Facebook Twitter

საქმე №ბს-732(კ-20) 3 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 9 მარტს შპს „ჯ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 იანვრის №6/17 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მაისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება ი/მ რ....

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩვრა შპს „ჯ...მა“, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით შპს „ჯ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ი/მ რ... მისამართზე: ქ. თბილისი, ჩუღურეთი, ..., ნაკვეთი №..., სასმელი წყლის მომხმარებელია და შპს „ჯ...ის“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია სააბონენტო ნომრით ....

ქ. თბილისში, ჩუღურეთი, ..., ნაკვეთი №...-ში მდებარე ი/მ რ...ს ობიექტში 2016 წლის 6 ოქტომბერს, შპს „ჯ...ის“ თანამშრომლების მიერ დაფიქსირდა სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების ფაქტი, კერძოდ, 32 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილით სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარება.

ზემოაღნიშნულ ფაქტზე, კომპანიის თანამშრომელმა 2016 წლის 6 ოქტომბერს შეადგინა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი №006050, რომლითაც ი/მ რ...ს, აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით, წყლის არასანქცირებული მოხმარებისთვის დაერიცხა 2488,16 ლარი.

ასევე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას №001436 მასზედ, რომ ი/მ რ...ს მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.

შპს „ჯ...ის“ უფლებამოსილმა პირმა განიხილა ი/მ რ...ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მიიჩნია, რომ ი/მ რ...ს მხრიდან ჩადენილი იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რაც გამოიხატებოდა სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარებაში. უფლებამოსილი პირის 2016 წლის 26 ოქტომბრის №1380 დადგენილებით, ი/მ „რ...ს“ დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

ი/მ რ...მ 2016 წლის 4 ნოემბერს საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს „ჯ...ის“ 2016 წლის 6 ოქტომბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ას №001436 ოქმისა და 2016 წლის 26 ოქტომბრის №1380 დადგენილების ბათილად ცნობა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „ჯ...ის“ თანამშრომლის მიერ სრულად არ იქნა შესწავლილი შესამოწმებელ ობიექტზე დამონტაჟებული წყალგაყვანილობის სისტემა, წყლის ავზი, წყალსაქაჩი ტუმბოების მუშაობის პრინციპი და ფუნქციონირების ალგორითმი. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სახლის ეზოში, მრიცხველის გავლის შემდგომ, მუდმივად ივსება წყლის ორ ტონიანი ლურჯი ავზი, ხოლო შპს „ჯ...ის“ მიერ წყლის მოუწოდებლობის შემთხვევაში, ავტომატურად ირთვება სახლის სარდაფში განთავსებული ორი ელექტრო ტუმბო, რომლებიც ზემოხსენებული ლურჯი ორტონიანი ავზიდან იღებს დაგროვებულ წყალს და მიაწვდის სახლში არსებულ ყველა სველ წერტილს. აღნიშნული სისტემის მუშაობაში ვერ გაერკვა შპს „ჯ...ის“ თანამშრომლი და შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

ი/მ რ...მ 2016 წლის 10 ნოემბერს დააზუსტა საჩივრის მოთხოვნა და ასევე მოითხოვა უსაფუძლოდ დაკისრებული უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის თანხის - 2488,16 ლარის ჩამოწერა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 დეკემბრის №5006903116 დასკვნის თანახმად, იმის დასადგენად, რომ ქ. თბილისში, ...ი, მე-4 შესახვევი №...-ში მდებარე შენობას წყლის ცენტრალური მაგისტრალიდან შემავალი განშტოების გარდა წყლის მიწოდებისათვის გააჩნია თუ არა ალტერნატიული, არალეგალური (მარცხენა) ხაზი, საჭიროა წყლის ცენტრალური მაგისტრალიდან შენობამდე და ასევე შენობის ირგვლივ, მთელ პერიმეტრზე, ჩატარებული იქნას გათხრითი სამუშაოები და ინახოს ხდება თუ არა ზემოაღნიშნულ შენობაზე წყლის მიწოდება დამატებითი ალტერნატიული, არალეგალური (მარცხენა) ხაზით.

ქ. თბილისში, ...ი, მე-4 შესახვევი №...-ში მდებარე შენობაზე, ცენტრალური მაგისტრალიდან მრიცხველამდე არსებული ურდულის საშუალებით წყლის გადაკეტვის შემთხვევაში, რაც იწვევს ცენტრალური მაგისტრალიდან შენობაზე წყლის მიწოდების შეწყვეტას და შესაბამისად მრიცხველის გაჩერებას, შესაძლებელია შენობის ეზოში მდგომი ორ ტონიანი ავზის ონკანს და თვით შენობას წყლის მთელ სისტემას წნევით მიეწოდებოდეს წყალი, ვინაიდან, ცენტრალური მაგისტრალიდან წყლის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში ავტომატურად ირთვება შენობის ნახევარსარდაფში დამონტაჟებული წყლის ავტომატური ტუმბოები, რომელთა საშუალებითაც შენობის წყლის მთელ სისტემას და მათ შორის ეზოში ორ ტონიან ავზთან არსებულ ონკანს სრული წნევით მიეწოდება ორ ტონიან ავზში წინასწარ დაგროვებული წყალი.

შპს „ჯ...სა“ და ი/მ რ...ს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 2017 წლის 18 იანვარსა და 2017 წლის 31 იანვარს გაიმართა ზეპირი სხდომა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 იანვრის №6/17 გადაწყვეტილებით, ი/მ რ...ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა; გაუქმდა გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს „ჯ...ის“ 2016 წლის 26 ოქტომბრის №1380 დადგენილება; უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული შპს „ჯ...ის“ მიერ 2016 წლის 6 ოქტომბრის „აღურიცხავი წყლის მოხმარების“ №006050 აქტით №... აბონენტზე განხორციელებული 2488,16 ლარის დარიცხვა; შპს „ჯ...ს“ დაევალა შესაბამისი ცვლილების შეტანა მომხმარებლის პირად ბარათზე.

კომისიამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა ი/მ რ...ს მიერ სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების ფაქტი, რაც აღურიცხავად მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლის არსებობას გამორიცხავდა.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესებით“, ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 დეკემბრის №5006903116 დასკვნაზე და შესაბამისად, სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ შპს „ჯ...ის“ წარმომადგენელს სათანადოდ უნდა შეემოწმებინა შენობის წყალმომარაგების სისტემა, იმის დასადგენად მოიხმარდა თუ არა აბონენტი სასმელ წყალს მრიცხველის გარეშე. კომპანიის წარმომადგენლებს უნდა გადაეკეტათ წყლის ცენტრალური მაგისტრალიდან მრიცხველამდე არსებული ურდულის საშუალებით წყლის მიწოდება, ასევე უნდა გადაეკეტათ ავზიდან ტუმბოზე წყლის მიწოდება და თუ კვლავ გაგრძელდებოდა შენობაში წყლის სათანადო წნევით მიწოდება, იმ შემთხვევაში ექნებოდა კომპანიას ი/მ რ...ს მიერ წყლის აღურიცხავად მოხმარების მტკიცების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით ასევე, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემდეგ მომხმარებლის სასმელი წყლის ხარჯი არ გაზრდილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ი/მ რ...ს მხრიდან ადგილი არ ჰქონდა სამართალდარღვევის ფაქტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 დეკემბრის დასკვნა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, იმის დასადგენად, რომ ი/მ რ...ს კუთვნილ ნაგებობას გააჩნია თუ არა დამატებითი ალტერნატიული არალეგალური (მარცხენა) ხაზი, საჭიროა წყლის ცენტრალური მაგისტრალიდან შენობამდე და ასევე შენობის ირგვლივ მთელ პერიმეტრზე ჩატარებული იქნას გათხრითი სამუშაოები რათა ინახოს, ხდება თუ არა შენობაზე წყლის მიწოდება მრიცხველის გვერდის ავლით.

შესაბამისად, კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ექსპერტმა თავის დასკვნაში ვერ გამორიცხა არალეგალური ხაზის არსებობა, რადგან ამისათვის სათანადო კვლევა არ ჩაუტარებია. მან გამოიკვლია მხოლოდ ის მდგომარეობა, თუ როგორი იქნებოდა წყლის გადაკეტვის შემთხვევაში შენობაზე მიწოდებული წყლის წნევა. ამასთან, ამ დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი მიუთითებს, რომ როგორც კი გადაკეტილი იქნა ეზოში დამონტაჟებული ავზიდან ტუმბოებზე წყლის მიწოდება, შენობის არცერთ სველ წერტილში არ ხდებოდა ცივი წყლის მიწოდება, ასევე შეწყდა ცხელი წყლის მიწოდება პირველ სართულზე, მაგრამ წნევით ცხელი წყლის მიწოდება გრძელდებოდა მხოლოდ ზედა სართულებზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ ექსპერტის ეს ჩანაწერი არ იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ცხელი წყლის რეზერვუარი ნამდვილად ივსება მრიცხველის გავლით შემავალი წყლის მილიდან. პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ გადაკეტილი იყო ეზოში არსებული ავზიდან წყლის მიწოდება, ცხელი წყალი მაინც მოედინებოდა ზედა სართულებზე, რითაც დასტურდება, რომ ცხელი წყლის რეზერვუარი ივსებოდა არა ეზოში არსებული ავზიდან, არამედ სხვა ალტერნატიული წყაროდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტის დასკვნა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 იანვრის №6/17 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „ჯ...ის“ თანამშრომელმა 2016 წლის 6 ოქტომბერს შეადგინა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი №006050, რომლითაც ი/მ რ...ს, აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით, წყლის არასანქცირებული მოხმარებისთვის დაერიცხა 2488,16 ლარი.

ასევე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას №001436 მასზედ, რომ ი/მ რ...ს მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.

შპს „ჯ...ის“ უფლებამოსილმა პირმა განიხილა ი/მ რ...ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მიიჩნია, რომ ი/მ რ...ს მხრიდან ჩადენილი იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რაც გამოიხატებოდა სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარებაში. უფლებამოსილი პირის 2016 წლის 26 ოქტომბრის №1380 დადგენილებით, ი/მ რ...ს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში ი/მ რ...მ სადავოდ გახადა შპს „ჯ...ის“ 2016 წლის 6 ოქტომბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ას №001436 ოქმი, 2016 წლის 26 ოქტომბრის №1380 დადგენილება და მოითხოვა უსაფუძლოდ დაკისრებული უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის თანხის - 2488,16 ლარის ჩამოწერა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 იანვრის №6/17 გადაწყვეტილებით, ი/მ რ...ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა; გაუქმდა გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს „ჯ...ის“ 2016 წლის 26 ოქტომბრის №1380 დადგენილება; უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული შპს „ჯ...ის“ მიერ 2016 წლის 6 ოქტომბრის „აღურიცხავი წყლის მოხმარების“ №006050 აქტით №... აბონენტზე განხორციელებული 2488,16 ლარის დარიცხვა; შპს „ჯ...ს“ დაევალა შესაბამისი ცვლილების შეტანა მომხმარებლის პირად ბარათზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა, ყველა სხვა მომხმარებელი.

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება. მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ასევე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი. მე-4 პუნქტის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 დეკემბრის №5006903116 დასკვნაზე, რომლის თანახმად, იმისათვის რათა დადგინდეს ქ. თბილისში, ...ი, მე-4 შესახვევი №...-ში მდებარე შენობას წყლის ცენტრალური მაგისტრალიდან შემავალი განშტოების გარდა წყლის მიწოდებისათვის გააჩნია თუ არა ალტერნატიული, არალეგალური (მარცხენა) ხაზი, საჭიროა წყლის ცენტრალური მაგისტრალიდან შენობამდე და ასევე შენობის ირგვლივ, მთელ პერიმეტრზე, ჩატარებული იქნას გათხრითი სამუშაოები და ინახოს ხდება თუ არა ზემოაღნიშნულ შენობაზე წყლის მიწოდება დამატებითი ალტერნატიული, არალეგალური (მარცხენა) ხაზით. ქ. თბილისში, ...ი, მე-4 შესახვევი №...-ში მდებარე შენობაზე, ცენტრალური მაგისტრალიდან მრიცხველამდე არსებული ურდულის საშუალებით წყლის გადაკეტვის შემთხვევაში, რაც იწვევს ცენტრალური მაგისტრალიდან შენობაზე წყლის მიწოდების შეწყვეტას და შესაბამისად მრიცხველის გაჩერებას, შესაძლებელია შენობის ეზოში მდგომი ორ ტონიანი ავზის ონკანს და თვით შენობას წყლის მთელ სისტემას წნევით მიეწოდებოდეს წყალი, ვინაიდან, ცენტრალური მაგისტრალიდან წყლის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში ავტომატურად ირთვება შენობის ნახევარსარდაფში დამონტაჟებული წყლის ავტომატური ტუმბოები, რომელთა საშუალებითაც შენობის წყლის მთელ სისტემას და მათ შორის ეზოში ორ ტონიან ავზთან არსებულ ონკანს სრული წნევით მიეწოდება ორ ტონიან ავზში წინასწარ დაგროვებული წყალი.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სასმელი წყლის უკანონო მომხმარებლისთვის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებას, წინ უნდა უსწრებდეს სასმელი წლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის კანონით დადგენილი წესით დადასტურება, ანუ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურება, რომლის არსებობაც დადგენილი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით. პიროვნების სამართალდამრღვევად ცნობისათვის და შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სახდელის დადებისათვის, უნდა დადგინდეს სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა, ხოლო შემდეგ მისი ბრალეულობა ამ ფაქტის დადგომაში, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ი/მ „რ...ს“ მიერ წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი, რაც გამორიცხავს მისი სამართალდამრღვევად მიჩნევის შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივარზე 25.09.2020წ. №42 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „ჯ...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინება;

3. შპს „ჯ...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.09.2020წ. №42 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი