Facebook Twitter

№ბს-1202(კ-22) 27 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2021 წლის 11 თებერვალს ნ. ა-ამ და გ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 9 თებერვლის №03/1648 წერილი; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში განახორციელოს შესაბამისი ცვლილება და გააუქმოს ნ. ა-ასა და მისი არასრულწლოვანი შვილის - გ. კ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიშვნა.

სარჩელის თანახმად, ნ. ა-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ჰყავს მეუღლე და ერთი არასრუწლოვანი შვილი - გ. კ-ი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე, როგორც დევნილი, არ არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ გრძელვადიანი საცხოვრებლით, იგი მოპასუხის მონაცემთა ბაზაში მონიშნულია როგორც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული პირი. ამასთან, სააგენტოში არ ინახება მისთვის უძრავი ქონების გადაცემის შესახებ დოკუმენტაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ასა და გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 9 თებერვლის №03/1648 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში განახორციელოს შესაბამისი ცვლილება და გააუქმოს მოსარჩელე ნ. ა-ასა და მისი არასრულწლოვანი შვილის - გ. კ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიშვნა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტზე, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, ამავე წესის მე-3 მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც მოხდა შესაბამისი ინფორმაციის ასახვა დევნილთა მონაცემთა ბაზაში, ან მასალები, რომლითაც დადასტურდებოდა ნ. ა-ას საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე. შესაბამისად, მხოლოდ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით საცხოვრებელი ფართის მოსარჩელისათვის გადაცემის მონიშვნა ვერ დაედება საფუძვლად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ნ. ა-ას საცხოვრებელი ფართის დაკანონების მონიშვნა უფიქსირდება მისამართზე - ქ. თბილისი, ...ა, ... №... . მონაცემთა ბაზაში მითითებული ინფორმაციით, მოსარჩელე უკვე უზრუნველყოფილია საცხოვრებლით. შესაბამისად, არ არსებობს დევნილი ოჯახის ხელმეორედ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კანონის 13.4 მუხლის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ნ. ა-ასა და გ. კ-ის (ნ. ა-ას შვილი) სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობები. დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, სამგორი, ... №... (ს.ფ. 15-17); ბ) საქმეში წარმოდგენილი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტებით დგინდება, რომ ნ. ა-ასა და გ. კ-ის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს: ქ. თბილისი, ...ა, ... №... (ს.ფ. 79-80); გ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 ნოემბრის №03/17086 წერილით ნ. ა-ას წარმომადგენელს - ლ. ა-ას ეცნობა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის ინფორმაციის საფუძველზე, მოქალაქე - ნ. ა-ა ითვლება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირად. ამასთან, სააგენტოში არ ინახება მოქალაქე - ნ. ა-ასთვის უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ს.ფ. 18); დ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 30 დეკემბრის №03/20994 წერილით მოსარჩელეს დამატებით ეცნობა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე ნ. ა-ას საცხოვრებელი ფართი გადაეცა ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ...აში მდებარე „... ... №...-ის“ შენობაში. ამასთან, სააგენტოში არ ინახება ნ. ა-ასთვის უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ს.ფ. 49); ე) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 9 თებერვლის №03/1648 წერილით ნ. ა-ას (წარმომადგენელს - ლ. ა-ას) ეცნობა, რომ მისი საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ იძებნება. სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში განახორციელოს ცვლილება ნ. ა-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიშვნის გაუქმებასთან დაკავშირებით (ს.ფ. 19).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია და აღნიშნული საკითხი, დროის სხვდასხვა პერიოდში, მოწესრიგებული იყო სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით, თუმცა ყველა შემთხვევაში, დევნილი პირისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემა დაკავშირებული იყო (ისევე როგორც ამჟამად) სახელმწიფო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემასთან და საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებასთან.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის 2.1.5. პუნქტის შესაბამისად, ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი მოიცავდა შემდეგ საფეხურებს: ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული იმ კომპაქტური ჩასახლების ობიექტების შერჩევა, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება; ბ) შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში რეალურად მცხოვრებ დევნილთა დადგენა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სსიპ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ, ამ უკანასკნელის დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგების გათვალისწინებით (სსიპ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი დავალება მიიღო ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის N4 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამით); გ) შიდა აზომვითი სამუშაოების წარმართვა; დ) დევნილთათვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადასაცემად (შეძლებისდაგვარად ორივე მეუღლესთან); ე) დევნილი ოჯახის წარმომადგენლის “შესყიდვის ხელშეკრულებაზე” ხელმოწერა უზრუნველყოფს პრივატიზაციის პროცესის იურიდიულ მხარეს; ვ) საბოლოო ეტაპზე, ამ ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქონებას დაარეგისტრირებს, როგორც დევნილის პირად საკუთრებას და გასცემს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე’’ (დანართი №1), რომლისმეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ამავე წესის 3.14 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილებისა და მე-12 პუნქტით გათვალისწინებული დევნილი ოჯახის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დევნილ ოჯახს დეპარტამენტის მიერ ეცნობება წერილობით. 3.15 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე გამოცემული სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების, კანონმდებლობის შესაბამისად, კონკრეტულ გასანაწილებელ საცხოვრებელ ფართ(ებ)ში განსახლების საფუძველს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს საცხოვრებელი ფართის კონკრეტულ მისამართს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სათანადო წესით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იქნებოდა მოსარჩელისათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართის კონკრეტული მონაცემები. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ არის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოხდა შესაბამისი ინფორმაციის ასახვა დევნილთა მონაცემთა ბაზაში. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო თავად ადასტურებს, რომ სააგენტოში არ ინახება მოქალაქე ნ. ა-ასთვის უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე