Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-307(კ-21) 27 დეკემბერი, 2022 წელი ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ იუსტიციის სახლი

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ბ-ა

მესამე პირი - უ. ძ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 04 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 22 ნოემბერს ვ. ბ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ იუსტიციის სახლის მიმართ და ,,სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №826/ს ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და აუქციონში გამარჯვებულისთვის საბანკო გარანტიის/ბეს თანხის დაბრუნების თაობაზე“ მოპასუხის 2018 წლის 18 ოქტომბრის №885/ს ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება უ. ძ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნს ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის №885/ს ბრძანება ,,სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №826/ს ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და აუქციონში გამარჯვებულისთვის საბანკო გარანტიის/ბეს თანხის დაბრუნების თაობაზე“, რაც სსიპ იუსტიციის სახლმა და უ. ძ-იმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით უ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო, რაც უ. ძ-იმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით უ. ძ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 ოქტომბრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 04 თებერვლის განჩინებით სსიპ იუსტიციის სახლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 04 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ იუსტიციის სახლმა.

კასატორის მითითებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის No1-1/172 ბრძანებით რეგულირებული იყო სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი. სწორედ აღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავდა, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას. 2018 წლის 2 ოქტომბრის №826/ს ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული №37456 აუქციონის შემთხვევაში კი იუსტიციის სახლის მიერ აღნიშნული მონაცემების განსაზღვრა აუქციონის სათაურში არასწორად განხორციელდა. აუქციონის დასახელებაში მიეთითა, რომ იუსტიციის სახლის მიერ იჯარით გაიცემოდა „იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალში - საინფორმაციო/სარეკლამო ბეჭდური მასალის განთავსების ადგილები“; აუქციონის აღნიშნული დასახელება კი შეუსაბამობაში იყო როგორც ბრძანებით განსაზღვრულ, იჯარით გასაცემი ქონების დასახელებასთან, ისე ქონების სარგებლობაში გადაცემის მიზანთან. აუქციონის გამოცხადება ნამდვილად იუსტიციის სახლის უფლებამოსილებას წარმოადგენდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ იყო დაზღვეული შეცდომის დაშვებისგან, ბრძანებით გათვალისწინებული იყო მომსახურების შეწყვეტის შესაძლებლობა რაიმე სახის შეცდომის ან უზუსტობის შემთხვევაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებაში შეცდომა არ იყო არსებითი, რადგან ვებგვერდზე (www.auction.ge) განთავსებული სხვა ინფორმაცია უკვე მოიცავდა იჯარით გასაცემი ქონების ზუსტ დასახელებას და მისი ხილვა იმავე წარმატებით შეეძლოთ სხვა დაინტერესებულ პირებს, როგორც ეს გააკეთეს აუქციონში მონაწილე პირებმა. სინამდვილეში, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა გარემოებები, რადგან ელექტრონული აუქციონზე საიჯარო ქონების ზუსტი დასახელების ნახვა მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი (eauction.ge-ი მეშვეობით), თუ მომხმარებელი უშუალოდ, მოცემული აუქციონის ველზე შევიდოდა დასათვალიერებლად. კასატორის მითითებით, უდავო იყო, რომ ძირითად შემთხვევაში, დაინტერესებული პირი სწორედ სათაურის/დასახელების ნახვის შემდეგ გაჩენილი ინტერესის საფუძველზე ხსნიდა დეტალურ მონაცემებს, რაც 2018 წლის 2 ოქტომბრის №826/ს ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული №37456 აუქციონის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. დასახელების უზუსტობა იყო ფაქტი და არსებითი იყო ზუსტად ის გარემოება, რომ არსებობდა გონივრული და საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ აუქციონში მონაწილე პირთა წრე შეიზღუდა დაშვებული ხარვეზის გამო.

სასამართლომ შეცდომით დაადგინა 2018 წლის 2 ოქტომბრის №826/ს ბრძანებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე ინფორმაციის მნახველი ვიზიტორების რაოდენობა - 336. აღნიშნული ციფრი გულისხმობს ნახვების რაოდენობას და არა ვიზიტორთა ოდენობას. მაგალითისთვის, ერთ ვიზიტორს/დაინტერესებულ პირს თავისუფლად შეეძლო აუქციონის შესაბამის ველზე ინფორმაციის სანახავად არაერთგზის შესულიყო, ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ აუქციონში მონაწილე 3 კონკურენტს შორის 172 ბიჯი გაკეთდა. ამდენად, სწორედ მათ მიერ ხორციელდებოდა ნახვები აუქციონის კონკრეტულ ველზე არაერთი შესვლის შედეგად. ამასთან, გაუგებარი იყო სასამართლოს ლოგიკა იმასთან მიმართებით, რომ იუსტიციის სახლს აუქციონის დასახელებაში შეცდომასთან დაკავშირებით პრეტენზიით არა აუქციონში მონაწილე პირებმა მიმართეს, არამედ მესამე პირმა, რომელსაც აქამდე კვების ობიექტი არ ჰქონია. კასატორის მითითებით, მყარი საფუძველი, რის გამოც მოხდა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, სწორედ იმ მესამე პირების ინტერესები იყო, რომელთაც დაშვებული ხარვეზის გამო არ მიეცათ საშუალება ენახათ, თუ რეალურად რას ეხებოდა გამოცხადებული აუქციონი. უ. ძ-ის მიერ წარმოდგენილი განცხადება და სარჩელი სწორედ ამაზე მეტყველებდა. კასატორის მოსაზრებით, ის ხარვეზი, რომელიც სსიპ - იუსტიციის სახლისთვის ცნობილი გახდა სწორედ აუქციონის შედეგების შემდეგ, ნამდვილად წარმოადგენდა იმ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც უნდა გამხდარიყო უძრავი ქონების იჯარით გაცემის შესახებ 2018 წლის 2 ოქტომბრის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. სსიპ - იუსტიციის სახლმა მიიჩნია, რომ რეალურად იმ ხარვეზით, რომელიც აუქციონის დასრულების შემდგომ გამოვლინდა, შეიზღუდა კონკურენცია, ვინაიდან პოტენციურად დაინტერესებულმა პირებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა აუქციონში (პირველად ვებ-პორტალზე www.eauction.ge გამოქვეყნებული აუქციონის სათაური მათთვის არ იყო ინტერესის შემცველი, რეალურად კი აუქციონის შინაარსი სხვა დატვირთვას ატარებდა).

კასატორის მითითებით, სსიპ იუსტიციის სახლს, როგორც სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელს, არ შეექმნა გარანტია იმისა, რომ საბოლოო საიჯარო თანხა, რომელიც აუქციონის შედეგებმა დაადგინა იყო მაქსიმალური ზღვარი, რაც სახელმწიფოს ფინანსური ინტერესების დამაზიანებელ ფაქტორად უნდა მიჩნეულიყო. კასატორმა აღნიშნა, რომ კანონი ზუსტად განსაზღვრავდა იმ წინაპირობებს, რომელიც შეიძლება გამხდარიყო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. 2018 წლის 2 ოქტომბრის №826/ს ბრძანების ძალადაკარგულად ცნობა მოხდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან სახეზე იყო ორივე კომპონენტი - 1) ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება; 2) აქტის მოქმედება მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ იუსტიციის სახლის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ იუსტიციის სახლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმის მასალებით, მათ შორის, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №826/ს ბრძანებით დადგინდა, რომ განხორციელებულიყო სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის, თბილისის იუსტიციის სახლის შენობა-ნაგებობის ნულოვან სართულზე არსებული ფართის იჯარით გაცემა ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადით, კვების ობიექტის მოწყობის მიზნით. ამავე ბრძანების თანახმად, ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყისი საიჯარო ქირა განისაზღვრა 5 240 ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 20 ლარით. ამასთან, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვრა 10 000 (ათი ათასი) ლარით. ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა 2018 წლის 02 ოქტომბერს და უნდა გაგრძელებულიყო 5 (ხუთი) დღის ვადით. ამავე ბრძანებით, დამტკიცდა ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის განთავსებასთან ერთად ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ხელშეკრულების პროექტი დანართი №2-ის შესაბამისად. ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე 2018 წლის 02 ოქტომბერს გამოცხადებულ იქნა №37456 აუქციონი. სულ განხორციელდა 172 ბიჯი. აუქციონის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია ნანახი იყო 336-ჯერ. ამასთან, მოკლე აღწერილობიდან ირკვეოდა, რომ აუქციონი გამოცხადდა იუსტიციის სახლის ფილიალის მომსახურების დარბაზში სწრაფი კვების ობიექტის განთავსების მიზნით. პირობაში მითითებული იყო, რომ აუქციონის პირობები განისაზღვრებოდა 2018 წლის 2 ოქტომბრის სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის №826/ს ბრძანების შესაბამისად, რომლის ნახვაც შესაძლებელი იყო მიმაგრებულ ფაილებში, სადაც ასევე იყო განთავსებული ხელშეკრულების პროექტი და ტერიტორიის ნახაზი. დასახელებაში კი მითითებული იყო, რომ აუქციონი გამოცხადდა იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალში საინფორმაციო/სარეკლამო ბეჭდური მასალის განთავსების ადგილების იჯარით გაცემაზე. 2018 წლის 07 ოქტომბერს №37456 აუქციონის გამარჯვებული გახდა ვ. ბ-ა, რომელმაც უძრავ ქონებაზე იჯარის უფლება შეიძინა 8 680 ლარად (ქირის გადასახადი). სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის №885/ს ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა "სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის, თბილისის იუსტიციის სახლის შენობა-ნაგებობის ნულოვან სართულზე არსებული 116,4 კვ.მ ფართის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით იჯარის გაცემის შესახებ’’ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №826/ს ბრძანება და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის მიერ 2018 წლის 2 ოქტომბერს სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №826/ს ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული №37456 აუქციონის შედეგები, ხოლო სსიპ იუსტიციის სახლის მიერ 2018 წლის 2 ოქტომბერს გამოცხადებულ №37456 აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტს დაუბრუნდა მის მიერ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა 10 000 (ათი ათასი) ლარი. სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო უ. ძ-ის 2018 წლის 10 ოქტომბრის №13930 განცხადება, რომლითაც მან აუქციონის შედეგების გაუქმება და ხელახალი აუქციონის გამოცხადება მოითხოვა. სსიპ იუსტიციის სახლმა სადავო ბრძანებაში აღნიშნა, რომ ვებგვერდზე აუქციონის სათაურის მითითებისას დაშვებულ იქნა ხარვეზი და აუქციონის დასახელებაში მიეთითა, რომ იუსტიციის სახლის მიერ იჯარით გაიცემოდა „იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალში საინფორმაციო/სარეკლამო ბეჭდური მასალის განთავსების ადგილები.“ აღნიშნული დასახელება შეუსაბამო იყო როგორც ბრძანებით განსაზღვრული ქონების დასახელებასთან, ისე ქონების სარგებლობაში გადაცემის მიზანთან. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში შეფასებას საჭიროებს სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №826/ს ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების კანონიერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №826/ს ბრძანება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს. ამდენად, მისი ძალადაკარგულად გამოცხადება შესაძლებელი იყო მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პირობის არსებობის დადასტურების შემთხვევაში. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით სამართლებრივი დაცვის მყარი გარანტიებია შექმნილი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. კანონის ზოგადი დანაწესის თანახმად, როგორც წესი, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება დაუშვებელია.

საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დამადასტურებლად, კასატორი აღნიშნავს, რომ აუქციონის სათაურში შეცდომის არარსებობის პირობებში, მეტ ადამიანს მიეცემოდა აუქციონის პირობების გაცნობისა და, შესაბამისად, დაინტერესების გამოხატვის შესაძლებლობა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამოიწვევდა საიჯარო ქირის გაზრდას, რაც დადებითად იმოქმედებდა სახელმწიფოს ეკონომიკურ ინტერესებზე. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველია მისი იურიდიული ძალის შენარჩუნების პირობებში კერძო ან საჯარო ინტერესების არსებითად შელახვა. მოცემულ შემთხვევაში კი ინტერესთა არსებითი შელახვა არ დასტურდება. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შეცდომა დაშვებულ იქნა მხოლოდ აუქციონის დასახელების გრაფაში. ყველა სხვა მონაცემი მითითებული იყო ხარვეზის გარეშე. სააუქციონო შეთავაზებას ახლდა მოკლე და ვრცელი აღწერილობა, რომლის მეშვეობით ნებისმიერი პირისათვის ხელმისაწვდომი იყო სწორი ინფორმაცია. რაც შეეხება სახელმწიფოს ეკონომიკურ ინტერესებს, მართებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ ქონება გაიყიდა იმაზე გაცილებით მაღალ ფასად, ვიდრე ეს მისაღები იყო თავად იუსტიციის სახლისათვის. ქონების საწყის ფასს წარმოადგენდა 5240 ლარი, ხოლო ვ. ბ-ამ უძრავ ქონებაზე იჯარის უფლება შეიძინა 8 680 ლარად. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №826/ს ბრძანების მოქმედების პირობებში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების არსებითი შელახვა, რომელიც გადაწონიდა აუქციონში გამარჯვებული პირის კანონიერ ინტერესებს. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად ვერ უზრუნველყო ტექნიკურად სრულად გამართული აუქციონის გამოცხადება და შესაბამისი მონაცემების სწორად ატვირთვა, რომელთა გადამოწმების საშუალება თავადვე ჰქონდა და ევალებოდა, რაც არაარსებითი დარღვევის პირობებში არ შეიძლება გახდეს გამარჯვებული პირის მიმართ შედეგების ბათილობის საფუძველი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ იუსტიციის სახლს თავის საკასაციო საჩივარზე 31.03.2021წ. №06799 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ იუსტიციის სახლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 04 თებერვლის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ იუსტიციის სახლს (ს/კ 204580202) დაუბრუნდეს 31.03.2021წ. №06799 საგადახდო მოთხოვნით თავის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა