საქმე #ბს-430(2კ-22) 15 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – კოოპერატივი „დ...“
მესამე პირი – სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 15 მარტს კოოპერატივმა „დ...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, კოოპერატივ „დ...ს“ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში გააჩნია 4366 კვ.მ და 597 კვ.მ მიწის ნაკვეთები, რომელიც გეგეჭკორის სახალხო დეპუტატთა რაიაღმასკომის 1988 წლის 29 თებერვლის #54 გადაწყვეტილების საფუძველზე, სოფელ ...ის სატყეო ტერიტორიაზე გამოეყო კოოპერატივ „დ...ს“. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, კოოპერატივს უნდა ეწარმოებინა მეთევზეობა, ანუ უნდა მოწყობილიყო კოოპერატივის მიერ მისთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე სატბორე მეურნეობა - საკალმახე ტბორები. შესაბამისად, კოოპერატივის მიერ მოეწყო საკალმახე ტბორები, რომელიც ფუნქციონირებდა 1990-იან წლებამდე. 1990-1995 წლებში განვითარებული მოვლენების დროს, მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ტბორები მოიშალა, თუმცა 1997 წლიდან ისევ აღდგა სატბორე მეურნეობა, მიწის ნაკვეთზე აშენდა დამხმარე ნაგებობები, შემოსაზღვრულ იქნა ტერიტორია, რომელიც კოოპერატივის სარგებლობაშია და მას კოოპერატივი დღემდე მართლზომიერად ფლობს.
მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 5 სექტემბერს კოოპერატივმა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს და კოოპერატივის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა (განაცხადი #... და #...). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, ხოლო შემდგომ შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები. მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა იმ საფუძვლით, რომ შეჩერების ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, კოოპერატივ „დ...სათვის“ მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ გეგეჭკორის სახალხო დეპუტატთა რაიაღმასკომის 1988 წლის 29 თებერვლის #54 გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებდა იურიდიული პირის მიერ უძრავი ნივთის მართლზომიერ ფლობას, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 2016 წლის 3 ივნისის საქართველოს კანონის თანახმად, საკმარისი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2016 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად კერძო საკუთრებაში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ხელშეწყობა და წახალისების საკითხი განსაზღვრა, რის გამოც 2016 წელს მიღებულ იქნა სპეციალური კანონი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს. აღნიშნული კანონის მიღება კი განპირობებული იყო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობით. კერძოდ, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 2016 წლის 3 ივნისის საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ადგენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს. მოსარჩელე მიუთითებს მითითებული მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე. ამასთან, დაინტერესებული პირის დეფინიციას იძლევა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მითითებული კანონის მიხედვით, დაინტერესებულ პირს შეიძლება წარმოადგენდეს როგორც ფიზიკური, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მიეკუთვნება კოოპერატივიც.
მოსარჩელე მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების უფლებას და საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ უნდა გამოეყენებინა ზემოხსენებული 74 მუხლი, ვინაიდან იგი კანონს დაემატა 2010 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო წარმოების მიზნებისთვის ტერმინის - „დაინტერესებული პირის“ დეფინიციას იძლევა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი და კანონის თანახმად, დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, ასევე, იურიდიული პირი, მათ შორის, კოოპერატივიც. მოცემულ შემთხვევაში, კოოპერატივის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც ახალი და სპეციალური კანონის თანახმად, ქმნიდა უფლების რეგისტრაციის საფუძველს.
მოსარჩელე განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მარეგისტრირებელ ორგანოს არ უნდა გამოეყენებინა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 2007 წლის 11 ივლისის კანონში 2010 წელს შეტანილი ცვლილებების თანახმად დამატებული 74 მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან უფრო გვიან - 2016 წლის 3 ივნისს, მიღებულ იქნა სპეციალური კანონი - „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“. მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნები წინააღმდეგობაში მოდის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთ მითითებულ შეზღუდვასთან. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ორი თანაბარი ძალის მქონე კანონი სხვადასხვანაირად აწესრიგებს ერთსა და იმავე ურთიერთობას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, სახეზეა ორ ნორმატიულ აქტს შორის ურთიერთწინააღმდეგობა. შესაბამისად, საჯარო რეესტრს უნდა გამოეყენებინა უფრო გვიან - 2016 წლის 3 ივნისს მიღებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, ვინაიდან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის (ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართება) მე-8 პუნქტის თანახმად, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.
მოსარჩელე, ასევე, აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ერთჯერადად გასაჩივრდა ზემდგომ ორგანოში, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილებები ხელყოფს მის კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის #... და #... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის #... და #... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 4366 კვ.მ და 597 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე კოოპერატივი „რკ დ...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით კოოპერატივი „დ...ს“ (ს/ნ ...) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ #... და #... გადაწყვეტილებები; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ #... და #... გადაწყვეტილებები; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ #... გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მარტვილის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 4366 კვ.მ და 597 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე შენობა-ნაგებობების კოოპერატივი „დ...ს“ (ს/ნ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია, განცხადებაზე ელექტრონული ვერსიით წარმოდგენილი საკადასტრო ნახაზისა და მასზე უფლების დამდგენი დოკუმენტაციის საფუძველზე.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გეგეჭკორის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის მიერ 1988 წლის 29 თებერვალს მიღებულ იქნა #54 გადაწყვეტილება სახალხო მოხმარების საქონლის მწარმოებელი-მეთევზეობის კოოპერატივის შექმნის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, სსრკ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 5 თებერვლის #162 დადგენილების შესაბამისად, გეგეჭკორის რაიონის სოფელ ...ში, სახელმწიფო სატყეო მეურნეობის ბაზაზე და მის კუთვნილ ტერიტორიაზე, მდინარე ...ას მარცხენა სანაპიროზე, შეიქმნა სახალხო მოხმარების საქონლის მწარმოებელი მეთევზეობის კოოპერატივი „დ...“, რომელსაც რაიონის მოსახლეობის მოთხოვნილების სრული დაკმაყოფილების მიზნით, ხელოვნურად მოწყობილ სატბორეებში, უნდა მოეშენებინა და გაემრავლებინა კალმახის ჯიშის თევზი, ხოლო რეალიზაცია მოეხდინა როგორც ადგილზე, ისე რაიკოოპერატივის საცალო ქსელის მეშვეობით. იმავე გადაწყვეტილებით, აღნიშნული საქმიანობის განხორციელების მიზნით, გეგეჭკორის სატყეო მეურნეობის მიერ კოოპერატივ „დ...ს“, ...ის სატყეო მეურნეობიდან (კვ. #..., უბანი #8), დროებით სარგებლობაში გამოეყო 0.5 ჰექტარი დაქვიანებული ადგილი. გეგეჭკორის რაიკოოპკავშირის გამგეობას კი დაევალა კოოპერატივისათვის მის ბალანზე რიცხული, კონსერვაციაში არსებული, დობერაზენი-ლებარდის გზაზე, ორი ფარდულის იჯარით გადაცემა.
რაიონულმა სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წელის 29 იანვარს ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2007 წლის 8 იანვრის მეპაიეთა საერთო კრების პირველი ოქმის საფუძველზე, დამტკიცდა კოოპერატივი „დ...ს“ წესდება, რომლის 1.1 პუნქტით განსაზღვრულია, რომ კოოპერატივი „დ...“ წარმოადგენს გეგეჭკორის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1988 წლის 29 თებერვლის #54 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სახალხო მოხმარების საქონლის მწარმოებელი მეთევზეობის კოოპერატივის „დ...ს“ სამართალმემკვიდრეს. წესდების თანახმად, მეპაიეებმა მოახდინეს კოოპერატივი „დ...ს“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის განახლება, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მოქმედი კანონების შესაბამისად. წესდების თანახმად, კოოპერატივის საქმიანობის საგანია მეთევზეობა. აღნიშნული წესდება 2007 წლის 17 იანვარს სანოტარო აქტის საფუძველზე რეგისტრირებულ იქნა რეესტრში (#1-66 რეესტრში რეგისტრაციის ნომერი).
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2011 წლის 22 მარტს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ კოოპერატივ „დ...ს“ (საიდენტიფიკაციო ნომრით - ...) იურიდიული მისამართია - მარტვილის რაიონი, სოფელი ...ი, ხოლო კოოპერატივის სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 24.01.2007წ.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 27 მარტის საგადასახადო დავალებით გადასახადის გადამხდელია კოოპერატივი „დ...“, ბანკი - მარტვილის სახალხო ბანკი, თანხა - ოთხმოცდაშვიდი ლარი, გადახდილია სახელმწიფო ხაზინაში, დანიშნულებით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონების გადასახადი იურიდიული პირიდან; 2009 წლის 13 ნოემბრის საგადახდო დავალებით, გადამხდელია კოოპერატივი „დ...“, გადამხდელის ბანკი - მარტვილის სახალხო ბანკი, თანხა - სამოცდათერთმეტი ლარი, გადახდილია სახელმწიფო ხაზინაში, დანიშნულებით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი; 2011 წლის 19 აპრილის საგადახდო დავალებით გადამხდელია კოოპერატივი „დ...“, გადამხდელის ბანკია - მარტვილის ლიბერთი ბანკი, თანხა - ას სამოცდათოთხმეტი ლარი, გადახდილია სახელმწიფო ხაზინაში, დანიშნულებით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი იურიდიული პირიდან.
რაიონულმა სასამართლომ, აგრეთვე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 5 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისს #... და #... სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა რკ „დ...ს“ წარმომადგენელმა - მ. ც-ამ და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთებზე უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაერთო საკადასტრო/აგეგმვითი ნახაზები, გეგეჭკორის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს 1988 წლის 29 თებერვლის სახალხო მოხმარების საქონლის მწარმოებელი მეთევზეობის კოოპერატივი „დ...ს“ დამტკიცების შესახებ #54 გადაწყვეტილება, ელექტრონული ვერსია, თანხმობები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
იმავდროულად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებებით მიმართა „დ...ს“ წარმომადგენელმა - მ. ც-ამ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივიდან და შემოსავლების (საგადასახადო) სამსახურიდან 1988-1991 წლების ინფორმაცია, იმ საფუძველზე მითითებით, რომ კოოპერატივი „დ...“ 2007 წლიდან იხდიდა მიწის გადასახადებს, ასევე, არსებობდა მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომელიც შეიძლებოდა დაცული ყოფილიყო ეროვნულ არქივში.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი გაგზავნილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 2 ოქტომბრის #34/130408 და 2018 წლის 15 ოქტომბრის #21-02-1/128753 წერილებით დგინდებოდა, რომ მარტვილის რაიონის 1988-1991 წლების საარქივო დოკუმენტური მასალები (სხდომის ოქმები) სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში კოოპერატივ „დ...ს“ (ს/ნ ...) 2007 წლის 20 სექტემბრამდე მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები საარქივო სამმართველოში არ ინახებოდა.
რაიონულმა სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ #... და #... გადაწყვეტილებები, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, „2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ, საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.“ ამავე გადაწყვეტილებით, დაინტერსებულ პირს ეცნობა, რომ წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული საფუძვლით სარეგისტრაციო წარმოებები შეჩერდა და დაინტერსებულ პირს დაევალა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენა. ამასთან, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს მიღებული #... და #... გადაწყვეტილებებით სარეგისტრაციო წარმოებები შეწყდა; გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ დაინტერსებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
რაიონულმა სასამართლომ, ასევე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 29 იანვარს მიღებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ #... გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ კოოპერატივის მიერ ვერ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ამასთან, 2012 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით სამართლებრივად საფუძველს მოკლებული იყო კოოპერატივის მიერ ქონებაზე პრივატიზაციის გვერდის ავლით იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააგენტოში კოოპერატივი „დ...ს“ საჩივრის ფარგლებში მიმდინარე წარმოების ფარგლებში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 დეკემბერს გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია - ხომ არ იყო განხორციელებული სადავო ქონების პრივატიზაცია, ამასთან, რეესტრის მიერ მოთხოვნილ იქნა სააგენტოში დაცული სრული დოკუმენტაცია/ინფორმაცია. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 იანვარს #14/3905 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის წერილის პასუხად ეცნობა, რომ კორესპონდენციაში აღნიშნული უძრავი ნივთის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ არქივში არ იძებნებოდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი 597 კვ.მ და 4366 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ოთხივე მხრივ ესაზღვრება ტყე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ. ჭ-ამ განმარტა, რომ იგი მონაწილეობას ღებულობდა კოოპერატივ „დ...ს“ მიერ ნაწარმოებ სამშენებლო სამუშაოებში და ეხმარებოდა მ. ც-ას მამას, რომელიც იმ დროს იყო კოოპერატივის დირექტორი. კოორეპატივზე გამოყოფილი იყო ორი მიწის ნაკვეთი; მოყავდათ თევზი და კოოპერატივი ახდენდა მის რეალიზაციას. მოწმის განმარტებით, დაახლოებით ორი წელია კოოპერატივი არ ფუნქციონირებს და იქ არაფერი არის. ამასთან, მოწმის სახით დაკითხული ფ. წ-ას ჩვენების თანახმად, 2011-2012 წლებში იგი მუშაობდა კოოპერატივის ტერიტორიაზე, იცავდა ტერიტორიას, საჭიროების შემთხვევაში, აჭმევდა თევზებს, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა ც-აების ოჯახი. 2012 წლის შემდეგ მან დატოვა სამსახური, თუმცა კოოპერატივი ფუნქციონირებდა; მოწმის ჩვენების თანახმად, მისთვის უცნობია, ზუსტად რა მოცულობის ტერიტორიას ფლობდა კოოპერატივი (სხდომის ოქმი 19.11.2020წ.).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, რაიონულმა სასამართლომ თავდაპირველად ყურადღება გაამახვილა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე: გეგეჭკორის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1988 წლის 29 თებერვლის #54 გადაწყვეტილებით შექმნილი და 2007 წელს რეგისტრირებული კოოპერატივი „დ...“ წარმოადგენს საქონლის მწარმოებელი-მეთევზეობის კოოპერატივს, ორივე შემთხვევაში კოოპერატივის იურიდიულ მისამართად განსაზღვრულია მარტვილის რაიონის, სოფელი ...ი, ლებარდე-დობერაზენის გზა. ორივე შემთხვევაში, კოოპერატივის საქმიანობის საგანია მეთევზეობა, კალმახის ჯიშის მოშენება, გამრავლება-გასაღება. სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნია, რომ კოოპერატივ „დ...ს“ მმართველობაზე უფლებამოსილ პირს წარმოდგენდა ჯერ კიდევ 1988 წლის 29 თებერვლის #54 გადაწყვეტილებით მეთევზეობის კოოპერატივის თავმჯდომარის - ვ. ვა.-ს ძე ც-ას ოჯახის წევრი, შვილი. 1988 წლის რაიაღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე, ასევე, 2007 წლიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში რეგისტრირებულ კოოპერატივ „დ...ს“ მიერ, სადავო ტერიტორიაზე მოწყობილი იყო საკალმახე ტბორები და ხდებოდა თევზის რეალიზაცია. ამასთან, საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში 2007 წლის 24 იანვარს რეგისტრირებული კოოპერატივი „დ...“ (საიდენტიფიკაციო ნომრით - ...) წარმოადგენს გეგეჭკორის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1988 წლის 29 თებერვლის #54 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სახალხო მოხმარების საქონლის მწარმოებელი მეთევზეობის კოოპერატივის „დ...ს“ სამართალმემკვიდრეს.
რაიონულმა სასამართლომ, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2007 წლის შემდეგ კოოპერატივი „დ...ს“, როგორც იურიდიული პირის, მიერ 2009 წლის მარტსა და ნოემბერში და 2011 წლის აპრილში გადახდილ იქნა მოსაკრებელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონების გადასახადი. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კოოპერატივი „დ...“ (ს/ნ ...) საქმიანობას ახორციელებდა სწორედ იმ ტერიტორიაზე, რომელიც გეგეჭკორის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1988 წლის 29 თებერვლის #54 გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოეყო საქონლის მწარმოებელ მეთევზეობის კოოპერატივ „დ...ს“. რაიონული სასამართლოს მითითებით, სწორედ სადავო ტერიტორიაზე აწარმოებდა კოოპერატივი „დ...“ საქმიანობას, სწორედ აღნიშნული ტერიტორიის ფლობით/მმართველობით მოეწყო სატბორე მეურნეობა, ნაკვეთი შემოისაზღვრა, ნაკვეთზე აშენდა დამხმარე შენობა-ნაგებობა, რაც სასამართლოსათვის წარმოადგენდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, სწორედ დე ფაქტო გარემოებები განსაზღვრავდნენ საბოლოო ჯამში, გადაწვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვან საფუძველს. მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებულმა მტკიცებულებებმა/გარემოებებმა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად 2007 წელს კოოპერატივ „დ...ს“ რეგისტრაციამ (წესდებით განსაზღვრული სამართალმემკვიდრეობაზე მითითებით) სასამართლოს მისცა საფუძველი, გაეზიარებინა მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია ქმნიდა საკმარის საფუძველს სადავო ქონების კოოპერატივისათვის საკუთრების უფლებაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არც ერთ ეტაპზე მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა სამართალმემკვიდრეობის საკითხი.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირია ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება; სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს რეგისტრაციის განხორციელება. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოებას საფუძვლად დაედო დაინტერესებული პირის - კოოპერატივ „დ...ს“ განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მარტვილის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ორი უძრავი ნივთის რეგისტრაციის მოთხოვნით. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამასთან, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების უფლება.
თუმცა, რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველად მიუთითებდა არა მხოლოდ „ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 2007 წლის 11 ივლისის საქართველოს კანონზე, არამედ, მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად უთითებდა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის“ შესახებ 2016 წლის 3 ივნისის საქართველოს კანონს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო განხილულიყო საკითხი, თუ როგორ შეიძლებოდა განხორციელებულიყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით იურიდიული პირის დაინტერესების შემთხვევაში.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ „ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2010 წლის 7 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კერძოდ, 74 მუხლით განისაზღვრა კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ვადა, სახელდობრ, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამდენად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველსაყოფად, მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციის წახალისების მიზნით, მიიღო სპეციალური კანონი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს. აღნიშნული კანონის მიღება კი განპირობებული იყო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობით. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ რეგისტრაციასა და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
სასამართლომ მიუთითა, რომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს კანონის მე-7 მუხლი, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე. სპორადული რეგისტრაცია კი არის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო წარმოების მიზნებისათვის ტერმინის - „დაინტერესებული პირის“ დეფინიციას იძლევა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი და კანონის თანახმად, დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, ასევე იურიდიული პირი, მათ შორის, კოოპერატივიც. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია განმარტებულია, როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების (მათ შორის, საკუთრების უფლების) მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით კი, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სწორედ იურიდიული პირის, კოოპერატივი „დ...ს“ მიერ წარდგენილი იყო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი - გეგეჭკორის სახალხო დეპუტატთა რაიაღმასკომის 1988 წლის 29 თებერვლის #54 გადაწყვეტილება, კოოპერატივის წესდება, რაც „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის“ შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა უფლების რეგისტრაციის საფუძველს. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის სამართლებრივ საფუძვლად მხოლოდ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითება უსაფუძვლო იყო, რადგან მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა გამოეყენებინა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი.
ამდენად, რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო გადაწყვეტილებები გამოცემული იყო კანონდარღვევით, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას, მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონდარღვევით მიღებული გადაწყვეტილებები ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
ამასთან, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულ იქნა მოსარჩელის კანონიერი უფლების ხელყოფის ფაქტი, შესაბამისად, არსებობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 4366 კვ.მ და 597 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე (მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით) კოოპერატივ „დ...ს“ (ს/ნ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების საფუძველი.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება; მესამე პირის - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით, სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო სრულად დასაბუთებული და იგი იძლეოდა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებს გაეგოთ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას და რატომ არ გაიზიარა მოპასუხის შესაგებელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ კოოპერატივ „დ...ს“ წარმომადგენელი - მ. ც-ა მარტვილის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 4366 კვ.მ და 597 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე „დ...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვდა იმ სპეციალური წესით, რაც დადგენილი იყო „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (რომლის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა) მოთხოვნათა დაცვით უფლებამოსილი იყო მოეთხოვა საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (პირველი მუხლი). ამავე კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ: ა) საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; გ) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დ) საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ე) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.
მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო პროექტი“ გულისხმობს ამ კანონით გათვალისწინებულ სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საჯარო მმართველობითი სპეციალური ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად რეგისტრაციის წასახალისებლად. ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, „სპორადული რეგისტრაცია“ გულისხმობს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში: ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას საპილოტო პროექტის მიზნებისათვის; გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას; ვ) ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11.07.2007წ. საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური რეგისტრაცია) ხორციელდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, „მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა“ განმარტებულია, როგორც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საკუთრების უფლების აღიარება ნიშნავს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემას. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა დაინტერესებულ ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებობა დგინდება ამ მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციით. ამ შემთხვევაში, ასევე, კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ხუთმაგ ოდენობას. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისას დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს: ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული); კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
სააპელაციო პალატამ, ასევე, მიუთითა „ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2010 წლის 7 დეკემბერს განხორციელებულ ცვლილებებზე, კერძოდ, კანონის 74 მუხლით განისაზღვრა კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ვადა, სახელდობრ, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016წ. საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სარეგისტრაციო დოკუმენტის ცნებაზე, რომელიც განმარტებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და გულისხმობს რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენ სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონეა პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. ხსენებული კანონი განსაზღვრავს როგორც საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ცნებას (3.1 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები).
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად“ კანონი განიხილავს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას (მიღება-ჩაბარების აქტს ან სხვა დოკუმენტს), ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესულ აქტს, გარიგებას ან სხვა სამართლებრივ აქტს, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად“ – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელ ცნობა-დახასიათებას, საკომლო წიგნიდან ამონაწერს, მებაღის წიგნაკს, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილ და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სიას თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებულ მიწის გადასახადის გადამხდელთა სიას (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეონ დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემულ მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტს ან მიწის ნაკვეთის გეგმას, სასამართლოს აქტს ან სხვა დოკუმენტს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ იურიდიული პირის - კოოპერატივი „დ...ს“ მიერ წარდგენილი იყო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი - გეგეჭკორის სახალხო დეპუტატთა რაიაღმასკომის 1988 წლის 29 თებერვლის #54 გადაწყვეტილება, კოოპერატივის წესდება, რაც „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა უფლების რეგისტრაციის საფუძველს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კოოპერატივი „დ...“, როგორც მარტვილის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სადავო 4366 კვ.მ და 597 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების მართლზომიერი მფლობელი, უფლებამოსილი იყო მოეთხოვა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო სასამართლომ კი სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია. კასატორი მიიჩნევს, რომ განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, შესაბამისად, იგი მიღებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
კასატორი მიუთითებს „მეწარმებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თავდაპირველი რედაქციის მე-2 მუხლის 2.5 პუნქტზე, მე-5 მუხლის 5.8 პუნქტზე, ასევე, „მეწარმებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების მე-2 და მე-4 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ რკ „დ...“ (ს/ნ ...) წარმოადგენდა 1988 წლის 29 თებერვალს გეგეჭკორის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის მიერ მიღებული #54 გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი „სახალხო მოხმარების საქონლის მწარმოებელი-მეთევზეობი კოოპერატივის“ სამართალმემკვიდრეს, ხოლო აღნიშნული, ასევე, გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ.
კასატორი, ასევე, მიუთითებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს მიღებულ განჩინებაზე, რომელშიც სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „იურიდიული პირის უნივერსალური უფლებამონაცვლეობა წარმოიშობა, მხოლოდ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი რეორგანიზაციის, შერწყმის ან გაყოფის დროს, რაც არ განხორციელებულა. პალატის მოსაზრებით, საზოგადოების წესდებაში არსებული დათქმა უფლებამონაცვლეობის შესახებ დეკლარაციული ხასიათისაა და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს. უფლებამონაცვლეობას არ წარმოშობს არც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიები იმ უძრავ ქონებაზე, რომელზედაც, სავარაუდო უფლებები 1992 წელს დაფუძნებულ საწარმოს ჰქონდა“. კასატორის მითითებით, აღნიშნული შეფასება გაიზიარა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე #ას-1244-1167-2015).
კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მხარეებს სამართალმემკვიდრეობის საკითხი სადავოდ არ გაუხდიათ. თუმცა კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საქმეში მესამე პირად მხოლოდ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე ჩაება. ამასთან, ის ფაქტი, რომ მხარეები არ აპელირებდნენ სამართალმემკვიდრეობის საკითხზე, არ გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სასამართლოს არ შეეძლო თავად გამოეკვლია აღნიშნული საკითხი. ხსენებულ მსჯელობასთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ როგორც რაიონული, ასევე, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას არ ამახვილებს ისეთ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე, როგორიცაა 1988 წლის 29 თებერვალს გეგეჭკორის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის მიერ მიღებული #54 გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილ „სახალხო მოხმარების საქონლის მწარმოებელი-მეთევზეობის კოოპერატივისათვის“ ქონების „დროებით სარგებლობაში გადაცემა“, რაც, კასატორის შეფასებით, გულისხმობს იმას, რომ კოოპერატივს დასახელებულ გადაწყვეტილებაში მითითებული უძრავი ქონება არა მართლზომიერ მფლობელობაში ან საკუთრებაში, არამედ მხოლოდ დროებითი სარგებლობისათვის გადაეცა.
კასატორი, ასევე, მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო აქტების გამოცემის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია - 28.06.2018წ. – 13.12.2018წ.). კასატორი მიუთითებს დასახელებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონეა პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა.
თავის მხრივ, კასატორი მიუთითებს, რომ მოსარგებლისა და მართლზომიერი მფლობელის დეფინიცია ამავე მუხლის ამავე პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებშია განმარტებული და ორივე შემთხვევაში, იგი გულისხმობს ფიზიკურ და არა იურიდიულ პირს, კერძოდ, „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა, ხოლო „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე ფაქტობრივად ფლობს მიწის ნაკვეთს, როგორც საკუთარს, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთან ფორმის დაუცველად დადებული გარიგების საფუძველზე.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ კანონთან წინააღმდეგობრივია გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ კოოპერატივი „დ...“ აღნიშნული კანონის საფუძველზე წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირს.
ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლი, რომლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის გასვლის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრმა სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები და სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, სენაკის რაიონულმა სასამართლომ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნია სახალხო მოხმარების საქონლის მწარმოებელი-მეთევზეობის კოოპერატივ „დ...ს“ დამტკიცების შესახებ გეგეჭკორის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1988 წლის 29 თებერვლის #54 გადაწყვეტილება. ასევე, ასეთ დოკუმენტად სენაკის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია ამავე კოოპერატივის 2007 წლის წესდება, რომლის თანახმად, კოოპერატივი „დ...“ მიჩნეულ იქნა 1988 წლის 29 თებერვლის #54 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სახალხო მოხმარების საქონლის მწარმოებელი-მეთევზეობის კოოპერატივ „დ...ს“ სამართალმემკვიდრედ.
კასატორის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კოოპერატივის სამართალმემკვიდრეობის საკითხი პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავო არ გამხდარა, საყურადღებოა, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, რკ „დ...“ (ს/ნ ...) რეგისტრირებულია 2007 წლის 24 იანვარს, საგადასახადო ინსპექციის მიერ. საარქივო მასალაში დაცული 2007 წლის წესდების 1.1 პუნქტის შესაბამისად, კოოპერატივი „დ...“ წარმოადგენს სახალხო მოხმარების საქონლის მწარმოებელი - მეთევზეობის კოოპერატივ დ...ს სამართალმემკვიდრეს. კასატორის მითითებით, მასალაში, ასევე, დაცულია 1988 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება სახალხო მოხმარების საქონლის მწარმოებელი - მეთევზეობის კოოპერატივ „დ...ს“ რეგისტრაციის შესახებ. თუმცა ადმინისტრაციული აქტი რკ „დ...ს“ (ს/ნ ...) სამართალმემკვიდრეობის დადასტურების თაობაზე, სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არ ინახება.
კასატორი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ძველი რედაქცია ამოქმედდა 1995 წლის 1 მარტიდან. ამავე კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების II პუნქტის შესაბამისად, სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარა კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები, ხოლო IV პუნქტითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 5.8 პუნქტით (1994 წლის 28 ოქტომბრის რედაქცია) დადგენილ იქნა საწარმოთა რეგისტრაციის გაუქმება, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, კოოპერატივი „დ...ს“ სამართალმემკვიდრეობის საკითხზე მსჯელობის გარეშეც, მიუხედავად იმისა, რომ ის დოკუმენტი, რომელიც სენაკის რაიონულმა სასამართლომ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნია, გაცემულია სწორედ სახალხო მოხმარების საქონლის მწარმოებელი-მეთევზეობის კოოპერატივ „დ...ს“ სახელზე და არა ... საიდენტიფიკაციო ნომრით 2007 წელს რეგისტრირებულ კოოპერატივ „დ...ზე“. კასატორის მოსაზრებით, კოოპერატივი „დ...“ (ს/ნ ...) წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს და მან 2012 წლის პირველი იანვრიდან დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, ხოლო სხვა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი კოოპერატივს მარეგისტრირებელ ორგანოში არ წარუდგენია.
ამასთან, კასატორი საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ კოოპერატივ დ...ს 2012 წლის პირველ იანვრამდე არ მიუმართავს მარეგისტრირებელი ორგანოსთვის უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.
კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლზე, რომლის თანახმად, მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზეა უფლებამოსილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. მითითებულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, კასატორი აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2012 წლის პირველი იანვრის შემდეგ, კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაშიც კი, სარეგისტრაციო სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს საკუთრების უფლების აღიარება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე.
ამასთან, სენაკის რაიონულმა სასამრთლომ განმარტა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით (მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი - სადავო აქტების დრო მოქმედი რედაქცია). აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
კასატორის მოსაზრებით, ცალსახაა, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ მიანიჭა მნიშვნელობა იმას, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს წარმოადგენდა კერძო სამართლის იურიდიული პირი.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის #ბს-538(კ-19) განჩინებაში გაკეთებულ განმარტებებზე.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ ასევე არასწორი შეფასება მისცა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ მე-3 მუხლის (მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის სპეციალური წესი) პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებისა და ამ წესის შესაბამისად.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯელობა დააფუძნა ზემოხსენებულ ნორმას და არ გაითვალისწინა, რომ მითითებული სამართლებრივი საფუძველი არ გამორიცხავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის იმპერატიულ ჩანაწერს. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლები არ გამორიცხავენ ერთმანეთს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მით უფრო მაშინ, როდესაც კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ ვადაში (2007-2012 წლებში), კოოპერატივ „დ...ს“ არ მოუხდენია საკუთარი უფლების რეალიზება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კოოპერატივი „დ...ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს შესაფასებელი სადავო სამართლებრივი საკითხის იდენტიფიცირებას. ამ თვალსაზრისით, არსებითია, ყურადღება გამახვილდეს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, საქმეში დაცული გეგეჭკორის სახალხო დეპუტატთა აღმასკომის 1988 წლის 29 თებერვლის #54 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სსრკ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 5 თებერვლის #162 დადგენილების შესაბამისად, გეგეჭკორის რაიონის სოფელ ...ში, სახელმწიფო სატყეო მეურნეობის მიწაზე და მის კუთვნილ ტერიტორიაზე მდ. ...ას მარცხენა სანაპიროზე შეიქმნა სახალხო მოხმარების საქონლის მწარმოებელი მეთევზეობის კოოპერატივი „დ...“ და მის თავმჯდომარედ დაამტკიცეს ამავე რაიონის სოფელ ...ში მცხოვრები ვ. ვ.-ის ძე ც-ა (1 პუნქტი).
ამავე გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ იქნა სახალხო მოხმარების საქონლის მწარმოებელი კოოპერატივი „დ...ს“ კონკრეტული წესდება. რაიონის მოსახლეობის მოთხოვნილების სრული დაკმაყოფილების მიზნით, ხელოვნურად მოწყობილ სატბორეებში, კოოპერატივს უნდა მოეშენებინა და გაემრავლებინა კალმახის ჯიშის თევზი, რეალიზაცია კი მოეხდინა როგორც ადგილზე, ისე რაიკოოპერატივის საცალო ქსელის მეშვეობით (მე-2 პუნქტი), ხოლო აღნიშნული საქმიანობის განხორციელების მიზნით, გეგეჭკორის სატყეო მეურნეობის მიერ კოოპერატივ „დ...ს“, ...ის სატყეო მეურნეობიდან (კვ #..., უბანი #8), დროებით სარგებლობაში გამოეყო 0.5 ჰექტარი დაქვიანებული ადგილი (მე-3 პუნქტი). გეგეჭკორის რაიკოოპკავშირის გამგეობას კი დაევალა კოოპერატივისათვის მის ბალანზე რიცხული, კონსერვაციაში არსებული, დობერაზენი-ლებარდის გზაზე, ორი ფარდულის იჯარით გადაცემა (მე-4 პუნქტი).
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2007 წელის 29 იანვარს ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2007 წლის 8 იანვრის დამფუძნებელ მეპაიეთა საერთო კრების #1 ოქმის საფუძველზე, დამტკიცდა კოოპერატივ „დ...ს“ წესდება, რომლის 1.1 პუნქტით განსაზღვრულია, რომ კოოპერატივი „დ...“ წარმოადგენს გეგეჭკორის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1988 წლის 29 თებერვლის #54 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სახალხო მოხმარების საქონლის მწარმოებელი მეთევზეობის კოოპერატივ „დ...ს“ სამართალმემკვიდრეს.
მეპაიეებმა (ვ. ც-ამ, ზ. ქ-ამ და მ. ც-ამ) მოახდინეს კოოპერატივ „დ...ს“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის განახლება, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს მოქმედი კანონების შესაბამისად (1.1. მუხლი). წესდების თანახმად, კოოპერატივის საქმიანობის საგანია - მეთევზეობა (1.5 პუნქტი). ზემოაღნიშნული წესდება 17.01.2007 წლის სანოტარო აქტის საფუძველზე რეგისტრირებულ იქნა რეესტრში, #1-66 რეგისტრაციის ნომრით.
საქმის მასალებით, კერძოდ, 2011 წლის 22 მარტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ კოოპერატივი „დ...“ (საიდენტიფიკაციო კოდი - ..., იურიდიული მისამართი - მარტვილის რაიონი, სოფელი ...ი) კოოპერატივად რეგისტრირებულია 2007 წლის 24 იანვრიდან.
საქმეში არსებული 2009 წლის 27 მარტის საგადასახადო დავალებით დადგენილია, რომ კოოპერატივმა „დ...მ“ მარტვილის სახალხო ბანკის მეშვეობით გადაიხადა 87 (ოთხმოცდაშვიდი) ლარი, დანიშნულებით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონების გადასახადი იურიდიული პირიდან; ასევე, მან (კოოპერატივმა „დ...მ“) 2009 წლის 13 ნოემბრის მარტვილის სახალხო ბანკის მეშვეობით გადაიხადა 71 (სამოცდათერთმეტი) ლარი, დანიშნულებით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი; ასევე, 2011 წლის 19 აპრილის კოოპერატივმა „დ...მ“ მარტვილის ლიბერთი ბანკის მეშვეობით გადაიხადა 174 (ას სამოცდათოთხმეტი) ლარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე - ქონების გადასახადი.
ამდენად, საქმის მასალებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ კოოპერატივი „დ...“ (ს/ნ ...) საქმიანობას ახორციელებს სწორედ იმ ტერიტორიაზე, რომელიც გეგეჭკორის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1988 წლის 29 თებერვლის #54 გადაწყვეტილების საფუძველზე გამოეყო საქონლის მწარმოებელ მეთევზეობის კოოპერატივ „დ...ს“. სწორედ სადავო ტერიტორიაზე აქვს წარმოებული კოოპერატივ „დ...ს“ საქმიანობა, სწორედ აღნიშნული ტერიტორიის ფლობით/მმართველობით მოეწყო სატბორე მეურნეობა, შემოისაზღვრა ნაკვეთი, აშენდა დამხმარე შენობა-ნაგებობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ „დ...ს“ წარმომადგენელი - მ. ც-ა მარტვილის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 4366 კვ.მ და 597 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე კოოპერატივ „დ...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვდა იმ სპეციალური წესით, რაც დადგენილია „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით. უფრო კონკრეტულად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2018 წლის 5 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისს #... და #... სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა „რკ დ...ს“ წარმომადგენელმა - მ. ც-ამ და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთებზე უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. მან განცხადებას დაურთო საკადასტრო/აგეგმვითი ნახაზები, გეგეჭკორის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს 1988 წლის 29 თებერვლის სახალხო მოხმარების საქონლის მწარმოებელი მეთევზეობის კოოპერატივ „დ...ს“ დამტკიცების შესახებ #54 გადაწყვეტილება, ელექტრონული ვერსია, თანხმობები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებებით მიმართა „დ...ს“ წარმომადგენელმა - მ. ც-ამ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივიდან და შემოსავლების (საგადასახადო) სამსახურიდან 1988-1991 წლების ინფორმაცია იმ საფუძველზე მითითებით, რომ კოოპერატივი „დ...“ 2007 წლიდან იხდიდა მიწის გადასახადებს, ასევე, არსებობდა მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომელიც შეიძლება დაცული ყოფილიყო ეროვნულ არქივში.
როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი გაგზავნილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 2 ოქტომბრის #34/130408 და 2018 წლის 15 ოქტომბრის #21-02-1/128753 წერილებით დგინდება, მარტვილის რაიონის 1988-1991 წლების საარქივო დოკუმენტური მასალები (სხდომის ოქმები) სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში კოოპერატივ „დ...ს“ (ს/ნ ...) 2007 წლის 20 სექტემბრამდე მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები საარქივო სამმართველოში არ ინახებოდა.
ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ #... და #... გადაწყვეტილებები, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ, საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით, დაინტერსებულ პირს ეცნობა, რომ წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული საფუძვლით სარეგისტრაციო წარმოებები შეჩერდა და დაინტერსებულ პირს დაევალა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენა.
ამასთან, 2018 წლის 20 ნოემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის #... და #... გადაწყვეტილებებით სარეგისტრაციო წარმოებები შეწყდა. გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ დაინტერსებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 29 იანვარს მიღებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ #... გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ კოოპერატივის მიერ ვერ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ასევე, 2012 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით სამართლებრივად საფუძველს მოკლებული იყო კოოპერატივის მიერ ქონებაზე პრივატიზაციის გვერდის ავლით იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააგენტოში კოოპერატივ „დ...ს“ საჩივრის ფარგლებში მიმდინარე წარმოების ფარგლებში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია - ხომ არ იყო განხორციელებული სადავო ქონების პრივატიზაცია, ამასთან, რეესტრის მიერ მოთხოვნილ იქნა სააგენტოში დაცული სრული დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 იანვარს #14/3905 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის წერილის პასუხად ეცნობა, რომ კორესპონდენციაში აღნიშნული უძრავი ნივთის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ არქივში არ იძებნებოდა.
დადგენილია და უდავოა, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი 597 კვ.მ და 4366 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ოთხივე მხრივ ესაზღვრება ტყე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში შეპირისპირებულ იქნა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლისა და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016წ. საქართველოს კანონის დანაწესები, რის შედეგადაც სააპელაციო პალატამ უპირატესობა მიანიჭა უფრო გვიან ამოქმედებული საკანონმდებლო ჩანაწერით დადგენილ სამართლებრივ რეჟიმს. შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2010 წლის 7 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებებით, მართალია, კანონს დაემატა 74 მუხლი, რომლითაც განისაზღვრა კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ვადა, სახელდობრ, დადგინდა, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება პრივატიზაციის წესის გვერდის ავლით, თუმცა სწორედ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016წ. საქართველოს კანონი იძლეოდა კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ სამართლებრივ შეფასებებს და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, ერთი შეხედვით, დაეფუძნა საკანონმდებლო ბაზის კომპლექსურ, სისტემურ ანალიზს, რამდენადაც დასკვნა გაკეთებულ იქნა სხვადასხვა კანონით გათვალისწინებულ ნორმათა ურთიერთშეპირისპირებისა და ერთობლივი შეფასების საფუძველზე, თუმცა შედეგობრივად, სააპელაციო სასამართლომ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აღუდგინა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლით 2012 წლის 1 იანვრიდან დაკარგულად ცნობილი უფლება. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა პარალელურად მოქმედი საკანონმდებლო აქტის ნორმების ზემოაღნიშნულ დანაწესთან კოლიზია, მაშინ, როდესაც რეალურად ამ ნორმათა შორის არ არსებობს წინააღმდეგობა.
მეტი სიცხადისათვის, საკასაციო სასამართლო მიმოიხილავს როგორც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს, ასევე, ამ კანონში 74 მუხლის დამატების საჭიროებასა და ფუნქციას. პარალელურად, საკასაციო სასამართლო სისტემურად იმსჯელებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016წ. საქართველოს კანონის დანაწესების შინაარსზე.
ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „სპს „გ...“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განმარტა დასახელებული კანონის მიზანი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით, წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტიმულირება, აეთვისებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსი.
ზემოაღნიშნული კანონის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მიუხედავად მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებით მრავალწლიანი სარგებლობისა, ამ მიწებზე უფლების რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან და არსებული ვითარება განაპირობებდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის შეფერხებას, რადგან ამ მიწის ნაკვეთებისა და მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირების შეუძლებლობა გამორიცხავდა მათი საგადასახადო დაბეგვრის ობიექტად ქცევის შესაძლებლობას. აღნიშნული ღონისძიების საშუალებით სახელმწიფო მიზნად ისახავდა მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, მიწის ფაქტობრივი სარგებლობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის #2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გ...“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17,18)
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2010 წლის 7 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, კანონს დაემატა 74 მუხლი, რომლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ მითითებულ საკანონმდებლო ცვლილებას გააჩნდა ისტორიული წინაპირობები და ქვეყანაში არსებულ ფაქტობრივ რეალობასთან თავსებადი ლოგიკური ასხნა, კერძოდ, კერძო სამართლის იურიდიულ პირთა მიმართ უფლების რეალიზაციისათვის კონკრეტული ვადის შემოღებას საფუძვლად დაედო საჯარო ინტერესი და საჭიროება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში იქნა განმარტებული, კანონმდებელმა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში მოქცევისათვის გამარტივებული წესით განიზრახა მიწის ფონდის დროული ათვისება, მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისად, აუთვისებელი მიწის ნაკვეთების საგადასახადო დაბეგვრის ობიექტად ქცევის შესაძლებლობა. თუმცა უფლების რეალიზაციისათვის კონკრეტული ვადის გაუთვალისწინებლობამ უფლებით აღჭურვილ პირებს შეუქმნა განცდა, რომ ისინი ნებისმიერ დროს შეძლებდნენ საკუთრების უფლების აღიარების გზით უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვებას. უფლების დროში შეუზღუდავად მინიჭებამ წარმოშვა საფრთხე, რომ, თუ მინიჭებული უფლების რეალიზაცია არ მოხდებოდა დროულად, დაიკარგებოდა იმ მიზნების ეფექტიანად მიღწევის შესაძლებლობა, რასაც ემსახურება პირებისათვის მართლზომიერად დაკავებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის საკუთრებად აღიარების უფლების მინიჭება. უფლების დროში განუსაზღვრელად არსებობამ შექმნა ვითარება, როდესაც კერძო სამართლის იურიდიული პირები სარგებლობდნენ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული მიწის ნაკვეთებით, თუმცა აღნიშნულ ნაკვეთთა დაურეგისტრირებლობით რთულდებოდა საგადასახადო ადმინისტრირება. პარალელურად, საგულისხმოა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთებზე, რის გამოც გამოირიცხებოდა ხსენებული მიწის ნაკვეთების ზოგადი წესით პრივატიზაცია ან სხვაგვარი განკარგვა. ამდენად, სახელმწიფოს ასევე ჰქონდა საჯარო ინტერესი, რომ დროულად მოეხდინა იმ მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება, რომლებიც უკვე ათვისებული იყო და რომელთა ზოგადი წესით პრივატიზაცია არ დაიშვებოდა. აღნიშნულის გარეშე გართულდება სახელმწიფო ქონების იდენტიფიკაცია და მისი ეფექტიანი ადმინისტრირება.
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინერტული მდგომარეობის გადალახვისა და მიწების დროული ათვისების სტიმულირების მიზნით, კანონმდებელმა კერძო სამართლის იურიდიულ პირთა უფლების რეალიზაცია კონკრეტული ვადით შემოსაზღვრა. აღსანიშნავია ისიც, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2010 წლის 7 დეკემბრის ცვლილებების განხორციელებით კანონს დაემატა არა მხოლოდ 74 მუხლი, არამედ 73 მუხლიც, რომლის საფუძველზეც, კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე 2011 წლის 1 ივლისიდან გაიზარდა საკუთრების უფლების აღიარების საფასური. შესაბამისად, საკუთრების აღიარების უფლების სტატიკურად და შეუზღუდავად მინიჭების შემდეგ, 2011 წლის 1 ივლისიდან საფასურის გაზრდით და 2012 წლის 1 იანვრიდან უფლების დაკარგვის მექანიზმებით კანონმდებელმა სცადა დაეჩქარებინა კერძო სამართლის იურიდიულ პირთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული (ასევე, თვითნებურად დაკავებული) მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში მოქცევის პროცესი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „სპს „გ...“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელები და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 პირველი პუნქტისა და 74 მუხლების სადავო ნორმატიული შინაარსი საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანასწორობის და საკუთრების უფლებებთან მიმართებით კონსტიტუციურად სცნო. საკონსტიტუციო სასამართლომ გასაჩივრებული ნორმების სადავო ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის შემოწმებისას, როგორც თანასწორობის უფლებასთან, ასევე, საკუთრების უფლებასთან მიმართებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა, 2007 წლიდან 2012 წლამდე ესარგებლათ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ 2010 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მყისიერად არ დაჰკარგვიათ საკუთრების უფლების აღიარების ნორმატიული შესაძლებლობა, საკანონმდებლო ცვლილებებმა აბსოლუტურად გონივრული დრო განსაზღვრა ამ უფლების რეალიზაციისათვის.
აქვე, საგულისხმოა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლი იდენტური შინაარსით გამოიყენება საერთო სასამართლოთა სისტემაში მყარად ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის #ბს-765(2კ-19) გადაწყვეტილებაზე, რომელშიც საკასაციო სასამართლომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლთან მიმართებით განმარტა, რომ „სადავო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის არსებობის პირობებშიც, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა. განსახილველი სამართალურთიერთობის ფარგლებში კი ვერ დადასტურდა, რომ შპს „...მა“ უფლების რეალიზაცია კანონით განსაზღვრულ ვადაში მოახდინა.“
ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ „აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.“ (იხ. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის #ბს-538(კ-19) განჩინება).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის მოქმედების მიუხედავად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით მოეთხოვა საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური რეგისტრაცია და სპორადული რეგისტრაცია) ხდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ რეგისტრაციასა და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ: ა) სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; გ) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დ) საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ე) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა; ვ) მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციის წახალისება.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ნორმატიულ საფუძვლებზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სააპელაციო პალატამ მიუთითა მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის სუბიექტი შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი, ხოლო დაინტერესებული პირის ცნების განმარტების მიზნით, პალატამ მოიხმო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტი შესაძლოა ყოფილიყო, მათ შორის, იურიდიული პირიც.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ სამართლებრივ შეფასებას და მის საწინააღმდეგოდ აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში განმტკიცებული ცნებები გამოიყენა ფრაგმენტულად, ისე, რომ არ გაითვალისწინა ხსენებულ ცნებათა ავტონომიური მნიშვნელობა და დატვირთვა უშუალოდ კონკრეტული საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში. უპირველესად, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია დაინტერესებული პირის ცნება. მითითებული დანაწესის თანახმად, დაინტერესებულ პირს შეიძლება წარმოადგენდეს, მათ შორის, კერძო სამართლის იურიდიული პირიც (ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე), რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს (ტერმინთა განმარტება) 2010 წლის 7 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებები არ შეხებია. ამასთან, ამ პერიოდიდან სადავო პერიოდში არსებული რედაქციის ამოქმედებამდე განხორციელებულია მხოლოდ ერთი ცვლილება - „„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 20.09.2013წ. #1248-Iს საქართველოს კანონის საფუძველზე, თუმცა აღნიშნული ცვლილებები მე-2 მუხლთან მიმართებით მხოლოდ „საკუთრების უფლების აღიარების“ ცნებას (მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი) შეეხო. უფრო მეტიც, „დაინტერესებული პირის“ ცნებას არ შეხებია არც 11.12.2019წ. #5501-Iს საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. შესაბამისად, მიმოხილული გარემოებები საკასაციო სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი როგორც სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, ასევე, დღეის მდგომარეობით, მოქმედებს იმ სახით, რა სახითაც იგი კანონში 2010 წლის 7 დეკემბრის ცვლილებებამდე არსებობდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2010 წლის 7 დეკემბრის ცვლილებებით მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების აღიარების უფლების 2012 წლის 1 იანვრიდან დაკარგულად გამოცხადებამ, როგორც სპეციალურმა და კონკრეტულმა საკანონმდებლო მოწესრიგებამ, საკუთრების უფლების აღიარებაზე დაინტერესებული პირის ცნებიდან პრაქტიკულად ამორიცხა კერძო სამართლის იურიდიული პირები. თუმცა საგულისხმოა, რომ „დაინტერესებული პირის“ ცნებაში კერძო სამართლის იურიდიულ პირთა ან სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შენარჩუნებას გააჩნია კანონისმიერი ახსნა, რამდენადაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლმა, მართალია, დაკარგულად გამოაცხადა კერძო სამართლის იურიდიულ პირთა უფლება საკუთრების აღიარებაზე, თუმცა ამავე ნორმამ დაუშვა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირთა წრის განსაზღვრის პროცესში არ გაუთვალისწინებია უშუალოდ იმ საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული ცნებები, რომლის საფუძველზეც სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია იურიდიულ პირზე საკუთრების უფლების აღიარება 2012 წლის 1 იანვრის შემდგომ. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა და რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე ფაქტობრივად ფლობს მიწის ნაკვეთს, როგორც საკუთარს, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთან ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ფორმის დაუცველად დადებული გარიგების საფუძველზე.
ამდენად, მიმოხილულ საკანონმდებლო საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (კონკრეტულად 74 მუხლს) და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესებს აქვთ არა კოლიზიური, არამედ ურთიერთშემავსებელი ხასიათი. როგორც საკანონმდებლო მოწესრიგება, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს სამოსამართლო პრაქტიკა ადასტურებს, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებას და მის განმარტებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაში. სააპელაციო პალატის სისტემური ანალიზის მცდელობა გადაიზარდა ფრაგმენტულ სამართლებრივ შეფასებებში, რამაც შედეგად განაპირობა კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობის უსაფუძვლოდ აღდგენა, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის არსებული ნორმატიული მოწესრიგების მიმართ კანონმდებლის რეალურ მიზანთან. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის პროცესში არ დარღვეულა კანონმდებლობის მოთხოვნები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართებულად დაადგინა, რომ რამდენადაც მოსარჩელე კოოპერატივ „დ...ს“ მის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე 2012 წლის 1 იანვრამდე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობის რეალიზება არ მოუხდენია, ხოლო მას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან მიმართებით სარეგისტრაციოდ სხვა რაიმე უფლებადამდგენი დოკუმენტი არ წარუდგენია, არსებობდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე კოოპერატივ „დ...ს“ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კოოპერატივი „დ...ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს - კოოპერატივ „დ...ს“ მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 (150+300) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. კოოპერატივი „დ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მოსარჩელეს - კოოპერატივ „დ...ს“ მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა