საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1084 (2კ-21) 26 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. ო-ეის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2020წ. გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2018წ. გადაწყვეტილებით მ. ო-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავარი პროკურატურის 17.06.2015წ. N12 ბრძანება, მოპასუხეს-საქართველოს მთავარ პროკურატურას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. მ. ო-ეეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2019წ. განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს გენერალური პროკურატურა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2020წ. გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2018წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ. ო-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ო-ეის სარჩელი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავარი პროკურატურის 17.06.2015წ. N12 ბრძანება, მოპასუხეს-საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ო-ეისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2018წ. გადაწყვეტილებაზე მ. ო-ეეს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, რითაც იგი დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება, თუმცა იმ გარემოების გათვალიწინებით, რომ საქმეში მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლედ გენერალური პროკურატურა იქნა დადგენილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მთავარი პროკურატურის ნაცვლად დაევალა გენერალურ პროკურატურას.
იმის გათვალისწინებით, რომ მ. ო-ეეს არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება, მხოლოდ მოპასუხის სახელის ცვლილების გამო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განსხვავებულად ჩამოყალიბება არ ქმნის მ. ო-ეისთვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ მ. ო-ეეს არ გამოუთქვამს პრეტენზია და არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2019წ. განჩინება მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლედ გენერალური პროკურატურის ცნობის შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ო-ეის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2020წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი