საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-340(კ-21) 15 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს „ს...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. ბ-ე
თავდაპირველი მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მესამე პირი - სს სა...
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 24 სექტემბერს ზ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, მესამე პირების - შპს „ს...სა“ და საქართველოს ბანკის მონაწილეობით.
მოსარჩელემ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის №... გადაწყვეტილების; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 17 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ 2010 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილების, 2012 წლის 13 ივლისის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 13 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ზ. ბ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ზ. ბ-ეის სარჩელი გადაეგზავნა განსჯად ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2020 წლის 6 ოქტომბერს, ზ. ბ-ეის წარმომადგენელმა დაზუსტებული სარჩელით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა: მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 25 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ზედდების ნაწილში), შესაბამისად, უფლების დამდგენი დოკუმენტების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 19 აგვისტოს №16/2521 და 2010 წლის 25 აგვისტოს №16/2521დ მომართვების, მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 17 ნოემბერის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ზედდების ნაწილში), შესაბამისად, უფლების დამდგენი დოკუმენტების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 19 აგვისტოს №16/2521, 2010 წლის 25 აგვისტოს №16/2521დ და 2010 წლის 11 ნოემბრის №06/654 მომართვების ზედდების ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 23 დეკემბერის №... გადაწყვეტილების, რომლითაც შპს ,,ს...ს” გადაეცა 10589,00 კვ.მ (ს/კ ..., ნაკვეთის წინა ნომერი ...), ნაწილობრივ (ზედდების ნაწილში), შესაბამისად, უფლების დამდგენი დოკუმენტების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2010 წლის 22 ნოემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის №20703 ზედდების ნაწილში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის №1-1/2014 ბრძანების და 2010 წლის 17 დეკემბრის №... ნასყიდობის ხელშეკრულების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (გამყიდველი) და შპს ,,ს...ს“ (მყიდველი) შორის ზედდების ნაწილში; საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 დეკემბრის №1151 განკარგულების ზედდების ნაწილში; რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს 2012 წლის 13 ივლისის №... გადაწყვეტილების (გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია), რომლითაც გაერთიანებულ 41 568 კვ.მ მიწის ნაკვეთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ..., ნაწილობრივ, (ზედდების ნაწილში), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების რეგისტრაციის შესახებ (გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია), რომლითაც გაერთიანებულ 1109.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს (ნაკვეთის წინა ნომრები იყო: ... და ...) მიენიჭა საკადასტრო კოდი ... ნაწილობრივ (ზედდების ნაწილში) ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინებით ზ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად, საქმის განხილვის მომზადების სტადიიდან, განსახილველად დაუბრუნდა ამავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს...მ“.
კასატორის განმარტებით, საკასაციო დავის შედეგად უნდა გაირკვეს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო სასამართლოში სარჩელის იმგვარად დაზუსტება, რომ სასარჩელო მოთხოვნები გაიზარდოს იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით იმ პირობებში, როდესაც მოცემული აქტები და ხელშეკრულებები პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. კასატორს მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნების ამგვარი გაზრდა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის. ამავე კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281 მუხლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. განსახილველ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე (აპელანტ) მხარეს დააზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნები, ამასთან, იმგვარად, რომ მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნები. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანი იყო მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები, სააპელაციო სასამართლოში კი მოსარჩელემ დამატებით სადავოდ გახადა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შპს ,,ს...ს" სახელზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,ს...ს" შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები.
კასატორის განმარტებით, ტრანსფორმირება მაშინ იქნებოდა სახეზე, თუ მოსარჩელე სადავოდ გამხდარ ადმინისტრაციულ აქტებთან თუ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებთან მიმართებაში მოთხოვნებს შეცვლიდა (მოთხოვნის ტრანსფორმირებას მოახდენდა) და არა მაშინ, როდესაც საქმის პირველი ინსტანციით განხილვის შემდეგ მოსარჩელემ მიუთითა დავის ახალ საგანზე და ახალ მოპასუხეზე. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა სარჩელის სახის შეცვლას, არა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირებას, არამედ - დავის საგნის გაზრდას, სასარჩელო მოთხოვნების გადიდებას, ახალი დავის საგნისა და ახალი მოპასუხის (საქართველოს პრეზიდენტი) დასახელებას. დავის საგნის გადიდება კი დასაშვებია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში (მათ შორის საქმის მომზადების შემდეგ მხოლოდ მოპასუხის თანხმობით), ხოლო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაუშვებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ს...ს“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან და საპროცესო-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე ხელახალი განხილვის მიზნით მართებულად დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ შპს ,,ს...ს“ საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს. დაბრუნების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტება. შესაბამისად, საკასაციო პალატა ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლების არსებობას.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის თანახმად, დავის საგანს წარმოადგენდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის №... გადაწყვეტილების; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 17 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ 2010 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილების, 2012 წლის 13 ივლისის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 13 ივლისის №... გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ზ. ბ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, გამოცემის დავალება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ზ. ბ-ეის წარმომადგენელმა ვახტანგ გაბედავამ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა: მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 25 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ზედდების ნაწილში), შესაბამისად, უფლების დამდგენი დოკუმენტების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 19 აგვისტოს №16/2521 და 2010 წლის 25 აგვისტოს №16/2521დ მომართვების, მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 17 ნოემბერის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ზედდების ნაწილში), შესაბამისად, უფლების დამდგენი დოკუმენტების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 19 აგვისტოს №16/2521, 2010 წლის 25 აგვისტოს №16/2521დ და 2010 წლის 11 ნოემბრის №06/654 მომართვების ზედდების ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 23 დეკემბერის №... გადაწყვეტილების, რომლითაც შპს ,,ს...ს” გადაეცა 10589,00 კვ.მ (ს/კ ..., ნაკვეთის წინა ნომერი ...), ნაწილობრივ (ზედდების ნაწილში), შესაბამისად, უფლების დამდგენი დოკუმენტების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2010 წლის 22 ნოემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის №20703 ზედდების ნაწილში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის №1-1/2014 ბრძანების და 2010 წლის 17 დეკემბრის №... ნასყიდობის ხელშეკრულების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (გამყიდველი) და შპს ,,ს...ს“ (მყიდველი) შორის ზედდების ნაწილში; საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 დეკემბრის №1151 განკარგულების ზედდების ნაწილში; რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს 2012 წლის 13 ივლისის №... გადაწყვეტილების (გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია), რომლითაც გაერთიანებულ 41 568 კვ.მ მიწის ნაკვეთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ..., ნაწილობრივ, (ზედდების ნაწილში), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების რეგისტრაციის შესახებ (გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია), რომლითაც გაერთიანებულ 1109.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს (ნაკვეთის წინა ნომრები იყო: ... და ...) მიენიჭა საკადასტრო კოდი ... ნაწილობრივ (ზედდების ნაწილში) ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე მოსარჩელეს მინიჭებული აქვს თავისუფლება საკუთარი სურვილისამებრ განკარგოს მისთვის მინიჭებული მატერიალური და საპროცესო უფლებები. სწორედ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეა უფლებამოსილი განსაზღვროს დავის საგანი და მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნის რა ფარგლებით მიმართავს იგი საქმის განმხილველ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ. ბ-ე სადავოდ ხდის და არ ეთანხმება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმ გადაწყვეტილებებს, რომლითაც სადავო უძრავი ქონება აღირიცხა ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ - შპს ,,ს...ს“ სახელზე. ფაქტობრივად მოსარჩელემ, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, გაასაჩივრა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელის მიზანია უძრავი ქონების, ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, მის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ცვლილებების რეგისტრაცია, რაზეც მას უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ უძრავი ქონება ზედდებაში იყო N... და ... საკადასტრო კოდებით (შპს ს...ს“ საკუთრება) რეგისტრირებულ უძრავ ქონებებთან. მოცემულ შემთხვევაში, ზ. ბ-ეის ინტერესია მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ცვლილების რეგისტრაცია, რისი მიღწევაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია სადავო მიწის ნაკვეთის პირველად სახელმწიფოს, ხოლო შემდგომ შპს ,,ს...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის აქტების კანონიერების შეფასების გარეშე, რამდენადაც ამ აქტების კანონშესაბამისობის საკითხის შეფასებას უკავშირდება დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობის გადაწყვეტა. ვინაიდან, მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების იურიდიულ ინტერესს აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს სახელზე მისი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციით, ხოლო შემდეგომ ამავე საკადასტრო მონაცემებით საკუთრების უფლების შპს ,,ს...ზე“ რეგისტრაციით დაირღვა მისი საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამართალწარმოებაში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოში დავა იწყება სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის გზით, ამასთან, სწორედ მოსარჩელე განსაზღვრავს დავის საგანს და მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რის გამოც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქმის გადაწყვეტისას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბებული იყოს ნათლად, ზუსტად და ასახავდეს პირის რეალურ ინტერესს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე და განმარტავს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა არ არის შეზღუდული სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით და შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. მოსამართლე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას – მიზანშეწონილი და შესაძლებელია თუ არა სარჩელის ტრანსფორმირება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის ტრანსფორმირება არის ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოხატულება. ერთი მხრივ, ადმინისტრაციული პროცესი გულისხმობს სასამართლოს აქტიურობას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო, მიუხედავად მისი აქტიური როლისა, უფლებამოსილი არ არის გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათისა და სარჩელის ტრანსფორმირების შესაძლებლობისა, სასამართლოები შეზღუდული არიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე და მე-3 მუხლების მოქმედებით, რომელთა მიხედვითაც, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს მხარეებს ის, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მაშინ როდესაც მხარე პროცესუალურად სწორად ვერ აყალიბებს თავის მოთხოვნას პროცესის დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსამართლემ სარჩელის ტრანსფორმირებისას სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი – რა უფლების აღსადგენად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი მოსარჩელის გამოუცდელობის გამო, არამედ მოსამართლეს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის სწორად ფორმულირებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სასამართლოს დახმარება უნდა გაეწია მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, რაც მოთხოვნის არა გაზრდად, არამედ დაზუსტებად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან ცხადია, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის პარამეტრების აღდგენა მხოლოდ დაზუსტებული რეგისტრაციების შედეგად წარმოქმნილი გადაფარვის აღმოფხვრის პირობებშია შესაძლებელი. იმ პირობებში, როდესაც მოთხოვნა პროცესუალურად სწორად არ არის ჩამოყალიბებული, პროცესის ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსამართლემ სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი – რა უფლების დასაცავად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითებული _ „პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი, იმის გამო რომ სასარჩელო მოთხოვნა ვერ იქნა ჩამოყალიბებული“, შესაბამისად, მოსამართლეს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის ტრანსფორმირებას, მით უმეტეს მის დაზუსტებას (სუსგ №ბს-925-921(კ-17), 03.07.2018წ; №ბს-47(კ-20), 26.02.2020წ.).
ამდენად, საკასაცო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა არ შეესაბამებოდა სარჩელის შინაარსსა და მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ - სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დაზუსტებას საჭიროებს მოსარჩელის მოთხოვნა. მოსარჩელის პრეტენზიის დაკმაყოფილება, სარჩელის მიზნის მიღწევა გულისხმობდა არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ შპს ,,ს...ს“ სახელზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებასაც, ამასთან არა სრულად, არამედ მხოლოდ მოსარჩელის ინტერესში შემავალი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან ზედდების ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ინტერესს შეადგენს სადავო რეგისტრაციების არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ, მხოლოდ გადაფარვის კოორდინატების ფარგლებში რეგისტრაციის გაუქმება, სახეზეა მოთხოვნის დაზუსტების საჭიროება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - შპს ,,ს...ს“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს - შპს ,,ს...ს“ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ს...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინება განჩინება;
3. შპს ,,ს...ს“ (ს/კ ...) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის, გადახდა შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე