Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-969(კ-21) 13 დეკემბერი, 2022 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - ს. ლ-ა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ა. ნ-იმა 2020 წლის 27 აგვისტოს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონული სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის N... გადაწყვეტილებისა და 2020 წლის 23 აპრილის N ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 01 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება ს. ლ-ა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ს. ლ-ას 2017 წლის 28 დეკემბრის N... და 2018 წლის 29 ივნისის N... განცხადებების განხილვის დროს ვალდებული იყო გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული მოთხოვნა დაირღვა, რადგან მარეგისტრირებელმა ორგანომ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები სათანადოდ არ შეისწავლა და გამოიკვლია.

კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული რეგისტრაცია აგრეთვე წინააღმდეგობაშია „ტყის კოდექსთან“, რამდენადაც კოდექსის 31-ე მუხლის (სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის განსაკუთრებული მოთხოვნები) თანახმად, „ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირებისაკენ, დასაბუთებული უნდა იყოს“. მიუხედავად ამისა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის არაფერი იყო ცნობილი სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებით ამ ფართობის ამორიცხვის ფაქტის შესახებ. „ტყის კოდექსის“ 31-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება ანუ, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვით სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტარდება სულ სხვა პროცედურით (და არა მხოლოდ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანის მიზნით ე.წ. დაზუსტებული საკადასტრო ნახაზების წარდგენის გზით), რომელშიც გარდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსი (რომელიც დაკორექტირების, ანუ ამორიცხვის პროცედურების საბოლოო ეტაპზე არეგისტრირებს ამ ცვლილებას), ასევე მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სამთავრობო დაწესებულებები და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

„ტყის კოდექსის“ 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის გარდა, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების კორექტირების შესაძლებლობა (შემთხვევა) გათვალიწინებულია ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზეც, რომლის თანახმადაც: საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები და სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთების საიდენტიფიკაციო მონაცემები დადგენილია „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N299 დადგენილებით. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ამ დადგენილებით განსაზღვრულ კოორდინატებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს ცვლის, უკავშირდება თავად საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების განხორციელების აუცილებლობას, რაც ასევე არ განხორციელებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის N ... გადაწყვეტილებისა და 2020 წლის 23 აპრილის N ... გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N629 აქტისა და ქუთაისის არქივის 25.03.2018 წლის N13/46371 წერილის (ს.ფ. 18-19) საფუძველზე ჭიათურის სოფელ ...ში მდებარე 1726 კვ.მ მიწის ნაკვეთსა (ს/კ...) და 800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) დარეგისტრირდა ს. ლ-ას საკუთრების უფლება.

აღსანიშნავია, რომ განაცხადის წარდგენისას ს. ლ-ამ მიუთითა, რომ თუ მის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული უძრავი ნივთი მოხვდებოდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში, ამ შემთხვევაში თანახმა იყო მომხდარიყო სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება, წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით (ს.ფ. 15). საქმის მასალების მიხედვით ასევე დადასტურებულია, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N629 აქტი გაცემულია 1998 წლის 05 მარტს.

საკასაციო პალატა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებასთან დაკავშირებით მიუთითებს სადავო აქტის გამოცემისას მოქმედ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებდა ტყის ფონდის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციის წესს. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N2199 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით და 1994 წლის ტყეთმოწყობის მასალებით, სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრაციისას ხვდებოდა ტყის ფონდის საზღვრებში, თუმცა მესამე პირმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და განაცხადა თანხმობა კორექტირების შესახებ. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, არის მიწის ნაკვეთის N629 მიღება-ჩაბარების აქტი და საარქივო ცნობა, რომელიც გამოცემულია 2012 წლის 1 იანვრამდე. ამდენად, საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ დაცულ იქნა როგორც უფლებამოსილების ფარგლები, ისე კანონის მოთხოვნები. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 25.08.2021წ. №13079 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/ნ 204578581) დაუბრუნდეს 25.08.2021 წლის №13079 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე