საქმე №ბს-1133(კ-22) 13 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ლ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინება
კასატორთა მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. კ-იმა 2021 წლის 20 სექტემბერს სარჩლით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოპასუხისგან მოითხოვა 2 468 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანისა და ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად გაწეული ხარჯის 510 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ლ. კ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ლ. კ-იის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის 2 648 ლარის ანაზღაურება, ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის 510 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ სასამართლო წესით ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი ზიანი, არამედ ის, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფო ორგანოს ქმედებით. ამასთან, უკანონო ქმედებასა და მძიმე შედეგს შორის აუცილებელია არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. 2021 წლის 15 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №935580 სამსახურებრივ ბარათზე მითითებით აღნიშნავს, რომ წარდგენილი მასალების შესწავლით მარეგულირებლის კონკრეტული ჟესტიკულაცია არ იკვეთება (სიგნალები და განლაგება გზის სავალ ნაწილზე), შესაბამისად დადგენა იმისა, თუ რომელი მძღოლის მიერ იქნა დარღვეული ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. კ-იის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ამავე კოდესის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივ მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ცალსახად დგინდება, რომ ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად უნდა არსებობდეს სათანადო მტკიცებულებით დადასტურებული, სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და უკანონო ქმედების შედეგადაც სახეზე უნდა იყოს მიყენებული ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს სახელმწიფო მოსამსახურის უკანონო მოქმედებაზე მითითებით, ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან მოსარჩელის კანონიერი უფლების ხელყოფისა და შესაბამისად უკანონო ქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 27 მარტს ქ. თბილისში, ...ის ქუჩასა და ...ის ქუჩის გადაკვეთას შორის ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევას, კერძოდ, ერთმანეთს შეეჯახა „...”-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ... (მძღოლი ლ. კ-ი) და „...“-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო სანომრე ნიშნით ... (მძღოლი გ. ქ-ე). აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იმავე დღეს ლ. კ-იის მიმართ შედგა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომლითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე ლ. კ-იი დაჯარიმდა 250 ლარით (მანევრირების წესების დარღვევისთვის, რასაც მოჰყვა შეჯახება). აღნიშნული აქტი ლ. კ-იის მიერ 2021 წლის 31 მარტს გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2021 წლის 27 მაისის MIA 9 21 01323714 დადგენილებით საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა 2021 წლის 27 მარტს ლ. კ-იის მიმართ შედგენილი საჯარიმო ქვითარი. ზემოხსენებულ დადგენილებას საფუძვლად დაედო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2021 წლის 26 აპრილის №002818921 ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმად, საგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების მძღოლებზე არ იყო დამოკიდებული კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მათ მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება. კონკრეტულ შემთხვევაში, მარეგულირებლ(ებ)ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი წინაპირობა მართლსაწინააღმდეგო ქმედება სახეზეა, რომელიც გამოიხატა მარეგულირებლ(ებ)ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევაში.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 20 ივლისის №005112121 ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 2002 წელს დამზადებული, ჰეტჩბექის ტიპის “...”-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სახელმწიფო ნომრით ... მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, იმდროინდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 2468 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამდგარი ზიანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორ(ებ)ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების რეალურ შედეგს წარმოადგენდა, შესაბამისად სახეზეა საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას არამართლზომიერი ქმედება, რამაც გამოიწვია ზიანი. აღნიშნული წინაპირობა კი ქმნის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების საფუძველს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მარეგულირებლის კანონის მოთხოვნათა დაცვით მოქმედებასთან დაკავშირებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც გააქარწყლებდნენ სააპელაციო პალატის მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და დაადასტურებდნენ მარეგულირებლ(ებ)ის კანონის მოთხოვნათა შესაბამის მოქმედებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ლ. კ-იმა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ექსპერტის დასკვნების მომზადებაში ჯამში გასწია 510 ლარი. ამდენად, აღნიშნული გარემოების გათვალლისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკისრეს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ლ. კ-იის სასარგებლოდ ხარჯის სახით 510 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა
გ. მაკარიძე