანსური მდგომარეოების გაჯანსაღების მიზნით საზოგადოების სახელით აეღო კრედიტი (სესხი) ნებისმიერ საკრედიტო დაწესებულებაში (ბანკში) თავისი შეხედულებისამებრ იმ ოდენობით რა ოდენობითაც იქნებოდა შესაძლებელი და რა ოდენობასაც მოითხოვდა ბანკში შექმნილი ფინანსური მდგომარეობა.
2004 წლის 2 სექტემბერს სს "ს...ის" გენერალურმა დირექტორმა განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს, ამავე სასამართლოს მიერ 2004 წლის 4 ივნისის განჩინებით განსაზღვრულ სამთვიან ვადაში და მოითხოვა სამეწარმეო რეესტრში სხვა ცვლილებებთან ერთად საზოგადოების წესდების 2.1 მუხლის შემდეგი სახით ჩამოყალიბება - "საზოგადოების საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, აქციონერთა შენატანებით იქმნება საწესდებო კაპიტალი 12 000 040 ლარის ოდენობით. საწესდებო კაპიტალში შეიძლება შეტანილ იქნას ძირითადი და საბრუნავი საშუალებები მათი ღირებულების გაანგარიშგებით".
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა განცხადება და საზოგადოების წესდებაში შევიდა ცვლილებები, მათ შორის საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 12 000 040 ლარით. აღსანიშნავია, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ს...ის დროებითი ადმინისტრაციის კრების 2004 წლის 10 მაისის ოქმის გაუქმებაზე მიუთითებდა.
საქმეში ასევე წარმოდგენილია მ. ა-ეის განცხადება, რომლითაც იგი მიმართავს სს "ს...ის" გენერალურ დირექტორს და ითხოვს ბანკში N... ანგარიშზე რიცხული თანხის 690 000 აშშ დოლარის კონვერტაციას ლარებში და მიღებული თანხის საწესდებო ფონდში მიმართვას ახალი ემისიის აქციების ნომინალურ ფასში შესაძენად. მ. ა-ეის N... ანგარიშიდან ამონაწერით კი ირკვევა, რომ 2004 წლის 2 ივნისიდან სადავო თანხა განთავსებულია ანგარიშზე ნომრით - 2611, საიდანაც თანხა ფიზიკურ პირთა მიმდინარე ანგარიშზე - 3611, აღარ დაბრუნებულა.
სს „ს...ისათვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის №846 განკარგულების თანახმად, იმის გამო, რომ სს „ს...მა“ ვერ უზრუნველყო „კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 დეკემბრის №297 ბრძანებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 26 აგვისტოს №38 დადგენილებით დამტკიცებული „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1. მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 და 59-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-37-ე მუხლების შესაბამისად: 1) სს „ს...ს“ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია; 2) სს „ს...ში“ დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი; 3) დაინიშნა სს „ს...ის“ ლიკვიდატორი; 4) ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველომ სს „ს...ის“ საკორესპონდენტო ანგარიში გარდაქმნა სალიკვიდაციო ანგარიშად. ამასთან, ბანკში სხვადასხვა ანგარიშზე რიცხული თანხები ჩაირიცხა სალიკვიდაციო ანგარიშზე.
სს „ს...ის“ ლიკვიდატორის 2008 წლის 5 მაისის №25 განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საწესდებო კაპიტალის გაზრდის თაობაზე სს „ს...ის“ 2004 წლის 7 აგვისტოს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების გადაწყვეტილებისა და საწესდებო კაპიტალის ახალი ემისიის საფუძველზე საწესდებო კაპიტალის გაზრდის დამტკიცების თაობაზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 სექტემბრის დადგენილების, მ. ა-ეის განცხადების, ბანკის ახალი ემისიის დამაგროვებელი ანგარიში განხორციელებული ფულადი შენატანების გათვალისწინებით, დამატებითი მტკიცებულებებების მოძიებამდე: 2) სს „ს...ის“ კრედიტორის მ. ა-ეის მიმართ, ბანკის ვალდებულება 693,000 აშშ დოლარი დადგენილი წესით, აქციონერთა ანგარიშის ნაცვლად აღირიცხა ბანკის სხვა მოთხოვნების ანგარიშზე. განკარგულება ძალაში შევიდა ხელმოწერის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლზე, რომლის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებისათვის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების თვითრეგულირებას ახორციელებენ ბუღალტერთა დამოუკიდებელი პროფესიული ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის ფუნქციაა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის დამტკიცება; ხოლო მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კერძო სამართლის იურიდიული პირი (მცირე საწარმოსა და არაკომერციული იურიდიული პირის გარდა) ვალდებულია ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2000 წლის 26 ოქტომბრის №3 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქცია“. მითითებული ინსტრუქციით განისაზღვრა ანგარიშთა ჯგუფები, კონკრეტულად, ანგარიშთა ჯგუფი 260 განმარტებულია როგორც „სავალუტო პოზიციის კონტრფასი“; ანგარიში 2601 წარმოადგენს ტექნიკურ ანგარიშს, რომელიც გამოიყენება ბალანსში ეროვნული ვალუტით - სავალუტო ოპერაციების მიხედვით წარმოქმნილი სავალუტო პოზიციის ნაშთების აღრიცხვისათვის. ამ ანგარიშით წარმოებული ოპერაციები წარმოადგენს უცხოური ვალუტით 2611 ანგარიშით განხორციელებული ოპერაციების სარკისებრ ასახვას, ანუ, თუ 2611 ანგარიში ვალუტით ოპერაციის შესრულებისას დადებეტდა, მაშინ ანგარიში 2601 დაკრედიტდება უცხოური ვალუტის შესაბამისი ეკვივალენტით. ამ ანგარიშზე ასახული თანხები წარმოადგენს 2611 ანგარიშის თანხების კონტრფასს, რომელიც გამოანგარიშებულია გაცვლის ოფიციალური კურსის შესაბამისად. ანგარიშთა ჯგუფი 451 განსაზღვრულია როგორც „დანარჩენი ვალდებულებები უცხოური ვალუტით“. ანგარიში 4511 კი განკუთვნილია კრედიტორთათვის. 4511- 4519 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 4501-4509 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
ანგარიშთა ჯგუფი 361 განსაზღვრულია როგორც „კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები უცხოური ვალუტით“. ანგარიში 3611 განეკუთვნება ფიზიკურ პირთა მიმდინარე ანგარიშებს. 3611-3618 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 3601-3608 ანგარიშებისა, ვალუტაში სხვაობის გარდა. მითითებული ანგარიშთა ჯგუფის (361) ინსტრუქციით განსაზღვრული კომენტარების თანახმად, ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროებიდან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა ანალიზური სისტემა იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, კერძოდ: ა) სპეციალური ხელშეკრულებებით გაფორმებული სესხები; ბ) დაფარვის ფიქსირებული ვადების მქონე სესხები. ასეთი ანალიზი გამოიყენება ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების შესრულების კონტროლისათვის. ამასთან, ზემოხსენებული ინსტრუქციით, კლასი 36 განსაზღვრულია კლიენტთა ფულად სახსრებად, ხოლო ანგარიშთა ჯგუფი 360 - კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებად ეროვნული ვალუტით. აღნიშნული ანგარიშები გამოიყენება ფიზიკურ პირებსა და სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარებელ საწარმოებს მიკუთვნებულ კლიენტთა დროებით თავისუფალი სახსრების აღსარიცხავად. სახსრები ჩამოიწერება კლიენტის დავალებით ნებისმიერ დროს ანგარიშზე მათი არსებობის შემთხვევაში (თუ ანგარიში ბლოკირებული არ არის).
დადგენილია, რომ მ. ა-ეის წარმომადგენელმა 2013 წლის 25 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მოითხოვა, ეცნობებინათ მისთვის სს „ს...ის“ სალიკვიდაციო საქმის მასალებით, რა ოდენობის კრედიტორული მოთხოვნა იყო დაფიქსირებული მ. ა-ეის სასარგებლოდ ამავე ბანკის მიმართ, კრედიტორთა რომელ რიგში იყო რეგისტრირებული მ. ა-ე და რა საფუძვლით. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2013 წლის 11 მარტის №2-13/932-13 წერილით, მ. ა-ეის წარმომადგენელს ეცნობა, რომ სს „ს...ის“ ყოფილი აქციონერის და ასევე კრედიტორის - მ. ა-ეის კუთვნილი თანხა - 693,000 აშშ დოლარი, ბანკის ლიკვიდატორის 2008 წლის 5 მაისის №25 განკარგულებით აღირიცხა ბანკის ბალანსში „უცხოური ვალუტით დანარჩენი ვალდებებულებების“ კატეგორიაში, 4511 – „სხვადასხვა კრედიტორების“ საბალანსო ანგარიშზე. სს „ს...ის“ ვალდებულებების დაფარვა განხორციელდა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტით დაწესებული რიგითობით (მიეთითა თანდართულ დანართზე). აღნიშნული რიგითობით მ. ა-ეის მოთხოვნა განეკუთვნებოდა „ვ“ ქვეპუნქტით გასტუმრებას. ასევე აღინიშნა, რომ წინა რიგითობით დასაფარი ვალდებულებები დაიფარა ნაწილობრივ.
ასევე დადგენილია, რომ 2013 წლის 3 აპრილს მ. ა-ეის წარმომადგენელმა განმეორებით მიმართა განცხადებით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს და მოითხოვა მისთვის დამატებით მიეწოდებინათ ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემდეგ საკითხებზე: 1) რომელ ანგარიშებზე იყო ასახული მ. ა-ეის კუთვნილი თანხები ბანკის ლიკვიდატორის მიერ 2008 წლის 5 მაისის №25 განკარგულების გამოცემამდე; 2) რა საფუძვლით იქნა გადატანილი 2008 წლის 5 მაისის მდგომარეობით აღნიშნული თანხები 4511 ანგარიშზე; 3) 2012 წლის №1 აქტის ასლი, რომელითაც განადგურდა ს...ის 2004 წლის ჩათვლით არსებული ბუღალტრული დოკუმენტაცია; 4) ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 მარტის განჩინება, რომლითაც სს „ს...ს“ დაეკისრა თანხა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სს „ს...ის“ ამონაწერზე ანგარიშიდან, რომლის მიხედვით, სს „ს...ში“ მოსარჩელის №... ანგარიშზე აშშ დოლარში რიცხული თანხა, მ. ა-ეის განცხადების საფუძველზევე, დაკონვერტირდა ლარებში და აღნიშნული თანხა წარიმართა საწესდებო ფონდში ახალი ემისიის აქციების ნომინალურ ფასში შესაძენად (კონვერტაციის თარიღი 02.06.2004წ.). აღნიშნული, აგრეთვე დასტურდება ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგიტრატორი შპს „I...ის“ ამონაწერით აქციათა რესტრიდან. 2004 წლის 2 ივნისიდან კი დასახელებული თანხა განთავსებულია 2611 „სავალუტო პოზიციის“ საბალანსო ანგარიშზე და თანხა აღარ აღრიცხულა ფიზიკურ პირთა მიმდინარე ანგარიშზე - 3611.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოხსენებული ამონაწერით (ტ.1, ს.ფ. 223) დასტურდება მ. ა-ეის კუთვნილი თანხის 2611 ანგარიშზე გადატანა ისე, რომ აღნიშნული ანგარიშიდან თანხის მის პირად ანგარიშზე (ანაბარზე) დაბრუნება საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ანგარიში 2611 საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2000 წლის 26 ოქტომბრის №3 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციით“ წარმოადგენდა ტექნიკურ ანგარიშს (სავალუტო პოზიცია). ამდენად, მოსარჩელის თანხა განთავსებული იყო ტექნიკურ ანგარიშზე და არა მის პირად ანგარიშზე (ანაბარზე). ბანკის ვალდებულებების დაფარვა კი განხორციელდა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტით დაწესებული რიგითობით. აღნიშნული რიგითობით მ. ა-ეის მოთხოვნა განეკუთვნებოდა „ვ“ ქვეპუნქტით გასტუმრებას. ამასთან, დადგენილია, რომ წინა რიგითობით დასაფარი ვალდებულებებიც ნაწილობრივ დაიფარა. ამგვარად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სადავო თანხა ბანკის ლიკვიდატორის მიერ მიემართა არა მ. ა-ეის პირადი ანგარიშიდან (ფიზიკურ პირთა მიმდინარე ანგარიში - 3611), არამედ ტექნიკური ანგარიშიდან (სავალუტო პოზიცია - 2611).
საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია სს „ს...ის“ ლიკვიდატორის 2008 წლის 5 მაისის №25 განკარგულება, რომლითაც სს „ს...ის“ კრედიტორის მ. ა-ეის მიმართ, ბანკის ვალდებულება 693,000 აშშ დოლარი დადგენილი წესით, აქციონერთა ანგარიშის ნაცვლად აღირიცხა ბანკის სხვა მოთხოვნების ანგარიშზე.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ზიანის სახით მოთხოვნილი თანხა, თავისი არსით და დანიშნულებით, არ წარმოადგენს ფიზიკური პირის ანაბარს, არც „სხვა დეპოზიტს“ და ამდენად, ლიკვიდაციის პროცესში მისი დაფარვის რიგითობის განსაზღვრა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, არის კანონშესაბამისი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - მ. ა-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს - მ. ა-ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1800 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ა-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინება.
3. მ. ა-ეს (პ/ნ ...) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 30%-ის - 1800 ლარის გადახდა შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე