Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-930(კ-21) 24 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე; გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მესამე პირები) - ი. ბ-ი, მ. ბ-ი, ნ. ბ-ი, მა. ბ-ი და მან. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ნი. ბ-ი, გ. ბ-ი, ზ. ბ-ი, თ. ბ-ი

სარჩელზე მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

მესამე პირები - გი. ბ-ი, ქ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინება და 2021 წლის 27 მაისის საოქმო განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 28 ივნისს ნი., გ., ზ. და თ. ბ-იებმა სარჩელით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1249 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის 1/2 წილის ი. ბ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 28 მაისის № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ი. ბ-ი.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ბ-ი, ხოლო ამავე კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ბ-ი.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ მ., გი., მან., მა. და ნ. ბ-იები.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნი., გ., ზ. და თ. ბ-იების სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1249 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის 1/2 წილის ი. ბ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 28 მაისის №... გადაწყვეტილება.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს იო., მ., მან., ნ., მა. და გი. ბ-იებმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული გი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით ი. ბ-ის, მ. ბ-ის, მან. ბ-ის, მა. ბ-ისა და ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს იო., მ., ნ., მა. და მან. ბ-იებმა.

კასატორების განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ მიუთითა, რომ კომლის ყველა წევრს ეკუთვნოდა წილი და გაყოფის უფლება ჰქონდა მხოლოდ სრულწლოვან წევრს, თუმცა ი. ბ-ის არც წილი შეხვდა მამის სახლში და არც სრულწლოვანი იყო გაყრილობის დროს. სასამართლომ კანონიერად მიიჩნია სისტემური რეგისტრაცია, ვინაიდან რეგისტრაციები გასაჩივრებული არ ყოფილა, თუმცა არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სადავოდ გამხდარი სისტემური რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ წარდგენილ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

კასატორების განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ გი. ბ-ის კომლს 1980-1982 წლის ჩანაწერების მიხედვით პირად საკუთრებაში გააჩნდა 1963 წელს აშენებული 100 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელი სახლი. ამავე დროს უთითებს, რომ საკოლმეურნეო კომლის ქონება თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსაც და კომლის გაყოფის უფლება ჰქონდა მხოლოდ სრულწლოვან წევრებს. უდავო გარემოებაა, რომ 1980-82 წლების მდგომარეობით გი. ბ-ის კომლის წევრები არინ მისი მეუღლე და სამი შვილი. სასამართლომ ვერ შეძლო დაედგინა, ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, ჰქონდა თუ არა თავისი კუთვნილი წილი ი. ბ-ის მამის კომლში (ე.ი გი.ს კომლში), რომელსაც 1982 წლამდე ეწერა 100 კვ.მ ფართის მქონე ერთი საცხოვრებელი სახლი. ასევე არ მოიძებნება ჩანაწერი, სადაც ი. ბ-იმა თავის წილი დაუთმო ვინმეს, მით უფრო გაყრილობის განაჩენის მიღების დროს ი. ბ-ი იყო არასრულწლოვანი და დამოუკიდებელ კომლად ვერ გავიდოდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ი. ბ-ის ერგო სხვა სახლი, მაშინ როცა არც საკომლო ჩანაწერებით, არც სხვა რაიმე დოკუმენტით და არც მოსარჩელის განცხადებით გი. ბ-ის სხვა (მეორე) სახლი არ გააჩნდა, ხოლო სხვის საცხოვრებელ სახლს ვერ გაყოფდა. კასატორების მოსაზრებით, სასამართლო თავს არიდებს და არაფერს ამბობს იმ გარემოებაზე რომ ი. ბ-ის მამის - გი. ბ-ის კომლის გაყოფის შემდგომ 1983 წლიდან მისი კუთვნილი ერთი საცხოვრებელი სახლი გაიყო შუაზე და საარქივო ჩანაწერების მიხედვით მას მანამდე არსებული ერთი მთლიანი სახლი კი არა, არამედ სახლის ნახევარი დარჩა, რაც აგრეთვე დასტურდება საარქივო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებებით.

კასატორმა ასევე განმარტა, რომ 1934 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა მა. ჩ-ეს, რომელმაც თავისი კუთვნილი ქონება 1977 წელს უანდერძა მ. ბ-ის. მ.ი თავის მეუღლით და შვილებით 80-იანი წლებიდან (მა. ჩ-ეის გარდაცვალებიდან და მანამდეც) ცხოვრობს მა. ჩ-ეის დანატოვარ საცხოვრებელ სახლში და დაუფლებულია სამკვიდრო ქონებას. მ. ბ-ის თანხმობის გარეშე აღნიშნული საცხოვრებელი სახლის გაყოფა ვერ მოხდებოდა. კასატორის მითითებით, გი. ბ-ის კომლს გადაცემული აქვს 1958-1963 წელს აშენებული სახოვრებელი სახლი, რომელიც არის გი. ბ-ის საცხოვრებელი სახლი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იო. და მ. ბ-იებს უნდა გადასცემოდა სახლის 1/4 წილი, ½ წილის ნაცვლად.

კასატორების განმარტებით, სასამართლომ არ მოუსმინა აპელანტებს და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოითხოვეს სისტემური რეგისტრაციების ბათილობის თაობაზე აღძრულ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქმის წარმოების შეჩერება, რაზედაც სააპელაციო სასამართლომ უთხრათ უარი. კასატორების მოსაზრებით, აღნიშნული საოქმო განჩინება არის უკანონო, რის გამოც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებისა და 2021 წლის 17 ივნისის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ასევე იშუამდგომლეს გორის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების სისტემური რეგისტრაციისა და 2003 წლის 16 ივნისის მიწის ნაკვეთების საგადასახადო სიის №452, №453, №454 ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ მან. ბ-ის, ნ. ბ-ის, მარ. ბ-იის, მ. ბ-ისა და ი. ბ-ის სარჩელის განხილვის დასრულებამდე, საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული იო., მ., ნ., მა. და მან. ბ-იების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იო., მ., ნ., მა. და მან. ბ-იების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს დავის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, თავდაპირველად მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს ზოგადად კომლზე, მის წევრობასა და ქონებაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომლი სოფლის ადგილობრივი ორგანოების მიერ ყოველთვის ცალკე იყო რეგისტრირებული საადგილმამულო წიგნში, ოჯახის თითოეული წევრის და ოჯახის რიცხული ქონების აღნიშვნით. კომლი წარმოადგენდა ოჯახის წევრთა ერთიან კავშირს, რომელსაც გააჩნდა ერთიანი ქონება, გარკვეული უფლება-მოვალეობები, აგრეთვე პასუხისმგებლობა როგორც ერთმანეთის, ისე მესამე პირთა მიმართ. კომლში შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც რამდენიმე, ისე ერთი წევრი. კომლის საქმიანობა არ რეგულირდებოდა სპეციალური წესდებით, რადგან კომლი არ განიხილებოდა როგორც იურიდიული პირი. კომლს გააჩნდა პირადი საკუთრება და როგორც ამ საკუთრების უფლების სუბიექტი, რეგისტრირებული იყო სოფლის საბჭოში, სადაც მითითებული იყო კომლის უფროსი, კომლის წევრები და კომლის ქონება.

საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის საერთო ქონებიდან კომლის წევრის წილის განსაზღვრა - გამიჯვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ, 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინება. კომლის ქონებაში ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდათ. კომლიდან გამოყოფა, როგორც წესი, აღინიშნებოდა კომლიდან გასვლით, თუმცა არსებობდა შემთხვევები, როდესაც კომლის წევრი აპირებდა ქონების გაყოფას და ფიქრობდა კვლავ კომლში დარჩენას საცხოვრებლად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იმხანად მოქმედი კანონმდებლობის თაობაზე არსებულ იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრდა შეხედულება, რომელიც დასაშვებად თვლიდა საკოლმეურნეო კომლის საცხოვრებელი სახლიდან გარკვეული წილის გამოყოფას საკუთრების უფლებით და მასზე სამოქალაქო კანონმდებლობით საერთო წილადი საკუთრებისათვის დადგენილი უფლებრივი რეჟიმის გავრცელებას. მაგალითად: თუ კომლის რომელიმე წევრი თავს დაანებებდა სამეურნეო საქმიანობას (მუშაობას დაიწყებდა საწარმოში და ა.შ), ხოლო საცხოვრებლად დარჩებოდა ამავე კომლში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ამ შემთხვევაშიც კომლის წევრი ითვლებოდა კომლიდან გამოყოფილად. კომლიდან გამოყოფა კომლიდან გასვლით და კომლში დარჩენით კომლის საერთო საკუთრების მიმართ წარმოშობდა სამართლებრივად განსხვავებულ რეჟიმს, კერძოდ, კომლიდან გასვლით და ქონების გატანით (ნატურით თუ ფულადი კომპენსაციის სახით) მთლიანად უსპობდა კომლის წევრს უფლებას კომლის საერთო ქონებაზე, კომლში საცხოვრებლად დარჩენით კი, კომლის საერთო საკუთრების ქონებაზე უფლების მოსპობასთან ერთად წარმოიშობოდა კომლთან საერთო წილადი საკუთრების უფლება, რაც ეხებოდა მხოლოდ საცხოვრებელ სახლს. (სუსგ №ას-464-2022, 06.12.2022წ.).

უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1964 წლის რედაქციის 569-ე მუხლი არეგულირებდა მემკვიდრეობითი სამართალურთიერთობებს კომლში, კერძოდ, აღნიშნული ნორმის პირველი აბზაცის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის (იმ მოქალაქის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომის საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) გარდაცვალების შემთხვევაში კომლის (იმ მოქალაქის ოჯახის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) ქონებაში მემკვიდრეობა არ წარმოიქმნება. ამავე მუხლის მე-2 აბზაცის თანახმად, თუ საკოლმეურნეო კომლის წევრის (იმ მოქალაქის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომის საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) გარდაცვალების შემდეგ კომლში (იმ მოქალაქის ოჯახის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) სხვა წევრები არ დარჩენილა, კომლის (ოჯახის) ქონების მიმართ გამოიყენება ამ კარით დადგენილი წესები, ე.ი. მემკვიდრეობითი სამართლის საერთო წესები. ამდენად, განსახილველი ნორმების თანახმად, მემკვიდრეობის სპეციფიკური და საერთო საფუძვლები დაკავშირებულია სოფლის მეურნეობაში ინდივიდუალურ შრომის საქმიანობის არსებობაზე, ე.ი. კომლის (ოჯახის) წევრებს წარმოადგენდნენ მოქალაქეები, რომლებიც ეწეოდნენ ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში. ასეთი წევრების არარსებობის შემთხვევაში მემკვიდრეებზე ქონება გადადიოდა საერთო საფუძველზე. უნდა აღინიშნოს, რომ საკოლმეურნეო კომლის მოსპობის შემდეგ იქმნებოდა მუშა-მოსამსახურის ოჯახი და მათ მიერ საკოლმეურნეო კომლის ქონება გაიყოფოდა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის საფუძველზე. საკოლმეურნეო კომლის მოსპობის მომენტიდან დამხმარე მეურნეობაში მომუშავე მუშა-მოსამსახურის ოჯახს შორის ურთიერთობები წესრიგდებოდა საოჯახო კანონმდებლობით, ხოლო დამხმარე მეურნეობის სხვა მონაწილეთა შორის ურთიერთობები საერთო საკუთრების მომწესრიგებელი ნორმებით რეგულირდებოდა (საქმე № ას-241-566-09, 12.11.2009წ.). ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და იგი არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი (სუსგ №ას-724-782-2011, 10.09.2012 წელი).

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1980-1982 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად, კომლის უფროსად ჩაწერილია გი. ზ.-ს ძე ბ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მა. (ცოლი), გ. (შვილი), მ. (შვილი) და იო. (შვილი) ბ-იები. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1963 წელს აგებული 100 მ2 საცხოვრებელი სახლი, 1980-1981 წლებში - 0,42 ჰა მიწის ფართობი, 1982 წელს - 0,32 მიწის ფართობი.

...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1976-1978 და 1980-1982 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია მა. ჩ-ე; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1934 წელს აგებული 70 მ2 საცხოვრებელი სახლი და 0,40 ჰა მიწის ფართობი; მა. ჩ-ე გარდაიცვალა 1981 წელს და კომლის უკანასკნელი წევრის გარდაცვალების გამო ოჯახი გაუქმდა, ხოლო მიწის ნაკვეთის შესახებ ეცნობა მეურნეობის დირექციას

...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ 1977 წლის 30 ნოემბერს დამოწმებული იქნა მა. ჩ-ეის ანდერძი, რომლითაც მან, როგორც კომლის ერთადერთმა და უკანასკნელმა წევრმა, მთელ თავისი ქონება უანდერძა მ. ბ-ის, მათ შორის, გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სახლი.

დადგენილია, რომ კასატორები - იო. და მ. ბ-იები გამოეყვნენ მამის - გი. ბ-ის კომლს და ცალ-ცალკე კომლებად გავიდნენ. ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1982 წლის №2 სხდომის ოქმის თანახმად, 1982 წლის 26 თებერვალს დამტკიცდა გი. ბ-ის ოჯახის გაყრილობის განაჩენი, რომლის თანახმად: 1.პირველ ოჯახად გავიდა გი. ზ.-ს ძე ბ-ი, თავისი მეუღლით - მა. ა.-ს ასულ ბ-იითა და შვილით - გ. გი.ს ძე ბ-იით, რომელთაც ერგოთ უძრავი ქონება: ,,სახლი - ორსართულიანი, ერთი ოთახი თავისი კორიდორით", საკარმიდამო ნაკვეთი სახლით - 0,10 ჰა, ნავენახარი - 0,06 ჰა, ...ში - 0,16 ჰა, სულ 0,32 ჰა; 2. მეორე ოჯახად გავიდა იო. გი.ს ძე ბ-იი, რომელსაც ერგო უძრავი ქონება: სახლი - პაპისეული, დასავლეთ მხარეს ერთი ოთახი თავისი სარდაფით, მიწის ნაკვეთი ...ში - 0,04 ჰა; 3. მესამე ოჯახად გავიდა მ. გი.ს ძე ბ-იი, რომელსაც ერგო უძრავი ქონება: სახლი - პაპისეული აღმოსავლეთ მხარეს ერთი ოთახი თავისი სარდაფით, მიწის ნაკვეთი ...ში - 0,04 ჰა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ სოფელ ...ში მცხოვრებ გი. ზ.-ს ძე ბ-ის, მის შვილს - იო. გი.ს ძე ბ-ისა და მ. გი.ს ძე ბ-ის შორის მოხდა გაყრა და იო. გი.ს ძე ბ-იი და მ. გი.ს ძე ბ-იი გავიდნენ ცალკე კომლად, ხოლო გ. ბ-ი დარჩა მამის - გი. ზ.-ს ძე ბ-ის კომლის წევრად. აღნიშნული დასტურდება ასევე საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1980-1982 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია მ. ბ-ი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1934 წელს აგებული 40 მ2 საცხოვრებელი სახლის ½ და 0,04 ჰა მიწის ფართობი. საქმის მასალებით დადგენილი არ არის ანდერძის თანახმად, მა. ჩ-ეის კომლის ქონება აღირიცხა თუ არა მ. ბ-ის სახელზე. მსგავსი სახის ჩანაწერი საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც მხარეებს წარმოუდგენიათ. ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1997 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად, კომლის უფროსად ჩაწერილია მ. ბ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მან. დ-ი (ცოლი), გი., მა. და ნ. (შვილები) ბ-იები; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1958 წელს აგებული 50 მ2 საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი და 1986-1990 წლებში - 0,04 ჰა მიწის ფართობი.

...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1980-1982 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ი. ბ-ი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1934 წელს აგებული 40 მ2 საცხოვრებელი სახლის ½ და 0,04 ჰა მიწის ფართობი. ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1983-1985 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ი. ბ-ი; კომლის პირადი საკუთრების შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება. ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1997 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ი. ბ-ი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1958 წელს აგებული 50 მ2 საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი და 1986-1990 წლებში - 0,04 ჰა მიწის ფართობი.

...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1997 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად, კომლის უფროსად ჩაწერილია გი. ზ.-ს ძე ბ-ი (გარდაიცვალა 1993 წელს). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მა. (ცოლი, ოჯახის უფროსი), გ. (შვილი), ნი. (რძალი), ზ. და თ. (შვილიშვილები) ბ-იები; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1963 წელს აგებული 90 მ2 საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი 1986-1987 წლებში, ხოლო 1988 წლიდან ერიცხება 90 მ2 საცხოვრებელი სახლის ერთი მთლიანი ფართი, 1986 წელს 0,42 ჰა მიწის ფართობი, 1986-1990 წლების მონაცემებით - 0,34 მიწის ფართობი.

ი. ბ-იმა 2019 წლის 16 მაისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა გ., ზ., თ., ნი. ბ-იების კუთვნილი უძრავი ქონების ½ წილზე თანამესაკუთრედ რეგისტრაცია იმ საფუძვლით, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერებით ორივე კომლს ერიცხებოდათ ერთი ქონების თანაბარი წილი, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მაისის № ... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა: ი. ბ-ი აღირიცხა მითითებული უძრავი ქონების ½ წილის, ხოლო გ., ზ., თ., ნი. ბ-იები - ½ წილის თანამესაკუთრეებად. ნაკვეთის საკადასტრო კოდად მიეთითა ..., ხოლო წინა კოდად - ....

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 28 მაისის №... გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება. მოსარჩელეების განმარტებით, აღნიშნული რეგისტრაციით ი. ბ-ის საკუთრებაში დარეგისტრირდა მისი კომლის საკუთრებაში არსებული სახლის ½ და არა მისთვის გაყრილობის განაჩენით მიცემული მამაპაპისეული სახლის ½, რითაც დაირღვა მათი საკუთრების უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში, დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია იმის გამორკვევა კომლის გაყოფის შედეგად ი. ბ-ისათვის მიკუთვნებული ქონება (სახლი პაპისეული, დასავლეთ მხარეზე ერთი ოთახი თავისი სარდაფით და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი) წარმოადგენს თუ არა გი. ბ-ისათვის მიკუთვნებული სახლის (და მიწის ნაკვეთის) ნაწილს, ანუ გი. და ი. ბ-იებს შორის გაიყო თუ არა ერთი მთლიანი სახლი (1963 წელს აშენებული), სადაც ეს ოჯახი ადრე ერთად ცხოვრობდა თუ ი. ბ-ის ½ ნაწილი გამოეყო სხვა სახლიდან.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკაშირებული ურთიერთობები, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ნ" ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა საკომლო წიგნის ჩანაწერი. ასევე „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ გაყრილობის განაჩენში არსებული ჩანაწერი, რომ გი. ბ-ის მიეკუთვნოს ,,სახლი ორსართულიანი ერთი ოთახი თავისი კორიდორით" გაგებულ უნდა იქნეს ისე, რომ გი. ბ-ის, მის მეუღლესა და შვილს - გ. ბ-ის მიეკუთვნათ ცალკე მდგომი ორსართულიანი სახლი, ხოლო ი. ბ-ის - არა ორსართულიანი სახლის სხვა ოთახები, არამედ ,,სახლი პაპისეული, დასავლეთ მხარეზე ერთი ოთახი თავისი სარდაფით" (მ. ბ-ის - ,,სახლი პაპისეული, აღმოსავლეთ მხარეს ერთი ოთახი თავისი სარდაფით"). აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ასევე გაყრილობის განაჩენში გი. ბ-ისთვის მიკუთვნებული ქონების შესახებ შემდგომში გაკეთებული ჩანაწერიც - ,,საკარმიდამო ნაკვეთი სახლით - 0,10 ჰა". ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კომლის გაყოფის შედეგად ი. ბ-ისათვის მიკუთვნებული ქონება (სახლი - პაპისეული, დასავლეთ მხარეზე ერთი ოთახი თავისი სარდაფით და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი) არ წარმოადგენს გი. ბ-ისათვის მიკუთვნებული სახლის (და მიწის ნაკვეთის) ნაწილს. ასევე კომლის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, გაყრილობის განაჩენის საფუძველზე დადგენილია, რომ კომლის გაყოფის შემდეგ, გი. ბ-ის კომლისათვის დატოვებულ ქონებაზე ი. ბ-ის რაიმე უფლება აღარ გააჩნდა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე, ზოგადად გაყრილობის განაჩენი არ ადგენს საკუთრების უფლებას, ის უბრალოდ კომლის გაყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს. მართლზომიერი მფლობელობის დამდგენ დოკუმენტად კი მიჩნეულია საკომლო წიგნიდან ამონაწერი და საგადასახადო სია (ან სარეფორმო სია და სხვა დოკუმენტები). საკანონმდებლო მოწესრიგების საფუძველზე მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, საკომლო ცნობა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ იგი ასახავს კომლის წევრთა ვინაობას და კომლზე რიცხულ ქონებას 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ გორის არქივის 2019 წლის 18 ნოემბრის №27/130024 მომართვის მიხედვით, ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1997 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად, გი. ზ.-ს ძე ბ-ის კომლს (გარდაიცვალა 1993 წელს; კომლის წევრები: მა. (ცოლი, ოჯახის უფროსი), გ. (შვილი), ნი. (რძალი), ზ. და თ. (შვილიშვილები) ბ-იები) პირად საკუთრებაში ერიცხება 1963 წელს აგებული 90 მ2 საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი. საარქივო ცნობა, თავის მხრივ, ეყრდნობა საკომლო წიგნის ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, გი. ბ-ის კომლს 90 მ2 საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი ერიცხება მხოლოდ 1986- 1987 წლებში, ხოლო 1988 წლიდან ერიცხება 90 მ2 საცხოვრებელი სახლის ერთი მთლიანი ფართი, რაც ადასტურებს იმას, რომ ამ კომლის კუთვნილ უძრავ ქონებაზე თანასაკუთრება 1988 წლიდან აღარ არსებობდა. საგულისხმოა, რომ ი. ბ-ის კომლს ჯერ 1980-1982 წლებში ერიცხებოდა 1934 წელს აგებული 40 მ2 საცხოვრებელი სახლის ½ , 1983-1985 წლებში მისი კომლის პირადი საკუთრების შესახებ ჩანაწერი საერთოდ არ ფიქსირდება, ხოლო 1986-1997 წლებში ი. ბ-ის კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1958 წელს აგებული 50 მ2 საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი.

2003 წლის 16 ივნისიდან, მიწის ნაკვეთების №452, №453, №454 საგადასახადო სიის საფუძველზე, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში სისტემური რეგისტრაციით № ... საკადასტრო კოდით მ., მან., გი., მარი. და ნ. ბ-იების, №... საკადასტრო კოდით ს. ბ-იის და №... საკადასტრო კოდით გ., ნი., ზ. და თ. ბ-იების სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1478 მ2, 659 მ2 და 1249 მ2 მიწის ნაკვეთები. აღნიშნულიდან გამომდინარე, იო., მ. და გ. ბ-იების სახელზე, მითითებული კანონმდებლობის საფუძველზე - სისტემური რეგისტრაციით, სამ დამოუკიდებელ უძრავ ობიექტად აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და გ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ უძრავ ქონებაზე - საცხოვრებელ სახლზე თანამესაკუთრე, მათ შორის, ი. ბ-ი არ ფიქსირდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობისაა ის, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტებით გ. და ი. ბ-იებს სხვადასხვა უძრავი ქონება ერიცხებათ, გ. ბ-ის კომლს 1988 წლიდან საზიარო უფლება აღარ უფიქსირდება, ხოლო სისტემური რეგისტრაციით ისინი ცალ-ცალკე დამოუკიდებელ მესაკუთრეებად არიან აღრიცხულნი, მათ საკუთრებაში მოქცეული შენობა-ნაგებობები კი ერთმანეთს საერთოდ არ ემიჯნება. შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას არასწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი, რის გამოც გ. და ი. ბ-იების კომლების ერთ ქონებაზე თანამესაკუთრედ მიჩნევა და გ. ბ-ის კომლის ქონებაზე ი. ბ-ის თანამესაკუთრედ აღრიცხვა ეწინააღმდეგება ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონს და შესაბამისად, არსებობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 28 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, იო., მ., ნ., მა. და მან. ბ-იების საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

რაც შეეხება კასატორების შუამდგომლობას გორის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების სისტემური რეგისტრაციისა და 2003 წლის 16 ივნისის მიწის ნაკვეთების საგადასახადო სიის №452, №453, №454 ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ მან. ბ-ის, ნ. ბ-ის, მარ. ბ-იის, მ. ბ-ისა და ი. ბ-ის სარჩელის განხილვის დასრულებამდე, საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გამოყენება დამოკიდებულია ამ საქმის განხილვის შეუძლებლობაზე სხვა საქმის გადაწყვეტამდე. შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა კატეგორიის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1249 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ½ წილის ი. ბ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 28 მაისის №... გადაწყვეტილება, ხოლო გორის რაიონულ სასამართლოში არსებულ მან. ბ-ის, ნ. ბ-ის, მა. ბ-ის, მ. ბ-ისა და ი. ბ-ის სარჩელზე დავის საგანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების სისტემური რეგისტრაციები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან არ იკვეთება საქმეთა შორის ისეთი ურთიერთკავშირი, რაც საქმის წარმოების შეჩერების ღონისძიების გამოყენების გარეშე ობიექტურად შეუძლებელს გახდის საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. ამდენად, არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, იო., მ., ნ., მა. და მან. ბ-იების საკასაციო საჩივარზე ი. ბ-ის 8.11.2021წ საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. ბ-ის (პირადი ნომერი ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. იო., მ., ნ., მა. და მან. ბ-იების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინება და 2021 წლის 27 მაისის საოქმო განჩინება;

3. ი. ბ-ის (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს იო., მ., ნ., მა. და მან. ბ-იების საკასაციო საჩივარზე 8.11.2021წ საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე