Facebook Twitter

საქმ№ბს-263(კ-22) 24 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ პ. ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 24 იანვარს პ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

სარჩელის თანახმად, პ. ბ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. სახელმწიფოსგან მას ფართი არ მიუღია და დევნილობის პერიოდში ცხოვრობდა სხვადასხვა ადგილას. 2010 წლიდან დღემდე ის ცხოვრობს დისშვილის - ნ. ე-ას კუთვნილ ბინაში. მოსარჩელე ჩართულია გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში, აქვს 8 ქულა, არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი (II ჯგუფის ომის ინვალიდი), სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, სამხედრო პენსიონერი; ხოლო მეპატრონე ითხოვს ბინის დაცლას. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომის დადგენილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ „ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს 2010 წლიდან დისშვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო.“ აღნიშნული დადგენილების საფუძველზე გამოიცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის №04-1736/ო ბრძანება იდენტური შინაარსით, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმება და სადავოდ ხდის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის №04-1736/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის პ. ბ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე - პ. ბ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. სახელმწიფოსგან მას ფართი არ მიუღია. დევნილობის პერიოდში ცხოვრობდა სხვადასხვა ადგილას. 2010 წლიდან დღემდე ის ცხოვრობს დისშვილის - ნ. ე-ას კუთვნილ ბინაში. აღნიშნული პირი იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა სოხუმში, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალო, ...ის ...მ/რ, კორპ. 28 „ა“ (ყოფილი ს/ბაღი), I სართული. პ. ბ-ა არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი (მოწმობის ...). სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2016 წლის 5 აპრილის მდგომარეობით - პ. ბ-ას ოჯახი შედგება 1 წევრისაგან - პ. ბ-ა. ოჯახის სარეიტინგო ქულაა 12660. დეკლარაციის შევსების თარიღი - 16.02.2016 წელი; ქულის მინიჭების თარიღი - 19.09.2016 წელი.

მოსარჩელე პ. ბ-ამ 2016 წლის 5 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 8 ქულით (1.50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 3 ქულა - სოციალური კრიტერიუმი (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით); 2 ქულა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“; მნიშვნელოვნად გამოხატული; 1.50 ქულა - ომში მონაწილეობა). სარეგისტრაციო ნომერზე არის მარტო, განაცხადს აკეთებს მარტო. ვერიფიკაციის გადაგზავნის დრო 2018 წლის 10 იანვარი, ვერიფიკაციის დასრულება 2018 წლის 20 მარტი.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, პ. ბ-ა 2010 წლიდან ცხოვრობს თბილისში, საბურთალო, ...ის ...მ/რ, კორპ. 28 „ა“ (ყოფილი ს/ბაღი), I სართულზე დისშვილის ნ. ე-ას კუთვნილ ბინაში ქირის გარეშე. 2019 წლიდან კი იხდის ქირის თანხას 200 ლარს. მისი შემოსავალი ყოველთვიურად არის 820 ლარი. არის ომის ვეტერანი და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი. დევნილის სტატუს შეწყვეტილი პირები არიან მეუღლის და ლ. ჯ-ი, მეუღლის სიძე და ლ.-ს შვილი. გასხვისებულ ფართს რაც შეეხება, განმარტებულია, რომ მიწის ნაკვეთი გაუფორმა ახლობელმა და ერთ კვირაში გაასხვისა, ვის ეკუთვნის არ იცის. ასევე მოსარჩელის მიერ განმარტებულია, რომ მის დის შვილს ჰყავს სამი შვილი და სურს ამ ბინით სარგებლობა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომის №39 ოქმით პ. ბ-ას ოჯახს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი - „ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს 2010 წლიდან დისშვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო“.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ნოემბრის №04-1736/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39) პ. ბ-ას ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა ნ. ე-ა, რომელმაც განმარტა, რომ არის მოსარჩელის დისშვილი. ბინა რომელშიც ცხოვრობს მოსარჩელე არის მისი საკუთრება. აღნიშნული ბინა მას აჩუქა დედის მხრიდან ბებიამ გათხოვების შემდეგ. ბებიას ხსენებული ბინა სიმბოლურ ფასად გადაეცა სახელმწიფოსგან. თვითონ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს იმავე შენობაში. მოსარჩელისგან ქირა არ მოუთხოვია და არც ითხოვს, ვინაიდან არის მისი ბიძა დედის ძმა, თუმცა როდესაც მას ჰქონდა ფინანსური საშუალება და ამჟამადაც როდესაც აქვს, მიუღია მისგან ქირის თანხა. ის არ აპირებს ბიძას მოსთხოვოს ბინის დატოვება, თუმცა საცხოვრებელი ფართის საჭიროება ოჯახში აქვთ.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი კრიტერიუმების გარეშე, დევნილი ოჯახისათვის პრიორიტეტის მინიჭების პირობებს ითვალისწინებს, კერძოდ, აღნიშნული პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში).

ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს ვალდებულება - უზრუნველყოს დევნილი ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით, როგორც წესი ხორციელდება კრიტერიუმების საფუძველზე, საჭიროებათა პრიორიტეტულობის პრინციპით, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ შენობა, რომელშიც დევნილი ოჯახი ცხოვრობს წარმოადგენს ნგრევად საშიშს, ამ ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ოჯახის უსაფრთხოების მიზნით განხორციელდება მინიჭებულ ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე. შესაბამისად, დევნილი ოჯახის, ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დაუყოვნებლად გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას, დევნილი ოჯახის ნგრევად საშიშ შენობაში ფაქტობრივად ცხოვრება წარმოადგენდა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 8 ქულით. სარეგისტრაციო ნომერზე არის მარტო, განაცხადს აკეთებს მარტო. ვერიფიკაციის გადაგზავნის დრო - 2018 წლის 10 იანვარი, ვერიფიკაციის დასრულება - 2018 წლის 20 მარტი. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, პ. ბ-ა 2010 წლიდან ცხოვრობს თბილისში, საბურთალო, ...ის 4მ/რ, კორპ. 28 „ა“ (ყოფილი ს/ბაღი), I სართულზე დისშვილის ნ. ე-ას კუთვნილ ბინაში ქირის გარეშე. 2019 წლიდან კი იხდის ქირის თანხას 200 ლარს. მისი შემოსავალი ყოველთვიურად არის 820 ლარი. არის ომის ვეტერანი და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი. დევნილის სტატუს შეწყვეტილი პირები არიან მეუღლის და ლ. ჯ-ი, მეუღლის სიძე და ლ.-ს შვილი. გასხვისებულ ფართს რაც შეეხება, განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი გაუფორმა ახლობელმა და ერთ კვირაში გაასხვისა, ვის ეკუთვნის არ იცის. ასევე განმარტა, რომ მის დის შვილს ყავს სამი შვილი და სურს ამ ბინით სარგებლობა.

ამასთან, მოწმე ნ. ე-ამ, განმარტა, რომ პ. ბ-ა არის მისი ბიძა დედის ძმა, ხოლო ბინა რომელშიც ცხოვრობს მოსარჩელე, არის მისი საკუთრება. აღნიშნული ბინა აჩუქა დედის მხრიდან ბებიამ გათხოვების შემდეგ, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერში უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება. ხსენებული ბინა ბებიამ სახელმწიფოსგან მიიღო სიმბოლურ ფასად. თვითონ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს იმავე შენობაში. მას შემდეგ რაც ბინა გახდა მისი საკუთრება, მოსარჩელისთვის ქირა არ მოუთხოვია და არც ითხოვს, ვინაიდან არის მისი ბიძა დედის ძმა, თუმცა როდესაც მას ჰქონდა ფინანსური საშუალება და ამჟამადაც როდესაც აქვს საშუალება, მიუღია მისგან ქირის თანხა. ის არ აპირებს ბიძას მოსთხოვოს ბინის დატოვება, თუმცა საცხოვრებელი ფართის საჭიროება ოჯახში აქვთ.

ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით ვერ დადასტურდა პ. ბ-ას დაუყოვნებლად გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის აუცილებლობა, რადგან ის ცხოვრობდა მისი დისშვილის საკუთრებაში, რომელიც 2014 წლის მარტამდე იყო მისი დედის საკუთრება. აგრეთვე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მესაკუთრე - ნ. ე-ა არ აპირებდა მოსარჩელის გამოსახლებას ხსენებული ბინიდან.

ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში არ იყო წარმოდგენილი რაიმე სახის სათანადო მტკიცებულება, რომელიც ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს უარყოფდა ან/და გააქარწყლებდა, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, არ არსებობდა მისი, ქულთა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დაუყოვნებლად გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით პ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებები, მიუთითა მათზე და დამატებით განმარტა, რომ დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია კი დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი, დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ შენობა, რომელშიც დევნილი ოჯახი ცხოვრობს წარმოადგენს ნგრევად საშიშს, ამ ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ოჯახის უსაფრთხოების მიზნით განხორციელდება მინიჭებულ ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე.

ამასთან, სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტთან დაკავშირებით მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითება, რომ იგი იძულებულია დატოვოს დისშვილის საკუთრება და გადავიდეს სხვაგან, ვინაიდან იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მესაკუთრე - ნ. ე-ა არ აპირებდა აპელანტის გამოსახლებას ხსენებული ბინიდან და ამის გამო აპელანტი იძულებული იყო დაეტოვებინა სახლი, საქმეში არ იყო წარმოდგენილი. პალატამ ხაზი გაუსვა თავად ნ. ე-ას მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაფიქსირებულ ახსნა-განმარტებას, სადაც მან მიუთითა, რომ, მართალია, აქვთ საცხოვრებელი ფართის საჭიროება, თუმცა არ აპირებდა აპელანტის გამოსახლებას მის საკუთრებაში არსებული ბინიდან. ამდენად, მოცემულ ეტაპზე არ არსებობდა აპელანტის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაუდებელი საჭიროება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობით, რასაკვირველია, არ უარყოფდა და ეჭვის ქვეშ არ აყენებდა სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას, საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის, ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი და დაადასტურა პ. ბ-ას, როგორც დევნილი პირის, უფლება დაკმაყოფილდეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ალტერნატიული საცხოვრებელი და თავშესაფარი გააჩნია, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყანას, მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, არ გააჩნია შესაძლებლობა ყველა დევნილი ოჯახი ერთბაშად უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, ამდენად, კანონი გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რათა პირველ რიგში მოახდინოს საცხოვრებლით უზრუნველყოფა იმ დევნილი ოჯახებისა, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ, რათა უწინარესად მოხდეს ყველაზე შეჭირვებული დევნილების თავშესაფრით დაკმაყოფილება. ამდენად, პ. ბ-აზე უპირატესად, უფრო მცირექულიანი ოჯახების დაკმაყოფილება განპირობებულ იქნა, აპელანტთან შედარებით, ამ უკანასკნელთა განსახლების მომეტებული საჭიროების გათვალისწინებით. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით მიუთითა, რომ ეჭვის ქვეშ არ იდგა ის ფაქტი, რომ აპელანტი სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელია, თუმცა მას ეკისრება თმენის ვალდებულება, დაელოდოს თავის რიგს და რიგითობის გათვალისწინებით, მიიღოს საცხოვრებელი ფართი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი უკანონოდ და უსაფუძვლოდ მიიჩნევს სადავო ბრძანებაში მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობაზე მითითებას და აღნიშნავს, რომ ასეთ დათქმას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ არ შეიცავს და გადაწყვეტილების მიღებისას კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროებების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად დადგენილი ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე ან საგამონაკლისო წესით გადაუდებელი აუცილებლობისას კრიტერიუმების გარეშე, რაც მოცემულია №6 და №7 დანართებში. გადაუდებელი საჭიროებები რეგულირდება „წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით, რომელიც ადგენს გამონაკლისებს საერთო წესიდან, კრიტერიუმების გარეშე დევნილთათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მკაფიოდ და მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს. რაიმე დამატებით, მით უფრო, სუბიექტური შეფასების შესაძლებლობას „წესი“ არ შეიცავს. კასატორისთვის გაუგებარია ქულათა არსებობა, თუკი საჭიროების პრიორიტეტულობა შესაძლებელია შეფასდეს ქულათა გვერდის ავლით, დამატებითი, კანონით შემოუფარგლავი და არაგანჭვრეტადი სუბიექტური მოსაზრებით.

ამასთან, კასატორი არარელევანტურად მიიჩნევს მოცემულ სამართალურთიერთობაში „თმენის ვალდებულების“ სამართლებრივი ცნების შემოტანას და მის გავრცელებას სახელმწიფოს სოციალურ ვალდებულებებზე. კასატორის მითითებით, დევნილთა ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულება იმპერატიული ხასიათისაა ყოველგვარი დათქმის გარეშე.

კასატორი მიუთითებს, რომ ამჟამად სახელმწიფო სექტორის ბინების დევნილებზე პრივატიზაცია ან მათგან დევნილების გამოსახლება-განსახლება პრაქტიკულად დამთავრებულია. დასაკმაყოფილებელ დევნილთა აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს კერძო სექტორში (ყოფილი სახელმწიფო შენობები, რომელთა პრივატიზაცია მოახდინეს მესამე პირებმა, ახლობლების, ნათესავების ბინებში ან ქირით).

საკასაციო საჩივრის მიხედვით, პ. ბ-ა აფხაზეთის ომში მიღებული ჭრილობის გამო არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის შშმ პირი (II ჯგუფის ომის ინვალიდი), ასევე სოციალურად დაუცველი ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულით, ომის ვეტერანი, რაც საცხოვრისის ხარისხზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სოციალური ფაქტორებია, რაც ფასდება იმავე რაოდენობის ქულებით (1-3-მდე) და მოსარჩელეს ამ კრიტერიუმებში აქვს შესაბამისად 2 და 3 ქულა. კასატორის მითითებით, დევნილის სხვის საკუთრებაში ცხოვრების შეფასებისას არავითარი მნიშვნელობა აქვს დევნილი ოჯახი ცხოვრობს ქირით თუ ქირის გარეშე და ფასდება ერთნაირად - 1,5 ქულით.

ამასთან, კასატორის მითითებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ №39 სხდომის ოქმის მიხედვით, 143 ერთოთახიანი ბინის განაწილების მიზნით განხორციელდა 168 განაცხადის მონიტორინგი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და მეტი ქულა. კასატორის მოსაზრებით, მისი ბინით უზრუნველყოფის საკითხი უნდა განხილულიყო და გადაწყვეტილიყო მხოლოდ ქულათა ჯამის მეტობის პრიორიტეტის, ხოლო თანაბარ ქულათა შემთხვევაში კენჭისყრის წესით. იგი უკანონოდ და უსამართლოდ გამოირიცხა 8-ქულიანი პრეტენდენტებიდან და ასევე მასთან შედარებით უკანონოდ მიენიჭათ უპირატესობა 3-6 ქულიან დევნილ ოჯახებს.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო ასევე არასწორად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ნ. ე-ა არ აპირებს ბიძას მოსთხოვოს ბინის დატოვება. კასატორის მოსაზრებით, ასეც რომ არ იყოს, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას არავითარი კავშირი არ აქვს დავის გადაწყვეტასთან, ვინაიდან, თუ დისშვილი არ ასახლებს სოციალურად დაუცველ, ომის მონაწილე, ომში მიღებული ჭრილობების გამო შშმ პირის სტატუსის მქონე ბიძას, ეს სახელმწიფოს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან და არ წარმოადგენს საპატიო მიზეზს დევნილის გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების შესახებ.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პ. ბ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით პ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ პ. ბ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც პ. ბ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი განამტკიცებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს, რომლის შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე - პ. ბ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. სახელმწიფოსგან მას ფართი არ მიუღია. დევნილობის პერიოდში ცხოვრობდა სხვადასხვა ადგილას. 2010 წლიდან დღემდე ცხოვრობს დისშვილის - ნ. ე-ას კუთვნილ ბინაში. პ. ბ-ა იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა სოხუმში, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალო, ...ის 4მ/რ, კორპ. 28 „ა“ (ყოფილი ს/ბაღი), I სართული. პ. ბ-ა არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი (მოწმობის №...). სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2016 წლის 5 აპრილის მდგომარეობით პ. ბ-ას ოჯახი შედგება 1 წევრისაგან - პ. ბ-ა; ოჯახის სარეიტინგო ქულაა 12660; დეკლარაციის შევსების თარიღი - 16.06.2016 წელი; ქულის მინიჭების თარიღი - 19.09.2016 წელი.

დადგენილია, რომ მოსარჩელე პ. ბ-ამ 2016 წლის 5 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 8 ქულით (1.50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 3 ქულა - სოციალური კრიტერიუმი - 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით; 2 ქულა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ - მნიშვნელოვნად გამოხატული; 1.50 ქულა - ომში მონაწილეობა - ომის ვეტერანი). სარეგისტრაციო ნომერზე არის მარტო, განაცხადს აკეთებს მარტო. ვერიფიკაციის გადაგზავნის დრო - 2018 წლის 10 იანვარი, ვერიფიკაციის დასრულება - 2018 წლის 20 მარტი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომის №39 ოქმით პ. ბ-ას ოჯახს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი - „ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს 2010 წლიდან დისშვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო“.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის №04-1736/ო ბრძანების კანონიერება, რომლითაც პ. ბ-ას, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39), იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელე ითხოვს სააგენტოსთვის მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. დევნილთა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიას ქმნის დევნილის უფლება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, რაც მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას. ამასთან, დევნილთა განსახლების საკითხის გადაწყვეტის კონკრეტულ პროცედურასა და წესს სადავო ბრძანების გამოცემის დროს ადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1), რომლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა გულისხმობს ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვას; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

დასახელებული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა.

ამდენად, დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება, რომლის რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, დევნილი ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. აღნიშნული მიზნად ისახავს როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა მიმართ ნაკისრი ვალდებულებების ეტაპობრივ შესრულებას, სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან და მატერიალური რესურსიდან გამომდინარე, ასევე თავდაპირველად ისეთი დევნილების უფლებების დაცვასა და განსახლებას, რომლებიც განსაკუთრებით, სხვებზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს დახმარებას. სწორედ დევნილი ოჯახისთვის მინიჭებული ქულების ოდენობაზეა დამოკიდებული დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

ამასთან, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი კრიტერიუმების გარეშე, დევნილი ოჯახისათვის პრიორიტეტის მინიჭების პირობებს ითვალისწინებს და განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კატეგორიებს, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამდენად, ზოგადი წესის მიხედვით, სახელმწიფოს ვალდებულება - უზრუნველყოს დევნილი ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით, ხორციელდება კრიტერიუმების საფუძველზე, საჭიროებათა პრიორიტეტულობის პრინციპით, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, მითითებული „წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ დევნილ ოჯახებთან მიმართებაში, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხორციელდება მინიჭებულ ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე. „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღრული შემთხვევები წარმოადგენს ზოგადი წესისგან საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება კრიტერიუმების გარეშე, ქულათა ოდენობის მიუხედავად, რაც არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ მნიშვნელობა დაეკარგოს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ გაწერილი პროცედურის გავლის საჭიროებას, რომლითაც კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. გარკვეული კატეგორიის დევნილი ოჯახებისთვის პრიორიტეტის მინიჭებამ არ უნდა ხელყოს და გაურკვეველ გარემოებებს არ უნდა დაუქვემდებაროს მოსარჩელის, როგორც დევნილის უფლება კრიტერიუმების საფუძველზე, მისთვის მინიჭებული ქულების შესაბამისად, უზრუნველყოფილ იქნეს გრძელვადიანი საცხოვრებლით.

შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო სამართალურთიერთობის ამგვარი შეფასებით უგულებელყოფილია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ გაწერილი პროცედურის გავლისა და შესაბამისი პროცედურის საფუძველზე დევნილი ოჯახისთვის მინიჭებული ქულების მნიშვნელობა. საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ ქვეყანას, მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, არ გააჩნია შესაძლებლობა ყველა დევნილი ოჯახი ერთბაშად უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით და მიუთითებს, რომ სწორედ აღნიშნული მიზეზით, კანონი გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რასაც ემსახურება კრიტერიუმების საფუძველზე დევნილი ოჯახისთვის შესაბამისი ქულის მინიჭება.

ამასთან, საყურადღებოა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, ამ ეტაპზე მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის შესახებ, რასაც არ ეთანხმება საკასაციო სასამართლო და მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე არსებული კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს ხელი მიუწვდებოდა ალტერნატიულ საცხოვრებელზე, მისი დისშვილის ბინაზე, რის გამოც განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ არსებობდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღრის კუთხით, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი ოჯახის სხვა პირის საკუთრებაში ცხოვრების გამო (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2021წ. №ბს-1129(კ-20), 23.12.2021წ. №ბს-900(კ-21), 13.01.2022წ. №ბს-946(კ-21), 10.03.2022წ. №ბს-1013(კ-21), 19.05.2022წ. №ბს-244(კ-22), 21.07.2022წ. №ბს-147(კ-22) განჩინებები).

განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ერთოთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6 და მეტი ქულა. პ. ბ-ასთან მიმართებით კი, მიუხედავად მინიჭებული 8 ქულისა, ნათესავის საკუთრებაში არსებული ფართით დროებითმა სარგებლობამ, რატომ გამორიცხა მისი ოჯახის მინიჭებულ ქულათა შესაბამისად დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ვერ იქნა სათანადოდ დასაბუთებული. მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, ამ ეტაპზე მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის შესახებ, რასაც არ იზიარებს საკასაციო სასამართლო, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მითითება მასზედ, რომ პ. ბ-აზე უპირატესად, უფრო მცირექულიანი ოჯახების დაკმაყოფილება განპირობებულ იქნა, პ. ბ-ასთან შედარებით, ამ უკანასკნელთა განსახლების მომეტებული საჭიროების გათვალისწინებით, არ დასტურდება არც სადავო აქტით და არც საქმის მასალებით. ვერ დგინდება, რომ ერთოთახიანი ბინები განაწილდა სწორედ იმ ოჯახებზე, რომელთა მიმართაც, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილი იყო პრიორიტეტი მიენიჭებინა და კრიტერიუმების გარეშე განეხორციელებინა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორცილებისთვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორცილებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც ის გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციული აქტით მიყენებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არსებითია, მმართველობითი საქმიანობა იყოს ეფექტური და ეფუძნებოდეს თითოეული პირის რეალურ, ინდივიდუალურ ინტერესს. დაუშვებელია მმართველობითი ორგანოები ხელოვნური, უსაფუძვლო ბარიერების შექმნის გზით აფერხებდნენ ან ხელს უშლიდნენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების წარმოშობასა და რეალიზაციას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანებით პ. ბ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში დაცული დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ერთოთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6 და მეტი ქულა, ხოლო მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული აქვს 8 ქულა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაყრდნობოდა პრიორიტეტულობის პრინციპს და გადაწყვეტილება მიეღო მოსარჩელის ოჯახისთვის მინიჭებული ქულების საფუძველზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ. ბ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც პ. ბ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის №04-1736/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს პ. ბ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. პ. ბ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. პ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის №04-1736/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს პ. ბ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა