Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1438(კ-22) 27 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - მ.კ-ა, ც.ბ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.კ-ამ და ც.ბ-მა 2020 წლის 20 თებერვალს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 04 თებერვლის №03/2216 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.კ-ას და ც.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 04 თებერვლის №03/2216 გადაწყვეტილება მ.კ-ას და ც.ბ-ის ნაწილში, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოსარჩელეების - მ.კ-ასა და ც.ბ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მ.კ-ას და ც.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება, მ.კ-ას და ც.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 04 თებერვლის №03/2216 გადაწყვეტილება მ.კ-ას და ც.ბ-ის ნაწილში, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეების - მ.კ-ას და ც.ბ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები - მ.კ-ა და ც.ბ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და მათი რეგისტრაციის ადგილია ქალაქი თბილისი, ..., ...ის დასახლება, ...ის N2 გარაჟი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ივლისის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს რაიონში, ...ას დასახლებაში ...ის ქუჩაზე მდებარე, ...ის ...ის ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური მდგომარეობა მწვავე ავარიულია და ამ სახით მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. მიუხედავად ამისა, საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელის ოჯახს კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ არ წარმოადგენდნენ აღნიშნული ობიექტის ფაქტობრივ მაცხოვრებლებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 თებერვლის №03/2216 გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის შემოწმება მ.კ-ასა და ც.ბ-ის ნაწილში, რომლითაც მათთვის ცნობილი გახდა მიმდინარე ეტაპის ფარგლებში კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლები. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნგრევადი ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების დროისთვის მოსარჩელეთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

პალატამ აღნიშნა, რომ დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. იმავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. პალატა მიუთითა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაბამისად. მითითებული წესის N1 დანართის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

პალატამ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული პირების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ორ ძირითად წესს განსაზღვრავს: თუ დევნილი ოჯახი დროებით ცხოვრობს უსაფრთხო საცხოვრებელში - ქულათა (ზოგად საჭიროებათა) პრიორიტეტულობის საფუძველზე, თანმიმდევრულად და თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის ნგრევად საშიშ შენობაში, სახელმწიფო ქულების მიუხედავად ანიჭებს უპირატესობას დევნილ ოჯახს და უზრუნველყოფს უსაფრთხო საცხოვრებლით მას.

პალატამ მხედველობაში მიიღო საქმეში დაცული 2019 წლის 07 ივლისის აღწერის ფორმა, რომლის შესაბამისად, დევნილ ოჯახს 1994 წლიდან მოკავებული ჰქონდა 3 იზოლირებული ოთახი, რომელთაგან ნესტის გამო ორს ვერ იყენებდნენ, მ.კ-ა ცხოვრობდა ...ში, ...ის ქუჩაზე ნათესავის ბინაში. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწმე პ.კ-ას განმარტებებზე, რომელთა შესაბამისად, მ.კ-ა არის მისი და, მისი ოჯახი (მშობლები და დები) 1993 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. „...ის N2 ფარეხის“ შენობაში. 2005 წელს მან ოჯახი შექმნა და საცხოვრებლად სხვა მისამართზე გადავიდა, ხოლო მშობლები და დები საცხოვრებლად ზემოაღნიშნულ მისამართზე დარჩნენ. მართალია, იგი ბოლო პერიოდში აღარ ცხოვრობდა მშობლების ბინაში, თუმცა იცის, რომ ბინა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, ავარიულია, ჩამოდის წვიმა და ნესტიანია ყველა ადგილი, 3 ოთახი არის მშობლების, ხოლო დანარჩენი იზოლირებული ოთახები, ცალკე შესასვლელით არის მ.კ-ას და მ.კ-ას ოჯახების. ამასთან, ბინაში დამონტაჟებულია ორი მრიცხველი.

ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელეთა ზემოაღნიშნულ მისამართზე რეგისტრაციისა და პერიოდულად ცხოვრების ფაქტები. ამასთან, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე სააგენტოს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება უშუალოდ მოსარჩელეთა მიერ დაკავებული ოთახების აღწერის თაობაზე. აგრეთვე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუსაზღვრავს მათი სხვა საცხოვრებელი, რის გამო საქმეზე დადგენილი გარემოებები გამორიცხავს მოსარჩელეების ნგრევად ობიექტში არცხოვრების ფაქტს, რამეთუ უდავოა, აღნიშნულ მისამართზე მათი რეგისტრაციისა და შესახლების ფაქტი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. პალატამ მიიჩნია, რომ, მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელეთა ზემოაღნიშნულ მისამართზე არყოფნა არ შეიძლება გამხდარიყო მათი საკითხის დაგროვილ ქულათა მიხედვით კრიტერიუმების საფუძველზე გადაწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ერთჯერადად საცხოვრებელ ფართში არყოფნა, არ გამორიცხავს ამავე მისამართზე ცხოვრების შესაძლებლობას. უდავოა, რომ მოსარჩელის ოჯახს არ გააჩნია რაიმე სახის ალტერნატიული საცხოვრებელი და მათი საკითხის გადაწყვეტა უნდა განხორციელდეს ქულების მიუხედავად, უპირატესად, როგორც ნგრევად საშიშ შენობაში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახის.

ამასთანავე, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხე სააგენტოს მითითება იმის შესახებ, რომ სადავო აქტი არის მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება თუ როდის განხორციელდა მოსარჩელეთათვის სხვა აქტით ამავე საფუძვლით საკითხის განხილვაზე უარის თქმა და ასევე ამგვარი აქტის (საოქმო გადაწყვეტილების) არსებობის პირობებშიც, მათთვის ჩაბარების ფაქტი, ხოლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 თებერვლის №03/2216 გადაწყვეტილების მიხედვით, უდავოა, რომ მხარეს განემარტა მიმდინარე ეტაპის ფარგლებში საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი იმ მოტივით, რომ არ წარმოადგენდნენ აღნიშნული ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივ მაცხოვრებლებს.

გარდა ამისა, სადავო საკითხის გადაწყვეტისას პალატამ ასევე გაითვალისწინა მსგავს საკითხთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა შემოფარგლულიყო არსებულ ფაქტებზე მითითებით და უნდა შეესწავლა მოსარჩელის ამჟამინდელი ფაქტობრივი მდგომარეობა. მით უფრო, გასათვალისწინებელია, რომ სადავო ობიექტი არის ნგრევადი და შესაძლებელია, მასში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (იხ. სუსგ Nბს-180(კ-21), 07.10.2021 წ.).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილება სააგენტომ დააფუძნა 2019 წლის 07 ივლისის აღწერის ფორმას, რომლის შესაბამისად, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს განემარტათ, რომ მ.კ-ა ცხოვრობდა ...ში, ...ის ქუჩაზე ნათესავის ბინაში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 04 თებერვლის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ იძულებით გადაადგილებული პირების - მ.კ-ას და ც.ბ-ის ნგრევადი ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N39) არ განხილულა მათი ოჯახის ქ. თბილისში, ..., ...ის ქ. „...ის N2 შენობაში“ ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. კასატორი თვლის რომ სადავო აქტი ინფორმაციული ხასიათისაა და არ შეიცავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, ამდენად, აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია სადავო აქტის არარსებობის გამო. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განხილული უნდა იქნეს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების შესაბამისად შევსებული განაცხადისა და მინიჭებული ქულების რიგითობის გათვალისწინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ მოსარჩელეები - მ.კ-ა და ც.ბ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და მათი რეგისტრაციის ადგილია ქალაქი თბილისი, ..., ...ის დასახლება, ...ის N2 გარაჟი. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული შენობა წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს, განიხილება როგორც ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილების საკითხი განიხილება კრტიერიუმების გარეშე. საქმეში დაცულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ივლისის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს რაიონში, ...ას დასახლებაში, ...ის ქუჩაზე მდებარე, ...ის ...ის ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური მდგომარეობა მწვავე ავარიულია და ამ სახით მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. საქმეში დაცული 2019 წლის 07 ივნისის აღწერის ფორმის შესაბამისად, დევნილ ოჯახს 1994 წლიდან მოკავებული ჰქონდა 3 იზოლირებული ოთახი, რომელთაგან ნესტის გამო ორს ვერ იყენებდნენ, მ.კ-ა ცხოვრობდა ...ში, ...ის ქუჩაზე ნათესავის ბინაში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 თებერვლის №03/2216 გადაწყვეტილებით მ.კ-ასა და ც.ბ-ის ეცნობათ, რომ მიმდინარე ეტაპის ფარგლებში კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვათ ზემოაღნიშნულ ობიექტზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო. მხედველობაშია აგრეთვე მისაღები მოწმე პ.კ-ას (მოსარჩელის ძმა) მითითება მოსარჩელის 1993 წლიდან ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. „...ის N2 ფარეხის“ შენობაში ცხოვრების შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. საქმეში დაცულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ივლისის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს რაიონში, ...ას დასახლებაში, ...ის ქუჩაზე მდებარე, ...ის ...ის ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური მდგომარეობა მწვავე ავარიულია და ამ სახით მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეების ოჯახის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ მონიტორინგის ოქმს, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელის ოჯახი მონიტორინგის მისამართზე არ იმყოფებოდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე, ოჯახთან ერთად, დროებით, ობიექტური მიზეზით იმყოფებოდა სხვა მისამართზე, არ წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება, როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა, თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმეში დაცული 2019 წლის 07 ივნისის აღწერის ფორმის, ისე მოწმის განმარტების შესაბამისად დასტურდება სადავო შენობის საცხოვრებლად უვარგისი პირობების არსებობა, ნესტის გამო მ.კ-ას ოჯახი დროებით იმყოფება ნათესავის ბინაში სხვა მისამართზე. ამ პირობებში, კონკრეტულ მომენტში შემოწმებისას მოსარჩელეთა დროებით სხვა მისამართზე დაფიქსირება არ უნდა წარმოადგენდეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის თაობაზე დასკვნის გაკეთების საფუძველს. გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი ზემოაღნიშნული გარემოებების გამომრიცხველი რაიმე მტკიცებულება.

რაც შეეხება კასატორის მითითებას სადავო აქტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის უსაფუძვლობის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიცია ასახულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეუნქტში, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ.კ-ას 2019 წლის 04 დეკემბრის N1918 განცხადების პასუხად სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 თებერვლის №03/2216 წერილით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ მიმდინარე ეტაპის ფარგლებში კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვათ ქალაქ თბილისში, ..., ...ის ქ. „...ის N2 ფარეხის“ ნგრევად ობიექტზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო. ამდენად, წერილმა წარმოშვა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი - უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება 2020 წლის 04 თებერვლის №03/2216 წერილის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტად მიჩნევის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მ.კ-ას და ც.ბ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე