საქმე №ბს-90(კ-22) 29 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი - ანა ნიგურიანი
კასატორი - ხონის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - გ. ფ-ე
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში ხონის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - ი. მ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ქ-ე
წარმომადგენელი - ვ. კ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
1. ლ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 2 აგვისტოს №8039 განკარგულება, რომლითაც ლ. ქ-ეს უარი ეთქვა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მის მიერ თვითნებურად დაკავებულ 2800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე; ბ) დაევალოს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. ქ-ეის მიერ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მის მიერ თვითნებურად დაკავებული 2800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
სარჩელის თანახმად, ლ. ქ-ემ 2018 წლის 20 აპრილს განცხადებით მიმართა ხონის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ლ. ქ-ეის ოჯახი ფლობდა 1925 წლიდან და მასზე, კანონის ამოქმედებამდე ბევრად ადრე იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომლის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. სადავო მიწის ნაკვეთს მოსარჩელის ოჯახი იყენებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის №3/78-2018 გადაწყვეტილებით გაუქმდა კომისიის 2018 წლის 11 ივლისის №1 39 განკარგულება და კომისიას დაევალა საკითხის არსებითად შესწავლის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, თუმცა საკითხის ხელახლა განხილვის შემდეგ კვლავ არ დაკმაყოფილდა ლ. ქ-ეის მოთხოვნა და უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. სასამართლოს მითითება სრულად უგულებელყო ადმინისტრაციულმა ორგანომ, რადგან მის მიერ არ მომხდარა საკითხის არსებითი განხილვა და საქმისათვის არსებითი გარემოებების შეფასება, მათ შორის არ მომხდარა იმ პირების გამოკითხვა და მათგან ინფორმაციის მიღება, ვინც ნოტარიულად დაადასტურა მოსარჩელის მიერ 2800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი. კომისია დაეყრდნო ორ გარემოებას: 1. ნაკვეთზე არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა ან მისი ნანგრევები; 2. ფიქსირდება ზედდება გ. ჩ-ის სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან. კომისიის მიერ მითითებული არც ერთი გარემოება არ შეესაბამება რეალობას, კერძოდ, სადავო მიწის ნაკვეთზე ნამდვილად არის განთავსებული შენობა-ნაგებობის ნანგრევები, რაც კარგად ჩანს საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით. საყურადღებოა, რომ კომისიის მიერ 2019 წლის 26 ივლისს შედგენილი ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, მიწის ნაკვეთის ნაწილი არის დამუშავებული და ადგილზე განთავსებულია ლოდები, ანუ კომისიამ ადგილზე დათვალიერებისას თვითონვე დაადასტურა, რომ ნაკვეთზე განთავსებული იყო ნანგრევები, მხოლოდ იგი არ მიიჩნია შენობა-ნაგებობის ნანგრევებად და უწოდა ლოდები, რაც, ცხადია, არ შეესაბამება რეალობას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოდავე მხარე - გ. ჩ-ი, თავადვე ადასტურებს ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობას, თუმცა მიაჩნია, რომ ის არ იყო საცხოვრებელი შენობა. რაც შეეხება გ. ჩ-ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთთან ზედდებას, აღნიშნული წარმოადგენს უსაფუძვლო განმარტებას, რადგან გ. ჩ-იმა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა 2019 წლის 25 ივნისს, ანუ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ლ. ქ-ეს, ხონის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებს, სოფელ ...ში, 1995 წლიდან თვითნებურად აქვს დაკავებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; ბ) ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 11 ივლისის №139 განკარგულებით ლ. ქ-ეის განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდა; გ) სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის №3/78-2018 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 11 ივლისის №139 განკარგულება და კომისიას დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დ) ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 2 აგვისტოს №8039 განკარგულებით ლ. ქ-ეის განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდა; ე) სადავო მიწის ნაკვეთზე არსებობდა შენობა-ნაგებობა, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებით, კერძოდ, 1960-70-იან წლებში ფუნქციონირებდა დაწყებითი სკოლა, შემდეგ გარკვეული პერიოდი შენობა დათმობილი ჰქონდა სოფლის ბიბლიოთეკას; ვ) 1991 წლის შემოდგომაზე სოფელ ...ის საკრებულომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული ნგრევის პირას მისული უფუნქციო ყოფილი დაწყებითი სკოლის შენობა მიჰყიდა ამავე სოფლის მცხოვრებ ა. ჯ-ას. იმავე წელს მოხდა შენობის დემონტაჟი და გადატანა ა. ჯ-ას მიერ მისივე ნაკვეთზე.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-2 მუხლის „გ’’ და „ე’’ ქვეპუნქტებზე, 51 მუხლის მე-3 პუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების წესის“ მე-2 მუხლის “ე” ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას. კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან სხვა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობის ფაქტი კავშირში უნდა იყოს პირის მიერ კონკრეტული მიწის ნაკვეთის თვითნებურ ფლობასთან, ანუ ადასტურებდეს ფიზიკური პირის მჭიდრო კავშირს დასახელებულ მიწის ნაკვეთთან, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. მოწმეთა ჩვენებებით, ადგილზე დათვალიერების ოქმით და საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით ან სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ლ. ქ-ეის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ან 1995 წლიდან 2007 წლამდე (ლ. ქ-ეის მიერ ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის პერიოდში) იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან რაიმე არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, თუნდაც დანგრეული. შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) არ არის დატანილი ასევე მხარის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე. სადავო ტერიტორიაზე არსებული ქვის გროვა, მოსარჩელის ახსნა-განმარტების გაზიარების და 1991 წელს ა. ჯ-ას ნაკვეთში გადატანილი ნგრევის პირას მისული შენობის ნაწილად მიჩნევის შემთხვევაშიც კი ვერ იქნება მიჩნეული დანგრეულ შენობად „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. ქ-ეის მიერ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის
გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ქ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 2 აგვისტოს №8039 განკარგულება - ლ. ქ-ეის მიერ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მის მიერ თვითნებურად დაკავებულ 2800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ლ. ქ-ეის მიერ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მის მიერ თვითნებურად დაკავებულ 2800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2018 წლის 20 აპრილს ლ. ქ-ემ განცხადებით მიმართა ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ; ბ) თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით შექმნილი კომისიის 2018 წლის 22 ივნისის №5 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ, რომლის მიერ ადგილზე იქნა დათვალიერებული მიწის ნაკვეთი, გადაწყვიტა, რომ, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესულია გ., ქ., ზ. ჩ-იების საჩივარი (რეგ. №4719/39; 14.05.2018), აგრეთვე ზ. ჩ-იის განცხადება, კომისია არ განიხილავს აღნიშნულ საკითხს და მოქალაქემ უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოს; გ) ხონის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 11 ივლისის №1 39 განკარგულებით, ლ. ქ-ეის განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდა; დ) ზემოაღნიშნული განკარგულება ლ. ქ-ეის მიერ გასაჩივრდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, რომლის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 11 ივლისის №139 განკარგულება ლ. ქ-ეისთვის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მის მიერ თვითნებურად დაკავებულ 2800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით კომისიას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ლ. ქ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით. სასამართლოს განმარტებით, კომისიის მიერ არ იყო საფუძვლიანად დასაბუთებული, რატომ არ მიიჩნია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ლ. ქ-ეის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში თვითნებურად დაკავებულ 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკმარის მტკიცებულებად და რატომ ეთქვა უარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შემოსულ გ., ქ., ზ. ჩ-იების საჩივრისა და ასევე სოფელ ...ის მცხოვრებთა კოლექტიური განცხადების გამო, მაშინ როცა კომისიის მიერ აღნიშნული საჩივარი და განცხადება გამოკვლეული არ ყოფილა, უფრო მეტიც, კომისიამ არც დაინტერესებულ მხარედ არ ჩააბა ზემოაღნიშნული პირები; ე) თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით შექმნილი კომისიის 2019 წლის 30 ივლისის №7 სხდომის ოქმით ირკვევა, რომ განხილულ იქნა ლ. ქ-ეის განცხადება, რომელიც ითხოვდა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. კომისიაში საკითხის განხილვას ესწრებოდნენ: დაინტერესებული პირის წარმომადგენელი რ. ბ-ე, დაინტერესებული მხარე - გ. და ქ. ჩ-იები. კომისიის მიერ ადგილზე იქნა დათვალიერებული მიწის ნაკვეთი. ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არის შემოღობილი, ნაკვეთის ნაწილი დაუმუშავებელია, ნაკვეთი ცარიელია, არ ფიქსირდება შენობის ნანგრევი ან საძირკველი, მომიჯნავედ საკუთრება არ გააჩნია, არ მდებარეობს დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ასევე მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა (აშენებული ან დანგრეული), რაც არ შეესაბამება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს (აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აგრეთვე ფიქსირდება ზედდება გ. ჩ-ის სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ მიწის ნაკვეთთან ს/კ ...). კომისიამ ერთხმად (8 (რვა) ხმით) გადაწყვიტა: ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე უარი ეთქვას მოქალაქე ლ. ქ-ეს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...) მდებარე თვითნებურად დაკავებულ 2800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე; ვ) ხონის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 2 აგვისტოს №80 39 განკარგულებით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-9 პუნქტის, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 18 მაისის №39 588 ბრძანებით შექმნილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 ივლისის №7 ოქმის საფუძველზე ლ. ქ-ეს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე; ზ) საქმეში არსებული V-TN N495902 ქორწინების მოწმობით ირკვევა, რომ ბ-ე რ. ს.-ს ძე და ლ. ქ-ე 1992 წლის 19 ივნისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში; თ) ხონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში 2018 წლის 30 აპრილის №206 ცნობით დადგენილია, რომ ლ. ქ-ეს (პ/ნ ...), ...ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში მცხოვრებს, 1995 წლიდან თვითნებურად დაკავებული აქვს 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთი; ი) მოწმეების - თ. ფ-ას და ე. კ-ის სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადებით ირკვევა, რომ ლ. ქ-ე (დაბად. ... წ. პ/ნ ...) 1995 წლიდან დღემდე (განცხადების შედგენის დღე 30.04.2018 წ.) ნამდვილად ფლობს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს - 2800 კვ.მ-ს, მდებარე ხონი, სოფელი ...ი (...); კ) სოფელ ...ის მოსახლეობის განცხადებით ირკვევა, რომ ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის აპრილში შევიდა განცხადება, რომელშიც თითქოს სოფლის მოსახლეობა ითხოვდა რ. ბ-ეის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მისაკუთრებას, ნაკვეთის, რომელიც ისტორიულად იყო რ. ბ-ეის ოჯახის კუთვნილება და დღემდე სარგებლობაში აქვთ. სოფლის მოსახლეობამ ეს იცოდა, ამიტომ განცხადებას ხელი მოტყუებით მოაწერინეს, რომ თანახმა იყვნენ ...ის მშენებლობასა და იქაურობის დასუფთავებაზე. რა თქმა უნდა, ...ის აშენებას და იქაურობის გასუფთავებას სოფლის მოსახლეობა დაეთანხმა, მაგრამ მათ არ იცოდნენ, თუ მათი დახმარებით ამ მიწის ნაკვეთის მისაკუთრებას აპირებდნენ ზ. და გ. ჩ-იები (განცხადებას ხელს აწერს სოფლის მოსახლეობა); ლ) 2019 წლის 26 ივლისის ადგილზე დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ სოფელ ...ში (...) ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი არ არის დამუშავებული, მომიჯნავედ საკუთრება არ აქვს. შენობის საძირკველი არ არის. დაინტერესებული პირის - ლ. ქ-ეის მონათხრობით ნაკვეთს ფლობდნენ წლების განმავლობაში მისი წინაპრებიც. მოდავე მხარის მტკიცებით ეს იყო დაწყებითი სკოლა, ადგილზე დევს ლოდები, რომლებიც არ წარმოადგენს შენობის საძირკველს. ადგილზე დათვალიერების ოქმს ხელს აწერენ კომისიის წევრები - ი. ჟ-ი, ზ. ვ-ე, მ. კ-ე, მ. ძ-ა; მოქალაქეები - რ. ბ-ე, ქ. და გ. ჩ-იები; მ) თ. ჩ-ეის 26.11.2019 წ. სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ირკვევა, რომ ლ. ქ-ეის დედამთილის - ა. კ-ეის და მამამთილის - ს. ბ-ეის თანხმობით, მისი ოჯახის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ხონის მუნიციპალიტეტი სოფელ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფ. ..., ...ის მიმდებარედ), 1982 წელს დროებით განთავსებული იყო სოფლის ბიბლიოთეკა, რომლის ხელმძღვანელობასაც ახორციელებდა თ. ჩ-ეე. ბიბლიოთეკა აქ ფუნქციონირებდა დაახლოებით 1986 წლამდე. მითითებულ უძრავ ქონებას პარალელურად იყენებდა ა.-ს და ს.-ს ოჯახი, ისინი ამუშავებდნენ სახლის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულ სახლში მათ ხშირად უწევდათ ღამის გათევა; ნ) 1925 წლის 17 ნოემბრის ხელწერილით ირკვევა, რომ სოფელი ...ს - ...ს მცხოვრებმა ნ. ლ-ემ ნასყიდობის წერილით მისსავე სოფელში მცხოვრებ მ. უ.-ის ძე ჩ-ის მიჰყიდა ერთი ნაჭერი მისდამი კუთვნილი ადგილი სახლობა ,,...’’, ,,ზომით მაგალითებრ ნახევარი ქცევა მეტი ანუ ნაკლები. სამ ზღვრებს შორის - აღმოსავლეთით ბეგლარ ჩიქოვანის ადგილი, სა...ო გზა, დასავლეთით - ნ. ჩ-ეის ადგილი, ჩრდილოეთით ...ის გალავანი და სამხრეთით ბ. და შ. ჩ-იების ადგილი, ამ საზღვრებსა შინა მდებარე ადგილი მოგყიდე მე ნ. ლ-ეის ასულმა შენ მ. ჩ-ის ფასად 60 მანეთად’’; ო) მოსარჩელე ლ. ქ-ეის წარმომადგენლის განმარტებით, ასაღიარებელ მიწაზე დადგმული შენობა-ნაგებობა ძირითადად იყო საცხოვრებელი დანიშნულების და მხოლოდ დროებით ჰქონდა გადაცემული დაწყებით სკოლას ქირავნობის საფუძველზე, რაც დასტურდება 1925 წლის 17 ნოემბრის ხელწერილითაც, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ ,,მე ნ. ლ-ეის ასულმან ერთი ნაჭერი ჩემდამი კუთვნილი ადგილი სახლობით“- სიტყვა ,,სახლობით’’ აღნიშნავს, სწორედ საცხოვრებელ სახლს, ასევე იგივე ფაქტია დადასტურებული თ. ჩ-ეის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით და მოწმეების - ი. ბ-ეის, ი. ქ-ას და თ. ფ-ას ჩვენებებით.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 03/06/2016 - 20/07/2018 პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 51 მუხლის პირველ, მე-5 და მე-7 პუნქტებზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე წესის 112 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კომისიისთვის მიმართვის დროს, რომ სადავო ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობა (საცხოვრებელი სახლი) არ მდებარეობდა, ეს მხარეთა შორის სადავო არ არის. ლ. ქ-ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა სამი მოტივით: 1. უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ნაწილი დაუმუშავებელი და ცარიელია; 2. არ მდებარეობს ლ. ქ-ეის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ; 3. არ დგინდებოდა შენობა-ნაგებობის ან მისი ნანგრევის არსებობა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, კომისიის მიერ 2019 წლის 26 ივლისს შედგენილ ,,ადგილზე ნაკვეთის დათვალიერების’’ ოქმში მითითებულია, რომ ,,მიწის ნაკვეთის ნაწილი არის დამუშავებული’’. მოდავე მხარის - გ. ჩ-ის მტკიცებით ეს იყო დაწყებითი სკოლა და ადგილზე დევს ლოდები, ანუ კომისიამ ადგილზე დათვალიერებისას თვითონვე დაადასტურა, რომ ნაკვეთზე განთავსებული იყო ნანგრევები, მხოლოდ იგი არ მიიჩნია შენობა-ნაგებობის ნანგრევებად და უწოდა ლოდები, რაც ცხადია არ შეესაბამება რეალობას. გ. ჩ-ი, ასევე ადასტურებს აღნიშნულ ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობას, მხოლოდ უთითებს, რომ ის არ იყო საცხოვრებელი შენობა, რაც რეალობას მოკლებულია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების - ამ. ჯ-ას, ა. ჯ-ას, თ. ფ-ას, ი. ბ-ეის, ი. ქ-ას ჩვენებებზე, თ. ჩ-ეის სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე, ხონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში - ა. უ-ას 2018 წლის 30 აპრილის №206 ცნობაზე და დადასტურებულად მიიჩნია სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთზე ნათლად ჩანს ბეტონის ფუნდამენტი და ე.წ. ხის ,,სარტყელი’’, რაც არასწორად არ იქნა მიჩნეული კომისიის და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შენობის ნანგრევებად. მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სკოლის შენობა-ნაგებობა, რომელსაც ლ. ქ-ეის მამამთილი - ს. ბ-ეე, სკოლის გაუქმების შემდეგ საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებდა. სწორედ ზემოაღნიშნული სკოლის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციის, კერძოდ, საძირკვლის - ე.წ. „სარტყლის“ შემადგენელი ნაწილია სადავო ნაკვეთზე არსებული ხაზობრივად განლაგებული ქვის და ბეტონის ნაწილები.
პალატამ მიუთითა 2019 წლის 11 დეკემბერს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე და განმარტა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას დაექვემდებარა 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებული ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი - აშენებული, მშენებარე ან დანგრეული. შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე ნაგებობის ან ამ ნაგებობის ნანგრევების არსებობა არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონისმიერ საფუძველს.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხონის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორის მოსაზრებით, ლ. ქ-ე სადავო მიწის ნაკვეთს ფლობს 1995 წლიდან, რა დროსაც მასზე საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებული არ ყოფილა, ხოლო ადრე არსებული არასაცხოვრებელი დანიშნულების ხის შენობა (სკოლა, ბიბლიოთეკა, კლუბი) 1991 წელს დაშლილი იქნა ამ. ჯ-ასა და ა. ჯ-ას მიერ და გადაიტანეს სხვა ადგილზე. შესაბამისად, ნაკვეთზე არსებული ქვის ლოდები სასამართლომ დაუსაბუთებლად ჩათვალა დანგრეულ შენობად და მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ადგილზე დათვალიერებით არ დაფიქსირებულა მყარი კონსტრუქციის ნაწილები, არამედ მიწის ნაკვეთზე განლაგებული იყო ცალკეული ლოდები და არა ბეტონის ფუნდამენტი და ე. წ. ხის „სარტელი’’. შესაბამისად, სახეზე არ არის დანგრეული შენობა, ვინაიდან ხის უფუნქციო შენობის დემონტაჟი განხორციელდა 1991 წელს და გადატანილ იქნა შემძენის მიერ სხვა ადგილას, ამიტომ სადავო მიწის ნაკვეთზე აღმოჩენილი ლოდები ვერ ჩაითვლება დანგრეულ შენობად. ასევე გაუგებარია, რატომ მიიჩნია აღნიშნული შენობა სააპელაციო სასამართლომ დანგრეულ საცხოვრებელ შენობად, როდესაც მასში ფუნქციონირებდა დაწყებითი სკოლა, ბიბლიოთეკა და კლუბი. ს. ბ-ეის მიერ სკოლის შენობაში ზოგჯერ ღამის გათევა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენობა საცხოვრებელი დანიშნულების იყო. თუნდაც საცხოვრებელი სახლი ყოფილიყო, ლ. ქ-ეის მიერ მიწის ნაკვეთის უკანონოდ დაკავების დროს, იქ არც საცხოვრებელი სახლი და არც არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა არ არსებობდა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხონის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით ხონის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ლ. ქ-ეის სარჩელზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში ხონის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) ლ. ქ-ემ განცხადებით მიმართა ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 39-41); ბ) თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით შექმნილმა კომისიამ 2018 წლის 22 ივნისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება არ განეხილა ლ. ქ-ეის განცხადება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესულია გ., ქ. და ზ. ჩ-იების საჩივარი (რეგ. №4719/39; 14.05.2018), აგრეთვე ზ. ჩ-იის განცხადება (ტ. 1, ს.ფ 39-41); გ) ხონის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 11 ივლისის №1 39 განკარგულებით ლ. ქ-ეს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე (ტ. 1, ს.ფ 42-43); დ) სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის (საქმე №3/78-2018) გადაწყვეტილებით, ლ. ქ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 11 ივლისის №1 39 განკარგულება ლ. ქ-ეზე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მის მიერ თვითნებურად დაკავებულ 2800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ლ. ქ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით (ტ. 1, ს.ფ. 45-60); ე) საქმეში წარმოდგენილია კომისიის მიერ 2019 წლის 26 ივლისს შედგენილი ,,ადგილზე დათვალიერების ოქმი’’, რომლის თანახმად, დათვალიერებულ იქნა 2800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე სოფელ ...ში (...) (ს/კ ...). ოქმში აღნიშნულია შემდეგი: ,,ნაკვეთის ნაწილი არის დამუშავებული, მომიჯნავედ საკუთრება არ აქვს. შენობის საძირკველი არ არის. დაინტერესებული პირის - ლ. ქ-ეის მონათხრობით, ნაკვეთს ფლობდა წლების განმავლობაში მისი წინაპრებიც. მოდავე მხარის მტკიცებით, ეს იყო დაწყებითი სკოლა, ადგილზე დევს ლოდები, რომლებიც არ წარმოადგენს შენობის საძირკველს“ (ტ. 1, ს.ფ 76); ვ) თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით შექმნილი კომისიის 2019 წლის 30 ივლისის სხდომაზე კომისიამ ერთხმად (8 ხმით) გადაწყვიტა: ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე უარი ეთქვას მოქალაქე ლ. ქ-ეს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...) მდებარე თვითნებურად დაკავებული 2800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო კომისიის მითითება, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არის შემოღობილი, ნაკვეთის ნაწილი დაუმუშავებელია, ნაკვეთი ცარიელია, არ ფიქსირდება შენობის ნანგრევი ან საძირკველი, მომიჯნავედ საკუთრება არ გააჩნია, არ მდებარეობს დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ასევე მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა (აშენებული ან დანგრეული), რაც არ შეესაბამება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს (აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აგრეთვე ფიქსირდება ზედდება გ. ჩ-ის სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ მიწის ნაკვეთთან ს/კ. ...) (ტ. 1, ს.ფ 100-103); ზ) ხონის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 2 აგვისტოს №80 39 განკარგულებით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-9 პუნქტის, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ხონის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 18 მაისის №39 588 ბრძანებით შექმნილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 ივლისის №7 ოქმის საფუძველზე ლ. ქ-ეს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე (ტ. 1, ს.ფ 99); თ) რ. ბ-ე ს.-ს ძე და ლ. ქ-ე 1992 წლის 19 ივნისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში (ტ. 1, ს.ფ 77); ი) ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ხონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2018 წლის 30 აპრილის №206 ცნობის თანახმად, ლ. ქ-ეს, ...ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში მცხოვრებს, 1995 წლიდან თვითნებურად დაკავებული აქვს 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ტ. 1, ს.ფ 237); კ) საქმეში წარმოდგენილია თ. ფ-ას და ე. კ-ის სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ლ. ქ-ე 1995 წლიდან დღემდე (განცხადების დამოწმების თარიღი 30.04.2018 წ.) ნამდვილად ფლობს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს - 2800 კვ.მ-ს, მდებარე: ხონი, სოფელი ...ი (...) (ტ. 1, ს.ფ 238-239); ლ) საქმეში წარმოდგენილია თ. ჩ-ეის 2019 წლის 26 ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად ლ. ქ-ეის დედამთილის - ა. კ-ეის და მამამთილის ს. ბ-ეის თანხმობით, მისი ოჯახის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ხონის მუნიციპალიტეტი სოფელ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფ. ..., ...ის მიმდებარედ), 1982 წელს დროებით განათავსეს სოფლის ბიბლიოთეკა, რომლის ხელმძღვანელობასაც ახორციელებდა თ. ჩ-ეე. ბიბლიოთეკა აქ ფუნქციონირებდა დაახლოებით 1986 წლამდე. მითითებულ უძრავ ქონებას პარალელურად იყენებდა ა.-ს და ს.-ს ოჯახი, ისინი ამუშავებდნენ სახლის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულ სახლში მათ ხშირად უწევდათ ღამის გათევა (ტ. 1, ს.ფ 215).
საკასაციო პალატის მოსაზრებით, შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედების პირობებში, სამართალწარმოების მონაწილეები აღჭურვილნი არიან უფლებით, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან, განსაკუთრებით კი ისეთ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რომლებსაც საქმის გადაწყვეტის თვალსაზრისით ენიჭებათ არსებითი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის მოსარჩელის მიერ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...) მდებარე 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხდომის ოქმი 2022 წლის 26 ოქტომბერი, 13:53 – 13:56). ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელის განმარტებით, ხონის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 2 აგვისტოს №80 39 განკარგულების გამოცემის საფუძველი გახდა მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ არის საცხოვრებელი სახლის ნანგრევები და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და ძირითად წესებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (1-ლი მუხლი).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებს რა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ასევე პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე განსაზღვრავს იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს, ამავდროულად, ხელს უწყობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებას და მიწის ბაზრის განვითარებას. საყურადღებოა, რომ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს. მოცემულ ორ შემთხვევას შორის არსებით განსხვავებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მართლზომიერი მფლობელობა ხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობით, ხოლო თვითნებურად დაკავება - ასეთი საფუძვლის გარეშე, მხოლოდ უძრავი ქონების ფაქტობრივად დაუფლების შედეგად. სწორედ ეს სხვაობა განაპირობებს განსხვავებულ საკანონმდებლო რეგულირებას ამ ორი შემთხვევის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ლ. ქ-ე ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას თვითნებურად დაკავებულ მიწაზე.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კომისია მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − განკარგულებას.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომისია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით.
სადავო პერიოდში მოქმედი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ ხონის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 2 აგვისტოს №80 39 განკარგულების გამოცემის საფუძველი გახდა მხოლოდ ის გარემოება, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ არის საცხოვრებელი სახლის ნანგრევები.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთი არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, შენობა ეს არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ზემოდასახელებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სადავო პერიოდში მოქმედი მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია კანონის ძალაში შესვლამდე (2007 წ.) ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადგენაზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნა ემყარება შენობის არსებობის ფაქტს, ასევე აუცილებელია დადგინდეს ამ შენობა-ნაგებობის მდგომარეობა და მისი დანიშნულება, რამდენადაც, საკუთრების უფლების აღიარებისთვის მითითებულ მახასიათებლებს არსებითი დატვირთვა გააჩნია, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი ტიპის შენობა, ზემოაღნიშნული ნორმა შესაძლებლად მიიჩნევს საკუთრების უფლების აღიარებას, მიუხედავად იმისა, შენობა დანგრეულია თუ აშენებული, ხოლო არასაცხოვრებელი ტიპის შენობის არსებობისას - კანონმდებელი იმპერატიულად ადგენს, რომ არასაცხოვრებელი შენობა აღიარების მომენტისათვის უნდა იყოს აშენებულ მდგომარეობაში.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და მასზე კომისიისთვის მიმართვის დროს შენობა-ნაგებობა არ ყოფილა განთავსებული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და კასატორი (მოპასუხე) სადავოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ლ. ქ-ეს კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული აქვს სადავო 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამდენად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მდგომარეობისა (აშენებული/დანგრეული) და მისი დანიშნულების (საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი) საკითხის დადგენა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებზე, კერძოდ, მოწმე ამ. და ა. ჯ-აების ჩვენების თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა მათ დაშალეს 1991 წელს და გადაიტანეს ამ. ჯ-ას მიწის ნაკვეთზე, ხოლო ადგილზე დატოვეს შენობის საძირკველი, ე.წ „ბიჯგები“, რომელიც დღეის მდგომარეობით ისევ სადავო მიწაზეა.
მოწმე თ. ფ-ას ჩვენების თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ფლობდა ლ. ქ-ეის ოჯახი, იდგა ხის შენობა, ხოლო ამჟამად მიწის ნაკვეთზე შემორჩენილია ამ შენობის ბალავარი, ე.წ ხის „სარტყელი“. გადმოცემით იცის, რომ სადავო ტერიტორიას გარდა რ. ბ-ეის ოჯახისა, სხვა არასდროს დაუფლებია და რ. ბ-ეის მამა, ს. ბ-ეე შენობას საცხოვრებლადაც იყენებდა.
სადავო ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის საცხოვრებელი მიზნით გამოყენებას ასევე ადასტურებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი. ქ-ა და ი. ბ-ე. ამ უკანასკნელის განმარტებით, მას რ. ბ-ეის მამასთან - ს. ბ-ეესთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა. მოწმის მითითებით სადავო ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობას ს. ბ-ეე საცხოვრებლად იყენებდა და ადგილზე დღემდე არის დარჩენილი შენობა-ნაგებობის ბალავარი, სარტყელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სადავო ტერიტორიის ამსახველ ფოტომასალაზე, სადაც აღბეჭდილია ტერიტორიაზე არსებული ქვის ლოდები. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხონის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმშიც მითითებულია ტერიტორიაზე ქვის ლოდების არსებობა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფოტოსურათები, მოწმეთა ჩვენებები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ერთობლიობაში ქმნიან იმ გარემოების დადგენის შესაძლებლობას, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის კონსტრუქციის ნაწილები არის საცხოვრებელი სახლის ნანგრევები (დანგრეული საცხოვრებელი სახლი).
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლის ნანგრევები, არ არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლ. ქ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი კომისიას ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოებისას უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, ევალება, გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საკასაციო პალატის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ასევე ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მხარისათვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება.
საკასაციო სამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა ლ. ქ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა და სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს კანონმდებლობაში სადავო პერიოდის შემდგომ განხორციელებულ ცვლილებებზე, კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება (გამოქვეყნების თარიღი 18/12/2019წ.), რომლის საფუძველზეც თვითნებურად დაკავებული მიწის ცნება ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული ცვლილებით ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არასაცხოვრებელი ტიპის შენობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია საკუთრების უფლების აღიარება, მიუხედავად იმისა, შენობა დანგრეულია თუ აშენებული, კანონმდებელი იმპერატიულად აღარ მოითხოვს აშენებული არასაცხოვრებელი შენობის არსებობას.
ამასთანავე, ზემოაღნიშნული ცვლილების ფარგლებში ამავე კანონის მე-4 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია საკუთრების უფლება აღიაროს, ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის გარდა, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამოს კატეგორიის) მიწის ნაკვეთზე იმ შემთხვევაშიც, თუ მასზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ის არ არის დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი და მათი ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხონის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე